Saturday, March 19, 2022

ო, ღმერთო ჩემო, მიწყალობე იობის რწმენა! (წმინდა ნინოს ფესტივალისთვის)

 

ო, ღმერთო ჩემო, მიწყალობე იობის რწმენა,

და მერე თუნდაც გამახვიე უდაბნოს ნისლში,

დე, აიშალოს ყვავ-ყორნების წყება და წყება,

ვიცი, მოხვალ და სასოებადაკარგულს მიხსნი.

ტკივილი ჩემი, უსაზღვროა და უნაპირო,

და-ძმა დავკარგე, გალესილი ხმალი მცეს კეფას,

ჩვენს მამულს მუმლი შესევია, ხრავს და ნადიმობს,

ყურში ჩამესმის საზარელი ურჩხულის ქშენა.

ამოშანთულა დედამიწა წელთა სიავით,

ბოროტეულის არ კლებულობს ძალა, სიმძიმე,

ისევ განიცდის ზნეკეთილი ავთაგან გვემას

და ვეზიდებით მძიმე ლოდებს, როგორც სიზიფე.

პირგამშრალი და დამაშვრალი სამყაროს წიაღს

შენი ნება თუ გადაარჩენს, მოურჩენს წყლულებს,

იობის რწმენა აღგვადგენს და არ მიგვცემს ზიანს,

უკვდავების წყალს დაგვაპკურებს ქართველებს გულზე.

და რაღა არის, სიყვარული, თუ არ გიწამეთ,

ან და რა არის ჯოჯოხეთზე მეტი წამება,

ცეცხლში გახვეულ დედამიწას თუ არ ვუწამლეთ,

მაშინ აღარც ღირს ცხოვრება და სულის წვალება..


No comments:

Post a Comment