Thursday, August 31, 2023
შვილო ჩემო!
შენ მეუბნები! (სატრფიალო)
შენ მეუბნები!
შენ მეუბნები, ვგავარ ავაზას,
გაწოლილს ხეზე, ჭრელი თვალებით
და შენს ცეცხლოვან აშუღურ მზერას,
ვერაფრით ვერსად დავემალები!
შენ მეუბნები, ჩემი თვალები,
ანთია, როგორც ორი კოცონი
და ჩემს თვალთაგან განათვალები,
იმას იხსენებ, როგორ მოგწონდი!
შენ მეუბნები, ვგავარ ავაზას,
გაწოლილს ხეზე, ჭრელი თვალებით
და შენს ცეცხლოვან აშუღურ მზერას,
ვფიქრობ, ვერასდროს დავემალები!
მაია დიაკონიძე
31.08.2023 წელი
კლდიდან მოდის ჩქერალები, სიმღერა (სატრფიალო)
სიმღერა
კლდიდან მოდის ჩქერალები,
ალმასივით სუფთა, წმინდა,
იცი, როგორ მენატრები,
შენთან ყოფნა როგორ მინდა.
ჩემი სულის რომ ხარ, იცი,
მოფრენილო ლურჯი ციდან,
არ გატეხო წმინდა ფიცი,
დააწერე გულის ფიცარს..
მაია დიაკონიძე
31.08.2023 წელი
,
Wednesday, August 30, 2023
ავტ. თინა კობაური
***
Tuesday, August 29, 2023
საქართველო, ესსე
მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ბედნიერს, საქართველოს გაბრწყინება-გამთლიანებას. მინდა ყველა ქართველი სამშობლოზე ზრუნავდეს, სადაც არ უნდა იყოს, თუ ჩვენი აზრი და ფიქრი ეს ქვეყანა იქნება, შედეგიც არ დაახანებს. ამას წინ ერთი ნაცნობი შემხვდა, ახალგაზრდა კაცი და იცით რა მითხრა?! ორ თვეში ერთხელ თუ შემიძლია ბავშვებს ხოციანი საჭმელი ვაჭამოო... ასე ვიყავით ოთხმოცდაათიანებში, 2000-ის დასაწყისში ბევრი ოჯახი და დღესაც იგივე გრძელდება. როცა ამ პატარა ქვეყანაში ამდენი მილიონერია, ნუთუ ვინმეს უნდა უჭირდეს, შვილს ხორცი აჭამოს?! ათობით ბინა თბილისში, აგარაკები, სახლები საზღვარგარეთ, მათი შვილები უცხოეთში სწავლობენ და აქეთ ჩამომსვლელებიც არ არიან.... როგორ უნდა შეგერგოს ლუკმა, როცა სხვას უჭირს?! გადაიხედეთ ადამიანებო თქვენს გალავანს იქით, შექმენით სამუშაო ადგილები, დაასაქმეთ ხალხი, მოიკელით ცოტა თქვენთვის, ხალხიც მადლიერი დაგრჩებათ და ღმერთიც
სახუმარო
დღეს ერთი ამბავი მინდა მოვყვე: ჩემი ბიჭის - ლევანის ნათლიმამა ბატონი ალიოშა გახლდათ. ძველი ქუთაისლები იყვნენ ის და მისი მეუღლე. არაჩვეულებრივი ადამიანები, თბილი, ტკბილი. ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოსახლდნენ, მაშინდელ პლეხანოვზე (ახლა აღმაშენებლის გამზირზე) დაიდეს ბინა. მათი სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის, ქუთაისელი იქნებოდა თუ თბილისელი. გახსოვთ, საბჭოთა დროს დეპეშები იყო მოდაში, ჭირი იყო თუ ლხინი, ყველაფერში გამოსადეგი გახლდათ.
თავისუფლების ქანდაკება “ამირანი”, ესსე
თავისუფლების ქანდაკება “ამირანი”, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვახტანგ ონიანია, სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღის მცველად იყო მიჩნეული.
