იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, ძალიან კეთილი და მოსიყვარულე, მაგრამ ზოგჯერ ეშმაკი შეუჩნდებოდა და ხან რას გააკეთებინებდა და ხან რას: ზოგჯერ უწმაწურ სიტყვას ათქმევინებდა, ზოგჯერ უფროს ადამიანთან შეარცხვენდა, ზრდილობას დააკარგვინებდა და სკამს არ დაუთმობდა ავტობუსში, მასწავლებელსაც კი შეეპასუხებოდა უნიადაგოდ გაწიწმატებული და მოკლედ რომ ვთქვათ, მწყურვალს წყალს არ მიუტანდა, რაც გინდა საჭირო ყოფილიყო. ბიჭს განსაკუთრებით სტუმრები ეზარებოდა და სახლში შემოსულებს ბრაზით და გაგულისებით ხვდებოდა, არც ელაპარაკებოდა, დაიმალებოდა სახლის ერთ კუთხეში და სტუმრის წასვლამდე იქ იჯდა ხოლმე. - თედო, ბიჭო, ადე, სტუმარს ცივი წყალი მოუტანე! - დაუძახებდა დედა, - არ მცალია, - პასუხობდა ბიჭი, თუ კი საერთოდ უპასუხებდა მშობელს. არავინ იცოდა, რა იყო ამის მიზეზი, რომ ბიჭს ეშმაკი ათამაშებდა თავის ჭკუაზე. შეუძვრებოდა ხოლმე შიგ გულში და ათას სისულელეს ელაპარაკებოდა: - რას მობოდიალდა ახლა ეს კაცი თქვენს სახლში, შენ დასვენება გჭირდება, შენს გემოზე ცხოვრება, ახლა ამასთან გართობა-სიცილის და რევერანსების დრო გაქვს? - ბიჭიც ბრაზობდა, მე დიდი კაცი უნდა გავიზარდო, ამ უსაქმურებთან რა საქმე მაქვსო და ცეცხლმოკიდებული თავისივე ბოღმის ღუმელში იწვოდა. ამდენი ბოღმისგან გული დაუავადდა, ცალკე ეშმაკი უჭამდა გულს და ცალკე სხვა ადამიანების მიმართ სიძულვილი, რომელმაც ღრმად მოიკიდა მის სულში ფეხი, სული და გული კი, ვიცით, ერთი მთელის ნაწილები არიან. გულის ავადმყოფობა სულსაც აავადებს და პირიქით. ერთხელ დედ-მამა და და-ძმა სახლიდან იყვნენ გასულები. მათი სახლი სოფლის განაპირას იდგა და ზამთრობით მათ ეზოში ტურა და მგელი არაერთხელ შემოხეტიალებულა. ბიჭმა ეზოდან შეშა შეიტანა სახლში ღუმელის შესაკეთებლად და კარი ღია დარჩა, გასაცხელებლად საჭმელი დადგა ღუმელზე. მოულოდნელად ხორცის სუნზე ღია კარში ტურა გამოჩნდა. დაბნეული ბიჭი კოვზით ხელში იდგა და კბილებდაკრეჭილ ცხოველს შეჰყურებდა, ხვდებოდა, რომ ტურას ბასრ კბილებს ვერ გადაურჩებოდა და მისი კერძი უნდა გახდარიყო. ამ დროს ინატრა, ღმერთო, ოღონდ ახლა სტუმარი გამოჩნდებოდეს და არასოდეს აღარ გავბრაზდებიო. უცებ ეზოში სანდრო პაპას ძახილი მოისმა, მოვედი, შემომეგებეთო. სანდრო პაპა მეზობელი სოფლიდან ჩამოსულიკო მათთან სტუმრად. ადამიანის ხმაზე შეშინდა ცხოველი და გაიქცა. ბიჭი მიხვდა, რომ არა სტუმარი, ტურა დაჯიჯგნიდა და დაასახიჩრებდა, თუ კი ცოცხალი გადაურჩებოდა საერთოდ. არც ისე ცუდი ყოფილა სტუმარიო, გაიფიქრა ბიჭმა. ამის მერე ის ყოველთვის გაღიმებული ხვდება სახლში შემოსულებს. ეშმაკმაც დატოვა მისი გული, მიხვდა რომ იქ აღარაფერი ესაქმებოდა, ამიტომაც ნელ-ნელა დაავადებული და გამოჭმული გული გაუმთელდა ბიჭს, მასთან ერთად სულიც. "სტუმარი ღვთისააო!", ხშირად იმეორებდა ძველ ქართულ ანდაზას და მის მნიშვნელობას თავის მეგობრებსაც უხსნიდა ხოლმე.
No comments:
Post a Comment