Friday, September 30, 2022

მინიმა, შემოდგომა

 შემოდგომა ჩვენს ეზოშიც შემოვიდა,

დაგვაყარა ზურმუხტ-ქარვა-ლალები,

მეც სიყვარულს გავუსინჯო გემო მინდა,

რომ მოგვაწყდა ალისფერი ბაღებით.



Thursday, September 29, 2022

ოქროს თევზის სურვილი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ოქროს თევზის სურვილი

ოქროს თ ე ვ ზ ი სულ არ არის
დასაჭერად ადვილი...
და მის თვალში ყველასა აქვს
თავ–თავისი ადგილი.
მას არ ხიბლავს სანაპიროს
ჭრელ კენჭების არშია,
რადგან იცის, მ ა რ გ ა ლ ი ტ ი
ზღვაში, – ნიჟარაშია.
მის დაჭერას ყველა ცდილობს,
ბევრი დაფაცურდება...
შენ არც ბ ა დ ე არ გჭირდება, –
თვითონ მოგიცურდება.

ისურვე და აგიხდება
გულით ნასურვილები: –
მ ა რ ჯ ნ ი ს ყელსაბამი გსურს თუ
მ ა რ გ ა ლ ი ტ ი ს ღილები.
მაგრამ ერთს გთხოვ, დ ა ს ა ჭ ე რ ა დ
ის არ გამოიმეტო,
მისი ფ ი ქ რ ი ს სანაპიროვ,
მარტოსულის ი მ ე დ ო.
ა კ ვ ა რ ი უ მ ს ვერ აიტანს
მისი ლ ა ღ ი ბუნება,
ვერ იცოცხლებს,
ზღვის ტალღები
თუ არ ებუბუნება!
ტყვეობაში ვერ იქნება
ტკბილ სიზმართა გამთევი...
ოკეანეც კი არ არის
მის ოცნებათ დამტევი!
ელგუჯა ციგროშვილი
თესალონიკი, 28.09. 2022 წელი
ალავერდობა

Wednesday, September 28, 2022

ალავერდი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები "

ა ლ ა ვ ე რ დ ი

დგას ა ლ ა ვ ე რ დ ი ს
თ ე თ რ ი ტაძარი,
ვით უკვდავება
ე რ ი ს წარსულის ;
ისე ს პ ე ტ ა კ ი ,
ისე მ წ ყ ა ზ ა რ ი ,*
როგორც ო ც ნ ე ბ ა
ნაზი ქალწულის !
ელგუჯა ციგროშვილი .
თელავი . ,,ფხოური კოშკი."
28 . 09 . 1990 წელი . ალავერდობა .
* მ წ ყ ა ზ ა რ ი ~
სიკეთეზე მეტი .(სულხან~საბა)


 შენ ფერგამკრთალი შემოდგომა იყავი მაშინ,

არა გატყუებ, შენს თვალებში ზღვები იძვროდა,

გამაჟრიალა, უცბად სისხლი აჩქეფდა ტანში,

ნეტავ ვინ ვიყავ მაშინ შენთვის, ნაზი იზოლდა?!

ჟღერდა შენი ხმა, როგორც გონგი, მიჰქონდა ზეცას,

 სულის შეკვრამდე შემძრა შენმა რითმა-სიტყვებმა,

არ დაიჯერო, რომ უყვარდე სხვას ჩემზე მეტად,

ასეთი გრძნობა არც არის და აღარც იქნება.


ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 1 . ოქროს თევზი , სულ არ არის

დასაჭერად ადვილი და მის თვალში ყველასა აქვს თავ~თავისი ადგილი . 2 . მას არ ხიბლავს სანაპიროს ჭრელ კენჭების არშია , რადგან იცის , მარგალიტი რომელ ნიჟარაშია . 3 . ოქროს თევზი ყველას უნდა , ბევრი დაფაცურდება , შენ არც ბადე არ გჭირდება , ~ თვითონ მოგიცურდება . 4 . ისურვე და აგიხდება გულით ნასურვილები , ყელსაბამი მარჯნისა თუ მარგალიტის ღილები . 5 . მაგრამ ერთს გთხოვ , დასაჭერად ის არ გამოიმეტო , მისი ფიქრის სანაპიროვ , მარტოსულის იმედო . 6 . აკვარიუმს ვერ აიტანს მისი ლაღი ბუნება , რა აცოცხლებს , ზღვის ტალღები თუ არ ებუბუნება ! 7 . ტყვეობაში ვერ იქნება ტკბილ სიზმრების გამთევი ... ოკეანეც კი არ არის მის ოცნებათ დამტევი ! ელგუჯა ციგროშვილი . თესალონიკი . 28.09.2022 წელი . ალავერდობა .
დაეცა ლოცვად ხმელი ფოთოლი,
თან მიწას ეკვრის, თან ზეცას უმზერს,
რამდენი აგო ცამდე გოდოლი,
ქარტეხილებმა უარეს გულზე.

ერთ დროს ხასხასა და ახალგაზრდა
ვნებებით სავსე მისდევდა დრო-ჟამს,
ახლა ტკივილის უწევს ატანა,
და ჰორიზონტზეც ზამთარი მოჩანს. 

გადაუვლიან მძლავრი წვიმები,
ააფრიალებს ხანდახან ქარი,
ის ერთადერთი, რაც მას უყვარდა,
მშობელი მიწის სურნელი არის.

ჩაეკვრება და აღარსად წავა,
ნეშომპალაა, სხვა თუ არარა,
და მისი ლოცვის ულევი ძალა
ზეცად გაუხსნის კარებს თამამად.



Tuesday, September 27, 2022

სანამ... (სატრფიალო)

 სანამ სხვისი თვალის სხივი გაცმევს ოქროს მოსასხამს,

სანამ შენთვის მზისა ქალი ჭრის, კერავს და მოქარგავს,

მე როგორღა შემოგხედო, ვერ მივიღებ კოცნასაც,

შენს ჩოხას და ახალუხებს ის დაადებს ქობასაც.

ამომავალ მზესთან ერთად ეგებები ალიონს,

მასთან სული სულ გიმღერის ,,მზევ შინა"ს და ალილოს,

დაე, მთვარემ, ღამის მწყემსმა, მეფეროს და მადიდოს,

შენ კი ღმერთმა ყველა ტკივილს, ყველა ავს აგარიდოს.




