სრულად გეთანხმებით, ქალბატონო მაია. ვაჟას პუბლიცისტიკაში ერთი ულამაზესი წერილია ,,ნიჭიერი მწერალი“ და როცა ელგუჯას პოეზიას ვკითხულობ, სულ ის უკვდავი წერილი მახსენდება.
ვაჟა წერს: ,,მწერალს, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი ,,ენა“ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვთქვათ, _ მწერლის სულია; ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი ,,მე“. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.“
დიახ, პოეტ ელგუჯა ციგროშვილს აქვს მწერლის ენა, საკუთარი სტილი, საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი წინადადებები (ზემოხსენებულ წერილში ასე წერს ვაჟა ნიჭიერ მწერალთა შესახებ). ტროპის ულამაზესი სახეები აქვს...
მე მის ლექსებს ხელმოუწერლად ვცნობ...
,,დიდი საქმეა მწერლისთვის, სცნობდეს თავის ფესვებს...“ _ წერს ვაჟა.
ელგუჯა თავის ფესვებს მარტო კი არ სცნობს, ის ძალიან მყარად დგას მათზე. ამ შემოქმედში ძლიერად ჩქეფს ეროვნული სისხლი... ფშავის მთების შვილია...
ელგუჯა რასაც თავად გრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი, სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს ...
აი, ვინ არის ნიჭიერი მწერალი!
No comments:
Post a Comment