ნეტავ, რა არის სიყვარული?! გუშინ შვილმა დამისვა შეკითხვა, ზუსტი განმარტება ვერ მივეცი და ალბათ ვერავინ ვერც მისცემს, ღამით ვიფიქრე და დღეს ლექსი ჩავწერე, გთავაზობთ:
ხან სიცოცხლეა, ხან კი წვა და გარდაცვალება
ნეტავ, რა არის სიყვარული, თუ არა ელვა,
ამოღებული ქარქაშიდან ბასრი ხანჯალი,
ტკივილებით რომ ძარღვებსა და ლურჯ ვენებს სერავს,
ხან აღმაფრენა, ღრუბლებს მიღმა ჩიტი ფრთამალი.
მეხია, ციდან მოვლენილი, დაგცემს და გაგცემს,
ვერ დამალავ და თვითონაც ვერ დაემალები,
მშვიდობა არის, ომი არის, ზავდები არცერთს,
და თვითონ იწვი ზეცის თაღზე მნათეს სანთელი.
მოფრენილია ლურჯი ტყიდან ლურჯი ფრინველი,
და ყურებს გიტკბობს ჭიკჭიკით და საამო ხმებით,
ხან სევდის ხმაზე ამღერდება, ვით კორსიკელი,
მისი ცხოვრებაც ხან ზევითსვლა, ხან ჯოჯოხეთი.
დაგივლის გულში და შენს სხეულს გათანგავს ვნებით,
გტკივა სისხლძარღვი, გტკივა ნერვი და თითო კუნთი,
და თუ ცხოვრებას შენი ასე ტანჯვა ენება,
ჰფიქრობ, რად გერგო განაჩენი ასეთი კუშტი.
და მაინც გიყვარს, ვერ იცილებ იმაზე ფიქრებს,
დღეა, ღამეა, ვერაფრით ვერ გამოიდარა,
სიყვარულისთვის საბრძოლველად ძალებს ვერ იკრებ,
გინდა, ჩაგაცვან შროშანივით თეთრი სუდარა.
ხან სამფლობელოს გადაუვლი ზღაპრების, მითის,
აბესალომის და ეთერის გშურს კიდეც ბედი,
ვერანაირად ვერ იმშვიდებ ეგოიზმს, სინდისს, —
გსურს იყო მისთვის მნათი მზეც და სამყაროს ცენტრიც.
გვაბრუებს, გვატკბობს, ხან კი მწარედ ვიწყევლით თავბედს,
და ჩვენი ყოფა კვლავ ხელშია მაღალი ღმერთის,
და თუ კი მაინც სიყვარული შემოგხვდა გზაზე,
ვმადლობდეთ უფალს, განა არის ის ყველას ხვედრი?!
---------------------
და ელის დღესაც მზეჭაბუკის მზერას ქალთამზე,
ირეკლებოდეს მის თვალებში დიდრონი მთვარე,
და დაწოლილებს ღია ცის ქვეშ, მწვანე ბალახზე,
არ დაავიწყდეთ სიყვარულის ის ერთი ღამე.
მაია დიაკონიძე
6.11. 2022წელი
No comments:
Post a Comment