 




აფხაზეთს!

 აფხაზეთს!


როცა ჟამი თვალებს იფშვნეტს,

დღემ ღამე რომ გაათენოს,

როცა სევდა გულზე მიწევს,

სადა ხარ, სიყვარულო ძველო.

სად ხარ, რატომ არ მიამებ 

იარებს და გახსნილ წყლულებს,

ნუთუ უნდა დაიფერფლოს 

ჩვენი ძმობის საუკუნე.

ნუთუ ყველაფერი გაქრა,

თვალებს მარტო ცრემლი მოაქვს,

დაიკარგა ძველი ქარგა,

ერთად ვქსოვდით მბრწყინავ ოლარს.

რატომ აწვიმს სისხლი სოხუმს,

გაიჟღინთა ცრემლით მიწა,

თავანკარა ენგურს, ფსოუს,

ჩვენი ლოცვა მაინც იცავს.

ხელი შენს მაჯაზე მიდევს,

მაჯისცემას შენსას ვჩემობ,

შენს ნატვრაში გული მიცემს,

სად ხარ, სიყვარულო ძველო!





 სადაცა ხარ, თუ გარშემო 

სხვები სხივებს გაშლიან,

ოქროს კოშკი ავაშენო,

იმასაც არ მაცლიან,

ეცდებიან გაგახვიონ, 

როგორც თევზი, ბადეში,

ჩემს მაგივრად დაგიკოცნონ

ე მაგ ლურჯი თვალები,

არ ვარ ყაბულს მე ამაზე,

შენთვის მზად მაქვს გალია,

და  ამური ამ ეტაპზე,

ჩემი მეგობარია


მეორე ვარიანტი:

სადაცა ხარ, თუ გარშემო
სხვები სხივთმებს გიშლიან,
ბროლის კოშკი რომ აგიგო,
მე მასაც დამიშლიან.
ირგვლივ შემოგერტყმებიან
ვით მაცდური ალები,
ჩემს მაგივრად რომ გიკოცნონ
ეგ ზღვისფერი თვალები.
მე არ დაგთმობ, თუნდ დაიქცეს,
ირგვლივ მთა და ბარია,
თვით ამურიც, ამ საქმეში,
ჩვენი მოისარია!
მაია დიაკონიძე
28.09.2022წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
Sofio Chelidze, ზოია ვარდოსანიძე და 7 სხვა
2 კომენტარი
ნახა 29-მა
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება


Sunday, September 25, 2022

 მომენატრა შენთან ერთად ხეტიალი,

ფეხქვეშ როცა ყრუ ფოთლები შარიშურობს,

ცა დაგვცქერის უსაზღვრო და მადლიანი,

წვიმის წკრიალს ჩვენი გულის ხმაურს უწყობს.

მომენატრა თეთრი ცხენით მინდვრად ქროლვა,

მერე წვიმა, შეფარება... ფერად ტყეებს,

იმ მზეს, იმ ცას ალბათ სულ სხვა ხიბლი ჰქონდა,,.

მინდა ნაზი მოგონება სულ თან მდევდეს.

და შენც, კარგო, ისევ ჩემთან ერთად იყო,

ხმიანებდეს წვიმა ურჩი ჩვენს ნაზ მხრებზე,

ჯადოსნური  სილამაზის ის ტყეც გვიხმობს

და ნუ გამცემ  ახლა პასუხს ალალ-ბედზე.









შენნაირია ვერავინ (სატრფიალო)

 შენნაირია ვერავინ,

შენ შუქი წვდება ზეცამდი,

აღარსაით ვარ მხედავი,

მანათობელო ელადის.

შენ ერთს გიცქერ და შენ გყვარობ,

სიზმრებ მომდიან ფერადი,

შენა ხარ ჩემი სამყარო,

ჩემი ოშკიც და გელათიც.


Saturday, September 24, 2022

 შენ სიყვარული მოგქონდა ჩემთვის,

მეც მომეტანა, ვცდილობდი ამას,

და როგორც შენი მოჭრილი ფესვი,

რომ აღვმგარიყავ, ვიკრებდი ძალას.

მივიწყებულ მეს სულ გახსენებდი,

დროდადრო სიზმრად გევლინებოდი,

იქნებ დროს და ჟამს უკვე მინებდი,

აღარ გახსოვდი, აღარც მელოდი.

მძინარეს ახლა გამომეღვიძა,

როს შენი კოცნა ტუჩზე ვიგემე,

და თუ შეხვედრა შენთან მეღირსა,

უფალს გამოვთხოვ ჩვენ წილ სიკეთეს.




 ასე მგონია, არ გჭირდები და აღარ მიხმობ,

ჩემი ტკივილით გომბორს იქით შეძრულან მთები,

რომ დამივიწყო, ვით სიზმარი, ამასა ცდილობ

და არ გეგონოს ეს ადვილი, ძნელია, ძნელი.

თავს შეგახსენებს წყაროს თავთან ჩემი სიცილი,

შავი შაშვი რომ ნაზი ხმებით  აჭახჭახდება,

მოგესალტება  სამოთხური ტკივილი ძველი

და მოგინდება  ადამივით ევას გაგება.

ქალს რომ გაუგო, განა არის ასე ადვილი,

როცა ეშმაკნი ჯოჯოხეთში თავებს იმტვრევენ,

და რომ მოსინჯო, შეამცირო ჩემთან მანძილი,

დაგებედები ხელუხლებელ, ხალას სიკეთედ.



აღარ ვიქნები, სიცოცხლესაც ხომ გასდის ყავლი,

თუ არ ეფერე, თუ ჭრილობებს აღარ უწამლე,

ნუღარ მოაყრი ჩემს იარებს უფრო მეტ მარილს,

თუკი წახვედი, წასვლას ნუღარ დააგვიანებ.






Friday, September 23, 2022

არავინ და არაფერი უნდა იქნეს დავიწყებული - წელს მარი აბრამიშვილი ასი წლისა გახდებოდა.

