Saturday, September 18, 2021

მოგონებებიდან, პიონერთა ბანაკში

 ერთ ისტორიას გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდამ. მანგლისში პიონერთა ბანაკში ამოვყავი ერთხელ თავი, 13 წლისა ვიქნებოდი, კარგ დროს ვატარებდით ბავშვები, ვთამაშობდით, ღონისძიებებს ვაწყობდით, კონცერტებს, თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ვმღეროდი, "ერთი, ორი, სამი" -

სამი გოგონა ვასრულებდით, ნეტა, ახლა მომასმენინა, რას "ვგალობდი", არადა იქ შესანიშნავი სიმღერის მასწავლებელი გვყავდა. საღამოს კოცონს დავანთებდით და შემოვუსხდებოდით ხოლმე, ნაირ-ნაირ ისტორიებს ყვებოდნენ ჩვენში ყველაზე თამამები, შავი ხელი, ალბათ, გემახსოვრებათ ჩემს ტოლებს, დამაგვირგვინებელი ნომერი იყო ხოლმე საშიში ისტორიების. როგორც ახლა ვხვდები, არც საჭმელი იყო ცუდი და არც ყურადღება გვაკლდა. შუადღეზე ძილის საათი გვქონდა აუცილებლად, რეჟიმში ვიყავით, ახლა ვფიქრობ, კარგიც იყო, წესრიგს ვეჩვეოდით გარკვეულწილად. თავისუფალ დროს, რომელიც ბლომად გვქონდა, სხვადასხვანაირად ვატარებდით, პიონერთა ოთახი ცალკე კორპუსში იყო განთავსებული, იქვე მუშაობდა სხვადასხვა წრეები, ასწავლიდნენ ჭადრაკს, თუ ვინმეს უნდოდა, ტურნირებიც კი ტარდებოდა მსურველთათვის, მეც ვიღებდი მონაწილეობას, კარგად ვიცოდი მამას წყალობით, ხუთივე და-ძმას გვასწავლა. ბანაკში ზოგი ფეხბურთს თამაშობდა, კარგი სტადიონიც იყო მოწყობილი, ჩვენ გოგოები დავსხდებოდით, თვალყურს ვადევნებდით ბიჭების თამაშს, ზოგი ფრენბურთით ერთობოდა , იმ დროს მაგარ მოდაში იყო. წრეში ბურთი ხომ ჩვენი საყვარელი გასართობი იყო. დიდი ადგილი არ სჭირდებოდა, სადაც მოვახერხებდით, იქ გავაჩაღებდით თამაშს, ბანაკის ტერიტორიაზე მანქანები არ შემოდიოდნენ. მახსოვს, ბურთი რომ გადამივარდებოდა, ერთი ბიჭი მომიტანდა ხოლმე, ხელში მომაწოდებდა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე შევამჩნიე, სადაც მე ვიყავი, ეს ყმაწვილიც იქ იყო მუდამ. თეთრი ბიჭი იყო, მაღალი, გამხდარი, ფერმკრთალი, არასოდეს ლაპარაკობდა, ხმაც კი არ გამიგია მისი, უხმოდ მომაწოდებდა ხოლმე ბურთს ხელში, ეს იყო და ეს. ერთხელ მეგობარი გოგონა მოვიდა და მითხრა, იმ ბიჭმა შემოგითვალა, მიყვარხარო. საშინლად გავბრაზდი, რეებს ბედავს ეგ უბედური-მეთქი, მგონი, ლერი ერქვა. მის მოწოდებულ ბურთს ხელში აღარ ვიღებდი. ერთხელ პიონერთა ოთახში აღმოვჩნდით ჩვენ ორნი, სპეციალურად დარჩა, რაღაცის თქმა უნდოდა, ხმაც არ ამოვაღებინე, პიონერთა ოთახის გასაღები მე მქონდა, ალბათ, აქტიური პიონერი ვიყავი, გამოვედი ოთახიდან, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ისევ არ იღებდა ხმას, იქ ჩავკეტე. საღამო ხანი იყო, არც მინერვიულია, რომ მთელი ღამე იქ უნდა გაეტარებინა, არხეინად დავიძინე. მეორე დილას მივედი კარების გასაღებად, არ დამხვდა, როგორც გავიგე, შემთხვევით მისულა პიონერთა ხელმძღვანელი, იმას გაუღია კარები და გაუთავისუფლებია ტყვე. მაშინ არა და, როცა გავიზარდე, მერე სულ ვფიქრობდი, რა სასტიკი საქციელი იყო, ადამიანის ჩაკეტვა და არმოკითხვა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვუყვარდი, რა თქმა უნდა, ბავშვურად, მაგრამ მოზარდის ტვინში რა აზრები ტრიალებს, რას გაიგებ. გვარიანად ვიცინებ, ეს ბიჭი ახლა რომ გამომეხმაუროს, მე ვიყავიო ის დაჩაგრული.

No comments:

Post a Comment