Wednesday, November 9, 2022

ნუ ტირი, მამა!

მე შენს თვალებში ცრემლებს ვხედავ, რად ტირი, მამა,
ნუთუ ვერ მოგეც სათანადო სასო, ნუგეში,
კენტად რომ დარჩი, ეს გატირებს, ქვითინებ ამად, –
მარგალიტები ჩაგიწყვია ცისფერ გუგებში.

ხან მარტოობა საკვამურში გამკრთალი ბოლის
შემოგვეჭრება, ტანში გვცრის და გვატირებს, გვზაფრავს,
და ვეძებთ დედის ნაფეხურებს ყველა კუთხეში,
შენც და მეც, ობლად დავრჩენილვართ, ნუ ტირი, მამა.

ამ შემოდგომას დარჩენია ხეზე ფოთოლი,
შეხედე, როგორ ბრწყინავს, როგორ ანათებს,
მგონია, მასაც ჩაუცვია ფერადი კაბა,
რომ უმზადებდა დედა ნატიფ ლილის მაქმანებს.

და ფეხაკრეფით, როცა ქარი მოიპარება,
შენს მაგიდაზე აყრის ლამაზ წითელ ყაყაჩოს,
არ გაგიკვირდეს, შენს გულში თუ აპარპალდება, –
ის ცეცხლი, ძველი სიყვარულის იევ გდარაჯობს.

განა რა არის მარტოობა, ასე რომ გვთანგავს,
ასე რომ გვართმევს სულს კვირტებს და აყრის ტრამალს,
როგორც მოვდივართ ამ ქვეყანას, ისევე წავალთ,
ერთს გეტყვი მხოლოდ, შეიშრე ცრემლი, ნუ ტირი, მამა!








No comments:

Post a Comment