Tuesday, September 7, 2021

ისევ ჩემი სტუდენტური თავგადასავლები (მოგონებებიდან)

 დღეს ისევ ჩემს ცხოვრებისეულ ამბებს მოგიყვებით ცოტაოდენ გასახალისებლად: ახალგაზრდობაში ძალიან მკაცრი ადამიანი ვიყავი და ბიჭებს სათოფეზე არ ვიკარებდი, მეგობრობით ვმეგობრობდი, ვერავინ ვერ შესძლებდა ჩემთან მოსვლას და რაიმეს თქმას, მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ადამიანმა თუ შესძლო ჩემთვის სიყვარულის ახსნა, ისინიც მაშინვე ჩემგან დაცინვის და ხუმრობის ობიექტად იქცნენ, რატომ ვაკეთებდი ასეთ რამეებს, დღემდე მიკვირს. მახსოვს, უნივერსიტეტში ერთმა სტუდენტმა, ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, აუდიტორიაში მარტო აღმოვჩნდით, სხვებს ველოდებოდით, უცაბედად ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და გამომიწოდა, ლექსი დავწერე შენთვის და წაიკითხეო, დავიწყე კითხვა, ძალიან მომეწონა, ვიფიქრე, ეს რა საოცრება დაუწერია-მეთქი, მაგრამ ჩვეულებას ვერ ვძლიე, დავინახე სხვა სტუდენტები შემოლაგდნენ ოთახში, შევხტი სკამზე და ლექსის ხმამაღლა წაკითხვა დავიწყე, ავტორმა ხელიდან გამომგლიჯა ქაღალდი და ჩემ წინ ნაკუწებად აქცია, ძალიან ვინანე ჩემი საქციელი, ახლაც ვნანობ, რას ვერჩოდი-მეთქი, იმის მერე გამებუტა და აღარ მელაპარაკებოდა. არა და მანამდე, სულ ლექსებით მანებივრებდა, კარგად კითხულობდა სხვადასხვა ავტორებს, განსაკუთრებით უყვარდა იოსებ გრიშაშვილის ლექსიდან ერთი პატარა ნაწყვეტი:

"მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია."
ერთს მთვრალს წამოსცდა, მიყვარხარო და ლამის გავანადგურე, როგორ ბედავ მაგის თქმას, მეგობრად მიმაჩნდი-მეთქი, ორი წელი არ ველაპარაკებოდი. ერთი იყო კიდევ, ცოტა თავხედი ყმაწვილი გახლდათ, ის ბედავდა ჩემთან წაფლირტავებას, მაგრამ მე არაფერს ვიმჩნევდი, ხუმრობაში ვუტარებდი, ჭკვიანი ადამიანი იყო და ზედმეტების უფლებას არასოდეს აძლევდა თავს, მარტო მაქებდა და მადიდებდა, მისი თქმით, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, არ ვიცი, სინამდვილეში მართლა ასე ფიქრობდა თუ არა, მაგრამ გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო, იმასაც ჰქონდა შანსი ცოლად გავყოლოდი, ვერ გამოიყენა, მერე ცხოვრება კარგად აიწყო, ცნობილი ადამიანიც გახდა, მდიდარი. ერთხელ შემხვდა, გამომყოლოდი ცოლად, არ ინანებდიო, დახმარება არასოდეს შემოუთავაზებია, სამუშაო მაინც რომ ეშოვა ჩემთვის, ეგეც მადლი იქნებოდა, გახსოვთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში. გამეცინა, კიდევ კარგი, შენ არ გამოგყევი, მდიდარი და ძუნწები არ მიყვარს-მეთქი. ასეა, ახალგაზრდობაში არ ვაფასებთ სიყვარულს, ხელს ვკრავთ, არ ვუფრთილდებთ მათ, ვისაც ვუყვარვართ, მერე არ გვიფრთხილდებიან ჩვენ და გვიკვირს რატომაო? იმიტომ რომ რაღაცა დავაშავეთ, რაღაცა ვცოდეთ, სადღაც არასწორედ მოვიქეცით, ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსდება, ცუდი და კარგი, ასეა ეს! ერთი ლექსი კი შემომრჩა იმ ჩემი პოეტის დაწერილი:
"შენი ქერა დალალები
და უძირო ზღვა,
მხოლოდ შენი ალერსი და
არაფერი სხვა!
არაფერსაც არ ვინატრებ,
თუ ვინატრო, რა?!
ისევ შენი სიყვარული,
არაფერი სხვა!"

No comments:

Post a Comment