Thursday, September 16, 2021

ნიბლია--2! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ნიბლია--2!

დღეს, ასეთია, ჩემი ნიბლია,
შეჰფარებია ჩამომხმარ ფოთოლს,
ზამთრის დღეები, წუთებს ითვლიან:
ბარაქიანად მოთოვს და მოთოვს!
სად შეაფაროს, სიცივეს თავი,
სად უნდა ჰპოვოს, მყუდრო საფარი?
გაიყინება, ეს საცოდავი,
როს სუსხიანი დაჰბერავს ქარი!
შემოესევა ზამთარი ტყეებს,
ხაზარებივით მიუსევს ქარებს,
ფოთლებისაგან გაძარცვავს ხეებს,
ყველა მოსძებნის, თავშესაფარებს!
შენ კი, სად წახვალ,ნიბლია ჩიტო,
შენ ხომ ჩემს გარდა, არავინ გელის...
იქნებ ჩემს გულშიც შემოიჭყიტო,--
მოდი, გაგიშრო, ბუმბული სველი.
მე გაგათბობ და მე დაგაპურებ,
იცი,გულცივი არ ვარ სხვებივით,
ვეთაყვანები შენს ნაფეხურებს,--
თოვლზე რომ მოჩანს, უფლის ჯვრებივით!
მადლისთვის, არვინ ითხოვ საზღაურს,
ყველა ზღაპარს ხომ, კარგი აქვს ბოლო...
მსურს, ჩემი სულის დაცლილ საწყაულს,--
შენი ჭიკჭიკი ავსებდეს მხოლოდ!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 15.02.2013 წელი.

No comments:

Post a Comment