Saturday, April 30, 2022

სახუმარო, ხალხურ მოტივებზე

 ასე რაიზად მიყვარხარ,

რად აჟრიალებს ტანასა,

თუ ჩემი არდროს იქნები,

ვერც შამომაცმევ ხალათსა.

ვერც ტუჩებს ვერ დამიკოცნი, 

ვერც მკერდს გადუხდი ღალასა,

სხვა არის შენი ადგილი,

სხვას უბწნი ფერად ბაწარსა.


შავი ზღვა ვარ (სატრფიალო)

 შავი ზღვა ვარ და ნაპირებს ვეხეთქები,

ამოსუნთქვა მინდა ვიგრძნო შენი ერთი,

შემოდი და ტალღა-ტალღად წამომყევი,

ნეტარება აღარც მინდა მქონდეს მეტი.

შემოგივლი, მოგეკვრები როგორც ვაზი,

რომ გრძნობების დაგიყენო ფეიერვერკი,

მე ხომ ზღვა ვარ, უსაზღვრო  და უნაპირო,

აბორგებულს ვერ ჩამივლი მშვიდად გვერდით.

ევა ადამს საუკუნეების მერე! (სატრფიალო)

 ევა ადამს საუკუნეების მერე!


ჩემი ოცნება ხარ, უსასრულო ფიქრი,
კოსმოსიც კი ვრცელი ამ გრძნობებს ვერ იტევს,
მონატრება დიდი საუკუნეთ ითვლის
და გასცდება ყველა სამყაროს და სივრცეს.
ველოდები იმ წამს, როცა შეგეყრები,
მზე ჩამოვა დაბლა, ჩვენ რომ შემოგვხედოს,
დავიუნჯებთ ზეცას სიყვარულის ფრთებით,
შენთვის ვარსებობდი, ჩემო ერთდადერთო!
მაგ თვალების საფირს განა რამე მიჯობს?!
ოკეანის, ზღვების შიგნით ვხედავ ტალღებს,
მიყვარხარო, თქმაც კი, როგორ გაგიბედო,
ჩაგეკვრები გულში ამ ცხოვრებით ნაგვემს.
ზღვის და მთების ნაზავს, მომაგებებ ნიავს,
სალუქ კანზე ვნებით, ნაზად შემეხები,
და წამოვა ციდან მანანების წვიმა,
ადამი და ევა, ისევ შევერთდებით.
მოწყვეტილო ციდან, ვარსკვლავო და მზეო,
შენ ამშვენებ სულით ამ სამოთხურ მიწას,
ტალახი და ჭუჭყი შენ ვერ შეგეხება,
ღმერთი შეგეწევა წყაროსავით წმინდას.



მინიმა


ჩვენი სიყვარული ვნებების ზღვა არის,
დრო მიდის, ჩვენც მივდევთ გაშლილი აფრებით...
და მზედ რომ შემორჩეს სამყაროს მარადის,
დავხატავ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს — ფერადი ფანქრებით.







ა დ ა მ ი ს ოდა ე ვ ა ს ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ა დ ა მ ი ს ოდა ე ვ ა ს !

1. ხარ ჩემი ოცნების ნათელ სხივთა კონა,
გულს სიამით მივსებ, ასე ტურფა, ნაზი...
მინდა უსასრულოდ ჩემთან ჩაგაკონა,
ტანზე მეხვეოდე, როგორც უსურვაზი.
2. ეგ შენი სიმორცხვე, ყველა საზღვრებს წაშლის,
როცა მიმწუხრის ჟამს ბინდი ეპარება...
და სიბნელის ფონზე ვნების აფრებს გაშლის ,
1 0 0 1 ღამის მორცხვი ნეტარება.
3. გვექნება კოცნები, ურიცხვ–ულიმიტო,
სიტყვა აზრ–ფერადი, – როგორც ცისარტყელა,
ჩემო საუნჯევ და ალმას–მარგალიტო,
კისერს დაგიმშვენებს კოცნის ღარადელა!
4. ნატვრა –ოცნებები მინდა აგიხდინო,
არც ვინ მეგულება ჩემი მოცილე და...
შენი ტუჩებია, – ვით ბადაგის ღვინო,
მიტომ მიძნელდება ბაგის მოცილება.
5. უფლის ჩანაბერი მიყვარს შენი ს უ ლ ი,
ნ ე კ ნ ი, ტან – ლერწამი, მტევანსრული ვაზით...
მინდა ვიყო შენთვის, როგორც გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი, –
გზა – სავალს გიმკობდე, ყვავილთ ფ ი ა ნ დ ა ზ ი თ!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 29 აპრილი, 2022 წელი


Friday, April 29, 2022

ერთხელ მესიზმრე, ავტ. უცნობი

ერთხელ მესიზმრე!


