,,ზღაპრებზე გაზრდილი ბავშვი, რომელიც ვერასოდეს გახდა დიდი", ასე ვეძახი ჩემს თავს, ისე ხომ ვერ დავწერდი ზღაპრებს, ვერ ვიმოძრავებდი იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც ზღაპარი ჰქვია. მიმოვიხედოთ გარშემო, მშვენიერ მზეთუნახავსაც აღმოვაჩენთ და კონკიასაც, ყინულის დედოფალსაც, რომელსაც გული გაჰყინვია და სხვისი გაჭირვება არად მიაჩნია და ამირანსაც, რომელიც კლდეებში მოუმწყვდევიათ, რადგან მან ადამიანებს ცეცხლი მისცა, გვყავს რაინდებიც, ნაცარქექიებიც, სალამურებიც და ნახევარქათამებიც... ზღაპრების გმირები ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მეზღაპრეების მიერ სხვანაირად დანახულები და აღქმულები. ყველა თავისებურად ებრძვის ბოროტებას და უსამართლობას. მე ვცდილობ ზღაპრებში, ჩემს ნაწარმოებებში გამოვხატო ჩემი დიდი გულისტკივილი, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორად ნათქვამ სიტყვას, არასწორად გადადგმულ ნაბიჯს, უსიყვარულობას, გულგრილობას. ღერძი კი, რომლის გარშემოც ვტრიალებ, ჩემი საქართველოა. სიკეთით გადანათებულიყოს ჩვენი მიწა, ესაა ჩემი მთავარი სურვილი. მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ადრე თუ გვიან.
Tuesday, September 6, 2022
ლურჯი ბუშტი (ზღაპარი), შესავალით
ლურჯი ბუშტი (ზღაპარი)
ცაში პატარა ლურჯი ბუშტი მიფრინავდა, სწორედ ის, სოფო-გოგომ რომ გაუშვა ბებიასთან, მასთან მივა და გაეხარდებაო. წითელი და ყვითელი თავისთვის დაიტოვა, დედასთვის უნდა მიეტანა (დედასაც ძალიან უყვარს ბუშტები, ერთად ითამაშებდნენ). ყველა ბუშტი მამამ უყიდა ერთ მაღაზიაში, რომელსაც "სურვილების კიდობანი" ჰქვია. იქ მოხუცი კაცია გამყიდველი, რომელიც სოფოს ძალიან, ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის იღიმება და კამფეტებს ჩუქნის, თანაც ჩვეულებრივს კი არა, თეთრს წითელი ზოლებით, ბებია რომ ჩუქნიდა, სწორედ ისეთებს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მამას დაემშვიდობა და სახლისაკენ მოჰკურცხლა. შორი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი, უყვარდა ამ გზაზე მარტო სიარული, გზისპირას მდგომ ალვებს ესაუბრებოდა, რა მაღლები ხართო, ძალიან მოსწონდა ისინი, მაგრამ ახლა გზაზე ჩრდილი შენიშნა, ვიღაცის ჩრდილი, უზარმაზარი, მის პატრონს კი ვერ ხედავდა, ჩრდილი ძალიან გრძელი იყო, დასასრული არ ჰქონდა, გოგონა ცდილობდა გზა განეგრძო, მაგრამ ის ავისმომასწავებლად გაწოლილიყო მის წინ, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებულმა გოგონამ უკან მიიიხედა, ავდარი მოჰყვებოდა, ღრუბლების ჩრდილიაო, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა. - ჩქარა წადი სახლში! - ეძახოდნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტუნები, - ჩქარა წადიო! - ეძახოდნენ ბაჭიები და ციყვები, თვითონაც რომ თავშესაფარს ეძებდნენ. გაიქცა გოგონაც, მაგრამ დაეწია ქარბორბალა, დაატრიალა თავის ბუშტებიანად და შორს, შორს წაიყვანა. როცა გონს მოვიდა, ცა დაინახა, ლურჯი ცა, მიწაზე იწვა, მიიხედ-მოიხედა, სულ მარტო იყო, მომჩვარული, გახეთქილი ბუშტებიც მის ხელთან ეყარა. გული დასწყდა, დედას ვეღარ გავახარებო, მაგრამ მალე ახალი სადარდებელი გაუჩნდა, სახლში როგორ დაბრუნებულიყო, არ იცოდა. ქარიშხალს გადაევლო, მზე ათასფერად ანათებდა ნაწვიმარ ველს. სველი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეხამუშა, დედას ეწყინება, ასე რომ დამინახავსო. გონს მოგება ვერ მოასწრო, რომ ლურჯი ბუშტი დაინახა, ბებიასთან რომ გაგზავნა ზეცაში. გამოეკიდა, იქნებ დავიჭიროო, ბუშტი ხან ქვევით ეშვებოდა, - აი, ახლა მოვეჭიდებიო, - ფიქრობდა სოფო, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ ბუშტი ისევ ზევით მიიწევდა. მისდევდა სოფო-გოგო ბუშტს, მისდევდა, ოფლში გაიწურა, მოულოდნელად თავისი სახლის წინ აღმოჩნდა. გახარებულს ბუშტი სულ გადაავიწყდა. კარებზე დააკაკუნა, დედა გამოეგება, გეძებდი, სად დაიკარგეო, გულში ჩაიხუტა გოგონა. დედის ხელებში მოქცეულმა ცალი თვალი ბუშტისკენ გააპარა, ის უკვე ზევით ასულიყო. მოეჩვენა, რომ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა. მალე თვალსაც მიეფარა, - ალბათ ბებიასთან ეჩქარება, - გაიფიქრა გოგონამ.
მაია დიაკონიძე
6. 11. 2017წელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment