ვფიქრობ, წილად მხვდა ბედნიერება, როგორც ფუტკარი აგროვებს ნექტარს სხვადასხვა ყვავილებიდან, რომ სურნელოვანი თაფლით გაგვიმასპინძლდეს, ისე შემეგროვებინა შესანიშნავი პოეტის - ელგუჯა ციგროშვილის ლექსები, რომ ერთად აკინძულნი მიმეტანა ქართველი მკითხველის გულამდე. ვინაიდან წვდომა არ მქონდა მის ხელნაწერებთან, ინტერნეტსივრცეში მოვიძიე მასალა. თითოეული ლექსის წაკითხვით უდიდესი სიამოვნება მივიღე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს აუჩქროლდება სისხლი, როცა მისი პოეზიის დიდებულ სტრიქონებს ეზიარება. პოეტი - ემიგრანტი თითქოს არასოდეს მოშორებია მშობლიურ კუთხეს, მისი ტკივილით ცხოვრობს, მის ტანჯვას აუფორიაქებია მისი სული, როგორც ნისლა ხარი თქერავს სამშობლოს მიწა-წყალს, ისე მისი გონებაც მუდამ აქ არის და ესიყვარულება ყვავილებიან მინდვრებს, მთებსა და ქედებს, მდინარეებსა და მათ ნაპირებს, სულ პატარა კენჭებსა თუ ლოდებს, რომლებიც თავისი ლექსების მთავარ გმირებად უქცევია. ,,მე
უკვდავი ვარ, ვიდრე შენ ხარ ამ ქვეყანაზე, მქმნელი მადლისა, ზოგჯერ ამ მადლს ხომ სტოვებს ქვაზე...", — ამბობს ლოდი ლექსში ,,ლოდის მონოლოგი", რითაც სიკეთის ქმნისაკენ მოგვიწოდებს ჩვენ ადამიანებს, უბრალო მოკვდავთ. უდიდესია პოეტის დარდი იმის გამო, რომ ახალ წელს, შემდგომ გაზაფხულს ვერ ხვდება მშობლიურ მიწაზე, დედის საფლავზეც კი ვერ გადის, რომ ერთი კონა ია მიიტანოს იქ და მხოლოდ ფრთათეთრ წეროებს ატანს სიყვარულით, სითბოთი, იმედებით სავსე ბარათებს, რომ ოდესმე დაბრუნდება და მხოლოდ რიტორიკულ კითხვას სვამს: ,,რატომ უჩემოდ?!", რომლითაც ყველას მოგვმართავს: ღმერთსაც, ჩვენ, ქართველებს, მთელ მსოფლიოს, რომელსაც არ შეუძლია ბედნიერი გახადოს ადამიანი თავის მიწა-წყალზე და იძულებულს ხდის ცხრა მთას იქით გადაიკარგოს ლუკმა-პურის საშოვნელად.
ელგუჯა ციგროშვილის ლექსებში ჩანს სამყაროს შეცნობის უდიდესი წყურვილი, ისმის ბევრი ფილოსოფიური შეკითხვა და სიტყვის დიდოსტატს პასუხებიც აქვს ბევრ კითხვაზე. ლექსებში გამოყებნებულია ბიბლიური, მითოლოგიური სიუჟეტები, მათი საშუალებით ვუახლოვდებით და ვწვდებით, ვიმეცნებთ სამყაროს არსს, ადამიანის რაობას, მის ადგილს კოსმოსურ სივრცეში. პოეტს უსაზღვრო ფანტაზია აქვს, ის ხან ზღაპრების გმირია, დაუცხრომელი მებრძოლია, სამშობლოს გამათავისუფლებელი, ხანაც ნაზი მიჯნური, რომელსაც ხელთ უპყრია ოქროს ქოში და ქვეყნიერებაზე ეძებს იმ ერთადერთს, კონკიას, რომელსაც, თუ საჭირო გახდება მთელ სამყაროს გადაუფენს თვალწინ. განსაკუთრებით ამაღელვებელია ელგუჯა ციგროშვილის სამიჯნურო პოეზია. "ქალს ყვავილებს ვადარებ", ამბობს ის და ასეცაა, მისთვის ქალები ყვავილებია, ნარცისები და ტიტები, იები და ვარდები და თავის ლექსში ,,ყვავილთმწყემსი" წერს: "შ ე ე ხ ე მხოლოდ ყ ნ ო ს ვ ი თ და მ ზ
ე რ ი თ, არ მსურს ყვავილთა ც რ ე მ ლ ი
ვიხილო... ", ის მოუწოდებს მამაკაცებს, სიხარული აჩუქონ ქალებს, არ სურს ქალის სახეზე ცრემლი დაინახოს. მისი პოეზია გაჟღენთილია ღმრთისადმი უდიდესი სიყვარულით: ,,უფალიც წყალობას მამცემს, არ მინდა მე სხვა სიმდიდრე!" წერს ავტორი ლექსში: ,,ღმერთო, იდიდე, იდიდე!" და მან კარგად იცის, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ იქნება, მხოლოდ მას ძალუძს სიზმარი რეალობად აქციოს, ქარის წისქვილები უკუღმა დაატრიალოს და ვიღაცის თავზე სიყვარულის მზეც დაკიდოს. ,,ზ ა ფ ხ უ ლ ი ს მზეებს აგინთებ თვალში" წერს პოეტი და შეუძლებელია მისი შაირ-კაფიები წავიკითხოთ და მზეები არ დაგვენთოს თვალში. ის კაფიების ოსტატია, როგორც ძველი ფშაველი, მისი ლექსები ფშაურ კილოკავზე დაწერილი განუმეორებელია, საკვირველია. ,,ვმალე და ვეღარ დავმალე, ფიქრები გულში ნადები...თვალებ ლოდინით დავღალე, ვიდრე შენ ამოჰბძანდები." – ეუბნება ცისკარს და ასე გვგონია, ჩვენ გვეუბნება, ასე გვგონია ჩვენ გველოდება, ხელში ჩვბღუჯოთ მისი წიგნი და გავყვეთ მისი პოეზიის გზებსა და გზაწვრილებს, შევიმეცნოთ ჩვენი თავიც და პოეტის უდრეკი, მოუხრელი სული ,,კაი ყმისა".
მაია დიაკონიძე, 4.03.2022წელი
No comments:
Post a Comment