Friday, March 4, 2022

ელგუჯა ციგროშვილის ლექსების წიგნის წინასიტყვაობისთვის, ანა ლეკიშვილი, 2021წელი, 5 ივნისი

 

         

                   სინდისთან თანხმობაში მყოფი პოეტი!

 

  მაღალი შუბლი...ნათელი, თბილი მზერა უწყვეტი ნაკადულივით მოედინება ხავსისფერი თვალებიდან... ეს მზერა ხან დაუნდობელი და მსუსხავია, თუმცა თბილი და უშურველი ღიმილი ჭარბობს... უკირკიტებთ ადამიანს, ჩხრეკთ მის ზნეობრივ რაობას და სიკეთისაკენ და სინათლისაკენ მოუწოდებთ, პოეზიასთან შეჭიდებულ სინდისთან თანხმობაში მყოფ პოეტად აღგიქვით!

    ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ არ დაკარგო საკუთარი თავის პატივისცემა, არ უღალატო სინდისს და ლამაზი იდეებიც სინდისთან შეათანხმო. გვიან მხვდა ბედნიერება, გავცნობოდი თქვენს შემოქმედებას... თქვენი ხედვა არ არის მარტივი და პირდაპირხაზოვანი, განსაკუთრებული უნარი არ არის საჭირო, ადამიანმა ნათელისა და ბნელის დაპირისპირება შენიშნოს... თქვენ გულთამხილველი ხართ, ყურადღებით უსმენთ საკუთარ გულსაც და არც მკითხველის გულსა სტოვებთ მოფერებისა და ზრუნვის გარეშე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ქაოტურია ჩემი ცოდნა თქვენი ლექსების, რადგან ერთ სივრცეში მოთავსებული არ მინახავს. რაზეც ხელი მიმიწვდა, იმაზე შემიძლია ვისაუბრო. პირად შესაძლებლობებში მყარად ხართ დარწმუნებული და გჯერათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის აღსასრულებლად ხართ მოვლენილი ამ სამყაროში.

          მომთხოვნი და დაუნდობელი საკუთარი თავის მიმართ, არ ზოგავთ მათ, ვისაც ქვეყანის ბედ-იღბალი უნდა აწუხებდეთ... უამრავ პრობლემურ კითხვას სვამთ და მართალი და მზა პასუხებიც გაქვთ. თბილი, სათუთი, მზისა და მიწის სურნელით გაჯერებული ლექსები,  დაფათფათებენ სოფლად თუ ქალაქად და მზის სხივებივით გვეცემ-დაენთებიან... მზე მთავარი ტოტემია თქვენს ლექსებში, სიყვარულის მოლოდინით ავსილნი თქვენს მოფერებას ელოდებიან... ,,მჯერა პირიმზევ, ჩემს ხმაზე მოხვალ, როგორც მზე მოდის მამლის ყივილზე.“ ... კითხულობ ამ სტრიქონებს და უნაპირო სიხარულით ივსები! ლამისაა აყვირდე, ,,რა მშვენიერია ცხოვრება!“ თქვენს პოეზიაში აღწერილია თქვენი შინაგანი ცხოვრება და უამრავი ნათელი წამი...

       გავკადნიერდები და ვიტყვი: ბაირონს მაგონებთ, მასაც საოცარი სისპეტაკით უყვარდა ქალი... დიდი რაინდი იყო და ცეცხლივით იზიდავდა მათ. თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებით მატყვევებს სასიყვარულო თემატიკა – ნატიფი ინტიმი, მამაკაცური კდემა, საოცარ ესთეტიურ სიამოვნებას ჰყრის მკითხველს; მსუბუქი სევდა დასდევს ,,განდობას“,  თავთან თუ იმ ,,ერთადერთთან“, ასე რომ წეწავს სულის ლაბირინთებს... ,,იქნებ არცა ხარ, ამ სამყაროში, იქნებ მე თვითონ გამოგიგონე?“.  იგრძნობა უნაპირო სევდა, ეჭვი, თეთრად ნათენები ღამეები. არ ხართ თვითკმარი პოეტი, მუდამ მაძიებლად რჩებით, რაღაც ამაღლებულის, ჯერ არ თქმულის, ჯერ არ განცდილის;

   როგორ გიყვართ სამშობლო! ეს გასაგებიცაა, თქვენ ხომ წლებია ,,ხიზანი“ ხართ უცხო ქვეყანაში, ამიტომაა ასე რაფინირებული თქვენი და ძირეულად განსხვავდება სხვების ,,ფსევდოპატრიოტული“ ლექსებისგან. ვკითხულობ თქვენს ძვირფას ლექსს და ძვლები კვნესას იწყებს, ცრემლებს ვერ ვიკავებ, რისხვა მიპყრობს ჩვენი მდგომარეობის გამო, მაწამებს უილაჯობა, ხელჩაქნეულობა და უიმედობა... მაგრამ თქვენ სამაგალითო და სწორ არჩევანს სთავაზობთ მკითხველს და ფიქრობს ქართველი კაცი, რომ უნდა იბრძოლოს და ეს ბრძოლა მოიგოს!.. ..შენ იმჯობინებ, სწანწალებდე ტყეში მშიერი, ვიდრე ქოფაკის საყელური ატარო კისრით.“ სწორედ რომ დროულია და საჭირო ეს სიტყვები, რათა არ დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი, ასე სანუკვარი თავისუფლება! ეს ლექსი შეურიგებლობა და ამბოხია არსებული გარემოსადმი. განცდა მეუფლება – თითქოს ხელისგულებზე მასვენია თქვენი სულითა და სიყვარულით სავსე გული და ვგრძნობ, როგორ ფეთქავს! თქვენს ლექსებს ყელიდან ჩამომწყდარ გაბნეულ მარგალიტებს ვადარებ, ქვეყანას რომ მოედვნენ და მათთან შეხვედრა დიდი დღესასწაულია ქართველი მკითხველისათვის! უდიდესი მადლობა! მაპატიეთ, თუ თქვენი საკადრისი არ არის ასეთი შეფასება. მთავარია, რომ ნაგრძნობია...

                              ანა ლეკიშვილი, 2021წელი, 5 ივნისი        

No comments:

Post a Comment