Tuesday, September 7, 2021

გილოცავთ ღვთიშობლობას!

 საქართველო, ჩემო ძვირფასო სამშობლოვ, მტერთაგან გაუტეხელო, მზის გულივით ნათელო და ბრწყინვალევ, ქართველებო და არაქართველებო, ვისაც გიყვართ ჩვენი ქვეყანა, მარაიამობას გილოცავთ,მისი მადლი შეგვეწიოს!

დღეს ლექსს შემოგთავაზებთ, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც დავწერე და მთელი გულით ამოვთქვი ჩემი დიდი სიყვარული ჩვენი მხსნელი, იესოს დედის, ამ უდიდესი და განსაკუთრებული ქალის მიმართ: "ღვთიშობელს!"
თითქოს შენს თვალში იები ჩაქრა,
გაზაფხულს კაბად ხომ არ აჩუქე?
ტუჩმა დაკარგა წითელი ფერი,
ალბათ, ვარდები დაასაჩუქრე.
წამწამთა ჯარი ტყეებად იქცა,
გიშრის თვალები - მელნისფერ ტბებად,
ღაწვი - ფიქალად, თმები კი, თმები...
ველს დასწყობია ოქროსფერ ძნებად,
შენი ცრემლები - წვიმის წვეთია,
რომ ასაზრდოვებს ჩანჩქერებს, წყაროს,
მდინარეები ზღვებს უერთდება
და ოკეანის სიღრმეში ჩქარობს.
შენი ღიმილი მზე არის მწველი,
შენი კბილები - მძივების კონა,
ყელს დაკიდული მარგალიტები,
ცას ვარსკვლავებად რომ დაეკონა.
ანგელოზივით შეისხი ფრთები
და ამ სამყაროს დედად იქეცი,
სიცოცხლის წყაროვ, მფარველო ჩვენო,
ლოცვით, გალობით შენთან ვიქნებით!
მაია დიაკონიძე
27.10.2012წ.

No comments:

Post a Comment