Wednesday, November 10, 2021

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა (მეორე ვარიანტი)

 ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

გვირილების თვალწარმტაცი სივრცე,

ლურჯ მწვერვალთა ,,საიდუმლო სერობა",

გულს მგზნებარე ნაპერწკალით მივსებს.

ნაზ გაზაფხულს სიყვარულის მზე მოაქვს,

შემოდგომას - ქარვისფერი ზვრები,

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

თვალანკარა ნაკადულთა  ჩქერი.

დასაფიცად გოჯი მიწაც მეყოფა,

მამა-პაპის შესანდობარს დავლევ,

ქართლელ კაცის გმირობა და ზნეობა,

რაინდული მზერა ლხენით მავსებს.

ჩემი სოფლის ულამაზეს ხეობათ

გადავცქერი სიამაყის გრძნობით,

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა

და ყინულზე მოციმციმე თოვლი.

მზეს ვიგულებ უერთგულეს მეგობრად,

მთელი გულით შევტრფი დილის სისხამს,

გაგვიმრავლოს ნათლობა და ძეობა,

ოდითგანვე კურთხეული ღვთისგან.

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

სულს მისერავს წინაპართა დარდი,

ვაყურადებ ჩემი კუთხის გულს და ხმას,

არწივივით მაღლა ცაში აჭრილს.




No comments:

Post a Comment