ერთხელ მესიზმრე, როიალთან იჯექი, ქალო,
მინდოდა, ცხადი ყოფილიყავ, არა სიზმარი,
თლილი თითების ელვარება ახლაც კი მათბობს
და ის ზმანება დაისისა დაუვიწყარი.
როლი მოვირგე მსმენელის და მყის გავირინდე,
ფრინავდა თეთრი პარტიტურა შავი ნოტებით,
უწინდელივით ვხედავ ახლაც, ცელქობ და ბავშვობ,
შენკენ მოვყავარ იმ ქარიშხალს სისხლაოტებით.
ავტ. უცნობი 









რამდენი ხანია (სატრფიალო)

რამდენი ხანია არაფერს აღარ მწერ,

ამჯერად ამდენი ნეტავ რა დარდი გაქვს,
მზის სხივთა კონები და ლურჯი ნისლები
ნიავს დავადევნე ფიქრებით ამ დილას.
იალქნებს გაშლი და მიაპობ სივრცეებს,
გარუჯულ სახეზე ნაოჭებს ისწორებ,
მრავალი ზღუდე გაქვს ჯერ გადასალახი,
და არ უშინდები ცხოვრების მინორებს.
მე მაინც გელი და ვუცდი შენს ბარათებს,
ოცნების გავაბი ზეცასთან ხიდები,
ბრმა მონატრებების ჯაჭვს გულზე ვატარებ
და მაინც ნატკენ სულ ვარწყულებ იმედით.









Thursday, April 28, 2022

ციკლიდან: ,,დალი და მონადირე" (ხალხურ მოტივებზე, სატრფიალო)

 დღისით ჯიხვებზე ნადირობ, 

ღამით ჯიხვის რქას მომართმევ,

გინდა, რომ მომინადირო,

სიყვარულ შევსვათ ზედაშე,

ვარსკვლავებ ზედ გადმომაყრი,

გამაბრჭვინ-გამაბრდღვიალებ,

ჩემი ოქროის დალალი,

ბზინავს ვით ვარდი სინაზე,

დაეფინება მთა-ველებს,

შენც გაგხვევს შუქში დილამდე,

სადაც რომ არ უნდა იყო,

მას მერე სულ მე მინატრებ.





დალი და მონადირე (სატრფიალო)

პირიმზის სანახავადა
ეშურებოდი მაღლითა,
გზაი ჩაგიჭერ, დაგიდექ 
წინ ოქროთმით, დალალითა,
ვეღარ გაუძელ ცდუნებას,
პირს დამეკონე მალითა,
მინდა სისხლ დაგიდიოდე,
ჩემ სიყვარულის ძალითა.

Wednesday, April 27, 2022

დაწუნებული ლექსები, წიგნიდან ამოვიღე

 

ღრუბელ-ღრუბელ გდიე       

 

ღრუბელ-ღრუბელ გდიე, როგორც ბავშვმა,

მოგეკიდე, როგორც დედის კალთას,

მინდოდა, რომ შენ გეშველა ჩემთვის,

წაგეყვანე საუფლოში ღმერთის...

 

მაგრამ შენ ვერ შეელიე ზეცას,

ცისარტყელად დარჩი გამად ფერთა,

მე მიმნდობი ისევ ქვემოთ დავრჩი,

ახლა მივხვდი, რომ აღარ ვარ ბავშვი.


იქნება მე ვარ...

 

მე შენი სუნთქვიდან ვიწყები, ვმთავრდები

და თუ ვერა ხვდები და ამას ვერა გრძნობ,

მე შენი აჩრდილი, მზის შუქი გავხდები,

რომ ჩუმად ეს ჩემი ფიქრები გაგანდო.

 

ხარ ჩემი გზამკვლევი, სიცოცხლის წყარო და

მე შენში ვიწყები და შენში ვმთავრდები

და თუ კი ვინმეზე სინაზით ოცნებობ,

იქნება მე ვარ და სიზმრებად ავხდები.


დღეს ისევე პაემანზე გიწვევ!          

 

დღეს ისევე პაემანზე გიწვევ,

წყაროს თავთან, წყალს რომ სვამენ დევნი,

ცხენით მოდი, მათ არ შეუშინდე,

მე ჩავაგდე ისინი კარგ დღეში...

 

ერთმა დევმა დამიპირა კოცნა,

ხელი ვკარ და გადავაგდე ხევში,

სხვებიც იმას მივაყოლე, მორჩა,

ამ ტყეში ვერ იპარპაშებს დევი.

 

მოდი მალე, გელოდები ჩემს გმირს,

ყვავილებით გამოავსე ბოღჩა,

მხოლოდ იმათ დავიკერებ გულზე,

გადავწყვიტე, შენ გამოგყვე ცოლად.


