Saturday, March 19, 2022

დაწუნებული ლექსები, წიგნიდან ამოვიღე

 

ნუღარ გამაწვალებ!

 

შენი გაბუტული ტუჩები ვარ,

შენი წვიმაცა და თქორიც,

შენი სხივოსანი თვალები ვარ,

შენი თითები ვარ, ნორჩი!..

 

შენი ალისფერი ლოყები ვარ,

შენი ხერხემალი, ზურგი,

მუდამ პირზე როგორ მაკერიხარ,

ნუღარ გამაწვალებ, მორჩი!..


ვიცი, გიყვარვარ!

 

ვიცი, გიყვარვარ და მოკითხვას შორიდან მითვლი,

შენს უნებურად შემასწავლე ღრუბლებში ფრენა,

მოვფრინდები და გაგიტაცებ გრიგალში, ქარში,

დაგმალავ ფრთებქვეშ, არ დაგეტყოს თვალებზე წყენა.

 

ქარი წაგვიყვანს მაღლა მთაში, მწვერვალზე დაგვსვამს,

იქიდან მთელი სამყარო და ღრუბლები მოჩანს,

ნისლს შემოვიხვევთ, შევერევით ნაცრისფერ ბინდებს

და შეუპოვრად დავუხვდებით ქარიშხალს მბორგავს...


ერთი სიტყვა გამაგონე!

 

ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა გამაგონე,

თუნდაც ნიავს უჩურჩულე კდემით,

ის მომიტანს, გულის პასუხს, მანათობელს

და მივხვდები, შენ ხარ ერთადერთი.


ზღაპარში ვიყავით

 

ზღაპარში ვიყავით, ზღაპრიდან მოვედით

შენ უფლიწული და მე მეფის ასული,

მაკოცე და ჯადო მოიხსნა ავსულის,

დავბრუნდით მიწაზე ჩვენ მზეგადასულნი...

 

ამიტომ ვერ გნახე, გეძებე, არ ჩანხარ,

ნუთუ შეიცვალე და გადაგიყვარდი,

ის მიჯობს ისევ იმ ზღაპარში დავბრუნე,

სადაც ფიცს არ ტეხენ თვით კუბოს ფიცრამდის.


მინდა ჩაგისუნთქო

 

შენი თმების სურნელებამ და ტანისამ გამაგიჟა,

თვალთა შენთა გამონაშუქს ემატება მზე მთვარისა.

ოხ, როგორმა უძლურებამ შემიპყრო და მასამარა,

ვაი, თუ შენ არ გიყვარვარ, ისე ძლიერ, ისე მძლავრად,

რომ ამ ჩვენი სიყვარულით მთლად შეიძრას ზენარეთი,

სიყვარულით დატანჯული ყველა აღდგეს ხმელზე მკვდრეთით,

აღარ ვიგრძნობ მაშინ მე თავს უმწეოდ და დაჩაგრულად,

ჩემს გულშიაც გაწვიმდება, გაბრწყინდება მზისაგულავ!..


სიყვარულს ვერ გაექცევი

 

სიყვარულს ვერ გაექცევი, სადაც არ იყო, მოგძებნის,

უნდა დაგათროს ვნებებით, აგიწიოკოს გრძნობები,

ფიქრები მიწეწოს-მოწეწოს, სისხლით აგივსოს ტუჩები,

გონიც რომ დაგაკარგინოს, შველას ნურსაით ნუ ელი.


შენ ხმას არ იღებ

 

შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,

საქმეები გაქვს, ვერ იცლი ჩემთვის,

მე კი  ვუმღერებ ღამის ტუიას,

მარადმწვანე ხეს კაცისაც ესმის.

 

მას მოვუყვები ჩემს სიყვარულზე,

რომელიც ალბათ ტვირთია შენთვის,

შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,

ელი რომ გითხრა: "არივედერჩი“!..

 

მერე თქვა, თვითონ მიდიან ჩემგან,

მე კი არავის არ ვტოვებ ჩემით!..