ამის წინათ ჯაკომო ლეოპარდის, იტალიელი მწერლის, მოთხრობა წავიკითხე: ,,გარეული მამლის სიმღერა" (ქართულად თარგმნა მაია ტურაბელიძემ). ლეგენდების მიხედვით თურმე არსებობს გარეული მამალი, რომელსაც ფეხები მიწაზე დაუბჯენია, ნისკარტი კი ცისთვის მიუდგამს , მისი სიმღერა კი ასეთია: „ჰეი, მოკვდავნო, გაიღვიძეთ! დღე იბადება, დედამიწაზე ჭეშმარიტება ბრუნდება. ფუჭი ლანდები და მოჩვენებები სტოვებენ მას. წამოდექით და მოიგდეთ თქვენი ცხოვრება მხრებზე. გაითავისუფლეთ თავი სიყალბისგან, მოიშორეთ ეს ტვირთი და შეაბიჯეთ ჭეშმარიტების სამყაროში!" ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ მარი აბრამიშვილის პოეზია გამახსენდა, მისი ცხოვრება, მოღვაწეობა, მივხვდი, რომ შევაბიჯებდი რა მის სულიერ სამყაროში, ჭეშმარიტების, სილამაზის, სიყვარულის სამეფოში ამოვყოფდი თავს, ვეზიარებოდი მისი სულის სიმებზე ჩამოკრულ ჰანგებს, რომელიც მრავალ ათას ქართველს უტკბობს სულსა და გულს. მის ლექსებზე ხომ ოცამდე ცნობილი სიმღერა მაინცაა დაწერილი. რომელი ერთი ჩამოვთვალო: „სიმღერა თბილისზე“ (ლექსზე „თბილისო“), კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი, „იქნებ მართლა“ (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა ნანა ხვიბლიანის, „ისევ და ისევ გაზაფხულია“ (ლექსებზე „ისევ და ისევ გაზაფხულია“ და „როგორ დაიჯერე“), კომპოზიტორი გენო მანჯგალაძე, „აი, სად შემხვდი“ (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა ირმა სოხაძისა, „ერთიან საქართველოს“ (ლექსზე „ერთი ქუდი“), მუსიკა ეკატერინე თევზაძის,  ასრულებს ანსამბლი „ქართული ხმები“; მითხარი ხომ არ დავაგვიანე“, (ლექსზე „აი, სად შემხვდი“), მუსიკა არტემ  ერქომაიშვილის,  როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება“ (ლექსზე „როგორ დაიჯერე“), მუსიკა ესმა გურამიშვილისა და მრავალი სხვა. ამ დიდებული პოეტი ქალის ლექსები ხომ განსაკუთრებული მუსიკალურობით, რითმულობითა და რიტმულობით გამოირჩევა. ის უმღეროდა სამშობლოს, უმღეროდა სიყვარულს. თუმცა ვიცით, რომ არ ჰქონდა მას მარტივი ცხოვრება. ,,ჩემი სიტყვა ჭეშმარიტ სიყვარულს ემსახურება, ჭეშმარიტი სიყვარული კი საქართველოა ჩემი!" წერდა იგი. მისი ყველაზე დიდი სიყვარული ნამდვილად საქართველო იყო და ეს მან მთელი თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. . 

ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ წელს მარი აბრამიშვილის, ქართველი პოეტი ქალის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, იუბილეა, ,,შენ ორი ათას ოცდაორ წელს, სექტემბრის თვეში, სულ მცირე ჟამი - საუკუნე გაგიტოლდება". წერდა იგი. დიახ, მას საუკუნე გაუტოლდა. მარი აბრამიშვილი დაიბადა 1922 წლის 21 სექტემბერს საჩხერეში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის - ,,ანათემა“ გამოცემის გამო დააპატიმრეს. ამ დროს ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი, მან საოცნებო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოგრაფად დაიწყო მუშაობა, მაგრამ პირველი ხელფასის დახარჯვაც კი ვერ მოასწრო,, დააპატიმრეს სამსახურიდან გამოსული.