ო, როგორ მსურხარ!    —————————————

 

ო, როგორ მსურხარ, როგორ მინდა შენი ალერსი,

ცეცხლად დამივლის ტანში ვნება და ჟრუანტელი

და ეს სიცოცხლეც ჩემთვის გახდეს იქნებ ფერადი,

სხეულის ყველა ნეირონით შენკენ ვისწრაფვი...

 

გიყვარს ის, ვინაც მოგანიჭა ბედნიერება,

ვინც შეგიყვარა, თავი იგრძნო თვითონ მეფედაც,

შენ დედოფალი გახდი მისთვის ამქვეყნიური,

სხივი ხარ ლურჯად მოციმციმე, ცვარი ციური...


შემომხედე, შემომხედე       ––––––––––––––––––

(სალაღობო)

 

შემომხედე, შემომხედე, მზერა გამითამამე,

ერთად ვდიოთ ჩვენ ვარსკვლავებს,  დღეს ვეწვიოთ ვარსკვლავეთს.

 

მერე ზღვებს გადავუაროთ ქარიშხლად და წვიმებად,

გავილუმპოთ ზღვის თეთრ ქაფში,  ეგეც არ გვეწყინება.

 

შემომხედე, შემომხედე, მზერა გამითამამე,

ჩემი სახე, როგორც მთვარე, ისე ბრწყინავს, ანათებს...

 

დღისით მზე ვარ მოარული, ცაზე ფეხით დავდივარ,

თვალებსა გჭრი და სათვალით, ალბათ, მიტომ დადიხარ.

 

ისევ ღამე არის ჩვენი მფარველი და მეტოქეც,

მინდა მთელი ვარსკვლავეთი ჩემს ფეხებქვეშ ზეობდეს...

 

შენ კი, კარგო, მხოლოდ ჩემი სიყვარული გეყოფა,

ცაზე ერთი ვარსკვლავი ხარ თუ ხარ მთელი ეპოქა?!.


სიზმრად გეწვევი ფიქრებით  ––––––––––––––

 

მინდა ჩვენს გრძნობებს შევმატო

ვნება, მოგვედოს ალმური,

ამ ღამით ჩვენთან ვიწვიოთ

ნაზმგრძნობიარე ამური...

 

მოვისხა მთვარის სამოსი,

ჰანგებს მოვისმენთ საამურს,

შეველტოთ ზღვების ტალღებსაც,

ვნების ფერებში ასახულს...

 

შენ ვიცი, გედად იქცევი,

მე შენი ლეტა ვიქნები,

ისე ერთად თუ არა ვართ,

სიზმრად გეწვევი ფიქრებით.


ო, ჩემო ზევსო!.. ––––––––––––––––––

 

ო, ჩემო ზევსო, წუხილისთვის კვლავ გამიმეტე,

სიტყვას არ მეტყვი, ჩაგვეშალა დღენი თაფლობის,

თუ გინდა ისევ შენი ნაზი ლედა ვიქნები

და აღარ ჰქონდეს ჩვენს სიყვარულს დღე დასასრულის..


ნურც მომიგონებ         ———————————

 

რაც რომ გეძახე, დავიხარჯე სიტყვად, გრძნობებად,

შენ არ მოხვედი, კმარა უკვე, ესეც მეყოფა,

თუ გესმის ჩემი და არ გინდა, კარგო, მოხვიდე,

ნურც გამიხსენებ ნურასოდეს, ნურც მომიგონებ...

 

დღეს მინდა გავხდე შენი      –––––––––––––

 

დღეს მინდა გავხდე შენი,

სულით და ხორცით გწამდე

და შევარჩიე ჩვენთვის,

ადგილად ზეცის თაღი...

 

სასახლე არის ტბასთან,

ღრუბლად აწვდილი ცამდე,

ყველა სიკეთით სავსე,

როგორც სამოთხის ბაღი...

 

ჩვენთვის ზღაპრული სუფრა,

იქ გაშლილია უკვე,

შენ მომიყვები ჩუმად

ტკბილ და საამურ რამეს...

 

ვით მითიური მოგვი,

კეთილ საკმეველს უკმევ,

ჯერ კიდევ არ დამდგარ და 

გასათენებელ ღამეს...

 

შემომხვევ ხელებს, ტუჩი,

შეეწებება ტუჩებს,

გავუზიარებთ ლოგინს,

ჩვენს დაუცხრომელ წყურვილს...

 

და მერე, უკვე დილით,

ჩვენს გრძნობებს დანაყუჩებს,

გადავდებთ სხვა ღამისთვის,

ვით მარადიულ სურვილს!


