ლხინი უცრემლოდ და ჭირი უსიმღეროდ არ არსებობსო, გამიგია, რა ვიცი. ჭირისუფალი მინახავს, უსაყვარლესი ადამიანი დაუსაფლავებია, მობრუნებულა და გულიანად უმღერია, ჩუმად. რაღაც მისტერია იმალება ამაში, დიდი, უბრალო მოკვდავთათვის დაფარული და ვერ შეცნობილი. სულ სხვის ომში ვიხოცებოდით ქართველები, სულ სხვის ჭირს მივტიროდით და საკუთარს არად ვაგდებდით. ეს მისტერიაც შესასწავლი და ამოსაცნობია, ალბათ. დედამიწა ჭრელია, ვინ ტირის და ვინ იცინის, ვის თვისი ჭირი "სიმღერად და უჩანს ლხენად" ვის სხვისი-"ღობეს ჩხირად". არც გასაკვირი არაფერია ამაში და არც გასაკიცხი. ყველას ვერ მოთხოვ, ჩემი მიცვალებული იგლოვეო და ვერც სხვა მოგთხოვს ამას. ხალხმა პანდემია გადაიტანა, ახლა ომი და მშვიდობაში ომი ხომ ყოველდღე გვაქვს. არადა, სიცოცხლე უნდა გულს, სიხარულის ერთი წვეთი უნდა, რომ არ მოკვდეს, ჭირი გადაიტანოს. "ნუ გამიკითხავ, რათა არა განიკითხო". ახალგაზრდობა უკომპრომისოა! უანგარიშოდ იცის სიყვარულიც და სიძულვილიც. წლებს მოაქვს განსჯის და გადაფასების უნარი. წლები ყველაზე დიდი მასწავლებლები არიან ცხოვრებისა. დაღვინდებით, მაჭრებო, მშვიდობით, თქვენი ქვეყნის ჭირისუფლობა დაგმშვენდებათ, პირველყოვლისა.
No comments:
Post a Comment