Friday, November 12, 2021

სიყვარული სულ გვწყურია პოეტებს, ექსპტომტი Tamar Kvarackheliaსი, თამარ კვარაცხელიასი

 ვინ რა იცის, ჩვენ პოეტებს რა გვინდა,

ზოგჯერ გვტკივა ქარიშხალი ვნებების,
ზოგჯერ ტკივილს ჩვენ თვითონვე დავეძებთ
და უბრალო სიყვარულს არ ვნებდებით.
ხან ვთამაშობთ ვარსკვლავებთან, მთვარესთან,
ხან შიშსა და უძილობას ვევნებით,
ვინ, იტყვის თუ პოეტის გულს რა უნდა,
კარმენის თუ ოფელიას ცრემლები,
თუ სიცილი ნადირობის ქალღმერთის,
ოქროსთმიან, დალალდაყრილ დალისა,
თუ ღიმილი ნაზი, მორცხვი ქალწულის,
სახელად რომ უწოდებენ მთვარისას,
მარტოობაც ხომ პოეტის ხვედრია,
სულში ბრუნავს კარუსელი ქარიშხლის,
გულს ხან დაშნით და რაპირით ვისერავთ,
ხან გრძნობების აფეთქებას არ ვიშლით.
ზოგჯერ მზერას ველოდებით შორეულს
და ვერ ვამჩნევთ გვერდზე ლალის ბზინვასაც,
ხან სარკეში ვებრძვით ჩვენივ ორეულს
და სისხლჩამდგარს ბრძოლით ვხვდებით დილასაც.
შენც, ძვირფასო, ჩემო კარგო პოეტო,
გადაისხი სისხლი ორბის, არწივის,
და იბრძოლე, სანამ პირში სული გაქვს,
გულის მსხვრევა შეინახე ხვალისთვის.

Tamar Kvarackhelia
პოეტი ხომ ოცნებების ქარია, 
მეცხრე ცაზე ფერად კოშკს რომ აიგებს, 
პოეტის გულს რა სევდა და მადლი აქვს, 
ვერც ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს...

No comments:

Post a Comment