,,ჩვენ ამ საღამოს წაგვიყვანენ, მაგრამ რა ვუყოთ,
იქ ხომ ფარული ბორკილები აღარ გვედება",
წერდა იგი დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე. მას მთავარ დანაშაულად ანტისაბჭოთა ხელნაწერი ჟურნალის ,,ანათემას" გამოცემა წაუყენეს, მაგრამ ამას დაემატა აბსურდული ბრალდებანი: მისი სტუდენტობიის დროს დაწერილი რეფერატი ,,ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება", ასევე იმ ყმაწვილის სიყვარული, რომელიც რეპრესირებული ოჯახიდან იყო, ასევე ის, რომ სამამაულო ომისთვის, როგორც ამას უწოდებდნენ მაშინ, ფაშისტურ გერმანიასთან ომს, არ ჰქონდა მიძღვნილი ლექსები. მარი აბრამიშვილი ერთი წელი მარტოდმარტო იჯდა 31-ე ვიწრო, უსარკმლო საკანში, რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა წერდა და მღეროდა თავის ლექსებს, წერდა პირობითია, კალამს და ფურცელს ვინ მისცემდა, გონებაში დაწერა 100-მდე ლექსი, რომლებიც შემდგომ ვიატკის ბანაკებში ფურცლებზე გადაიტანა, ზეპირად ჰქონდა დამახსოვრებული. ის საბედისწერო ჟურნალი ,,ანათემა" დაიკარგა, მხოლოდ ერთი სტროფი ლექსისა შემოინახა რევაზ კვერენჩხილაძემ:
,,პატარა ერი თავის კუთხეს აღარ მმართველობს,
როგორც ცხვრის ფარა, სხვის კომბლის ქვეშ მიედინება,
მითხარ სად არის ან სამშობლო, ან საქართველო,
სად არის ჩვენი ცა-ფირუზ და ხმელეთ-ზურმუხტი?!
ხომ ხედავ, კუთხე წაგვართვეს!"
მარი აბრამიშვილი გადაასახლეს. შვიდი ქალაქის: თბილისი, როსტოვი, მოსკოვი, გორკი, კიროვი და ვიატკა, ის ქალაქებია, რომელთა ციხეებშიც იჯდა ძვალზე ტყავგადაკრული ახალგაზრდა ქალი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და სასჯელს იხდიდა, ყველაზე დიდი ხანი ვიატკის ბანაკებში მოუწია ყოფნა. სწორედ ამითაცაა მარი აბრამიშვილი გამორჩეული, რომ ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. ფიზიკურ ტანჯვაზე მეტად მისთვის სულიერი ტანჯვა უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. თავისივე თანამოაზრემ, ,,ანათემას" ჯგუფის წევრმა, მეგობარმა და თაყვანისმცემელმა უღალატა. გადასახლებიდან დაბრუნებული ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდა. საზოგადოება ერიდებოდა, როგორც რეპრესირებულს, ,,სამშობლოს მტერს", მაგრამ ძლიერი სულის ქალმა ფარხმალი არ დაყარა, და კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. რეაბილიტირებულია 1998 წლიდან. გარდაიცვალა 2008 წელს. ის ოცამდე წიგნის ავტორია. 1993 წელს აბრამიშვილს მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
      პედაგოგი - მზია ხელაშვილი იხსენებს:  მახსოვს, ჩემი ქართულის მასწავლებელმა, მაყვალა სიმონიშვილმა წაგვიკითხა მისი ლექსი,
,,მე თავს არაფრით არ შეგახსენებ.
ბიჯს არ გადმოვდგავ ზედმეტს,
შენ თვითონ თუ არ დამიმახსოვრე,
შენ თვითონ თუ არ მძებნე.
მე თავს არაფრით არ მოგაძალებ,
თუ არ გჭირდები თვითონ,
მე სიყვარული ასე მასწავლეს,
ასე მწამს, მე რომ მკითხო."
მერვე კლასში ვიყავით მაშინ და ასე""დაგვმოძღვრა"", წერს მზია. მესიამოვნა ამის წაკითხვა, მარი აბრამიშვილის ლექსებს  და მის განვლილ ცხოვრებას აღმზრდელობითი დატვირთვა და მნიშვნელობაც ჰქონდა და ექნება ყოველთვის. გავიხსენებ პოეტ და ჟურნალისტ ნანა ღვინეფაძეს, რომელმაც გახმაურებული წიგნი „შარავანდედი” უძღვნა ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს, ის ამბობდა, რომ მას მეორე, მაროსავით თავდადებულ თანამედროვე ქართველ ქალად მარი აბრამიშვილი მიაჩნდა, სიამოვნებით დაწერდა მარი აბრამიშვილის ცხოვრების წიგნსაც, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, როცა გაიგო, რომ მარი აბრამიშვილი თავად აკეთებდა ბიოგრაფიულ ჩანაწერებს. მართლაც, დაიწერა მარი აბრამიშვილის წიგნი „ბედისწერის განაჩენი”, რომელიც 2016 წელს დაბეჭდა „ინტელექტმა”. ეს მართლაც დიდი და ამაღელვებელი ცხოვრების ისტორიაა, რომელიც მუდამ მძაფრი ინტერესის საგანი იქნება მისი ავტორის პიროვნული სიძლიერის და გაუტეხლობის, ქედუხრელობის გამო.

   მარი აბრამიშვილის ლექსები მდიდარია მხატვრული ხერხებით, აღარ ვლაპარაკობ მათ შინაარსსა და ღრმა განცდებსა და გრძნობებზე, რომლებსაც ისინი იწვევენ ადამიანში. დიდია მისი კავშირი ბუნებასთან. ის ღრმად ერწყნის თითოეულ მინდორს და ველს, ყვავილსა თუ ხეს, ისინი ხომ საქართველოსია. როგორ ესიყვარულება მტკვარსა და არაგვს (,,არაგვს"), როცა არაგვს ცელქ შვილს უწოდებს, მტკვარს კი - დედას.

,,ლოდებზე თავ-პირნალეწი

და მუხლჩახრილი მცხეთასთან,
მტკვარს მოჰყავს ხვევნა-ალერსით,
ვით ცელქი შვილი დედასა."
მტვარშიც ის არაგვს ეძებს, მის ზვირთებს და წერს:
,,იმიტომ მიყვარს ეს მტკვარი,
შიგ რომ არაგვი დაცურავს."
    ლექსში ,,ჩვეულებრივად" ის წერს: ,,ჩვეულებრივად გათენდა დილა, დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი", მაგრამ ვხედავთ, რომ ლექსის დასაწყისიც კი არაჩვეულებრივია ულამაზესი შედარებით, მაშინვე წარმოგვიდგება უკუნი, რომელიც დღის სინათლემ გაფანტა, რასაც ავტორი ამ ლექსში აღწერს, თითქოს ყოველივე ჩვეულებრივია: როგორ ატოკებს ნიავი ალუბლის ტოტს, ბალახი მწვანე, ყვავილი, ბავშვი, ადამიანების სიყვარულიც, მაგრამ შემდეგ ღამდება ისევე ჩვეულებრივად, ყველა სულდგმული თავშესაფარს მონახავს და აქ  უკვე ლექსის საოცარი დასასრული: ,,ცა იყო - არაჩვეულებრივი!" და წარმოვიდგენთ ცას, ვარსკცვლავებით მოჭედილს, რომელიც გვაერთიანებს იდუმალ სამყაროსთან, კოსმოსთან, ღმერთთან, რომლის გარეშე არაფერი იქნებოდა, სწორედ ამიტომაა ცა არაჩვეულებრივი, ციდან მოდის ღვთიური ძალა, ანგელოზების დახმარება, რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს, ადამიანებად დარჩენის საშუალებას გვაძლვს.
    მარი აბრამიშვილი, ისევე როგორც სხვა მრავალი ქართველი თუ არაქართველი  მწერალი უღრმავდება ჩვენი ცხოვრების არსს, განსაზღვრავს სიკვდილ-სიცოცხლის რაობას, მათ განიხილავს, როგორც ერთ მთლიანს, ესაა თეთრი და შავი, თეთრი დღეა და შავია ღამე, მაგრამ ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან, ჩვენი ცხოვრებაც თითქოს თეთრ და შავ ზოლებადაა დაყოფილი, ხან ბედის რჩეულნი ვართ და გვიმართლებს, ხან დაჩაგრულნი და უსიამოვნებების კასკადი გვდევს თან. ასეა დედა ბუნებაშიც, თანაარსებობენ მერცხალი და სვავი, და თუ ისინი მტრბი არიან,ჩვენი ადამიანური გაგებით, სამყაროსთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობაა, აუცილებლობაა, უკვდავებასაა ზიარებული ორივე, ამის გარეშე სამყაროც არ იარსებებდა.