 

ვნანობ ახლა

 

ვნანობ ახლა, რომ შენ გარგუნე წილად ყოველი,

შენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ძვირად მიღირდა,

მხოლოდ შენ იყავ ჩემი ტრფობის მძიმე უღელი,

შენ იყავ ჩემი დეზდემონაც, ჩემი ისიდაც.

 

შენ მარტომ შესძელ გაგეხადე ყმად და მონადაც,

შენს დანახვაზე იხსნებოდა ცაზე ღრუბელი

და თუ კი მაინც შეგაწუხე, ვერ შევძელ როცა,

დამაწვა ლოდად, დამიმძიმა მხრებზე უღელი.

 

შენთვის კი ვიყავ არაფერი, ერთგული მონა,

ამსრულებელი კაპრიზების,  ყველა სურვილის,

მხოლოდ ამჟამად თუ მოგნათლე წიწილმა ქორად,

ახლაღა მივხვდი, დავრჩენილვარ მშიერ-მწყურვალი.

 

ჰე, მეგობარო, თუ არა გაქვს თავისუფლება,

ის სიყვარულიც გრძნობა არის მხილოდ მთრგუნავი,

იქნება შეძლო, იმოქმედო მხოლოდ  გუმანით. 


შაირი

(მაია დიაკონიძე, ელიზბარ გაბუნია)

 

აირია რამსები,

კაცი კაცს სულ აღარ ჰგავს,

ქალს ლექსს უნდა უძღვნიდეს,

უძღვნის ვიღაც მამაკაცს.

 

ელიზბარ გაბუნია:

 

მართლაც, სწორი ხარ, მაია,

მაგრამ ნუ ბრაზობ, დაია,

ეს ლექსი შენ მოგიძღვენი,

რაც გამოვიდა აია!

 

მაია დიაკონიძე:

 

არა მგონია, ძმობილო,

 მაგაზე მეტი ვერ შეძლო,

სათქმელი კიდევ ბევრია,

ველოდი შენგან მე მეტსო.

 

ელიზბარ გაბუნია:

 

სიყვარულზე ლექსის წერა გიყვარს,

ხარ სიკეთის და სიცოცხლის ფერის,

ვინც თაყვანს გცემს, ყველა. ვინც, ტაშს გიკრავს,

შენს სიმღერებს. სიყვარულით მღერის.

 

მაია დიაკონიძე:

 

მეამა ეს შენი ლექსი,

ვიცი, დენდი ხარ ნამდვილი,

კეთილშობილი, ვაჟკაცი,

მიიღე ჩემგან მანდილი!..



 ყაყაჩოს!

 

არცა მსურს სხვისი ფერება,

მინდა მარტო მას ვუყვარდე,

გული რომ გამიხალისოს,

მე ვენაცვალე მის ხალებს.

 

მისი ეშხი მწვავს დღე და ღამ,

მიწვევს მინდორში სალაღოდ,

ერთხელაც, ვიცი, მაცდუნებს,

ეგ ხალიანი ყაყაჩო.


ჩემო სულიკო!

 

ჩემო სულიკო, სიყვარული როგორ აგიხსნა,

როგორ გითხრა, რომ სუყველაზე ბევრად მეტი ხარ,

ჩემთვის არ არის ცაზე უკვე ერთი ვარსკვლავიც,

ყველა ვარსკვლავში მხოლოდ შენ და ერთადერთი ხარ.

 

მაგრამ თუ კი შენ ჩემი ვნების მუხტი გაშინებს,

თუკი შენ ჩვეულ სიწყნარეში გინდა ჩაძირვა,

მე დავმშვიდდები და გავქრები, მცხუნვარ საკირედ,

მოგენატრება ჩემი ლექსი, ტრფობის მაგია.