მიშა და მედეა
დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, 1965 წლის 28 ივლისს დაიბადა ჩემი ტყუპი და-ძმა, მედიკო და მიშა. მაშინ გახსოვთ ეხოსკოპია არ იყო, დედას პატარა მუცელი ჰქონდა, მოსამშობიარებლად რომ მივიდა, გაუკვირდათ, რატომ მოხვედითო, მაღალი ქალი იყო. ტყუპები რომ ჰყავდა მუცელში, ექიმები ამასაც ვერ მიხვდნენ, და მხოლოდ როცა მიშა გაჩნდა, მერე შეამჩნიეს, მეორე ბავშვიც მოდიოდა. დედას მაშინ უფიქრია, ნეტავ მეორეც ბიჭი იყოსო, მაგრამ საოცარი გოგო გაჩნდა, პატარა ციცინათელა, უსაყვარლესი და ულამაზესი. 2კგ 400 გრამი იყო მედეა, 2კგ600 გრამი - მიშა. ვერ გადარჩებიანო, უთხრეს დედას, ძალიან გაბრაზებულა. გაზარდა კიდეც კეთილშობილი ადამიანები. ჩემი და გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, დღეს 58 წლის გახდებოდა. ნათელში იყოს მისი სპეტაკი სული. მიშა არაჩვეულებრივი მხატვარია. წარმატებებს ვუსურვებ შემოქმედებით გზაზე!
ცხოველთა სამყარო, ესსე
დღეს ისევ ერთი ამბავი უნდა მოვყვე. საოცარია ცხოველთა სამყარო. ბევრ ისეთ რამეს დაინახავ, გაგიკვირდება. ჩვენი კატის - ცოფოს დედა, შავი კატა, ამას წინათ დაკარგა, არა და საოცარი დედა იყო, ოთხი კნუტი, ახალი პარტია, ჩვენს კორპუსში ჰყავდა მერვე სართულზე, აივანზე. სადღაც ორი თვისანიც არ იყვნენ კნუტები. მეზობლებმა გაკვირვებულებმა მითხრეს ეს ამბავი, დედა კატა აღარ ჩანსო, შეშფოთებულები იყვნენ, რადგან ძუძუს ვეღარ მოაწოვებდა პატარებს, არადა ციფოს და მის და-ძმებს ექვს თვემდე აწოვებდა. რა თქმა უნდა, ადამიანებმა არ დაიშურეს საჭმელ-სასმელი, კნუტები გადაერჩინათ. ათი დღის მერე გამოჩნდა დედა კატა, შვილები არ მიიკარა. ისევ მეზობლებისგან შევიტყვე, რომ გვერდზე კორპუსის მეზობელს წაუყვანია თურმე და სტერილიზაცია გაუკეთებია. ნუთუ ვეტერინარებმა და ამ ქალბატონმა ვერ დაინახეს, რომ მეძუძური იყო?! გაოცებული ვარ ამ ხალხის გულგრილობით. კნუტები ახლა მამა კატასთან ერთად დადიან. ისიც ჩვენს კორპუსში გაიზარდა. დედა რომ ვერ იპოვეს, კნუტები მას მიტმასნენ და მასთან ერთად მოძრაობენ. საოცარია, საჭმელს რომ დაუყრი, მამა კატა არ ჭამს, გვერდზე გადგება ხოლმე, კნუტებს უთმობს. არადა მანამდე ასე არ იქცეოდა. ცხოველებისგანაც შეიძლება ვისწავლოთ ბევრი რამ... კნუტები კი ისეთი გაბრწყინებულები ვეღარ არიან, როგორებიც ციფოს და-ძმები იყვნენ. გახუნებულები და საწყლები ჩანან... სასწრაფოდ უნდა გავაშვილო... ფოტოებს გადავუღებ, იქნებ ვინმეს მოეწონოს
ქალთა მდგომარეობა საქართველოში, ესსე
დღეს რამდენიმე საჭირბოროტო თემას მინდა შევეხო. ვინაიდან დისერტაციას ქალთა საკითხებზე ვიცავდი, არ დამცალდა, ამიტომ ქალების მდგომარეობა დღესაც ძალიან მაინტერესებს და დიდი ინტერესით ვაკვირდები. გუშინწინ ავტობუსში ჩემ წინ ხანშიშესული ქალბატონი დაჯდა. მოვლილი, ღია სარაფანი ეცვა, თვალები შეღებილი. სახეზე ნაიარევი აჩნდა, თვალი ჩამოვაყოლე მის ყელ-კისერს, კიდევ რამდენიმე ნაიარევი აღმოვაჩინე, თუმცა დიდი ხნის. გაოცებული დავრჩი, დანით მიყენებულ ჭრილობებს ჰგავდა, ახლა პირშეკრულებს და გაცრეცილებს. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ეს ქალი ოდესღაც ძალადობის მსხვერპლი იყო. ვინ მიაყენა ჭრილობები და რაზე, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კაცის გაკეთებული იყო ეს საქმე. არა მგონია, ქალი დასხმოდა თავს და სახეზე და ყელ - კისერზე ჭრილობები მიეყენებინა. შეიძლება ეჭვიანობის ნიადაგზე, აფექტის მდგომარეობაში იქნა ჩადენილი დანაშაული, შეიძლება საყოფაცხოვრებო ოჯახური კონფლიქტის დროსაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ როდესღაც ბოლო უნდა მოეღოს ამ ამაზრზენ საქციელს?! ჩემთვის მიუღებელია ძალადობა ყველა ასპექტში, ქალისგან თუ კაცისგან, ფიზიკური თუ მორალური. რატომღაც მამაკაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ მეტის უფლება აქვთ ვიდრე ქალებს, შეუძლიათ ფიზიკურად გაუსწორდნენ ცოლს, შვილებს, რადგან მეტი ძალა აქვთ. გამორიცხულად არც ის მიმაჩნია, რომ ბევრი ქალი ემიგრაციაში სწორედ ამიტომ გარბის, რომ შეურაცმყოფელ მდგომარეობას დააღწიოს თავი. მახსოვს, ჩემი ახლობელი უცხოეთიდან ჩამოვიდა, ვაჟებს ცოლები ჰყავდათ, თავიანთი ოჯახები, შევხედე, ქმარსაც არ ვჭირდებოდიო, თავისი ნაყიდი სახლ-კარი დატოვა და ისევ უცხოეთისკენ მოჰკურცხლა. ოჯახების დიდი ნაწილი მხოლოდ ფიქტიურად არსებობს. გუშინ მეტროში მამაკაცების საუბარს მოვკარი ყური. ჩემი რძალი ამერიკაში წავიდა შვილებით მშობლებთან, ჩემი ცოლი და ვაჟი ესპანეთში სამუშაოდო. მარტოღა დავრჩი სახლშიო. მოკლედ არეულია მონასტერი. ვინ სად გარბის, ვინ სად რჩება, იქცევა ჩვენი ქვეყანა და ესაა. მარტო ქვეყნიდან წასვლაში როდია საქმე. აქ დარჩენილი ოჯახებიც მორყეულია. ჩვენი თაობა კიდევ ცდილობდა ოჯახების შენარჩუნებას, გაყრა იშვიათი იყო, სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ ყველა გზით და ყველა საშუალებით ოჯახი არ უნდა დანგრეულიყო. დღეს, როცა ვეცნობი სხვადასხვა მასალას, წერია, რომ ბავშვები, რომლებიც აყალმაყალსა და ჩხუბში იზრდებიან, ფსიქოლოგიურად დაზარალებულები არიანო, მაგრამ მიტოვებული ბავშვები უკეთესები არიან?! განა მათ არ აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ მამამ ან დედამ დატოვა?! მოკლედ, მედალს ორი მხარე აქვს, რა ჯობია, მეც ვერ გაიგია. სულიერ და ფიზიკურ გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს ერს!ყველა ადამიანი თვითონაა თავის ბედის მჭედელი, მთავარია, ბავშვები არ დარჩნენ დაზარალებულნი, ჩემი მთავარი მოთხოვნა ესაა. ისე კი, ძალიან ბევრი ქალი საქართველოში ან არაა გათხოვილი, ან მეორე ნახევრები არ ჰყავთ, გაყრილები არიან, ან ქვრივები.
შოვის ტრაგედია, ესსე
რაჭაში დატრიალებულმა უბედურებამ შემძრა, გვაკლდება ქართველები, ხან რა მიზეზით, ხან რა... დაუცველობის შეგრძნება აღარ გვტოვებს. ნათელში იყვნენ გარდაცვლილთა სულები, იმედია ბევრს გადაარჩენენ, ადამიანის სიცოცხლე ხომ ყველაზე დიდი ღირებულებაა ამქვეყნად. სამშობლოს და შენი ხალხის ღალატზე დიდი სასჯელი ჩემთვის არ არსებობს, ამიტომ ვიყოთ ყურადღებიანები სხვათა გაჭირვების მიმართ!
ორმაგია ბუნების არსი, ესსე
ორმაგია ბუნების არსი, რამდენადაც ლამაზია, იმდენი ვნების მოტანაც შეუძლია მას. წყნარი და აუღელვებელი მდინარე შეიძლება სტიქიურ უბეურებად იქცეს და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, როგორც ეს თბილისში მოხდა, ყვავილებით დაფარული ულამაზესი მდელო მეწყერად წამოვიდეს და თავს დაატყდეს ადამიანს, მღვრიე ტალახად იქცეს, და კიდევ ერთხელ მიგვითითოს ადამიანებს თავის ყოვლისშემძლეობაზე. ფრთხილად ვიყოთ ბუნებასთან, რათა ისიც ჩვენს სამსახურში იყოს მარადჟამს!
