მინდა ზოგიერთ პრობლემატურ საკითხზე ვიმსჯელო. დღეს წითელი პარასკევია.
მე მაინც ყოველგვარი უბედურების სათავედ უსიყვარულობა მიმაჩნია, თუ ამას გაუნათლებლობაც ერთვის თან, კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ და ალბათ, გარკვეულწილად ვდგავართ კიდეც. მშობლებს თავიანთი გაჩენილი შვილები არ უყვართ, შვილებს - მშობლები. რასთან გვაქვს საქმე?! ადრე, როცა ქართველები ასე თუ ისე ჩაკეტილ გარემოში ვცხოვრობდით, ასე ახლოს არ ვიყავით განვითარებულ ევროპასა და ამერიკასთან, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, ვერ ვხედავდით ბევრ რამეს, კარგს და, მათ შორის, ცუდსაც, ვცხოვრობდით წყნარად და მხიარულად. გვიყვარდა ჩვენი სამშობლო და პირნათლად ვემსახურებოდით მას.
დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიწყო საუკეთესო კვალიფიციური კადრების გადინება ამერიკასა და ევროპაში, შიმშილი ადამიანებს აიძულებდა დაეტოვებინათ შვილები და იქიდან დახმარებოდნენ ოჯახებს, მაგრამ რის ფასად?! გადიოდა წლები, იკარგებოდა ნათესაური კავშირები, სიყვარული, რაც დედას ან მამას შვილთან აერთიანებდა, წლების მერე საქართველოში ჩამოსულებს უცხო ადამიანები, უცხო გარემო ხვდებოდათ, ბევრი უკან ბრუნდებოდა, აქ რომ თავის ადგილს და სითბოს ვერ პოულობდა. დიახ, მათ იქ - უცხოეთში ახალი ცხოვრება დაიწყეს, გაიცნეს სხვა ადამიანები, ჩამოუყალიბდათ ახალი ურთიერთობები, რომელთა დაკარგვაც მათთვის ისევე მტკივნეულია, როგორიც იყო შვილებთან, ოჯახებთან განშორება. რთულია ემიგრანტობა, მაგრამ ჩამოყალიბდა ახალი ტიპის ქართველები, რომელთაც საქართველოც უყვართ, მაგრამ იქაური ცხოვრებაც არ ეთმობათ სხვადასხვა მიზეზთა გამო. ბევრმა იქ ოჯახებიც შექმნა. გაუმარჯოს ქართველებს, სადაც არ უნდა იყვნენ, მაგრამ ამის წინ ემიგრანტების ვიდეოები ვნახე, სადაც მათი შვილები უკვე ადაპტირებულნი არიან უცხო მიწაზე იქაურ სკოლებში, სხვა ენაზე ლაპარაკობენ, ბევრმა ქართული არც იცის, არიან კი ისინი უკვე ქართველები?! ,,დედაენა არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა", უთქვამს იაკობ გოგებაშვილს და ძნელია არ დაეთანხმო. ვამაყობთ ჩვენი შვილების იქაური მიღწევებით, უნდა ვიამაყოთ კიდეც, მაგრამ აქ დამბრუნებელიც რომ აღარავინ ჩანს, ისიც ცხადია.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები აქედან წასული ქართველებისა არ არის, მაგრამ მოსახლეობის ნახევარი თუ არა, მესამედი რომ გასულია უკვე საზღვარგარეთ, ეჭვიც არ მეპარება.
რას ვშვრებით ახლა აქ დარჩენილი ქართველები?! როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, სულ უფრო და უფრო ეცემა ბავშვების განათლების დონე, რასაც გარკვეულწილად კორონის პანდემიამაც შეუწყო ხელი, მოსწავლეებს დღეს ინგლისურის სწავლა ურჩევნიათ, ვიდრე ქართულის, იციან , უკეთეს სამუშაოს იშოვიან, თუ არა და ბევრი მშობელი მათაც უცხოეთში სასწავლებლად, სამუშაოდ ამზადებს.
ერთ დროს განათლების დონით მსოფლიოში განთქმული ერი დეგრადირების გზაზეა და თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვალა, რომ იტყვიან, ,,ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" , არაფერი გვეშველება. თანდათან დაიხურა კვლევითი ინსტიტუტები, ძველ კადრებს არავინ არაფერს ეკითხება, რისი მიზეზითაც შოვში დატრიალდა საშინელი ტრაგედია.
არავის სჭირდება ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ერთ დროს დაფასებული პროფესორები დღეს გახუნებული პიჯაკით და ხელჩანთით ხელში შეგხვდება ავტობუსში, იმ წუთში იცნობ ამ ინტელიგენტ ხალხს ლაპარაკის მანერით, დახვეწილი ქართულით, კოპწიად გადავარცხნილი შევერცხლილი თმებით. მხოლოდ პოეზია ყვავის, ყოველ დღე ათობით პოეტი მაინც იჩეკება, ამას მაინც არ სჭირდება ფული. ვწეროთ და ვიკითხოთ, მაგრამ საქართველოს ვინ გადაარჩენს, აი, ესაა საკითხავი!!!
დაიცალა სოფლები, ყველას თბილისში უნდა ცხოვრება, თუ უცხოეთში ვერ უხერხდება წასვლა. პირველი რიგის ამოცანა ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, სოფლის აღორძინება უნდა იყო. ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმება დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსთვის. შეუძლებელი გახდა სოფლებში ხალხის დაკავება, ბუნებრივიცაა, ყველა უკეთეს ცხოვრებას ესწრაფვის, მაგრამ სადაა სიყვარული მიწისა, როცა ყველა ადამიანი მიჯაჭვული იყო თავის სოფელს, სახლს, ოჯახს,
შემდეგი პრობლემა უცხოელების შემოდინებაა საქართველოში. ამას წინ ერთმა ადამიანმა მითხრა, თბილისში ცენტრალურ უბანში აშენდა სახლი, ბინების მფლობელთაგან მხოლოდ ორი იყო ქართველი, დანარჩენი უცხოელიაო. მოკლედ იყიდება საქართველო! ამის უფლებას კი ჩვენ ვაძლევთ, ქართველები!
ჩემს თავს აღარ ვდარდობ, ჩემი შვილები მეცოდებიან, რომელთაგან არც ერთს არ უნდა უცხოეთში წასვლა. ნეტავ როგორი საქართველო იქნება ოციოდე წლის მერე, გადამახედა და დამანახა, იქნებ საქართველო აღარც ერქვას?!
უსიყვარულობაა მაინც ყოველი უბედურების სათავე, ისე არ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, როგორც საჭიროა, დამეთანხმებით ალბათ ამაში!
3. 05.2024 წელი
No comments:
Post a Comment