ოლიმპოს კონტურები ————————————

 

მე დღეს ოლიმპოს კონტურები თვალით მოვნიშნე

და შენი სახე, მშვენიერი, ამ მთების ფონზე

ჯერ გადაუშლელ წიგნში ჩავდე თითქოს სანიშნე,

შენს ლამაზ თვალში  დავინახე ლურჯ ზღვათა ზოლი.

 

ჩემი იყავი ერთი წუთი, თუ ერთი წამი,

შენით შევივსე, შენშიც დავრჩი, ალბათ, ნაწილად,

მოვა დრო, როცა გადაუშლელ წიგნის ამ ფურცლის

შევძლებ  ნახვას და თან სიამით იმის წაკითხვას!..


პაემანი ღამით  ––––––––––––––––––––––

 

გელოდები მუხის ძირას,

სანთელი არ დაგავწყდეს,

იქ რომ დიდი კუნძებია,

 მე გაგიშლი სუფრას მცირეს...

წამოგიღებ ხილს უთუოდ

და თან გული რომ არ დაგწყდეს,

ჩემს დიდ გულსაც წამოგიღებ,

შენი სიყვარულით სავსეს.

ზედ მეცმევა ფარჩის კაბა,

ზურმუხტ-ლალით  მოფენილი,

თავს გვირგვინი დამიმშვენებს,

ალმასებით მოჭედილი...

სადედოფლო ქოშით, იტყვი,

ტყეში, ნეტავ, როგორ ივლი,

კი არ ვივლი, მოვფრინდები

ოცნებებით, შენზე ფიქრით.

 

სახუმარო-სალაღობო       ----------------------------

 

ჩემი ნახვა თუ არ გინდა, ეგრეცა თქვი,

აყალიბებ ნაირ-ნაირ თეზისებს,

წვიმაც ახლა ამტყდარა და ქარიშხალიც

და ზღვაც ახლა გადმოსულა ჯებირებს...

ასტროპროგნოზს გავეცნობი ამის შემდეგ,

სანახავად მოსვლას თუ დავაპირებ.


როცა ვიყავით ერთად და ერთნი ––––––––––––––––––

 

როცა  ვიყავით ერთად და ერთნი,

ვგრძნობდი შენს სურნელს, ტუჩების გემოს,

ეზავებოდა პალიტრას ფერი,

სისხლიფერს ზევით ატმისა ერთო...

 

იფურჩქნებოდა თითქოსდა ვარდი,

ფურცლიდან ფურცლად დიოდა ვნება

და შენი სისხლის ყოველი წვეთი

ეწაფებოდა ჩემს სხეულის ბედად.

 

არ ვიცი, თუ აქვს სიყვარულს ფერი,

გემო, სურნელი, ან სულაც ბგერა,

ეს შენ იყავი ის ერთადერთი,

რომ ამიყვანე შენს გულში მძევლად...


სიზმარში  

 

დიდი ხანია, არ გწვევივარ სიზმარში, ჩემო,

რომ დამეკოცნე თავით ფეხამდე,

დღეს ფრთებს შევისხავ და თეთრ ღრუბლებს ავედევნები,

შუაღამემდე  შენთან მოვიდე...

 

სარკმელს გავაღებ, მოვფრინდები, როგორც ქიმერა,

ჩემს გულის სითბოს გაგინაწილებ,

ვარდის ფურცლებად დაგებნევი ლამაზ ტუჩებზე,

წავალ, კოცნას თუ შენ დააპირებ...

 

ჩემი ჯერია, შენ გაჩუქო მე სიყვარული,

შენ მხოლოდ უხმოდ, მშვიდად მომენდე,

რომ შეგიტოკდეს ყველა ნერვი, ყველა უჯრედი,

სიამოვნებით ცაში ახვიდე!..


ჩემო!      

 

- ჩემო! -  მითხარი,  მეამა

თითქოს გამხადე ცის თვალი,

ნიავმა ჩამომიარა,

იმან დამიწყო თვალთვალი...

- ემანდ ხელი არ გტაცოო,

ვისიც ხარ, იყავ წამალი!..


ჩემო, ჩემო! ___________________________

 

ჩემო სუნთქვავ, ჩემო სულდგმავ,

ჩემო მზეო, ჩემო, ჩემო,

როგორ გითხრა, რომ მიყვარხარ,

ასე როგორ დაგიჩემო?!.

 

ლურჯ ზეცაშიც შენ ანთიხარ,

ვარსკვლავებად, მზედ და მთვარედ,

ნეტავ, რა ისარი მეცა,

ასე როგორ შეგიყვარე?!.

