Wednesday, May 29, 2024

ბელა (საბავშვო ზღაპარი)

                                         ბელა

   დაიბადა თუ არა პატარა გოგონა, სახელად ბელა. მაშინვე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდა, დედა, მამა, ბებია, პაპა, ყველა მის გახარებას ცდილობდა. დედ-მამა საჩუქრებით ანებივრებდა, ბებია მისი გულის მესაიდუმლე და მეგობარი იყო. ჩაუწყობდა ბელა ხელებს ხელებში ბებიას და ეტყოდა: - ბებია, სიყვარული რა არის?! ბებიაც ეუბნებოდა, რომ სიყვარული ის არის, რაც შენს გულშია და სანამ პატარა ხარ, ისიც პატარა ვარდის კოკორივითაა, გაიზრდები და ისიც გაიფურჩქნება, გაიზრდება, რომ თავისი სურნელებით მთელი დედამიწა გადაფაროს, ყველამ იგრძნოს შენი სიყვარული: მიწამაც, ცამაც, ფრინველებმაც, ცხოველებმაც და მით უმეტეს, ადამიანებმა, რომლებიც გარს გახვევიაო. ვარდის სურნელება კი ბელამ უკვე იცოდა, რა იყო, მისი ოთახის ფანჯარასთან სხვადასხვა ფერის ვარდები ჰყვაოდა.

   პაპას ბელა ხშირად დაჰყავდა ტყეში, იქვე სოფლის მახლობლად რომ აქოჩრილიყო. ათასნაირი ჩიტის სიმღერას ისმენდა იქ გოგონა. ხედავდა, როგორ იცვლებოდა ტყე წელიწადის დროების მიხედვით. გაზაფხულზე საქორწილოდ მორთულ პატარძალს ჰგავდა, ყლორტები გამოსდიოდა ხეებს, ხეხილი ყვაოდა, თეთრად იფიფქებოდა ეზო-გარემო, ოღონდ ეს ფიფქები თეთრი, მოვარდისფრო ყვავილები იყო და ყვითელი მტვერი, რომელიც ქარს აქეთ-იქით გადაჰქონდა. ლამაზი იყო ტყე გაზაფხულზე.   ზაფხულში ცოტა მოიწყენდა ხოლმე, შუადღეზე  სიცხისგან ითანგებოდა, თუმცა დილა-საღამოს იქიდან წამოსული მაცოცხლებელი ნიავი ბელას სახლამდეც აღწევდა. შემოდგომაზე ტყე ნაირფრად ირთვებოდა. თითქოს ათასფერი კაბები ეცვათ ხეებს. ჩიტების ჭიკჭიკი ნაკლებად ისმოდა ტყეში, თბილ ქვეყნებში მიფრინავდნენ, ხანდახან ყვავი თუ დაიყრანტალებდა, ხიდან ხეზე გადასკუპტებოდა. ზამთარში კი ტყე თეთრი თოვლით იფარებოდა,  თითქოს წვერები ამოსვლოდათ ნაძვებს, გოგონას თეთრი ულვაშებითა და წვერებით პაპას აგონებდნენ. 

- პაპა, პაპა, - ეტყოდა გოგონა, - შენც თეთრი წვერ-ულვაში გაქვს ამ ტყესავით, თოვლის პაპა ხარ, ნამდვილი. 

-- გგონია, სულ ასეთი ვიყავი?! - გაიცინებდა პაპა, - გახსოვს, ჩემო გოგონა,  ტყე გაზაფხულზე როგორ ჰყვავის?! მეც ჯერ პატარა ბიჭი ვიყავი, მერე ზაფხულივით. დავვაჟკაცდი, მერე შემოდგომასავით  დაბერება დავიწყე, ფოთლები ცვივა ხეებს, აი ამ მუხასავით ვარ ახლა, - შეახედებდა პაპა გოგონას ტყეში მდგარ უკვე დაბერებულ მუხაზე, ყავლი გასდის ყველაფერს, - ეტყოდა სევდანარევი ღიმილით. 

  გაიზარდა ბელა, მის გულში სიყვარული ვარდივით გაიფურჩქნა. ყველა უყვარდა დედამიწაზე, მისი სიცილი გარეშემო ყველაფერს აცოცხლებდა, კისკისით ჩამოუვლიდა ყვავილებს, - მიყვარხართო, - დაუძახებდა. ტყისკენ გასწევდა, ყველა ხეს მოეფერებოდა, ყველაზე დიდხანს კი იმ ბებერ მუხასთან ჩერდებოდა, პაპამ რომ უთხრა, ამას ვგავარო. პაპამ ხომ ანდერძად დაუტოვა, ის ბებერი ხეც გიყვარდესო. 

 


No comments:

Post a Comment