რაფსოდია

 

როგორ მომენატრა შენთან ყოფნა,

ყრმობის ლურჯფრთიანი ჩანაფიქრი,     

გულში ყინულს ვამტვრევ ძალაყინით,

თმებში ჩავიწნავდი ვარდ-გვირილებს,

სულში იმღერებდა რაფსოდია,

ისე გულით მინდა არ ავტირდე,

თურმე,  მიჯნურობას რა სცოდნია...


მოგეალერსე ფიქრებით

 

მზის სხივად გადაგეფინე,

დავკოცნე შენი ტუჩები,

მერე თვალებში ჩაგხედე,

ავაბრიალე მუნჯები,

შუბლი დავკოცნე, თმის ღერიც,

შენი მკერდიც და თითებიც,

ახლა ხომ ჩემი ჯერია, -

მოგეალერსე ფიქრებით...


შენ თუ მიგალობ!

 

ჩალეწილი მაქვს ხერხემალიც

და ლავიწებიც არდავიწყების,

გახსოვარ კიდევ, თუ ისევ მიმეც

ქარებს, გრიგალს, გზას დავიწყების?!.

ხანდახან მოდის ჩემთან ტყიდან

შაშვის გალობა, გულს ამიჩუყებს,

ეს შენ ხარ, ჩემო, უფლის ჩიტო,

შენ მიგალობებ, თავდავიწყებით!


 

როგორ მინდა, რომ გიყვარდე!

 

როგორ მინდა რომ გიყვარდე,

როგორ მინდა, რომ გინდოდე,

ფოთლებივით ქარში ერთად

დავფრინავდეთ, მიმოვქროდეთ...

 

აღარ ჩადგეს ქარიშხალი,

ვნებების და სურვილების

და შენ, ჩემი ნატვრისთვალი,

ჩემს ალერსში იძინებდე...

 

შემეხები, როგორც სურვილს,

როგორც შენს დიდ მონატრებას,

დამიკოცნი მკერდს და  ტუჩებს,

მეც სიცოცხლე მემატება.


ვიღაცა ჰკარგავს, ვიღაცა ჰპოვებს!

 

ვიღაცა კარგავს, ვიღაცა ჰპოვებს,

მკაცრი წესი აქვს ველურ სამყაროს,

რომ არ დაკარგო, ჯერ უნდა ჰპოვო,

გულში ჩაიკრა და თან ატარო.

 

ხელი არ უშვა არასდროს, არსად,

თორემ გრიგალებს რა ემალებათ,

ჩამოიშლება ხავერდის ფარჩა,

ბროლის კოშკიც ძირს დაენარცხება...


 

შენ, ჩემო ვაზის ნაჟურო!

 

შენ ჩემო ვაზის ნაჟურო,

მომდომებიხარ წამლადა,

შენ ტუჩის გემო გავიგო,

უნდა წავიღო საგზლადა.

 

შენი თვალების ფერისა,

მინდა მოვქარგო კაბაი,

ცის ნაფლეთი რომ გეგონო,

ცაში მაფრინო მაღლარით.

 

შენი სულის ვარ ნაწილი,

იქნებ ამასაც ვერა გრძნობ,

ჩიტი რომ შემოგჭიკჭებს,

ნუთუ იმასაც ვერა სცნობ?!.

 

მომნატრებიხარ გულამდე,

ჩემი სიზმარი, ფიქრი ხარ,

არ ვიცი, როგორღა გითხრა,

როგორ მიყვარხარ, მინდიხარ!..


სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ!

 

მე ამ ღამით რძეში ვიბანავე,

ცამ მელანი ჩამიღვარა თვალში,

მთვარემ სხივი დამაფინა თმაზე,

სითამამე მომემატა ხმაში.

 

დავემგვანე ოქროსთმიან დალის,

ნადირობის ულამაზეს ქალღმერთს,

შემოგხვდები ამ ტყეების ბოლოს,

თვალთა ისარს გტყორცნი, არ დაგარჩენ.

 

ამიტაცებ და ამაფრენ ცაში,

სიყვარულის სასმისს ერთად დავცლით,

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ,

თორემ ჟამი ფერუმარილს მაცლის.