 

ღამით მთვარეს შევცქერივარ,

შენთან სხივი გამოგზავნოს,

ღმერთმა ჩემი ალუბლები

და ვარდები არ დააზროს!..

 

რომ შენთვისაც ცაზე ვენთო,

ცისარტყელის ათას ფერად,

ზღვაზე როცა გაიხედავ,

ჩემი თვალით შემოგხედავს!..


სალაღობო

 

მე მეგონა გავხდებოდი

დღისით მზე და ღამით მთვარე,

შენთან ერთად აღმაფრენით,

მოვივლიდი არემარეს...

 

არ გიყვარვარ, ახლა მივხვდი,

სიბნელეს ვერ მანაცვალე,

მაინც ასე რად მიყვარხარ,

ზევით ვარსკვლავს შეგადარე!..


ნეტავ, რაზე შემიყვარდი?!. 

 

ნეტავ, რაზე შემიყვარდი

ასე ძლიერ, ასე ვნებით,

თვალს დავხუჭავ და შენ ერთი,

ოცნებებში მელანდები...

 

ღამით ძილიც დამეკარგა,

დღისით ძილ-ბურანში ვდგები,

რა მაგნიტით მიმიზიდე,

ვფიქრობ, მაგრამ ვერა ვხვდები?!.


ჩაგეხუტე       ––––––––––––––––

 

ჩაგეხუტე, ჩაგეკარი მკერდში,

დაგიკოცნე ტუჩები და სახე,

დღეს პარნასზე გველოდება ლხინი,

უცილობლად, ვიცი, არ მომაწყენ.

 

მანამდე კი მინდა მოგეხვიო,

ვიგრძნო შენი სურნელი და გემო,

გადავთელავთ ღამის მწვანე ხავერდს,

ჩავეხვევით ყვავილიან მდელოს.

 

თან აგვყვება ჩვენ სურნელი მიწის,

პარნასამდე ასე ფეხით ვივლით,

დაპენტილნი ყვავილით და ფიქრით,

ავივსებით სიყვარულის ხიბლით.


მინდა, ვაზივით მოგეხვიო

  

მინდა ვაზივით მოგეხვიო,

სულის ტკივილები დაგიამო,

შენი სხეულის სიმხურვალე

ციური ფრთებით დავიფარო.

 

მინდა, ყურძენი დაიმკრახოს,

გახდეს ტკბილი და თაფლისფერი,

მერე ისეთი ღვინო გასვა,

გახდე ბავშვივით ბედნიერი!..


ოჰ, რარიგად დავიბენი 

 

ოჰ, რარიგად დავიბენი,

როცა დღისით დაგინახე,

აქამდე ხომ სიბნელეში

და სიზმრებში ლანდად გსახე...

 

ოჰ, რარიგად დავიბენი,

პირველად რომ დაგინახე,

სამუდამოდ დამრჩა გულში

 მომღიმარი შენი სახე.


შენ შემერთვები 

 

შენთან შეხვედრის მელოდება დრო და საათი,

იქნებ გავაბათ ჩვენ მასლაათი,

თუ გამაცილებ ნაპირისკენ მიმავალ ნავზე,

გვერდზე ჩავუვლით ჩიტიან ანძებს.

თუ ვისეირნებთ გატრუნულნი ცხენებით მოლზე,

თუ დავკრეფთ ბაღში ვარდების კოკრებს,

თუ გირჩევნია სადმე ქოხში განმარტოვება,

რომ ჩვენი გახდეს მთელი დროება...

მაშ გადავეშვათ ჩვენ იმ ღამის ბნელ უკუნეთში,

სანთლებად ენთოს ჩვენი სხეული,

მე გავიშლები ვარდებად და გეაცინტებად,

შენ შემერთვები ფაქიზ ნისლებად.


შენი ბაგიდან მწყუროდა სისხლი

 

შენი ბაგიდან მწყუროდა სისხლი,

ისეთი ძალით რომ დამეკოცნა,

რომ დაეარა ნაპერწკლებს შიგნით,

მშფოთვარე ზღვაც კი გაოცდებოდა.

 

მე სიყვარული მსურდა ასეთი, —

აღმაფრენით და ველური ვნებით,

თუ ვერაფერი შენ ვერ მომეცი,

მაშინ დამტოვე შენივე ნებით.


წარმომიდგინე       —————————————

 

წარმომიდგინე, შენთანა ვარ, შენს მკლავზე ვწევარ,

შენი ხელები ეხებიან ჩემი თმის ძირებს,

დაკოცნი ყველას სათითაოდ, ჩამიხსნი ღილებს

და ნაზ ვნებებში ჩასაძირად თვალებით მიწვევ.