,,სიკვდილ-სიცოცხლე - თეთრი და შავი,
ერთი - ყვავილი, მეორე - ლოდი;
ერთი - მერცხალი, მეორე - სვავი,
ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი
მტრები არიან ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს,
დასახმარებლად სიკვდილი მოდის."
    არ შეიძლება მარი აბრამიშვილის ლექსი: ,,ჩემს ქართულ ანბანს!" წავიკითხოთ და ჟრუანტელმა არ დაგვიაროს ტანში. ქართულ ასოებს ავტორი ჩუქურთმებს უწოდებს, დიახ, ისინი ჩვენს სულში ჩახატული და ამოტვიფრული ჩუქურთმებია, მას სურს ისეთი სიტყვა თქვას, რომ სამრეკლოს ზარად ისმოდეს, გუგუნებდეს, ,,მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა - სამრეკლოსათვის ივარგოს ზარად" , როგოც ხმა ერისა, როგორც სამყაროს შეძახილი, გადასარჩენია ქართული ენა და სწორედ ამ ენაზე ზრდილთა მთავარი ვალია ამის გაკეთება. 
  კიდევ სიყვარულის თემას მინდა შევეხო, პოეტი ზოგ ლექსში სიყვარულში იმედგაცრუებას გამოხატავს: ,,არ დამიჯერო", როცა ამბობს, რომ  ,,მე სიყვარული დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!:, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ თუ მას სიყვარული ზეცის რისხვა, ცრემლი ეგონა, ასე არ ყოფილა, ის ღვთის მადლია, რომლის გარეშეც ამქვეუნად ცხოვრება უინტერესოც კი იქნებოდა.
,,მე სიყვარული დარდი მეგონა... ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა! მადლი ყოფილა! მადლი ყოფილა, მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!"

კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბრო მარი აბრამიშვილის პოეზიაზე. მოვუსმინოთ გარეული მამლის სიმღერას, ჩამოვიხსნათ სიყალბის ტვირთი ზურგიდან, როგორც ეს ქნა ამ დიდებულმა პოეტმა ქალბატონმა, დაადგა ჭეშმარიტების, სამშობლოს, ადამიანების სიყვარულის გზას და არასოდეს გადასულა ამ ბილიკიდან.

ჩემს ქართულ ანბანს!

ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას
ვერ ვათქმევინებ
ქართულ მაჯამებს, -
თუ არ ქართული ბუნებით ზრდილთა,
ლექსში სხვა სიტყვებს
არ ვაჭაჭანებ.
ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას,
სვებედნიერი შეგირდის დარად,
მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა -
სამრეკლოსათვის ივარგოს
ზარად.



ჩვეულებრივად

ჩვეულებრივად გათენდა დილა,

დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი
და შეატოკა ნიავმა ფრთხილად
აყვავებული ალუბლის ტოტი.
წითელ ბურთივით მზე მთაზე იდო
და ცის კალთები იწვოდნენ ალში,
ჩვეულებრივად შვენოდა მინდორს
მწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.
სულ არაფერი იქ არ შეცვლილა,
ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ,
ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული,
ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.
მერე საღამო მოვიდა მშვიდი,
ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი;
ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,
თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.
ყოველი მოხდა ჩვეულებრივად,
გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი,
ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად
ცა იყო...
არაჩვეულებრივი!

არ დამიჯერო!

არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!
როგორ იხსნება ყველა სარკმელი
და სული როგორ მღერის ალილოს.
მე სიყვარული დარდი მეგონა...
ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა!
მადლი ყოფილა!
მადლი ყოფილა,
მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!
მე სიყვარული ცრემლი მეგონა
მონატრების და გადავიწყების...
არ მოგეშვება, ვიდრე არსებობ,
ვიდრე კვარივით არ დაიწვები!
მე სიყვარული ზარი მეგონა,
გამოტირება საკუთარ სულის,
როცა, ვითარცა უბელო თეთრონს,
ვერ დაიოკებ ურვას და წყურვილს.
ო, რა ამაოდ გელოდი. თურმე,
და რა შორსა ხართ გზანო განვლილნო...
არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!

ჩემს ქართულ ანბანს!

ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას
ვერ ვათქმევინებ
ქართულ მაჯამებს, -
თუ არ ქართული ბუნებით ზრდილთა,
ლექსში სხვა სიტყვებს
არ ვაჭაჭანებ.
ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას,
სვებედნიერი შეგირდის დარად,
მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა -
სამრეკლოსათვის ივარგოს
ზარად.

სიკვდილ-სიცოცხლე

სიკვდილ-სიცოცხლე - თეთრი და შავი,
ერთი - ყვავილი, მეორე - ლოდი;
ერთი - მერცხალი, მეორე - სვავი,
ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი
მტრები არიან ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს,
დასახმარებლად სიკვდილი მოდის.

სიყვარულის სიძველე

ეს... მე კი არ დავბერდი,
გულს რომ დარჩა მარადა,
იმ ძველი სიყვარულის
სევდა გაჭაღარავდა.
შუბლზე გადავატარე
სტრიქონები ღვარადა,
მე დავასწარ - სიბერე
სანამ დამიღარავდა.
სასტიკ ბედთან ჭიდილში
მთად ვიყავ თუ ბარადა,
ყველგან ჩემი მფარველი
ანგელოზი მფარავდა.
ეს მე კი არ დავბერდი -
დარდი გაჭაღარავდა.
მარი აბრამიშვილი

აი სად შემხვდი

აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა, - ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, -
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს -
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, -
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

არაგვი

ლოდებზე თავ-პირნალეწი
და მუხლჩახრილი მცხეთასთან,
მტკვარს მოჰყავს ხვევნა-ალერსით,
ვით ცელქი შვილი დედასა.
ვარ ვერის ხიდზე შემდგარი,
მის ზვირთებს ვეძებ და სულაც
იმიტომ მიყვარს ეს მტკვარი,
შიგ რომ არაგვი დაცურავს.
მარი აბრამიშვილი

იქნებ მართლა

წვიმს და... შავად შენისლულან მთები,

წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?

იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?

აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და  ,დაბრუნდი“ ვეღარ გავიგონე.

წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, -
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?

