Friday, September 17, 2021

ავტ. ნინო არსენაშვილი

 ლექსი ჩიტივით დამაჯდა მხარზე

და თითქოს ფრთები მომცა საფრენად;

მეც რა მინდოდა, მხრები გავშალე,
ფრთებქვეშ მოვიგდე ზეცის საფირი,
დიდხანს ვილაღე ღრუბლებთან ასე,
აღარ მახსოვდა სხვა არაფერი
და ბოლოს, როცა დაშვება ვცადე,
ვეღარ ვიპოვე ძველი ნაპირი.

სიყვარული
მორფოლოგიური გარჩევა
სიყვარული რა ჯგუფის არსებითი სახელია,
მაგრამ მეფეა "ვინ"-ების,
აბსტრაქტულია,
რეალობა არაფრად უჩანს.
ფუძეთანხმოვნიანია,
არასოდეს იკუმშება,
ისე უყვარს თავისუფლება.
სიყვარული გულის ძახილია,
გონებას მისი ანალიზი
რატომღაც უჭირს.
სიყვარული რა ჯგუფის არსებითი სახელია,
მაგრამ მეფეა "ვინ"-ების;
- სიყვარული გსურთ?!
-დაკარგეთ საკუთარი თავი და
ინებეთ!

თოვლი ტირის
თოვლი ტირის, თოვლი ტირის,
დედამიწას გულისპირი
დაუსველა ცრემლით....
და ამ ცრემლის მოსავალი,
სწორი გზა და მართლსავალი,
გამოჩნდება მერმის.
თოვლი ტირის, თოვლი ტირის,
ტკბილხმიანი გუდასტვირი
შეუნახავს რაჭველს.
არც იაფი და არც ძვირი
ამ ცხოვრების კადრი ფირით
დარდთან ერთად
სიხარულსაც გვაჩვევს.
თოვლი ტირის, თოვლი ტირის,
დედამიწის გულისპირი
დაუქარგავს თოვას....
თოვლი ტირის, უფრო ტკბილი,
უფრო მშვიდი, უფრო ლაღი,
ვით აღდგომის ბაირაღი, -
გაზაფხული მოვა.
ნინო არსენაშვილი

No comments:

Post a Comment