Friday, September 24, 2021

ისე მაცხოვრე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ისე მაცხოვრე!
1.ქვეყნად არავის იღბალი არ მშურს,
სხვის ქონებაზეც არ მრჩება თვალი;
ღმერთო! მიეცი,--დამშეულს ლუკმა,
უდაბნოში მყოფს,--ჩრდილი და წყალი.
2.კაცს,--გულში მზე და თვალში ნათელი,
გვერდში საწოლად,--ერთგული ქალი;
ფარას ცხვრებისას,--მინდორი მწვანე,
დამშეულ მგლის ჯოგს,--სახრავად ძვალი.
3.დაჩოქილ მლოცველს,--უფლის იმედი,
მძიმე ავადმყოფს,--აღდგომის ძალი;
შეყვარებულებს,--სურვილის ცეცხლი,
ტყეში დარჩენილს,--კოცონის ალი.
4.ბედის მაძებარს,--თავის საფერი,
თავისი ჯუფთი,--თავისი ცალი...
მე,იმასა გთხოვ,ისე მაცხოვრე,--
შენი და კაცის,არ გამყვეს ვალი!
ელგუჯა ციგროშვილი.

ქ.თესალონიკი. 

No comments:

Post a Comment