Wednesday, January 31, 2024

 ყანაში მზე იწვის, მზე იწვის ცხრათვალა,

ცეცხლი უკიდიათ ღეროს და თავთუხებს,

და ვფიქრობ ყანაში მზე ვიღამ დამალა,

მაგონებს ბებიას სამზითვო ზანდუკებს .


რა უნდა მზეს დაბლა, ზეცაში იაროს,

ხელი ვინ შეახოს ლამაზს და სასურველს,

დე, განთიადისას  მთის წვერზე იალოს,

იმედი მოჰფინოს აქ მყოფთ თუ წასულებს.



Tuesday, January 30, 2024

ზურგზე ხურჯინი მკიდია,

 ზურგზე ხურჯინი მკიდია, 

ათას საფიქრალს იტევს,
ჯერ რომ ვერ ამომითქვია,
იქ დავატარებ იმ ლექსს.
მეგონა, შემცირდებოდა
ჩემი ჯავრი და ტვირთი,
ყელზე რომც დანას მაბჯენდნენ,
ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.

გულგაყინულთა ქალაქი (საბავშვო ზღაპარი)

 გულგაყინულთა ქალაქი
(ზღაპარი)
ერთ ქალაქში გულგაყინული ადამიანები ცხოვრობდნენ. სამსახურში დადიოდნენ, ჭამდნენ კიდეც, სვამდნენ, მაგრამ ყველაფერს უხალისოდ აკეთებდნენ. არავინ იღიმებოდა, სიცილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ქალაქში სულ თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი თოვლით და ყინულით იყო დაფარული, ციოდა. მზის სხივი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ცის კაბადონზე, რომ ქალაქის მაცხოვრებელთა გულები გაეთბო. მუქი ტყვიისფერი ღრუბლებით იყო შებურული ზეცა.
ახალ წელს ამ ქალაქის მაცხოვრებლები ქალაქის შუაგულში დიდ მოედანზე დიდ თოვლის პაპას დგამდნენ, ნაძვსაც ყინულისგან ჭრიდნენ, ირმებსაც, ბაჭიებსაც. გაყინულგულიან მშობლებს ბავშვები მოჰყავდათ აქ თოვლის პაპის სანახავად, მაგრამ არავინ იღიმებოდა, ბავშვებიც გაყინულგულიანები იყვნენ.
მთვარე ამ ქალაქში მთავარი კერპი იყო. მას შესტრფოდნენ, ის უყვარდათ. ისიც ამაყობდა, რომ მზე დაჩაგრული ჰყავდა. ღრუბლებიდან ცხვირს არ აყოფინებდა. მზემ დიდხანს ითმინა ეს ამბავი, მაგრამ მთვარის დაცინვებმა ძალიან გააბრაზა.
ერთ დილას ღრუბლები ძალით გადასწია, თავი გამოყო და დიდ მოედანზე მდგარ თოვლის პაპას ცხვირში შეუღიტინა. თოვლის პაპა ყინულისა იყო, მაგრამ მაინც გაეცინა და დააცემინა, შეშინებულმა ყინულის ბაჭიამ ქალაქგარეთ მინდვრისკენ აიღო გეზი. ირმებმა ტყისკენ დაიწყეს ყურება. მოედანზე მოსულ ბავშვებს ბაჭია რომ არ დახვდათ, ეწყინათ და მის საძებნელად წასვლა გადაწყვიტეს.
ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი. იარეს, იარეს და ქალაქიდან გავიდნენ. მათ წინ მწვანე მინდორი გადაიშალა. ის ბაჭიაც აქ დარბოდა, მაგრამ ყინულისა აღარ იყო უკვე. ეძახეს, ეძახეს, ყურადღებაც არ მიაქცია, ჩაიცუცქა, ყურები გადაიწყო და მწვანე ბალახს დაუწყო წიწკნა. ბავშვებმა ზევით აიხედეს, საოცარი ყვითელი ბურთი მიდი-მოდიოდა ცაში. ეამათ მისი დანახვა, რა ლამაზიაო. თითქოს გულები გაუთბათ. გადაწყვიტეს მშობლებისთვისაც ენახებინათ მზე, გაშალეს ხელისგულები და რაც დაეტიათ მზის სხივები, მუჭებში მოიმწყვდიეს. ასე მუჭებშეკრულნი მივიდნენ ქალაქის დიდ მოედანზე, გაშალეს ხელისგულები და მზის სხივები გამოუშვეს. ყინულმა დნობა დაიწყო. მალე ატალახდა ეზოები. ჩამოდნა ყინულის ლოლოები. ქალაქი ჩვეულებრივ ქალაქს დაემსგავსა. მზემაც მოიკრიბა ძალა და ღრუბლები მიყარ-მოყარა, თავის ოქროს ტახტზე დაჯდა და ბავშვებს ცხვირებში შეუღიტინა, რამდენსაც დააცემინებდნენ, იმდენი ყვავილი იშლებოდა ქალაქელების ბაღებსა და აივნებზე. მზემ და ლამაზმა ყვავილებმა დიდების გულიც გაათბო. მალე იმ ქალაქს სახელიც შეეცვალა, აღარ ჰქვია გულგაყინულთა ქალაქი, მზის ქალაქი დაერქვა. მაგრამ იქაურები არ ივიწყებენ თავიანთ ისტორიას, ყოველ ახალ წელს დიდ მოედანზე ისევ დგას ყინულის ნაძვის ხე, თოვლის პაპა, ირმები და ბაჭია, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს თავის ადგილას და ქალაქგარეთ გარბის მინდორში სათამაშოდ.
მაია დიაკონიძე
30.01. 2024 წელი
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტი
მოწონება
კომენტარის დატოვება
გაზიარება

