როცა წვიმა დაიღვრება
და ორმოებს ამოავსებს,
შიგ ჩახტება და ხმამაღლა
''ყი-ყი-ყი-ყი" შემოსძახებს.
(ბაყაყი)
ძლიერ უყვარს პირისბანა,
სულ თავის ბეწვს ისუფთავებს,
კუდმორთხმული ღუმელთან ზის,
ახრამუნებს თევზის თავებს.
(კატა)
მზეზე ბზინავს ოქროსფერად,
მაღლა-მაღლა უყვარს ხტუნვა,
ფარფლიანი სამოსელი
წინწკლებიან კაბას უგავს.
(კალმახი)
შენაცვლებია თეთრი და შავი,
ნაზი ბგერებით გვხიბლავს და გვართობს,
მისი შესწავლა რთულია, მაგრამ
ეიოლება პატარა კატოს.
(პიანინო)
ორკესტრის სული და გულია,
ომახიანად გაჰყვირის,
აღლუმებს დაჩვეულია,
აბა, რა ჰქვია (საყვირი).
გაზაფხულს რომ შეიგრძნობს,
თავს ამოყოფს მიწიდან,
მოედება სიმწვანედ,
მნახველის თვალს იზიდავს.
(ბალახი)
დინგებს მოითხუპნიან
გუბეებში წანწალით,
მუდამ ერთი სული აქვთ,
იგორაონ ტალახში.
(ღორები)
ამბობენ რომ ამ ყვავილს
თავი უყვარს ძალიან,
ნაზია და ფაქიზი,
ყვითელფურცლიანია.
(ნარცისი)
ოქროსფერი აქვს ქათიბი,
ნიავზე ლაღად ირწევა,
ჩვენი არსობის დედაა,
სიცოცხლე მისით იწყება.
(პურის ყანა)
ლაპარაკი თუ ისწავლა,
ვერ გააჩერებ წამითაც,
ფერადი ჯუბა აცვია,
გალიის ბინადარია.
(თუთიყუში)
No comments:
Post a Comment