ქალი კაცისთვის

 

ცივი არის, რომ არ უყვარს,

ცხელი არის თუ სულს სდაგავს,

გაზაფხულის ყვავილია,

თუ კი მის სულს დაინახავს.

 

მწარე არის, თუ ღალატობს,

ერთგულისთვის ტკბილზე-ტკბილი,

მწიფე ყურძენივით მოჩანს,

შემოდგომის არის ხილი.

 

მყარი არის, თუ შვილს უჭირს,

რბილი, ხანდახან კი მკაცრი,

შვილის სულის ყვავილია,

სამშობლოსთვის ვაჟკაცს გაზრდის...

 

ასე, თუ კი დაინახავს,

კაცი ცოლში ვარდს და აპრილს,

არ ექნება შეფერხება,

გამოცნობას გახდის ადვილს.


არა გქონდეს იმედი

 

გავიშლები სიყვარულის აფრებად

და შენს ხომალდს აღმა-დაღმა ვატარებ,

ხან ნიავი ნაზად მოგეფერება,

ხან გრიგალი აგიწეწავს წამწამებს.

 

არ მთავრდება უთავბოლო რეისი,

ნაპირამდე ვერაფრით ვერ მივედით,

რა ვქნა, ალბათ, სიყვარულის ბრალია,

რომ დაგეხსნა, არა გქონდეს იმედი.


შენი მონა ვარ!

 

შენ ჩემი იადონი ხარ,

მე კიდევ შენი ბულბული,

შენ ჩემი ბაღის ვარდი ხარ,

მე კიდევ შენი სუმბული...

 

დადიხარ, ჩემი დარდი ხარ,

ვეღარა გზიდავს ეს გული,

მაინც მიყვარხარ, მარგიხარ,

შენი მონა ვარ, ერთგული!..


მოგხვევდი ხელებს!

 

მოგხვევდი ხელებს, ლამაზ ტუჩებს დაგიკოცნიდი,

მკერდს მოგადებდი, იქნებ ასე გამომეწვიე,

შემოვაღწევდი შენი გულის კარის ღრიჭოში,

დაგანახებდი სიყვარულის ფერად მზეწვიებს.

 

ვერ გაუძლებდი ჩემს თავდასხმებს, დამნებდებოდი,

უხმოდ ჰაერში ამიყვანდი, მძლავრი ზევსივით

და მიმაწვენდი თივის ზვინზე, ხელთ გამიკრავდი,

იქ მანახებდი შენს სიყვარულს და სიძლიერეს.


იქნებ, არც ვღირვარ

 

იქნებ არ ვღირვარ მე შენს ფიქრადაც,

მაგრამ მაინც რომ გიყვარვარ, მნატრობ,

ალბათ, ღამემაც  ისე ინათა,

დღეა თუ ბნელი  ვეღარც კი ატყობ.

 

შენს გულის ძგერას აქა ვგრძნობ, შორს ხარ,

ვიცი, იქიდან ყვავილებს მიძღვნი,

კოცნას სიზმარში მაინც გაჩუქებ,

გაგეხარდება, უთუოდ, ვიცი.

 

ის მოვა...

 

არ ჩაუხსნიათ კარგა ხანი ჩემთვის საკინძე,

ვნების ალშიც თუ გავხვეულვარ, მხოლოდ სიზმარში,

არც ტუჩები და თეთრი მკერდი დაუკოცნიათ

და ჩემს გვერდზედაც საწოლია თავისუფალი.

 

და არც არავინ მიჩურჩულა ყურში "მიყვარხარ",

და არც ის მითხრა "საუკუნოდ შენი ვიქნები",

თუმცა იმედს და სიყვარულს ამ გულში ვინახავ,

ის მოვა, ვინაც ამიშალა ნაზი ფიქრები...