Monday, January 29, 2024

 ნუ კი ამომშლი შენი ფიქრიდან,

ნუ მოშლი მთაში წყაროს სათავეს,

იქნებ ის წყარო ზეცის წვეთია,

რომ გაცოცხლებს და რომ გალამაზებს.

        ------------------------------------

ფორთოხლის ბაღში დამპატიჟე, მოვედი გვიან,

ჩამავალი მზე ანათებდა ქარვისფერ ნაყოფს,

შენს თვალში შუქურვარსკვლავები ელვებად რბიან,

შენს ნატრულ სხეულს მიაგებენ სიყვარულს სამყოფს.


ვიარეთ ბევრი, ბალახებში წვებოდა ღამე,

წითელ-ყვითელი ფორთოხლები ეყარა მოლზე,

სურვილი მკლავდა, დამეკოცნა მე შენი სახე,

და გადეარა თუნდაც სიკვდილს სიცოცხლის ფონზე.


შევჭამე მწიფე ფორთოხალი, შენც გაგიყავი,

იცინოდი და მარიგებდი, როგორაც ბრძენი,

ასე მეგონა, ჩვენ სამოთხის ბაღში ვიყავით,

და იმ სილაღეს ნუთუ  აღვწერს სიტყვით და ენით.


სიზმარი გაქრა, თავს დამადგა ნარნარი დილა

და უშენობის საოცარმა ტკივილმა შემკრა,

უცებ შეგნიშნე, იცინოდი ბავშვივით ტკბილად,

ხელში გეჭირა ფორთოხლების ლამაზი შეკვრა..









ზამთარმა უკვე ...

 ზამთარმა უკვე დაიმოკლა ორი თვით კაბა,

მუხლისთავები გამოუჩნდა და მოჰყვა სიცილს,

იცის, რომ მალე გაზაფხული მოურთავს კალთას

და შემოაცლის დედამიწას ყინვების გვირისტს.

წყალი ჩადგება ხეთა ტანში, დაიწყებს დენას,

გამოფხიზლდება ღრმა ძილიდან მთისპირში დათვი,

არც თებერვალი არ ჩაიდებს გიჟ მარტზე წყენას,

მოყრის ენძელებს, აუსრულებს ქალ-ვაჟებს წადილს.




