თელები ქარით
უსმინე ამ ქარს, სახეს რომ მიწვავს,
თავდება ფეხთან დათვლილი მიწა
და რამდენი გზა იწყება ფეხთან.
გზებიც დაგდევენ, როგორც იროდი,
ისევ წასვლისას რეკენ ზარები,
თითებში გულით რომ დავდიოდი,
დღეს, გულზე ხელით, დავიარები.
ღამით მახსოვხარ და ღამით გეძებ,
თოვდა და ახლაც, თოვლით ვიკვრები
— შენ, თავი გედო ჩემ დაღლილ მკერდზე
და გულს მიკლავდნენ შენი ფიქრები.
მერე, რამდენი ღამე გავთელე,
თოვლმა ათასჯერ ვიდრე იტირა,
შეხე ამ თელებს, შეხე ამ თელებს,
რა მოტეხილნი დგანან გზის პირას..!
მიმოდიოდა მიწაზე ხალხი,
ვინც არ იცოდა რა იქნებოდა
და უშენობის თოშიან ალყით
დროს მასწავლიდა მიწა ქვემოდან.
დროს დრო სცვლიდა, და ამინდი — ამინდს,
მიწა მეძახდა მიწის მორიდალს,
ყელზე მეკიდა ყოველი წამი
და შენზე ფიქრი მცდიდა შორიდან.
ეს გზა, ამ ქარით, ვერ გა-გვამ-თელებს,
წასასვლელად რომ გადაგიბირა,
შეხე ამ თელებს, შეხე ამ თელებს,
რა მოტეხილნი დგანან გზის პირას..!
No comments:
Post a Comment