 

მოვა და გული გამითბება, წავა ყინული,

თრობის ქარები ჩემს სხეულსაც შეეპარება

და გავიშლები ნაზამთრალი ვარდის კოკორი,

ჩემთვისაც ალბათ ჩამოდგება ზღვა ნეტარება.


დაუბერავს ქარი

 

სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,

ზღვებს რომ სერავს, გემების ვარ აფრა,

მოფრინდება ქარი, მთიდან მონაბერი,

და დავრჩები გაუხუნარ კადრად.

 

გავაქანებ გემებს უსასრულობისკენ,

არ მჩვევია ტირილი და დაღლა,

თუმც ყველას გვაქვს საწყისი და დასასრული,

აგერ კაცი ახალ გემსაც რანდავს.

 

მიხარია, რომ მივაპობ ცათა სივრცეს,

თოლიებიც მუდამ თანვე მახლავს,

სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,

ვარ მცურავი ზღვაზე გემის აფრა!..

 

შენ გეძებ!

(სიმღერა)

 

სასწაულის მოლოდინში,

ვაღამებ და ვათენებ,

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,

ღამის ბინდშიც დაგეძებ...

 

მინდა ზევით ვარსკვლავს ვთხოვო,

გვირგვინი და ოქროს ტახტი,

დარახტული ცხენით ივლი,

არ მექნება შენი დარდი...

 

მისამღერი:

ცის ფერებშიც შენ დაგეძებ,

სიზმარსა და ფიქრებშიც,

ქარს გავყვები ოცნებებში,

გკოცნი თავდავიწყებით...


გადავედი, გადავედი...

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

ზღვა ხარ ვნების,

ზღვა ხარ კდემის,

ერთიანად მაგიჟებ...

 

თუკი როცა დაგინახავ,

ვერ მოგწყვიტე თვალები,

არ დამტოვო, ჩემო კარგო,

გეხვეწები, გამიძელ!..

 

რომ მიყვარხარ, ახლა მივხვდი,

არც თუ დიდი ხანია,

შენს სახეზე გაღიმება,

სიცილი მიხარია...

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

მიყვარხარ და ახლა გეტყვი,

მაოცებ და მაგიჟებ!..

 

ვერ დავთვალე ზღვაში ქვიშა,

ხმელზე ზღვათა ნაპირი,

თვითონ ზღვა ხარ უნაპირო,

ვერ გიპოვე ნაპირი!..

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

გეხვეწები, არ დამტოვო,

წასვლას თუ დააპირებ!..


მიყვარხარო

(სიმღერა)

 

სიყვარულის ცეცხლში დამწვავს,

ალისფერი განთიადი,

ყაყაჩოს და ფურისულას,

დამაყარა ათინათი...

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად,

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

 

მზემ ზეცაში ამიტაცა,

ცხრა ზღვა ფეხქვეშ გამიფინა,

ღრუბლის ფთილა შემომაცვა,

მდელოები მარონინა.

მისამღერი:

მიყვარხარო მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად...

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

არ მაღირსა ქება ზეცამ,

დამატეხა თავზე წვიმა...

იჭექა და იგრუხუნა,

მერე უცებ ნაირფერი,

ცისარტყელა გადმოფინა.

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად...

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

დედამიწა მომატარეს

მზემ, მთვარემ და წვიმამ ერთად...

სამოთხეში კარი გახსნეს,

მეც ვიქეცი წვიმის წვეთად...

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც!..


რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ!

                  

გაზაფხულის წვიმასავით დამიკოცნი შუბლს და თითებს,

რომ გიყვარდი, კი ვიცოდი, მაგრამ ნუთუ ასე ძლიერ?!.

 

რომ წვიმასაც ჩამოიყვან ძირს ჩემს ხელთა დასაკოცნად,

მზეს მომართმევ ყვავილივით, ზეცად გააგზავნი ლოცვას!..

 

რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ, ვიშლებოდეთ გვირილებად,

ჩემი სიტყვა, ვით საკრალი, გათბობს, გაახლოვებს ღმერთთან!..

