გაეღვიძა გოგონას, პაპას ჟურნალი უკვე ამოეტანა ქალაქიდან და ეძახდა:- გაიღვიძე, "დილა" მოგიტანეო, - დილის მზის სხივები დაჰნათოდნენ მაგიდაზე შემოდებულ 115 წლის ჟურნალს.
Friday, May 10, 2024
ანოს და ძაღლი ჯუნას ახალი თავგადასავალი
ანო ყოველ თვე ელოდა ჟურნალ "დილას", ჯერ ბებია, პაპა, დედა, მამა უკითხავდნენ, ახლა თვითონაც იცის კითხვა და და ეწაფება თითოეულ ასო-ბგერას, მოწადინებით აყოლებს ხოლმე თითს სტრიქონებს: - "ჟურნალი "დილა" ერთი... ერთი... ხუთი... წლისაა", - ამბობს, ძაღლი ჯუნაც იქვე ზის და ხან ერთ თათს აწევს, ხან - მეორეს "ერთის" გაგონებაზე. ციფრების ცნობა კი ისწავლა სკოლაში ანომ, მაგრამ რამდენია "ერთი... ერთი... ხუთი..." ეს არ იცის, არც არავინ ეუბნება სახლში, შენ თვითონ ისწავლეო. სკოლაში ეს ესაა ერთეულებს და ათეულებს მორჩნენ და, ახლა ასეულებზე გადავიდნენ. სიხარულით ელოდება, როდის ამოუტანს პაპა ქალაქიდან ჟურნალს, ის რიცხვი უნდა ამოიკითხოს აუცილებლად. მოუტანა, კარგად მოეწყო სავარძელში, თითს აყოლებს ასოებს და ციფრებს: "ჟურნალი დილა 115 წლისაა", როგორც იქნა წაიკითხა, გაეხარდა, ბებიასთან მიირბინა, ჟურნალი დილა 115 წლის ყოფილაო, ახარა, მერე მამა და დედას აუწყა ეს ამბავი, სიხარულით ხტოდა და ცეკვავდა. მისი საყვარელი ძაღლი ჯუნაც მასთან ერთად უვლიდა წრეებს სახლს, თან ყეფით იკლებდა იქაურობას. ანოს პაპა გაახსენდა, ეს ამბავი მასაც უნდა ვუთხრაო და ეზოში გაიქცა, ნოემბერი იდგა, მოგეხსენებათ, ამ დროს უკვე ცივა ხოლმე, პალტოშემოცმული ანო და ჯუნა პაპას საძებნელად გაეშურნენ, ანოს ჟურნალი რუდუნებით ჩაეხუტებინა გულთან. კატის ცინტალი დაინახეს, ნაკადულში ჩავარდნილიყო და საცოდავად კნაოდა, ტოტებს შორის გაჩხერილს წყლიდან გამოსვლა არ შეეძლო, რა სულზე მოვუსწარითო, გაიფიქრა, ჟურნალი იქვე მდგარ კუნძზე შემოდო და თვითონ კატის საშველად გაეშურა. ხელები გაეყინა ცივ წყალში, ძაღლი ჯუნაც ცდილობდა მიხმარებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ძაღლის ყეფაზე პაპამაც მოირბინა, - კარგი გოგო, ხარ, კნუტი რომ შეგეცოდა, - უთხრა გოგონას და საცოდავი პატარა არსებისკენ დაიხარა, ნელ-ნელა გადაწია ტოტები და კნუტი წყლიდან ამოიყვანა, თან პალტოს დიდ ჯიბეში ჩაისვა, გათბებაო. გოგონას ახლაღა გაახსენდა, რისთვის გარბოდა პაპასთან, მოიხედა, მაგრამ ჟურნალი კუნძზე აღარ იდო. იქაურობა მოათვალიერეს, არსად ჩანდა, თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, მაგრამ პაპამ დაამშვიდა, ჩხიკვი მახარა წაიღებდა, იმას უყვარს ეგეთი ჭრელ-ჭრელი ნივთებიო, მაგრამ ჟურნალი მძიმეა, შორს ვერ წაიღებდა, სადმე ახლო-მახლო იქნებაო, დაძებნეს იქაურობა და რას ხედავენ, ჟურნალს გარშემო შემოსხდომიან დათვი, მელა, მგელი და შიგ იყურებიან, ისინიც დააინტერესა ჟურნალმა, ციყვები ნაძვის ტოტებიდან ჩასცქერიან, მათთან ერთად სხედან სხვა ჩიტებიც, ირმებიც შორიახლოს დადიან და ცნობისმოყვარედ ატრიალებენ დიდ ლამაზ თვვალებს. ჩხიკვი კი ამაყად დაჰფრენს ზევიდან და ყვირის: ჟურნალი "დილა" 115 წლისააო, ეტყობა ანოს ნათქვამი გაიგონა, იმან ხომ მიყურადებაც იცის, დიდი ჭორიკანა ვინმეა. ასე იყო თუ ისე, მთელმა ტყემ იზეიმა ჟურნალის საიუბილეო თარიღი, პაპამ სუფრაც გაუშალა დიდი...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment