ჩემი საქართველოა!
ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,
იმერეთის თვალწარმტაცი სივრცე,
ლურჯ მწვერვალთა "საიდუმლო სერობა",
გულს მგზნებარე ნაპერწკალით მივსებს.
ნაზ გაზაფხულს სიყვარულის მზე მოაქვს,
შემოდგომას - ქარვისფერი ზვრები,
ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,
მის კალთებზე დაფენილი ძნები.
დასაფიცად გოჯი მიწაც მეყოფა,
მამა-პაპის შესანდობარს დავლევ,
სვანი კაცის გმირობა და ზნეობა,
კახელების მზერა ლხენით მავსებს.
სამეგრელოს და გურიის ხეობათ
გადავცქერი სიამაყის გრძნობით,
ჩემი ფუძე მთელი საქართველოა,
თეთრ ყინულზე მოციმციმე თოვლი.
მზეს ვიგულებ უერთგულეს მეგობრად,
მთელი გულით შევტრფი დილის სისხამს,
გაგვიმრავლოს ნათლობა და ძეობა,
ოდითგანვე კურთხეული ღვთისგან.
ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,
სულს მისერავს წინაპართა დარდი,
ვაყურადებ ჩემი საქართველოს ხმას,
დღეს დამფრთხალს და არწივივით დაჭრილს.
მაია დიაკონიძე
7.11.2021წელი
No comments:
Post a Comment