Monday, April 18, 2022

იდინეთ, დღენო! ( ჯემალ აჯიაშვილის კონკურსისთვის)

           იდინეთ, დღენო!                                               

იდინეთ დღენო, მიმაგებეთ ამოსვლას მზისას,

მოჰფინე, მზეო, საოცარი სხივები მიწას,

შენს გულში თბება ჩემი სული, ჩემი სხეული

და მიყუჩდება ტკივილები გარდარეული.

ჰე, ქერუბიმნო, სასწაული აჩვენეთ თვალთა,

მიწიდან ჩქეფდეს შადრევნები სნეულთ მკურნალთა

და გაირინდოს დედამიწა ცასთან ალერსში,

არსად ისმოდეს მოტირალთა კვნესა ღამეში.

სულის საწყაო გადამივსე ღრმა სიყვარულით,

გამიქრე ზიზღი, სიძულვილი მტრისა ფარული,

გადააპენტე მთის მწვერვალებს ქათქათა თოვლი,

მოჰფინე ზეცას ვარსკვლავების ულევი ხომლი,

რომ გადანათდეს დედამიწა უცხო ნათებით,

ქვეყნად სიკეთეს აღარ ჰქონდეს არსად საზღვრები,

და მოგვიბოძეთ წმინდა გული დედამიწელებს,

რომ სადარბაზოდ წმინდანთ კრება ზეცად გვიწვევდეს.


No comments:

Post a Comment