Tuesday, September 7, 2021

მისტიკა ჩემს ცხოვრებაში, მოგონებებიდან

 ჩვენს ცხოვრებაში ბევრი შეუცნობადი და მისტიკური ამბები ხდება ხოლმე, ხშირად არც ვაქცევთ ყურადღებას, ვერც ვაცნობიერებთ, ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც. ერთ ღამეს უცხო ყმაწვილი დამესიზმრა, ხუჭუჭა, მაღალი, ჩემი და - ია მიჰყვებოდა ცოლად, მეორე დღეს იას გაკვირვებულმა ვკითხე, თანაც ზუსტად აღვუწერე მომავალი ქმარი, გაიღიმა, თურმე ამ ყმაწვილს იცნობს კი არა, მართლაც გაჩარხულია საქმე. გავკვირდი, ჩემი ძმის - მიშას ქორწილიც ვნახე სიზმარში, პატარძალი მართლაც ის გოგონა გახდა, ვინც მესიზმრა. დედა კი გვიყვებოდა, ის უკრაინაში ცხოვრობდა, რაღაც რიტუალი ჩაატარეს გოგონებმა მომავალი ქმრების სანახავად, მისთვის მომავალ მეუღლეს უნდა მიეწოდებინა წყალი, დედამ გვითხრა, უცხო ყმაწვილი მოვიდა და წყალი დამალევინა, იოსკა ერქვაო. მამას სახელი იოსები, სოსო იყო. არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დედა დარწმუნებული იყო, რომ ეს რიტუალები ხშირად ამართლებდა კიდეც. კიდევ რამდენ გოგოს მოუყოლია ასეთი ამბები. მეც ჩავატარე ერთხელ რაღაც რიტუალი, სხვა გოგოებთან ერთად, ღმერთმა არ მიწყინოს, ცოდვები კი არის ეს ყველაფერი, საქმრო სიზმარში უნდა გამოგვცხადებოდა, ტკბილად ჩამეძინა და შუაღამეზე ვიღაცის დაჟინებული მზერა მაღვიძებს, დავაჭყიტე თვალები და ვხედავ, ვიღაცა ახალგაზრდა ყმაწვილი, სრულად უცნობი, ჩემი საწოლის თავებს ჩასჭიდებია და მიყურებს, მახსოვს თეთრი პერანგი, საროჩკას რომ ვეძახით, ეცვა, სახელოებზე შეხსნილი, სახეზე შეხედვა მომერიდა, ოდნავ შევავლე თვალი. მალე გამოსახულება უკან-უკან წავიდა და საბოლოოდ გაქრა. არ შემშინებია, მალე ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც, გავთხოვი, მაგრამ ხანდახან გამახსენდება ხოლმე ის ყმაწვილი და ვფიქრობ, ალბათ დროსა და სივრცეში თუ ავცდით ერთმანეთს.

No comments:

Post a Comment