მარი აბრამიშვილი

 

სოფო საცობში, მგზავრობა აღმაშენებლისკენ და აქეთ

ვინაიდან ჩემი სოფო გურულია, ენა კვიმატი აქვს და თავისი გუშინდელი მგზავრობის ამბავი ასე მომიყვა. სადღაც დღის ოთხი საათისთვის მითხრა, აღმაშენებელზე მივდივარ, საქმე მაქვს და ნახევარ საათში დავბრუნდებიო. წავიდა, ავტობუსიდან მომწერა, აქ ამბები ხდება, მოვალ, მოგიყვებიო. ორ საათში გამოჩნდა, გამომიცხადა, თვითმფრინავით არ მიმგზავრია, თორემ ყველა სახმელეთო ტრანსპორტში ვიჯექიო, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, მეტროს მატარებელში, ფეხითაც ვიარე და მაინც ძლივს მოვაღწიე სახლშიო. უკვე ექვსი საათი ხდებოდა. ისე არის გადაჭედილი ქუჩები, რა ხდება, ვერ გავიგეო. ნეტავ, მართლაც რა ხდება?! ამდენი მანქანა ერთად თბილისის ქუჩებში, დიდი ხანია არ გვინახავს. საცობებიც იყო, მაგრამ ამისთანა?! ახლა ავტობუსში მოხდარ ამბებზე გადავიდა, თურმე ავტობუსში მის გვერდზე დაბალი, ნავარჯიშევი ტანის კაცი მჯდარა, ცქვიტი მეგრელი. ამოსულა ავტობუსში მონაზონი, შავ სამოსში გამოწყობილი, კაცი მაშინვე წამომხტარა, დაუთმია ადგილი, ქალი არ დაჯდა, ფეხში რკინა მაქვს, ვერ ვღუნავ, დაბალ სკამზე ვერ ვჯდებიო. გადახედეს უკანა, უფრო მაღალ სკამებს, ბიჭი ზის ახალგაზრდა, გაურჭვია ყურსასმენები ყურში, არავის აქცევს ყურადღებას. კაცმა მორიდებით სთხოვა, ქალბატონს, იქნებ ადგილი დაუთმო და წინ გადმობრძანდე ჩემს ადგილზეო. ახალგაზრდა ბიჭმა ქალის ხმით დაიწრიპინა, მეც ფეხი მტკივა და ვერ გადმოვჯდებიო. წარმოიდგინეთ, რა აგრესია წამოვიდოდა ხალხისგან, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. წამოხტა ლამის ნახევარი ავტობუსი ფეხზე და მონაზონს უთმობს ადგილს, აგერ დაბრძანდითო. გაასავსავა ქალმა ხელები, ვერსად ვერ დავჯდები ამ ადგილის გარდაო და არ სცილდება ამ ბიჭს, თან ლოცავს: ,,შენ გაეზარდე დედაშენს!", ,,არაფერი ცუდი გენახოსო!",  დაიბოღმა ნახევარი ავტობუსი მაინც ამ ბიჭის საქციელზე, ჩუმ-ჩუმად ილანძღებიან მგზავრები. როგორც იქნა, ახალგაზრდა მეტრო ,,წერეთელთან" ჩავიდა. დაბრძანდა დედაო, ამოისუნთქა ავტობუსმა შვებით, მეგრელმა კაცმა განსაკუთრებით. მონაზონს ჰკითხა, მამა გაბრიელს ხომ არ იცნობდითო, დედაომ მაშინვე მობილური ამოიღო და მამა გაბრიელის უხრწნელ ნაწილებს აჩვენებდა, კაციც პირჯვარს იწერდა, ამ დროს დედაოს პარკი გაეხა, უხერხულად ედო მუხლებზე და იქიდან ფსალმუნების წიგნები გადმოცვივდა, კაცი მიეხმარა წამოკრეფაში, დახეული პარკი გამოართვა მონაზონს, დაკეცა და უთხრა, ,,დედაო, ეს ნაგავი კი არ არის, ეს თქვენი მადლიაო!" და პარკი ჯიბეში ჩაიდო. აქ უკვე სოფომ შეწყვიტა ლაპარაკი, მეტს ვეღარ გავაგრძელებო... ასეთი მორწმინენიც არსებობენო, გაკვირვებულმა მკითხა.

Thursday, September 22, 2022

პეპელას! (სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ)

აირია შემოდგომის ღრუბლები,
აირია, ცაში ბინდი მატულობს,
 მე კი მაინც შენ ერთს დაგელოდები,
ჩემო სიყრმევ, ჩემო ფრთებმოხატულო.
ზღვარი ნეტავ ვინ დაუდო ოცნებებს,
ხან ცაში ვფრენთ, ხანაც წყალქვეშ დავდივართ,
ვაწკრიალებთ ხელში ოქროს მონეტებს,
როცა გულში უამრავი დარდი გვაქვს.
შენ დაგდევდი მთელი ჩემი ცხოვრება,
პეპლისსაჭერ ბადით ხელში მინდორზე,
ბვრჯერ კიდეც ავიხდინე ოცნება,
ძალით შენთან დარჩენა არ ვინდომე.
გაგიშვი და მოგაყოლე ფიქრები,
ნეტავ სად ხარ, ჩემო ფრთებმოხატულო,
აირია ცაზე ღრუბლის ფთილები,
მე კი მხოლოდ შენ ერთადერთს გნატრულობ.

Wednesday, September 21, 2022

ზოგჯერ სიყვარულში გვიღამდება,
ზოგჯერ ნათელს სულსაც ავაყოლებთ,
ზოგჯერ გზა ტიალი მიზანს სცდება,
ტყუილად ვედებით ღობე-ყორეს.
ბრუნავს დედამიწა აცა-ბაცა,
თუ ეს მარტოსულებს ეჩვენებათ,
აგერ ვარსკვლავებთან მივალ საცა
და გზა დაიყოფა ზესკნელებად.
ამ ჩემს სულის სიმებს ავაყოლებ,
კოსმოსში შენი ხმა ახმიანდა,
ვარსკვლავებს გავყვები მანათობლებს,
ხომ გამეგებიან ფიანდაზად.


ნუთუ სიყვარული გაიაფდა,
აღარ დარჩენია პრასის ფასი,
ალბათ გაიხარა კაიაფამ,
შენ რომ უმიზეზოდ გამიბრაზდი



Tuesday, September 20, 2022

 გზაზე რომ გადამეყარე, სალო კლდეო,

ხან კოპს იკრავ, ხანაც ნაზად მიღიმი,

გული ჩემი შენკენ იწევს, შენ მოგენდო,

მაინც მესმის ქარის სიცილ-ქირქილი.

