არსად წავსულვარ, შენი გულის ფერადებს ვითვლი,
თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი, აგერ წითელიც,
ამდენ ფერებში, რომელი ვარ, ამას თუ მეტყვი,
თორემ გამიქრა, მიმელია უკვე იმედიც.
ნაზ-ნაზ ყვავილებს ფეხით უვლის კაცი მყივანი
და დასასრული აღარ უჩანს ამდენ წამებას,
გაზაფხულია, მაგრამ თოვლის ცივი ფირმანი
გვამცნობს ათასთა ხან კი ერთის გარდაცვალებას.
ის ერთი მე ვარ, აღარ მინდა ვუმზირო ზეცას,
როცა სისხლისფრად იღებება ცაზე აისი,
და ღმერთო ჩემო, ამდენ ფერში თეთრი ხომ მე ვარ,
თეთრ ყვავილებად სკდება თეთრ მთებს ედელვაისი.
ამწიეთ მაღლა, სამსხვერპლოზე შემწირეთ კრავი,
იქნებ დადუღდეს სისხლიანი ღვინის მაჭარი,
გადაცისფრდეს და და აყვავილდეს ღვთიური ზეცა,
მთელი სამყარო ამისთვის ხომ უკვე მზად არის.
No comments:
Post a Comment