მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო,მშვიდობიან, ბედნიერ დღეს გისურვებთ! დღეს არ შემიძლია 8 აგვისტოს ომი არ გავიხსენო და ჩვენი დაღუპული ბიჭები! ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, საქართველო გამყიდველების ქვეყანაა, მაგრამ ყოველთვის არიან ისეთებიც, რომლებიც თავს სწირავენ მისთვის და იმიტომაა, დღემდე ცოცხალიაო! დიდება ჩვენს გმირებს! ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას საქართველო!
დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრ ბავშვს რომ ჰკითხო, არავინ იცის იმ გმირების შესახებ, ვინც აგვისტოს ომს შეეწირა. უპრიანი იქნებოდა, სკოლებში, ოჯახებზე აღარ ვლაპარაკობ, თუ ლექსებს, მოთხრობებს ვასწავლიდით მომავალ თაობას. არაფერი არ უნდა იქნეს დავიწყებული. ბევრ ახალგაზრდას დღეს სამშობლოს სიყვარული სრულიად არ აქვს. ოღონდ სამშობლოდან გაიქცნენ. გუშინ ერთ ახალგაზრდა კაცს ვესაუბრებოდი. ამაყად ყვებოდა, რომ მისი ერთი ნათესავი კანადაში ცხოვრობს თავისი ცოლ-შვილით, უკვე 6 წელია, მეზღვაური იყო და იქ დარჩა. მეორე ნათესავი, ისიც მეზღვაური იყო, გემზე გაიცნო ავსტრალიელი გოგონა, შეუღლდნენ, ისიც ავსტრალიაში დარჩა. ღმერთო, ვის უტოვებთ ამ საქართველოს, სულ ეს კითხვა მიჩნდება. არანაირი პატრიოტიზმი აღარაა ბევრ ახალგაზრდაში. ,,სადაც კარგად ვიქნები, ჩემი სამშობლო ისაა!" ასე მითხრა ერთმა ტაქსისტმა.
მესმის, ძნელია ასეთ დაუცველ, არასტაბილურ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ მდგომარეობის გამოსწორებისთვის. გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. გავაჩინოთ ბევრი შვილი. გავმრავლდეთ, ავაღორძინოთ ერი! თუ არა და ეს ლამაზი ქვეყანა დარჩება უცხოტომელებს, როგორც რუსები იტყვიან: ,,წმინდა ადგილი არასოდეს რჩება ცარიელიო!?"
გვახსოვდეს აგვისტოს ომის გმირები! ახლაც ვუყურებ მათ ფოტოებს და ცრემლებს ვღვრი! დიდება მათ, მათ გმირულ სულს!
No comments:
Post a Comment