ამ გოლიათს მე ვუამებ გულის ტკივილს,

დავუდივარ მკერდზე ნარნარ-ტალღებად,

მაშინ ღმერთო, მე მომეცი სულის ჩერო,

რომ შევიძლო სიყვარული გაძლება.


 ავუტანივარ წერასა,

შემყვარებია არაგვი,

ნეტავი იმის ფერებას

ან თვითონ თუკი დამაცლის.

მირბის, მიჰქუხს და მიაპობს

ჩვენი ცხოვრების მდინარეს,

ნეტავი მასთან მამყოფა,

სხვას არც არაფერს ვინატრებ.


Monday, September 19, 2022

პოეტს

 ვხედავ, რომ მიწვევ შენს ნაზ სიზმრებში,

სადაც ჩვენ შორის მიმოდის ხიდი,

ქვევით მდინარე, საზრდო მინდვრების,

გზააბნეული მგზავრივით მიდის.

ხელებს ჩამკიდებ და გავშორდებით

ამ სამყაროს და ყოფითის სივრცეს,

და აჩრდილები სადღაც შორეთის

აირეკლება შენს თვალში ისევ.

Sunday, September 18, 2022

აჰყევ მძინარა ბინდებს! (სატრფიალო), სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ

სიმღერა
აჰყევ მძინარა ბინდებს,
აშრიალებულ ჭადრებს,
გულში დაინთე ცეცხლი,
ცაც ისურვილე ბარემ,
მერე ჩამოდი ჩემთან,
თვალზე შემახე ბაგე,
შიგნით ჩაწურულ სხივებს
ააციმციმებს ღამე.
ჩამძახე გულში რამე,
მეც გიპასუხებ რამეს,
რომ ახმაურდეს სისხლი,
რომ ახმაურდეს ღამე.
მაია დიაკონიძე
აპრილი, 2020წელი

შენ იყავი (მეორე ვარიანტი)

 შენ იყავი, ვხედავ, ჩემი განაჩენი,

ან საიდან, ან და რატომ გაჩნდი?!
შენ ხარ ჩემთვის სიხარულის, მადლის მჩენი,
როს შეგნიშნე, ზეცას წეროდ აჩნდი.
გაფრინდი და თან გამოგყვა ჩემი მზერა,
მიაპობდნენ ზეცას წეროს გუნდები,
მაგრამ თუ ხარ ჩემი სვე და ბედისწერა,
ოდესმე ხომ მაინც დამიბრუნდები.
17.09.2022წელი

 თუ არ გიყვარვარ, ეგრეც თქვი,

რაღას მაწვალებ, ვაჟაო,

შენმა ჯიუტმა სიჩუმემ,

საფლავთან მიმიყვანაო.

ბალახი მოითიბება,

ისევ ამოვა ყანაო,

მოვკვდები დაიხურება,

ჩემთა წამწამთა მარაო.

წუთისოფელის შვილნი ვართ,

დღესა ვართ, ხვალე - არაო,

შენს უკოცნელად  ღმერთსა ვთხოვ,

სოფლით ნუმც გამიყვანაო.



Friday, September 16, 2022

გული დამწყდა (სატრფიალო)

გული დამწყდა, ყვავილი ვერ დავინახე,
მორთმეული შენი ხელით ნამი ზღვათა,
ალბათ ჰქონდა ცისა ფერი გვირგვინები,
შესაფერი ანგელოზის ლურჯთა თვალთა.

ღილკილოებს ჩამომწდარი ცრემლით ვცხოვრობ,
და მამშვიდებს სიო მთიდან მონაბერი,
დაამშვიდებს  სიმღერებით მინდორს ქორო,
იქნებ მითხრა შენც შორიდან მისამღერი.,


,

დღეს, როგორც ადრე

 დღეს, როგორც ადრე, ისევე შევტრფი,

ამ ქვეყნის მზეს და მთვარეს,
ვარსკვლავები კი, ულევი, ნაზი,
ვცადე, ვერ დავითვალე,
დაე, სულ ენთოს გრძნობების ცეცხლი,
ღვთით მირონცხებულ მხარეს,
მთელი სამყაროს ოქროს ოქრო და ვერცხლი
ზედ ეყრებოდეს ალვებს.

 შემოდგომა მოვიდა და გამახსენდი,

მოგონების მომაყარა ფიქრი ქარმა,

თავს დამატყდა სიმფონიის პასაჟები,

თავს ვარწმუნებ, ,,არ მომწონდა, არ მიყვარდა..."

მაგრამ სისხლში სულ სხვა ნოტი შემოვიდა,

შემოდგომის წვიმა ცრის და გულსაც ყინავს,

ჩემკენ როცა მზის სხივები მოდიოდა,

ვერ მოგეცი, შენ ჩემს გულში თბილი ბინა.

ახლა სევდას, როგორც ღვინოს ეეძალები,

თავს გეხვევი, შენ კი ესეც აღარ გინდა,

ჩემო კარგო, მიყვარხარ და მენატრები,

აბა, როგორ დავიძინო ახლა მშვიდად.








მინიმა

 მარტოსული ხარ და ვერავინ ვერა გრძნობს ამას,

სადღაც შორს ჩვენგან ვიღაც დიდი შენს ბედსა ჰქარგავს,

ნათელი იყოს ეს ცხოვრება შენთვის, თუ ბნელი,

ნუ დაღონდები, მიეც გული ქვეყანას ცხელი.


