Sunday, September 4, 2022

ჩემი ოქრო ჩემთან, ზეთი, ტილო, მხ. მაია დიაკონიძე , ამ ნახატთან დაკავშირებით

 სულ ვფიქრობ, რა არის ჩვენი ცხოვრება?! კასკადი სიხარულის და მწუხარების, აღტაცების და იმედგაცრუების... ზოგი ადამიანი ისე გაივლის მთელ ცხოვრებას, არც კი დაფიქრდება, რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, რა არის ჩვენი დანიშნულება და როლი. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ფილოსოფოსების ნაშრომების წაკითხვა უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ, უბრალო ადამიანებსაც გვმართებს, ალბათ, დაფიქრება, ასაკში შესულებს მაინც. ჩემი აზრით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე გვხვდებიან, რაღაცას გვასწავლიან, ჭკუის მასწავლებლებად გვევლინებიან. ზოგისგან სიყვარულს ვსწავლობთ, ადამიანობას, სიკეთეს, ზოგი გვასწავლის, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ა. შ. დედა და მამა კი აბსოლიტურად განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ჩვენს განვითარებაში, აღზრდაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მარტო ის რად ღირდა, ჩემი უკრაინელი დედიკო მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებზე გვზრდიდა, იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარს" გვიკითხავდა, მამა - გვასწავლიდა ხატვას, ქანდაკებას, ჭადრაკს, გერმანულს, ყველა საგანში გვამეცადინებდა ხუთ ბავშვს. სახლში რომ შემოვიდოდა, დაიძახებდა: ,,,ჩემი ოქრო ჩემთან" და გავრბოდით ხუთივე, ვეკონწიალებოდით ფეხებზე, ხელებზე. მე ყველაზე დიდი ვიყავი, მაგრამ ხელში ავყავდი და მის მკლავზე გულის მხარეს ვიკავებდი საპატიო ადგილს. ეს ნახატიც იმ დიდი სიყვარულის გახსენებაა და სახელიც ასეთი აქვს :,,ჩემი ოქრო ჩემთან!"


ჩემი ოქრო ჩემთან, ზეთი, ტილო, მხ. მაია დიაკონიძე 

No comments:

Post a Comment