Sunday, January 28, 2024

მწყემსო კეთილო!

 

მწყემსო კეთილო!
აქსიომაა, რომ სამკუთხედს სამი გვერდი აქვს,
აქსიომაა, – თავდაღმართში მოჩქეფს მდინარე,
თეორემაა, ამიერ თუ იმიერია,
რისთვის ვარსებობთ და რა გველის სიკვდილწინარე.
ბევრ კეთილს სულ არ გაუმართლა, მოკლეს ან მოკვდა,
ბოროტი კიდევ ლხინში არის და სულ ზეიმობს,
რა გვადევს ვალად ჩვენ უბრალო მიწიერ მოკვდავთ,
მტკიცებულება გვაპოვნინე, მწყემსო კეთილო!
მაია დიაკონიძე
28.01.2024 წელი
წინარე - შემდგომი

თოვლი თბილისში, მინიმა

თოვლი თბილისში
მოვიცვი პალტო, თოვლს დებდა სუფთას,
ვჩქარობდი, სწრაფად შემეკრა ღილი,
სულ არ მინდოდა, ქათქათა სუფრა,
რომ ჭუჭყიანი მენახა დილით.
მაია დიაკონიძე
28.01.2023 წელი

ჰოი, სამშობლოვ!

 ვათვალიერე ფოტოები, გული გაწვრილდა,

მომღიმარ სახეთ უშენობის ედგა აჩრდილი,

ჰოი, სამშობლოვ, იქ არა ჩანს შენი მთაწმინდა,

აქ დარჩენილა ქართლის დედის თეთრი მანდილიც.


იქნებ გულიდან ამოგშანთეს, ასე სჩვევიათ

წასულებს შენგან, ეუფლებათ თავდავიწყება,

ო, არა მჯერა, რომ ოდესმე დათმობ შენიანს,

მარადიული სიცოცხლე ხომ შენით იწყება.






Saturday, January 27, 2024

ელგუჯა ციგროშვილი სალაღობოდ ზურაბ პაპიაშვილს!, კაფიობა, ელგუჯა ციგროშვილი, ზურაბ პაპიაშვილი

სალაღობო:

ელგუჯა ციგროშვილი სალაღობოდ ზურაბ პაპიაშვილს:
მაჯამებში შეგაქებდნენ,
გინდ ვახუშტი, გინდ ალექსი...
მა ჯამებში ჩამოგვისხი,
დაგილოცო მინდა ლექსი!
ზურაბ პაპიაშვილი ელგუჯა ციგროშვილს
ჯამს გაგივსებ (ეს მაქვს წესად),
შიგ ჩავწურავ მზეს, თაკარას,
სადღეგრძელოს გეტყვი ლექსად,
ღვინოს გასმევ თავანკარას,
ვადღეგრძელებ, გულს ვიჯერებ,
გუთანს - გუთნად, ხარს კი ხარად,
და ვიმღერებთ, დამიჯერე,
ტკბილ-ქართულად, გასახარად.

 ვერ გავამტყუნებ პრომეთეს, 

თავის საქმეში მეტრია,

რაღაც ვიზამდით უცეცხლოდ,

მას რომ არ ,,ჩამეეთრია".

კი დავრჩებოდით მარტოკა

ცაზე მზის სხივის იმედად,

აფრიკის უდაბნოები 

შემოგვრჩებოდა ბინებად.

მერე გენახა გამჭვარტვლა,

გარუჯვა ყვითელ ქვიშაში,

მოგვათავსებდნენ დღეს ყველას

შავკანიანთა სიაში.

ხის ფესვებს მოვაგროვებდით,

წელ მოგვწყდებოდა შრომაში,

პაპიროსს რაღას მავწევდით,

არ იქნებოდა მოდაში.









 ვინ თავს იწონებს მანჟეტით,

ვინ დახეული ჯინსებით,

ზოგს ოქრო-ვერცხლი აუსხამს,

თავის ბებიის მზითევი.

