Saturday, November 19, 2022

მამას!

 შენ შემოჰფანტე თეთრი თოვლი ჩემთან ამ დილას,

ბარდნიდა ისე, უთოვია არასდროს ოდეს,

შენა ხარ ალბათ ეს ზამთარიც, ჩემი ნათლიაც,

შენი შვილობა დამანათლე (ნათელი გქონდეს).


მკრთალ ნაფეხურებს მოვყვებოდი მე შენსას თოვლში,

ცა აირია, ქარაშოტმა დაჰბერა ცივმა,

მე შენს ლოდინში ფანჯარასთან  ვდგავარ, კვლავ ნორჩი,

ისევე მოხვალ, მომიხატავ იებით მინას.

 

მოხვალ და ზაფხულს ჩამისახლებ ნაზამთრალ სულში,

ააბრიალებს მზის სხივები ოცნების ნაპირს,

და შენს ნაჩუქარ ფერად ფანქრებს მოვიწყვდევ მუჭში,

დაბადების დღეს მომილოცავ ისევე, მამი!




No comments:

Post a Comment