ბიჭუნას ძალიან არ უყვარდა ჭამა და მის სახლში მუდმივად ასეთი დიალოგი ისმოდა: - ჭამე, ჩემო პატარა, საჭმელი, თორემ დიდი ვერ გაიზრდები! - არა, არ შევჭამ!- იყო ბიჭუნას პასუხი და ხან ბებია დასდევდა კოვზით ხელში პატარა რობიკოს და ხან დედა. დედა კიდევ უფრო ადვილად უმკლავდებოდა თავის საქმეს, ბიჭს უცებ დაეწეოდა ხოლმე და პირში კოვზს ჩასჩრიდა, ისიც იძულებილი იყო, ლუკმა გადაეყლაპა, აბა, შუა გზაში ხომ არ დატოვებდა კუჭისკენ მიმავალს. ბებიას სირბილი უჭირდა, ბიჭსაც მეტი რა უნდოდა, ხან საწოლის ქვეშ შეძვრებოდა და იქიდან ეღრიჯებოდა ბებიას, ხან კარადის უკან დაიმალებოდა და ასე ატარებდა დროს. საწყალი ბებია ტუქსავდა, უბრაზდებოდა, მაგრამ ბიჭი არაფრად აგდებდა მის გასაჭირს და სულ უფრო ჯინიანი და უკმეხი ხდებოდა. ერთ დღეს რობიკო ბებიასთან დატოვეს მშობლებმა, თვითონ საყიდლებზე წავიდნენ. სადილობის დრო მოახლოვდა. ბებიას წინასწარ გული უწუხდა, ბიჭისთვის საჭმელი რომ უნდა ეჭმია?! ბევრი რომ არ ეწვალა, საჭმელი ლუკმებად დაყო და ბიჭუნა მაგიდასთან იხმო. ეშმაკური ღიმილით მოირბინა რობიკომ, ახლა კარგად გავერთობი ბებოს წვალებაშიო. ჩაუდო მოხუცმა ლუკმა პირში, - არ გადავყლაპავ, - ბრძანა რობიკომ და ის იყო, უნდა გადმოეფურთხებინა, რომ წარმოუდგენელი რამე მოხდა: ლუკმა გაჯიუტდა, შენ თავს არ დაგაჩაგვრინებო და ბიჭს ყელში გაეჩხირა, არც წინ მიდის, არც უკან. გაწითლდა რობიკო ბრაზისგან, ცდილობს ლუკმა გადმოაგდოს, მაგრამ ის ვაჟკაცურად დადგა, არ დამორჩილდა. ბევრი იწვალა რობიკომ, ახველა, ახველა, თავი ხან იქით იქნია და ხან აქეთ, იქნებ გაძალიანებული ლუკმა პირიდან გადმოვაგდოო, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, პოზიციები არც იმან დათმო და ბიჭი იძულებული გახდა, გადაეყლაპა, აბა, ხომ არ დაიხრჩობოდა. ბებიას შეეცოდა რობიკო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, იქნებ ჭკუა ისწავლოსო, ერთი ჭიქა წყალიც მიაწოდა, ხველება გადაგივლისო. შეშინებულმა ბიჭუნამ დანარჩენი საჭმელი ულაპარაკოდ შეჭამა, ის კი არადა, ბებიას მიერ დაწურული ხილის წვენიც მიაყოლა. ახლა რობიკო მადიანად ჭამს ყველაფერს, რასაც მიართმევენ, ეშინია ლუკმა ისევ არ გაეჩხიროს ყელში, ამიტომ ისე სწრაფად იზრდება, ვეღარავინ ეწევა სიმაღლეში. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო. მას მერე გოგონები და ბიჭები, რომლებიც ცუდად ჭამდნენ და ბებიებს აწვალებდნენ, ზოგიერთები დედებსაც, გამოსწორდნენ, ემანდ ჩვენც არ გაგვეჩხიროს ლუკმა ყელშიო. ამიტომაც ისე სწრაფად იზრდებიან, ვერავინ ეწევა სიმაღლეში, კარგად რომ ჭამენ, სწავლაც აღარ ეზარებათ და ტვინიც უჭრით. მათ აქსელერირებულ თაობას ეძახიან.
9/15/21 8:48 PM
No comments:
Post a Comment