 

ო, როგორ ლაღად გადაუვლი ჩემს მკერდს და ტუჩებს,

რა თბილია და მიმზიდველი შენი შეხება,

"წარმომიდგინე", თორემ გული უშენოდ კვდება,

სულზე მომისწრო, გამაცოცხლო კიდევ ეგება.


ვეღარ ავიტან!

 

იქნებ ყანაში დაგპატიჟო ამაღამ, ვაჟო,

რისი შემძლე ხარ, ამ ღამითვე  მინდა რომ ვნახო,

თუ დამიამებ მოწყურებულ ლტოლვას და ვნებებს,

ჩემი გული რომ მხოლოდ შენთან, შენ ერთთან ეძებს.

 

ჩამეხუტები და გაძარცვულ ჩემს სნეულ სხეულს,

კვლავ დაუბრუნებ სიყვარულს და განკურნავ სნეულს,

ნუღარ დამტოვებ მარტოდმარტო სუსტსა და ეულს,

ვეღარ ავიტან ამ ცხოვრებას მდორეს და ჩვეულს.


ნეტავი ვინ ვარ?!.  –––––––––––––––––––––––

 

ნეტავი ვინ ვარ, თვითონ არ ვიცი

და ქარი, როგორც ხის ტოტებს, მიტევს,

მე რომ მეგონა უღრუბლო ზეცა,

თურმე ზეცასაც ჰქონია დირე...

 

მე ისევ ვცეკვავ ქუჩებში ტანგოს,

მაგრამ მეწყვილე ვერ ვნახე კიდევ,

შევრჩი სამყაროს ძველი ქოშივით,

სახმარად რომ არ სჭირდებათ ვინმეს...

 

ნეტავ ღვთის ნება ქვეყნად რა არის,

შეხედეთ, ირგვლივ ყრია დროშები,

გატანილები ჩვენი  გულიდან,

ძალგამოცლილი ავგაროზები...

 

ჩვენ სიყვარულის წაგვართვეს თავი,

მშობელი დედაც თითქოს არ გვიყვარს,

თავწაკრულები, შუბლგაკრულები

იზიდებიან ფიქრები ფიქრთან...

 

მომავლის იმედს მოწყვიტეს კუდი,

გესლი არ რჩება მხოლოდ ხაროში,

ზღაპრებიდანაც გამოგვაძევეს,

რითაც ვცხოვრობდით, რითაც ვხარობდით...

 

და ვცეკვავ ახლა სულ მარტო ტანგოს,

და იმ ქუჩებშიც თითქმის ბინდია,

იქნებ დამინთოს ღმერთმა თვალები

და მაპოვნინოს ჩემი მინდია!..


გიჟი მარტი

 

საოცრებაა ეს გიჟი მარტი,

სურს ამაყვავოს, როგორც ყვავილი,

მაგრამ სიყვარულს ჩემს თავს არ ვაცლი,

გადამძვრა უკვე ფერ-უმარილი.

 

დაე, იგიჟოს სხვა ყვავილებთან,

ნორჩი, ლამაზი ბევრზე-ბევრია,

წლებმა წამიღო სურვილნანატრი,

უტყვი ფიქრები შემომესია.

 

საოცრებაა ეს გიჟი მარტი,

სურს ამაყვავოს, როგორც ყვავილი

და გადაწყვეტას ვპოულობ მარტივს,

თბილ მზეს ვუღიმი გიჟი მარტივით...


სახუმარო    –––––––––––––––

 

ვერავის ვერ დავეტოლე,

რა ვქნა, ვერ ვარ უკეთესი,

ბრიჯიდ ბარდოც მე მჯობია,

კარდინალეც და ტორესიც,

მაგრამ სული შენთვის დამაქვს,

ესა მაქვს, რაც მაბადია,

გულის კარებს ნუ დახურავ,

დამიტოვე ცოტა ღია.


იქნება, თქვა...  ––––––––––––––

 

შენი სულის ნაზ წვიმებში მოყოლილმა,

ფრთა გავშალე, გაზაფხულად მოვედი,

ყვავილები ავაყვავე წაბლის, ნუშის,

ვარ ვარდების სურნელების მთოველი.

 

იალაღი გადავშალე, დადის ფარა

და წიქარა თავის მწყემს ბიჭს მოელის,

იქნება თქვა, ჩემო მკვლელო, "მიყვარხარო",

აბა, მითხარ, ვინა მჯობნის, რომელი?!.


 

მიდის, მიდის გაზაფხული! –––––––––––––

 

მიდის მიდის გაზაფხული,

მიდის ტრფობის, ვნების ცეცხლი,

ეულ დღეებს შეერევა

დღე ერთი და კიდევ ბევრი...

 

გაგიხსენებ, გამიხსენებ,

შეგვეწევა ცაში ღმერთი,

კვლავ იფეთქებს გაზაფხული,

ისევ დაგვწვავს ტრფობის ცეცხლი...