 

და იმ ფაქიზ მოგონებებს, რასაც წლებთან ერთად ვითვლით,

ამ სამყაროს დავუტოვებთ, რომ განმტკიცდეს ქვეყნად ფიცი.


გული გული აღარაა              

                     

სიყვარულით დასეტყვილი, შემოგხვდი და ვერც კი მიცან,

მე კი მუდამ შენზე ვფიქრობ, შენ ხარ ჩემი ცაც და მიწაც,

ზედ ყვავილნი იშლებიან, კესანები, ნარცისები,

გული გული აღარაა, ყველგან არის ყვავილეთი...

 

ფრთებსაც მალე გამოვისხამ, იქნებ შენთან გამოვფრინდე,

იქნებ შენი ცქერით დავტკბე, შენს გულშიაც ამოვიდე,

ჩემთვის ღამეც დღედ გადიქცა, მგონი უკვე აღარც მძინავს,

შენს ტუჩიდან ღვინო შევსვა, გამოვდგები მის ბარძიმად!..


 ჩემი უძირო დარდი ხარ!

 

სადაც არ უნდა ვიყო  და

ჩემთან ხარ, ჩემთან მუდამ,

ჩემი უძირო დარდი ხარ,

იმედს არ ვკარგავ ფუჭად…

ერთად როდისმე ვიქნებით,

გულს მოგცემ, გინდა სულსაც,

ნეტავ, რა გზებზე დადიხარ,

სადმე შემოგხვდე უნდა…

ზღვას მოგცემ, ცასაც ფირუზის,

მთებს, ველებსა და მინდორს,

არ მიღალატო, მოვკვდები,

ცოცხალი მნახო, გიჯობს!


უმისამართოს!

 

წყლის წვეთშიც შენ ხარ, დილის ნამშიც, მფრინავ სიოშიც,

მინდორზე, ველში, ტყის ჩრდილებში, ალუბლის ბაღშიც,

ჩემს ლამაზ ფიქრშიც, გულშიც, სულშიც შენა ხარ მხოლოდ,

მაგრამ ვერ გპოვე, ვერ შეგიცან და ვერსად გნახე.

 

იქნებ, შენა ხარ, ვინც მიყვარდა ამდენი ხანი,

იქნებ, შენს ცდაში გათანგულა ჩემი სხეული,

მიწისა უკვე აღარ დამრჩა ვახში და ვალი,

შენკენ მოიწევს უიმედოდ სული ეული.

 

რომ დამიამოს იარებით დამჭკნარი გული,

უსიყვარულად წასვლა ზეცად რომ უწერია,

მეჩურჩულება სიო ნაზად შენს ძვირფას სახელს,

მაგრამ არ მესმის... ნახვა შენი არ მიწერია.


                              როგორ დავიტანჯე!

 

როგორ დავიტანჯე შენს ლოდინში,

ფიქრმა დამიღარა სახე,

ჩემი ოცნებების ლამაზ ბაღში,

ყველა ყვავილი რომ დარგე!..



ვარდისფერი იმედებით      

 

ვარდისფერი იმედებით

დავფრინავდი ჯერაც ბავშვი,

არ მგონია, ღმერთო, ჩემო,

თუ ამხელა გავიზარდე,

დღესაც ზღაპრულ კოშკში ვცხოვრობ,

ძირს ჩამოვყრი თმა-დალალებს,

ამოვზიდავ მხოლოდ იმას,

ვინც ნატკენ გულს დამიამებს.


სიყვარულს ვერ გაექცევი

 

სიყვარულს ვერ გაექცევი, სადაც არ იყო, მოგძებნის,

უნდა დაგათროს ვნებებით, აგიწიოკოს გრძნობები,

ფიქრები მიწეწოს-მოწეწოს, სისხლით აგივსოს ტუჩები,

გონიც რომ დაგაკარგინოს, შველას ნურსაით ნუ ელი.

 

 


No comments:

Post a Comment