ზოგ პოეტობას იჩემებს,

დაფნის ტოტს ეპოტინება,

მაგრამ არავის დაგვინდობს,

ყველას წაგვიყვანს დინება.

ვინც მამულს არგებს ამქვეყნად,

იმას დარჩება დიდება.



სურათის კომენტარად . ექსპრომტ~კაფია ეკას : პრომეთე . ( ფშაურ კილოზე .), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან : ,, სალაღობო ."

სურათის კომენტარად .
ექსპრომტ~კაფია ეკას :
პრომეთე .
( ფშაურ კილოზე .)
1 . სურათს დავხედენ ,
მამხიბლე ,
ყელზე შამბული მძივითა ,
მაგრამ ხელზე რომ დაგკვლიე ,
ბოლავდა ვულკანივითა .
2 . შენ ხომ ვერ
გაგამტყუვნებდი ,
იცი , მიქიხარ რამდენი ...
ბოლოს მითებში ვიპოვნე
მთავარი ცოდვის ჩამდენი .
3 . ზევსმ ოლიმპოდან გააგდო ,
თითქოს ჰქონოდეს კეთრია ,
ნეტავ მეც შამხვდეს პრომეთე ,
რომ სულ წვერებით მეთრია ;
4 . რაით რა მაუკიდებდი ,
ცეცხლ რომ არ ,, ჩამეეთრია ?"
პირმჭვარტლიანი დასდიხარ
გოგო , ~ ბროლივით თეთრია .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
24 . 03 . 2020 წელი .

Friday, January 26, 2024

ვისი ხატია სამშობლო, ავტ. დავით ფიფია

 ვისი ხატია სამშობლო

ანკი რა არის სახატე,
სხვისი სულ ღმერთმა მაშოროს
ვხედავ ჩემიც ვერ დავხატე
ვერ გავცდი ჭრელ-ჭრელ ოცნებას
ვფაფხურობ და ვიკარგები,
რაც იყო განა მოძველდა
მე მივიხურე კარები...
ვაჟამ არწივი აფრინა
ტატომ მერანი დაღალა,
მერცხალი შემოაფრინა
სულში წერეთლის ,,ბაღანამ‘‘
მუხრანი იდგა-დაეცა
იჯდა, წამოდგა ქართველი,
იაშვილს ტყვია გაექცა
მიდამოებში საფეთქლის
და პროცესიაც დაიძრა
იქ დარდი, სევდა, სანთელი,
აღმაფრენების ქარიშხალს
ვერ დაემალა გრანელი.
მთვარეს არ უნდა არავინ
ესაუბრება ტაბიძეს,
ტრფობა აქვს დაუფარავი
და ეს რას ნიშნავს გაფიცებთ?!
აი ნამდვილი ეპოქა
აქ მამას შვილი უზრდია,
მთელს გალაკტიკას ეყოფა
ორივე გამსახურდია!
აქ რუსთაველი მოვიდა
ასარჩევია? ავირჩევ
ნებისმიერი ორიდან
ვეფხისტყაოსნის კარიბჭეს.
ლადომაც ბევრი იცოდა
ბიჭებსაც წლები დააკლდათ,
მირზა იქ სადღაც ისროდა
გურამი ზღვაში გადახტა.
წვიმს, მისველდება აურა
დღეებით მზეზე გამომშრალ,
სიმშვიდე მოშინაურდა
სიმშვიდე- ღმერთის გამოცდა...
ვხედავ ხელიდან წავედი
თავზე მენგრევა ჩემი ცა,
მახრჩობს ვერ თქმული წამები
მინდა დუმილი შევიხსნა
,,ჩემი ხატია სამშობლო’’
სამშობლო ჩემი გულია,
მე უშენობა მაშოროს
ღმერთმა, უშენოდ რთულია...
ვიხსენებ ტატოს, ილიას,
რუსთაველს, ვაჟას, აკაკის...
გალას, ტერენტის, ტიციანს
და ღმერთის ყველა ჩანაფიქრს..
ვიხსენებ აღმაშენებელს,
ვიხსენებ ყველა წამებულს,
ეპოქის ყველა მშენებელს
სპორტსმენებს, გმირებს, რამეთუ...
ქვეყანას ჭირი მოედო
ისინიც აღარ არიან,
ხმა ამოიღე პოეტო
შენ იცი ერთი წამია
სიცოცხლე, როგორც ასახვა
როგორც სხვაგვარი მომენტი,
მიზნად სამშობლოს დავსახავ
ასე იზამდა პოეტი.
დათო