 

აყვავდება ნუში, ია,

ვარდის კოკორს დილა ეტრფის,

ხელს ჩავჭიდებთ ჩვენ ერთმანეთს,

გავფრინდებით ცაში ზევით!..


მე თეთრი ზამბახი ვარ!  –––––––––––––––=

 

ვარდის სურნელს არა მიჯობს,

დამეხსნება დარდები,

თუ გიყვარვარ, იქნებ გიჯობს,

ბაღში დარგო ვარდები...

 

ააყვავო და ედემში

მიმიწვიო ზამბახი,

იმდენ ვარდში მე ვიქნები

მათზე უფრო ლამაზი...

 

უნატიფესს და უზადოს,

ვერვინ შემედარება,

ხან მოვდივარ ქარიშხალად,

ხან კი მზიან დარებად...

 

ვარდის სურნელს არა მიჯობს,

მიტომ ხშირად ბაღში ვარ,

გვერდს მიმშვენებს ვარდის ბუჩქი,

მე თეთრი ზამბახი ვარ!..


გადავედი, გადავედი...  ———————————

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

ზღვა ხარ ვნების,

ზღვა ხარ კდემის,

ერთიანად მაგიჟებ...

 

თუკი როცა დაგინახავ,

ვერ მოგწყვიტე თვალები,

არ დამტოვო, ჩემო კარგო,

გულით გემუდარები!..

 

რომ მიყვარხარ, ახლა მივხვდი,

არც თუ დიდი ხანია,

შენს სახეზე გაღიმება,

სიცილი მიხარია...

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

მიყვარხარ და ახლა გეტყვი,

მაოცებ და მაგიჟებ!..

 

ვერ დავთვალე ზღვაში ქვიშა,

ხმელზე ზღვათა ნაპირი,

თვითონ ზღვა ხარ უნაპირო,

ვერ გიპოვე ნაპირი!..

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

გეხვეწები, არ დამტოვო,

წასვლას თუ დააპირებ!..


ვაჟო!

 

ვაჟო, ამაღამ სიზმარში მოვალ

და დაგიკოცნი მაგ ცისფერ თვალებს,

იქნება იგრძნო შენ ჩემი სუნთქვა

და გამიცვალო შენში ამ ღამეს.

 

გვერდს მოგიწვები, იგრძნობ ჩემს სითბოს

და სიმხურვალეს ნაზი ტუჩების,

როგორ ხაფანგში გაბული ჩიტი,

მოსაფერებლად დამიყუჩდები!..

 

ვერ დამივიწყებ მერე ვერასდროს,

ჩემი სურვილი მუდამ გაგთანგავს

და გაიგონებ ჩემს ძახილს ოდეს,

შენც გამოყვები ამ ჩემს გზა და კვალს.


 

პაემანი მდინარის პირას   ———————————

 

შიგ მდინარეში დიდ თეთრ ქვაზე ვიწექი მზის ქვეშ,

თავს დამნათოდა და მათბობდა ის გოლიათი,

წყალი გარშემო მივლიდა და შხეფებს მესროდა,

ალბათ, თუ ჩემს ნაზ ლამაზ მკერდზე რჩებოდა თვალი.

 

შენს მოლოდინში გავითანგე, ჩამძინებოდა,

მზეც გადავიდა, გავიღვიძე, გავაღე თვალი,

შენც მომწოლოდი და ჩემს გვერდზე ჩაგძინებოდა,

მკლავზე შეგეხე, დაგიკოცნე კისერი, მხარი.

 

გამოგეღვიძა, შემაცქერდი სახეში უცხოდ,

თითქოს ვერ მიცან და როდესაც ძლიერ გავბრაზდი,

სულ  დამიკოცნე ეს ტუჩები ავსილი ბრაზით

და როცა მთხოვე პატიება, მყისვე დავზავდით.


მინდა, რომ ვიწვე ახლა

 

მინდა რომ ვიწვე ახლა, ამ წუთს შენს ძლიერ მკლავზე,

მესმოდეს  შენი გულისცემა, გრძნობებს რომ ამხელს,

შენი ტუჩები მეხებოდეს ფაქიზად პირზე,

მთვარემ ფანჯრიდან შემოგვხედოს, შუქს ჰფენდეს ცისფერს.

გავაოცებდით ცის ბინადართ ძლიერი გრძნობით,

გარეთ აპრილი იმღერებდა ტყემლების თოვლით

და ჩვენს სარკმელთან სურნელებად დაღვრილი ვარდი,

დაგვაბრუნებდა წუთისოფლად ვნებებით დაღლილთ!..