Thursday, September 15, 2022

აკვანი ჩემთვის (ჩანახატი)

 ჩემთვის აკვანი მარადიული ღირებულებების სომბოლოა, ახალი სიცოცხლის დაბადების, მზის, მზე ხომ სიცოცხლის წყაროა, დასაწყისი და, ალბათ, დასასრულიც. წავყვებით ოდესღაც მზის სხივებს ცათა საუფლოში, დაივანებენ ჩვენი სულები მზის სამფლობელოში. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პატარა ძმის სახე აკვანში, შემოვუსხდებოდით დედა და ჩვენ, ოთხი პატარა, აკვანს, თან ვარწევდით რიგ-რიგობით, დედა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს" გვიკითხავდა, ქართული კითხვა ახალი ნასწავლი ჰქონდა, ის ხომ უკრაინელი იყო. მეც აკვანში გავიზარდე. წინა კვირას წინამძღვრიშვილზე იყიდებოდა ორას ლარად, ულამაზესი, ნეტავ, ახლა თუ აკეთებენ აკვნებს? თუ არიან ოსტატები? სიამოვნებით შევიძენდი და დავდგამდი სახლში, რა სილამაზეა. ღმერთო! ჩემს ბავშვობაში კარგად მახსოვს იმერეთში სულ აკვნებში ზრდიდნენ ბავშვებს. თუმცა ახლა მედიცინა ამის წინააღმდეგია.

მინიმა, სპექტაკლია, როგორც ვხედავ

 სპექტაკლია, როგორც ვხედავ, ეს ქვეყანა,

ზოგი მარად ავანსცენას კურირებს,
ზოგს დარბაზში მისცეს როლი მაყურებლის,
ზოგი კიდევ, ვეღარ სცდება კულისებს.
მაია დიაკონიძე
14.09.2022 წელი

შენ იყავი (სატრფიალო) (პირველი ვარიანტი)

 შენ იყავი, ვხედავ, ჩემი განაჩენი,

ან საიდან, ან და რატომ გაჩნდი?!

შენ ხარ ჩემთვის სიხარულის, მადლის მჩენი,

როს შეგნიშნე, ზეცას წეროდ აჩნდი.

გაფრინდი და არ აპირებ დაბრუნებას,

ელოდები გაზაფხულის ამინდს,

მაგრამ თუ ხარ ჩემი სვე და ბედისწერა,

ოდესმე  ხომ დაბრუნდები მაინც.


კაფიობა, ,,შოთაობაზე" ნუნუ ძამუკაშვილის მიერ თქმულ ლექსთან დაკავშირებით (ელგუჯა ციგროშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი), მეოცე საუკუნის 80-იანი წლები

                                               

კაფიობა, ,,შოთაობაზე" ნუნუ ძამუკაშვილის მიერ თქმულ ლექსთან დაკავშირებით (ელგუჯა ციგროშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი)


 სუ, ბალღებს უწერ ლექსებსა,

დღეს დაგიწერავ სადიდო;

არც, ვისმეს, გაუკვირდება, -

სულმნათი შოთა ადიდო...

სხვაც ბევრი წამიკითხია, –

ლექსები გასაკვირველი,

შოთას ბავშვობა დაწერე,

მსურს, რომ შენ იყო - პირველი...


პასუხი:

როგორ, შევიძლო, ძამიავ,

შეუძლებელი, - როგორა?!

მას შემდეგ, რამდენი ლოდი,

ქვა ხავსიანი მოგორავს.

 

შოთას ბალღობის დაწერა

ასე, რომ იყოს - ადვილი,

დაწერდა, ვინმე, მგოსანი, -

შეგსრულებოდა წადილი...

 

ვერა ბედავენ, ეტყობა,

თუმც ნიჭიც ყოფნით, გონებაც,

ჩემი ძმობილი, ელგუჯა,

ამით, ნუ დამიღონდება.


ნუნუ ძამუკაშვილი



„შაირსიტყვითა მესტვირემ“, ავტ. ნუნუ ძამუკაშვილი

 

„შაირსიტყვითა მესტვირემ“

 

ოთხმოციანი წლებია. თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ყოველ შაბათ დღეს ტარდებოდა პოეტურ-შემოქმედებითი შეხვედრები. შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ: ჯერ, ლექტორი, - ოთარ გოგიაშვილი, ხოლო, შემდეგ ბიბლიოგრაფი, - დალი ჯავარაშვილი.

ვიკრიბებოდით ყველა თაობის პოეტები, პროზაიკოსები: ზინა სოლომნიშვილი, ეთერ ანაშვილი, თამარ გრემელაშვილი, თამაზ მაისურაძე, მარიამ კოზმანიშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი, თამარ კოლელიშვილი, გიორგი კონდოლელი, ცისანა თვალიაშვილი, კარლო ქართველიშვილი, ელგუჯა ციგროშვილი და სხვანი.

ეს წლები გულს ლამაზ მოგონებად შემორჩა.

ერთ-ერთი ამ დღეს, ლიტერატურული სალონის მსვლელობისას, ვკითხულობ ლექსს შოთა რუსთაველზე ეს იყო სახალხო დღესასწაულის, - იყალთოს სახალხო უნივერსიტეტის, - ,,შოთაობის" ახლო ხანში. დავამთავრე ლექსის კითხვა. ტაში და ოვაციები მოჰყვა მოწონების ნიშნად და... ელგუჯა ციგროშვილი ფურცელს მაწვდის, სადაც წერია კაფია.

,,სუ, ბალღებს უწერ ლექსებსა,

დღეს დაგიწერავ სადიდო;

არც, ვისმეს, გაუკვირდება, -

სულმნათი შოთა ადიდო.

 

სხვაც ბევრი წამიკითხია, –

ლექსები გასაკვირველი,

შოთას ბავშვობა დაწერე,

მსურს, რომ შენ იყო - პირველი...“

 

 

 

სულ, ორი სტროფი. მეორე სტროფში დიდი რუდუნებით მთხოვთ, - შოთას ბავშვობა დაწერეო.

არ გასულა ორიოდე  წუთი, რომ პასუხი დაუბრუნდა, ასეთი კაფიით.

როგორ, შევიძლო, ძამიავ,

შეუძლებელი, - როგორა?!

მას შემდეგ, რამდენი ლოდი,

ქვა ხავსიანი მოგორავს.

 

შოთას ბალღობის დაწერა

ასე, რომ იყოს - ადვილი,

დაწერდა, ვინმე, მგოსანი, -

შეგსრულებოდა წადილი...

 

ვერა ბედავენ, ეტყობა,

თუმც ნიჭიც ყოფნით, გონებაც,

ჩემი ძმობილი, ელგუჯა,

ამით, ნუ დამიღონდება.

 

იმ დღემ, ასე, ლამაზად ჩაიარა.

ექნება, ელგუჯას, ისევ, იმედი, რომ მის სურვილს შევასრულებ?..

ვნახოთ...

 

ნუნუ ძამუკაშვილი