ეარომ ავადდებიან ქართველები?! ესსე
რატომ ავადდება ასე ხშირად ქართველები?! ერთ-ერთი მიზეზი ის უჰაერობა, უჟანგბადობაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით. წერეთლის გამზირი რომ ჰაერის მხრივ ერთ- ერთი მტვრიანი დაბინძურებული ადგილია თბილისში, ყველამ იცის. საღამოობით მტკვრიდან დაიძვრებოდა ხოლმე სუფთა ჰაერი და ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევდა, ახლა სამი კორპუსი ჩაგვიყენეს წინ. ვინ უნდა აკონტროლოს ეს პროცესი, რომ ბოლოს არ დავიგუდოთ? როდის იქნა მშენებლობის ნებართვები გაცემული, არ ვიცი, მაგრამ ამდენი მშენებლობა საბოლოოდ მოსპობს ჩვენს ქალაქს და ერს. რომელიმე სხვა ქალაქი რომ ავაღორძინოთ, არ შეიძლება?!
ესსე, შემდგარი ადამიანი ყველა ასაკში
დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო. რა არის ჩვენი ცხოვრება და რას ვემსახურებით ყველა ჩვენგანი?! რისთვის მოვედით და რატომ მივდივართ ამ ქვეყნიდან?! პატარაობიდან მაწუხებდა ეს კითხვები. ვაკვირდები ჩემს ცხოვრებას და მინდა გითხრათ, ყოველთვის შემდგარი პიროვნება ვიყავი, ყველა ასაკში. ვცდილობდი ჩემი ადამიანური მოვალობები პირნათლად შემესრულებინა. ოთხი წლის ვიყავი, რომ ოჯახში მეხუთე დედმამიშვილი შეგვეძინა, იმას ვუვლიდი, აკვანს ვურწევდი, რომ წამოვიზარდე, სარეცხსაც კი ვურეცხავდი და-ძმებს, ძილის წინ ზღაპრებს ვუკითხავდი, კარგად ვსწავლობდი, სოფელში ბიძაშვილებს ვეხმარებოდი, პატარა ხელებით ვთოხნიდი, ვმარგლავდი, სამწყემსურშიც მივყვებოდი, ვკითხულობდი, ვაზროვნებდი, და ერთ მომენტში სადღაც რომც გაწყვეტილიყო ჩემი ცხოვრება, ამ გადმოსახედიდან ჩავთვლიდი, რომ იმ ასაკისთვის რაც მეკისრა, შევასრულე. დიახ, იმ დროისთვის შემდგარი ადამიანი ვიყავი. განა არ მოგისმენიათ ახალდაბადებულების ბაასი ღმერთთან, ანგელოზებთან?! ისინი ღუღუნით ლაპარაკობენ, არავინ იფიქროს, წასვლის დრო არ იყოო, უფალს იმ დროს მივყავართ, როცა საჭიროდ თვლის, როცა ჩვენი მისია უკვე ამოწურულია. ასე ვფიქრობ დღეს. იქნებ ჩემმა ამ დასკვნამ ზოგს ტკივილი შეუმსუბუქოს, რომელიც ჩამოწოლილი მთის სიმძიმეა. ყველას ჩვენი დრო გვაქვს დედამიწაზე ყოფნის. ნათელში იყვნენ მიცვალებულნი, სამოთხის კარი მათთვის ღიაა...
დიდება გმირებს, ესსე
მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო,მშვიდობიან, ბედნიერ დღეს გისურვებთ! დღეს არ შემიძლია 8 აგვისტოს ომი არ გავიხსენო და ჩვენი დაღუპული ბიჭები! ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, საქართველო გამყიდველების ქვეყანაა, მაგრამ ყოველთვის არიან ისეთებიც, რომლებიც თავს სწირავენ მისთვის და იმიტომაა, დღემდე ცოცხალიაო! დიდება ჩვენს გმირებს! ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას საქართველო!