პაემანი ჩანჩქერთან –––––––––––––––––––

 

და როცა ბინდი შეერევა ცაცხვებს და ალვებს,

ღამე დაჰხურავთ შავ მწუხრის ჩადრებს,

მე ვეახლები მქუხარე ჩანჩქერს

და წყალს შევუშვერ ჩემს ლამაზ მკლავებს.

 

შენც მოხვალ ამ დროს ნაგვიანევი,

შენც შემოცურავ ანკარა წყალში

და ჩანჩქერის ქვეშ შემოსწრებული,

ჩემში აღვიძებ ნაზ ქალურ საწყისს.

 

მეხები მკერდზე, მიკოცნი ტუჩებს,

წელზე ხელს მომხვევ, აღმიძრავ ვნებას,

შემომეგზნები ქარბუქად გულზე

და მეც დავყვები შენს კაცურ ნებას!..


ჩემი ქვეყანა

 

მე შენ წაგიყვან სიზმარეთში, ჩემს ქვეყანაში,

სადაც ვერცხლისფრად ანათებს ზეცა,

და სარკეებით მორთულ დარბაზში

გვიმასპინძლებენ დედები ერთად.

 

რა სიმყუდროვე იქნება ალბათ

და რა სინაზე, ჰაეროვნება,

ვერაფერი ცვლის დედების ხელებს,

დიდებულებას და საოცრებას!..


 

 

 

სად ხარ ჩემო ერთადერთო?!. ––––––––––––––––––––

 

სად ხარ ჩემო ერთადერთო,

შენი სულის ვეძებ თვალებს,

იქნებ ერთხელ შემომხედო,

შეგიყვარდე, გენაცვალე!..

 

თაკარა მზე შენით მზეობს,

შენით ჰკოცნის სიო ვარდებს,

ცისფერ ღრუბელს შემომხედო,

შეგიყვარდე, გენაცვალე!..

 

სულში სიყვარული მეფობს,

ნაზად აფახულებს თვალებს,

იქნებ ერთხელ შემომხედო,

შეგიყვარდე, გენაცვალე!..


და შენ ერთს გიცდი...


შუაღამეა, სანთელი იწვის, შენ კი არ ჩანხარ!

აი, მოხვედი, მომიწექი გვერდზე ლოგინში,

სითბო გწყურია, მე კი უკვე ისიც აღარ მაქვს,

გაფითრებული, გაყინული ვწევარ, გიყვები,

- გარეთ გიცდიდი, დროზე მსურდა შენი დანახვა...

 

გაბრაზებულს და გალუჯებულს მიკოცნი ტუჩებს,

ტანზე მეხვევი, რომ გაათბო ჩემი სხეული

და შენი ტანის ოხშივარი, სურნელი მათრობს,

სულ მავიწყდება, რომ ვიყავი გაბრაზებული.


შენც ხომ იცი!

 

ავირიოთ ნაკვალევი,

მოვიაროთ კლდე და ღრენი

და როდესაც დავიღლები,

ამიყვანე, კარგო, ხელში.

 

და მატარე დიდხანს, დიდხანს,

დამთავრდება სანამ ველი,

მე შემოგხვევ ჩემს ნაზ მკლავებს,

ვნების აფეთქებას ველი.

 

აკვირდები ჩემს თეთრ სახეს,

მეც გიყურებ ლურჯ თვალებში,

შენი ვარო, ასე მეტყვი,

შენც ხომ იცი, რომ ვარ შენი.


 

სიზმარში ვნახე

 

სიზმარში ვნახე, ვიწექი,

ყვავილებიან მინდორზე,

მეძინა, მზემ გამაღვიძა, 

სხივებს აწვდიდა პიონებს.

 

თვალები გამოვახილე,

ჩემ გვერდზე შენაც იწექი,

მზერა მიგეპყრო ცისაკენ,

გულს მოგდებოდა  იჭვები.

 

მზემ ჩაგხედაო უბეში,

თავი მაგას ვინ ჰგონია,

ეგ ცაში არის, მიწაზე,

მე მეფეთ-მეფე, ლომი ვარ!..

 

ნაწნავებს ხელი მომავლე

და ჩამიკოცნე თვალები,

ვაჟო, ასე თუ გიყვარდი,

აქამდის რას მაწვალებდი?!.


 

ჩემო ლამაზო პეპელავ!

 

როგორ მიყვარხარ და მათრობ,

ჩემო, ლამაზო პეპელავ,

სილამაზის ხარ მომფენი,

მეც ეშხით მატკბობ ნელ-ნელა.

შენი სათუთი ფიქრები,

განა ვიღაცას მოჰპარე,

შენია, მეც შენთვისა ვარ,

შენკენ გზასავალს მოვარღვევ!..