Wednesday, September 1, 2021

პოეზიის დედოფალი, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი

ერთხელ ღამით კვირაძალზე

სახეგაუცინარი

ბედისწერის ამორძალზე

ჩურჩულებდა ჩინარი.

და რა ქალი და რა ქალი,

ეშხით ნათილისმარი,

ლაჟვარდიდან გამომკრთალი,

ვით აისის სიზმარი,

ვით დამფრთხალი ნებიერა,

ვით შემფრთხალი ციცარი,

ირემივით ქედღიერა,

სწორფერს შენაფიცარი.

ვით ნიავის მიმომღერა,

ვით ცა მიმომცინარი,

ბედია თუ ბედისწერა,

ვერ მპასუხობს ჩინარი.

გაილაღა სულის მზერა,

სხივიც მოსწყდა ფრთიანი,

მიიღერა-მოიღერა

ყელი თილისმიანი,

ცეცხლოვანი შარმის რკალი

შეჰკრა, როგორც კამარა,

მაგრამ ვნების ნაპერწკალი

კდემამ დაასამარა

ალია თუ ელვის ალი,

ჰურია თუ ფერია,

ქარია თუ ქარიშხალი

მისებრ მისმიერია,

ნეტავ, ბედის კვირაძალზე

სახეგაუცინარი

ბედისწერის ამორძალზე

რას ჩურჩულებს ჩინარი.

ვის ეკთვნის ქედღიერა

სწორფერს შენაფიცარი,

ან დამფრთხალი ნებიერა,

ან შემფრთხალი ციცარი,

და რა ქალი და რა ქალი,

მუზაა თუ ფერია,

პოეზიის დედოფალი

მართლაც მშვენიერია.

ავტ. იოსებ მაჭარაშვილი


No comments:

Post a Comment