თეთრი ღამიდან მოვლენილო თეთრო ქალწულო,
მსურს ჩემს მკლავებში შენი ვნების ეშხი დავწურო,
სიშიშვლეს შენსას ცისარტყელას სული ავუნთო,
ღამე ვაქციო ცხელი სუნთქვის ლამაზ საწუთროდ.
ვიცი, გიხდება ქარის ქროლვა, ზღვის ააფთრება
და თეთრ სხეულზე აცეკვება აწყვეტილ ხელთა,
შენი ხილვისას მთვარის გულიც კი აალდება
ვით აფროდიტეს, მოგიხდება ზეცაში ფრენა.
მსურს ავიხდინო გადარეულ სურვილთა ნება,
თეთრი სანთელი თეთრ ოთახში სიზმრისფრად დნება,
მე გელოდები - მეოცნებე ვარსკვლავთა წყებად
რომ სარეცელზე დაეღვაროს სინაზე ფერთა.
როკვა ლანდების მოგაცილებს ჩემამდე ახლაც,
მე მთელი ღამე ვნების ცეცხლში ვერ ვიგრძნობ დაღლას,
როცა ალიონს შენი სუნთქვის ხმაური ახლავს,
თეთრი ღამიდან მოვლენილი ქარივით წახვალ...
No comments:
Post a Comment