დღევანდელი ქართული პოეზია, ესსე
დღეს ქართული მწერლობის საჭირბოროტო საკითხებზე მინდა ვისაუბრო. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სია ვნახე თანამდროვე ქართველი მწერლებისა, ჩამოვუყევი, ჩამოვუყევი და აღმოვაჩინე, ნახევარზე მეტს არ ვიცნობ,ის კი არა და, საერთოდ არ გამიიგია მათ შესახებ. მავანი იტყვის, შე, გაუნათლებელო, შენი პრობლემაა ეგ და თუ არ იცნობ, არ იცი მათ შესახებ, შენი ბრალიაო. მე კი იმის ბრალი მგონია, რომ ქართული მწერლობა კლანებად, დაჯგუფებებადაა დაყოფილი, დაქსაქსული და ერთმა მეორის შესახებ არ იცის, მეორემ - პირველის შესახებ. მე თუ ვინმე არ მიცნობს, არაფერია, არც ვარ საცნობი, მაგრამ არიან ნიჭიერი ავტორები, რომელთაც ყველა უნდა იცნობდეს, რომელ კლანშიც არ უნდა იყვნენ. საინტერესოა, ვინ უნდა გააკონტროლოს ლიტერატურული პროცესები? ვინ უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას მათ შესახებ?! არა მგონია, ამჟამად არსებობდეს ვინმე ან რაიმე ორგანო, ვინც მოგვაწვდის ამის შესახებ საკმარის ცნობებს. თუმცა ზოგიერთები ცდილობენ, ასე თუ ისე, საქმის კურსში იყვნენ. საქართველოს ბუნებას მაგონებს ქართული მწერლობაც, მთა-გორიანი რელიეფით. გორები, მთები, ველები, მინდვრები, ჭალები, უფსკრულები, შეცნობილი და შეუცნობადი, ცნობილი და არაცნობადი. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ რომელიმე მთას, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. მთელ ამ მთაგორიან საქართველოს თავზე დაჰყურებს მყინვარები, ესენი არიან ჩვენი კლასიკოსები: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, კიდევ რამდენიმე, იმედია, მათ გადანაცვლებას არავინ შეეცდება, თორემ მყინვარის დნობა და მისი ძირის გამოთხრა, რასაც ზოგიერთები ცდილობენ, დიდ კატასტროფებს და კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომლისთვისაც საქართველო ნამდვილად არაა მზად. საკმარისია გაქანების ველი, რომ პეპლებივით და ფუტკრებივით ვიფრინოთ ზედ. თუ ღვთის და ერის ნება იქნება, ზოგიერთები მყინვარების ადგილსაც დაიკავებენ, მანამდე კი, ნუ ვეცდებით სხვის დაკნინებას და თავის წარმოჩენას, თორემ მებადურის არ იყოს, ოქროს თევზის ნაცვლად უარაფრობა შეგვრჩება ხელში. გვახსოვდეს, გალაკტიონის ვარდნა...ის ვადნა კი არა, ამაღლება იყო!
დრო, ესსე
დრო ულმობელია, არ ვუფრთხილდებით წამებს, წუთებს, ზოგჯერ უმიზნოდ და არანაყოფიერად ვიხმართ მას. ბავშვობაში მეგონა, რა დიდხანს იწელება მეთქი დღე, მინდოდა მალე გავზედილიყავი, არც ახალგაზრდამ იცის დროის ყადრი, არადა რა დასაფასებელია თითოეული წუთი, წამი, რომ თვალებგახელილმა უყურო მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, შენ გარშემო ადამიანებს, გიყვარდეს ისინი, გიყვარდეს შენი სახლი, შენი სამშობლო, ეცადო დაეხმარო მას. რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. დრო ამისთვის ყოველთვის არის. ნუ ჩავაბნელებთ ჩვენი სახლის ფანჯრებს, ნუ ამოვუქოლავთ შავი ნაჭრით თვალებს, მათაც უნდა იცოცხლონ, სახლიც ცოცხალი ორგანიზმია და თქვენი ენერგია და ძალა ჭირდება. თქვენ მას აძლიერეთ, ის თქვენ.
მინიმა, აღარა მჯერა
სხვისათვის ცოტავ, ჩემთვის კი ბევრო, ჩემო გუთანო, მიწავ და კევრო,
რა ვქნა ისეთი, რომ გაგაბევრო.გზები დავტოვე შორი,
სიკვდილს არ ესმის სიკეთე,
სიკვდილს უნდოდა შოვი
ერთადერთია უფლისათვის ჩვენი ხმა როდი!
საქართველო დღეს და გუშინ, ესსე
ესსე, მომავალი ექიმი, მომავალი აკადემიკოსი, იმერეთი