შენ მე მიცქერი!


შენ მე მიცქერი!


შენ მე მიცქერი, როგორც ზრდასრული 

და დარიგებას სიტყვად დაართავ,

მე ვით პატარა ხიდზე დავცურდი

და ფეხმტკივანის გიწევს ატანა.


გინდა რომ ხელში მატარო მუდამ

და შენი ფიქრი ვიყო მორიგი,

როცა სიტყვები თევზივით დუმან,

დამდევს თვალების მონიტორინგი.


შენ მე მიცქერი, როგორც ზრდასრული 

და დარიგებას სიტყვად დაართავ,

მე ვით პატარა ხიდზე დავცურდი

და ფეხმტკივანის გიწევს ატანა.








 

პაპისპაპავ!

 პაპისპაპავ!

პაპისპაპავ, ჩვენი გვარის დიდო მამავ,
იმერეთის ძველ ფუძეზე გაზრდილო,
პარიზი და ლისაბონი არ გინახავს,
თუ დაგჭირდა, იქნებ ზეცაც აზიდო!
საქართველო იყო შენი გულის გული,
მაჭრდებოდა ქრისტეს სისხლი ჭურებში,
საქართველოს მტრებს ებრძოდი ხმლით და ცულით,
შენს ლანდს ვხედავ ისევ ხეჭეჭურებში.
ღელავ, ღელავ, დაცვა უნდა ფუძე-კუთხეს,
ქართველ დედის რუდუნებით გაზრდილო,
დღესაც მამულს დიდ თეთრ მთვარეს სანთლად უნთებ,
ავი თვალის მზერა რომ აგვაცილო..
პაპისპაპავ, ჩვენი გვარის დიდო მამავ,
იმერეთის ძველ ფუძეზე გაზრდილო,
პარიზი და ლისაბონი არ გინახავს,
თუ დაგჭირდა, იქნებ ზეცაც აზიდო!
მაია დიაკონიძე
26.01.2024 წელი
,


,





Thursday, January 25, 2024

სიმღერა

 სიმღერა

იქნებ სიფითრე მეწვია
შროშანისა და ალვის,
იქნებ სიყვარულს ამქვეყნად.
უკვე გასვლია ყავლი,
იქნებ სურვილთა კიდობანს
გადაჰფენია მტვერი,
იქნებ ზღაპარიც გაცუდდა
და ლეგენდები ძველი.
იმედო, შემოამტვრიე
გულდაგმანული კარი,
მეცხრე ზეცამდე გზა მომეც
ყვავილთა ნიავქარით,
,,ვეფხისტყაოსნის" ნათელით
გავფანტავ მრუმე ნისლებს
და ნესტან- დარეჯანივით
შევხვდები ცაზე დიდ მზეს.
მაია დიაკონიძე
25.01.2024 წელი

Wednesday, January 24, 2024

რასაც არ იშლი

რასაც არ იშლი
          ქვის მჯერა და კაცის - არა.

ხავსმოდებულო, საუკუნეთ, ჟამით მოსილო,
ტაძრის ეზოში განისვენებ  მშვიდად, მდუმარედ,
ქალ-ვაჟმა სუფერაც კი გაშალა აქ საქორწინო,
შენ გლოვაც ბევრი დაგინახავს, სახე მწუხარეს.

