მახსოვს ჩემს კორპუსში ერთი ჭორიკანა მეზობელი ცხოვრობდა, არაფერი არ იყო ქვეყანაზე, იმან რომ არ იცოდა მეზობლების შესახებ. სტუმრად ვინ მივიდა, ვთქვათ, მეცხრე სართულის მეზობელთან, რამდენი იყვნენ, რა მიიტანეს, რომელ საათზე შედგა ვიზიტი, რომელზე დამთავრდა. მისი შიშით ვერავინ მიიყვანდა უცხო სტუმარს სახლში, ან ფანჯრიდან უყურებდა, ან აივნიდან, ან კარის ჭუჭრუტანიდან, ხანაც სადარბაზოში გამოვიდოდა და ყველა ამვლელ-ჩამომვლელს აათვალიერ-ჩაათვალიერებდა, ჰკითხავდა, ვინ იყვნენ და ვისთან მიდიოდნენ. ბავშვები უყვარდა ძალიან. მეუღლე კარგი ადამიანი იყო. მაგრამ შვილი ცოტა უხეირო გამოვიდა. მეზობლების პატარები ლამის თვითონ გაზარდა, მაგრამ შვილმა, უკვე არც ახალგაზრდამ ახალგაზრდა ცოლი რომ მოიყვანა და შვილიც გააჩინა, დედ-მამა სახლიდან გაქრა. ათასი ჭორი აგორდა, სახლიდან გაყარა, ცოლმა ვერ იგუაო. შვილი რომ გარდაიცვალა, მრავალი წლების მერე, მხოლოდ მაშინ ვნახე პირველად, სკლეროზი ჰქონდა, ამბობდნენ სადღაც ბარაკებში ცხოვრობდა აეროპორტის გზაზე, მეუღლე ავად გაუხდა, ისიც მოსავლელი ჰყავდა და მასთან ერთად დედამთილიც, ჩავარდნილი, რომელსაც ათი წელი უვლიდა. მეზობლებს, რომელთა ცხოვრებითაც ცხოვრობდა, ვეღარ ცნობდა. მეც ვერ მიცნო. რა არის ღვთის სამართალი, რასაც სხვებზე ლაპარაკობდა, სხვის ოჯახებს აკრიტიკებდა, სხვის შვილებს, ყველაფერი უკან მიუბრუნდა, არ ვიცი, დღეს ცოცხალია თუ არა და ვინ უვლის, ღმერთმა მისცეს მის სულს ხსნის საშუალება!
No comments:
Post a Comment