დღეს მეორე აცრა გავიკეთე კოვიდის და , როგორც პირველის მერე, სკვერში ჩამოვჯექი სახლისკენ მიმავალ გზაზე. ახალგაზრდა წყვილი შევნიშნე, მამაკაცს გულზე ახუტებული ორი-სამი წლის გოგონა მოჰყავდა, ქალი უკან მოსდევდა და მთელი ძალით უყვიროდა, ქმარს, ამიტომ მიიქციეს ჩემი ყურადღება, ბოლოს ეს ქალი სკვერში შემოვარდა, სკამზე დაჯდა და ყვიროდა შე, საქონელო, ახლა სადაც გინდა წადიო!, - ქმარი უფრო მორიდებული იყო, ხმას არ უწევდა, ამ ქალის დაწყნარებას ცდილობდა, ჩუმად ელაპარაკებოდა რაღაცას, ბოლოს ეს ქალი წამოხტა, ისტერიული კივილ-წივილით ისევ კორპუსისკენ გაემართა, საიდანაც გამოვიდნენ, ქმარიც ბავშვით უკან გაჰყვა, ფაქტიურად ხმამაღლა მოსთქვამდა. რა ხდებოდა, ვერ გავიგე, მაგრამ ამ ახალგაზრდა ქალის საქციელმა გამაოგნა, ქმრის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, შეიძლება იმსახურებდა კიდეც, ჩანდა რომ დიდი ხნის ცოლ-ქმარიც არ იყვნენ, რომ ასე ერთმანეთისთვის გადაეარ-გადმოეარათ. ბავშვს კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას დედა. გუშინწინ დიდუბისკენ მიმავალ გზაზე, წერეთლით მივდიოდი, 40-50 წლის ქალი და მამაკაცი შემომხვდნენ, კაცმა ისე ძლიერ დაარტყა სახეში ხელი ქალს, ჯერ ერთ ლოყაში, მერე მეორეში, როგორ შეინარჩუნა წონასწორობა, არ ვიცი, შოკირებული ვიყავი, გზაზეც არავინ იყო, კონფლიქტში ჩარეულიყო, მე მისვლა შემეშინდა, ამ გაცოფებულ კაცს არ ჩავვარდნოდი ხელში. ქალბატონი გვერდზე გამოდგა და კიდევ კაცს ელოდებოდა, ზურგჩანთა ედო კიბეებზე და იმის აღებას ცდილობდა. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გადაირია მთელი ქვეყანა. ვერ ვიტან ძალადობას, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ეს, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა.
No comments:
Post a Comment