დუნედ იარეს ეპოქებმა, ხანაც ჟღერადად,
ომის ყიჟინას ზოგჯერ ცვლიდა სიმშვიდე ქვეყნის,
ყვავილიც ბევრი დაუკრიფავთ აქვე ველადა,
ჭიკჭიკიც ბევრი მოისმინე შავ-თეთრი მერცხლის.

გადაუვლიათ სალუქ ტანზე ზვირთებს ქარშხლის,
იქნება მეხიც დაგცმია, მაინცა დგახარ,
და ერთი რამე შეგამჩნიე, რასაც არ იშლი,
მაშინ იცინი, როცა გესმის ტიტინი ბავშვთა.







Tuesday, January 23, 2024

ვისა სცალია (სატრფიალო)

 

ვისა სცალია
მე შენს სიყვარულს დავეყრდენი,
ცაში ავფრინდი,
მზესთან, მთვარესთან და ვარსკვლავებ-
იაგუნდებთან,
შენ კი მითხარი: ,,რადგან ფრენას
მაინც არ იშლი,
წამოგყვები, არ გაგიჭირდეს
შინ დაბრუნება."
ერთადა ვფრენდით, მოვიარეთ
მთელი კოსმოსი,
იქ ნისლიანში ანათებდა
ხოდაბუნები,
და ჰელიოსის სადიდებლად
ჩანდა როდოსი,
გვეძახდა მიწაც, ,,ძვირფასებო,
ხომ დაბრუნდებით!"
ბედნიერების სულ მცირედი
შეგვხვდა ნაწილი,
დიდ გრძნობას განა პატიობენ
ანდა აცლიან,
იმიტომაა ოცნებისთვის
მრგვალი ცა, დიდი,
სიყვარულისთვის აქ მიწაზე
ვისა სცალია.
მაია დიაკონიძე
23.01.2024 წელი

Monday, January 22, 2024

თოვლიანვარდისფერი (სატრფიალო)

თოვლიანვარდისფერი..
ამ დილით რომ მომიტანე თოვლიანი ვარდები,
მოაყოლე სიცილი და ფეთქვა დილის ნიავის
და ფიფქებით მოჩითული პეპლიანი ფარდები,
ჩამოვკიდე ჩემს ოთახში, ვით სიმბოლო ტრფიალის.
ვარდები თავს იწონებენ გამჭვირვალე ლარნაკში,
ხელში იღებ გიტარას და სერენადას მიმღერი,
თუმცა არ ვართ პატარები, ვიმყოფებით ასაკში,
დარჩეს ჩვენი სიყვარული თოვლიანვარდისფერი..
მაია დიაკონიძე
22.01.2024 წელი

ვეღარ ვეწვიე გულრიფშს!

 ვეღარ ვეწვიე გულრიფშს!

არა ვთქვი ის, რაც მინდოდა მეთქვა
და დავიმარხე სულსა და გულში,
პირი მოვკუმე, დავიდე ზედ ქვა,
გულიებს ვეღარ ვეწვიე გულრიფშს.
ვეღარ დავლიე ის სუფთა წყალი,
აფხაზი, კოლხი ერთად რომ სვამდა,
სიტყვა ითქმოდა მუდამ მართალი
და ერთმანეთის ძმობის რომ გვწამდა.
მაია დიაკონიძე
22.81. 2024 წელი

ჩავეჭიდე!

 ჩავეჭიდე, როგორც დედის კალთას,

იმედს, სურვილს, ოცნებას და ნატვრას,
მეგონა, რომ დავიპყრობდი ამ მთას,
ვხედავ, აქაც რომ არ გამიმართლა.
ხან ოცნებაც ცრუა არის და ცაში,
როგორც ბუშტი, იმჩვარება, სკდება,
ამ ცხოვრების არსი არის რაში,
კაცი ამას იშვიათად ხვდება.
მაია დიაკონიძე
22.01.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
ანა ვაშაძე-ბეროშვილი, Maia Gamcemlidze და 17 სხვა პიროვნება