Wednesday, October 6, 2021

შიოლას და ფუფალას გაბაასება ელგუჯა ციგროშვილი, ეკო ჯავახიშვილი

 შიოლას და ფუფალას გაბაასება

ელგუჯა ციგროშვილი
ეკო ჯავახიშვილი

ელგუჯა ციგროშვილი

1. შიოლა ვარ და...ოცნებებში ფუფალებს ვხატავ,
გაშლილ დალალით, პირზე ღიმით, ნათელ თვალებით,
მერე ოცნებებს, ოთხივ კუთხივ მქროლ ქარებს ვატან,
იქნება სადმე მომიძებნონ მსგავსი ქალები.

2.ისიც ხომ მეძებს, დასცინიან: ,,ფუფალ-ფუფალო"....
ოცნებად მექცა , მისი თვალთა შემოფეთება,
,,ვინც ეძებს, იგი პოულობსო,"-ხომ სთქვი უფალო,
ჰოდა მიპოვოს, შენაც ჩემთვის ხომ გემეტება?
02.02,2015

ეკა ჯავახიშვილი

1. ახლოა შენი ფუფალა და შენზე ოცნებობს,
ვინ იცის, იქნებ ერთხელ კართან თვითონ გეწვიოს,
ფხიზლად იყავი, გვერდი ისე არ აუარო,
ჯერ ვერ იცნო და მერე უკვე ვერ დაეწიო.

2. შალე ოცნება, მეც სამყაროს ვუშლი ოცნებებს,
თუ არ იცადე, არ გეძლევა განძი იოლად,
რადგან მრავალნი დაჩოქილან ჩემს წინაშეც და
ვერც მე ვიცანი იმათგანში ჩემი შიოლა.
02.02.2015

ელგუჯა ციგროშვილი

გადიან წლები, ძებნაში და ლოდინში ასე,
თავსაც ვუწყრები, უკვე დროა გონზე მოეგოს,
ბევრი მოვსინჯე, ცარიელ ფერდს ჯიუტად ვავსებ,
ვერვინ ვიპოვე ჩემი ნეკნის ადგილს მოერგოს.
02.02.2015

ეკა ჯავახიშვილი'

1.,,ვინც ეძებს, იგიც პოულობსო:,-ხომ სთქვა უფალმა,
დროს გაუფრთხილდი, გეკარგება მზე მთვარის ცვლაში,
ცარიელ ადგილს სიყვარული შეგივსებს ფერდში,
სიყვარული კი სად იპოვო? აქა ვარ, ცაში! 🙂

2.ჩემთვის ვბჟუტავდი, სხივჩამქრალი მზესავით ვიყავ,
რაღად ამანთე, რა გინდოდა ჩემგან უფალო,
თუ კი სიყვარულს გამოვექეც დედამიწიდან,
რა ხდება ახლა, გამოდის რომ ცაშიც ვფუფალობ?
02.02.2015

ელგუჯა ციგროშვილი

1.ცოდვის ნარჩენებს გვიტოვებენ ჩავლილი წლები,
და სულსაც უჭირს დამძიმებულ სხეულით ფრენა,
წარსულში დარჩა სერენადის საამო ხმები,
სატრფოს სარკმელთან გამართული გიჟმაჟი სცენა.

2.მე მომეწონა ფუფალ, შენი ლაღი ხუმრობა,
მიხმობ, მეძახი ფრთა გავშალო შენს ლაჟვარდ ცაში,
განა არ მინდა? მენატრება შენთან სტუმრობა,
მაგრამ რა გიყო, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ბავშვი.

3.ეს ჩემი ლექსიც სიმწრის ელვის დანაკვესია,
ან იქნებ ჰფიქრობ,მისი წერა რომ მეიოლა,
იქნება ძებნა, პოვნაზედაც უკეთესია,
მოდი, მეძებე, შემოგევლოს შენი შიოლა.
3.02.2015

ეკა ჯავახიშვილი

1.ცოდვა მეცა მაქვს, მაგრამ ფრთები არა მძიმდება,
ეკლებს ვარჩიე დაბიჯება ნაცვლად იების,
რა ვქნა ძვირფასო დღეს სინდისი ისე ძვირდება,
დამიდგა ჟამი სხვის მაგივრად მონანიების.

2. და თუ გგონია ხუმარა ვარ, არ მეხუმრება,
არც ის ბავშვი ვარ სამყაროს რომ ჯერ ვერ მოერგო,
მთელი შეგნებით დამარცხების გზებით მოვდივარ,
ყოველთვის მსურდა სიყვარულში ,,იმას" მოეგო.

3.არც ის სცენები გიჟმაჟური აღარ მაკვირვებს,'
არც ნოსტალგია მომწოლია სერენადების,
უბრალოდ ვიგრძენ, ლექსი უნდა მომეშვა ახლოს,
ეთქვა გაბუტულს, გელოდიო, იცი რამდენი?

4. მაგრამ შიოლავ, იქნებ შენც გაქვს შენი სიმართლე,
იქნებ პოვნასაც მართლა მიჯობს გეძებო ისევ,
საამო ხმებით, ხომ ისედაც მოდიხარ ჩემთან,
სიცარიელეს უშენობის ლექსებით მივსებ.

5. ძველ ქოლგასავით დავატარებ შენზე ოცნებებს,
უშენო წამიც როგორ მტკივა, უწყის უფალმა,
ერთი სული მაქვს ჩაგეხუტო და გიჩურჩულო,
შენ გენაცვალოს ჩემო შიოლ, შენი ფუფალა 🙂

03.02.2015

No comments:

Post a Comment