მთელი ცხოვრება ვაკვირდები ცხოველებს და ფრინველებს, ხშირად გაოცებულიც კი ვრჩები მათი ქცევებით, სადარბაზოს კატა შემოდის ჩვენთან სახლში, მივხვდი, ჩემი ფიქრებიც კი ესმის, არამც თუ ლაპარაკი. ჩემს ბინას 65 კვადრატული მიშენება აქვს, ორი წლის წინ ბეტონი დავასხით და აივნად ვხმარობთ. ხშირად სხდებიან ფრინველები, მტრედები, ბეღურები, ყვავები, ეს უკანასკნელნი ისე მედიდურად დააბიჯებენ ხოლმე. გაბღენძილი ადამიანები გეგონება. ერთხელ ჩემს ფანჯარასთან ისეთი ჩხუბი და დავიდარაბა გამართეს, გაოცებული დავრჩი. ეს პატარა იგავიც მაშინ მომიფრინდა თავში.
იგავი
ორმა ყვავმა ნადიმის გამართვა გადაწყვიტა. სულ ნარჩევი ყვავები მიიწვიეს ვახშამზე, მტრედები და ბეღურებიც არ დაავიწყდათ, მაინც ერთად ვართ ხშირადო. ყვავებს შორის ბრძენი და ჭკვიანიც ბევრი იყო. მოისიყვარულეს ყვავებმა ერთმანეთი. თქვეს ამ მთისა და იმ ბარისა, ფოტოებიც გადაიღეს, ვიდეოც და საყვავეთის გადამრჩენელ-მხსნელებადაც წარმოადგინეს თავი. სიმღერის დროც დადგა და შემოსჩხავლეს თავისებურად, ბრძენმა ყვავებმა ხმა არ ამოიღეს, არ შევრცხვეთო, ცოტა თამამებმა: - ყვა, ყვაო, - წაიყრანტალ-წამოიყრანტალეს. ამ დროს იქვე ბაღში პატარა ბულბულის სტვენა გაისმა, თავის ვარდს უმღეროდა თავდავიწყებით. დავიწყებოდათ ყვავებს ბულბულის მოწვევა ნადიმზე. ჭკვიანებმა თავი ჩაჰკიდეს, დანარჩენები ურცხვად განაგრძობდნენ ღრეობას, იმიტომ რომ თავისზე უკეთესი არავინ ეგონათ. მღეროდა ბულბული და ხმაგაკმენდილი უსმენდა მთელი ქვეყანა. - მისი სიმღერა თუ გადაგვარჩენსო, - აღმოხდა რამდენიმე ბეღურას, - დაილოცოს ამის გამზრდელიო, - იძახდნენ მტრედები. მშვიდობას და სულიწმინდის მადლს რომ ჰფენენ დედამიწას. - იმღერე ბულბულო, იქნებ შენმა სიმღერამ გადაარჩინოს ჩემი ქვეყანა, - გავიფიქრე მეც.
No comments:
Post a Comment