Friday, September 23, 2022
სოფო საცობში, მგზავრობა აღმაშენებლისკენ და აქეთ
ვინაიდან ჩემი სოფო გურულია, ენა კვიმატი აქვს და თავისი გუშინდელი მგზავრობის ამბავი ასე მომიყვა. სადღაც დღის ოთხი საათისთვის მითხრა, აღმაშენებელზე მივდივარ, საქმე მაქვს და ნახევარ საათში დავბრუნდებიო. წავიდა, ავტობუსიდან მომწერა, აქ ამბები ხდება, მოვალ, მოგიყვებიო. ორ საათში გამოჩნდა, გამომიცხადა, თვითმფრინავით არ მიმგზავრია, თორემ ყველა სახმელეთო ტრანსპორტში ვიჯექიო, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, მეტროს მატარებელში, ფეხითაც ვიარე და მაინც ძლივს მოვაღწიე სახლშიო. უკვე ექვსი საათი ხდებოდა. ისე არის გადაჭედილი ქუჩები, რა ხდება, ვერ გავიგეო. ნეტავ, მართლაც რა ხდება?! ამდენი მანქანა ერთად თბილისის ქუჩებში, დიდი ხანია არ გვინახავს. საცობებიც იყო, მაგრამ ამისთანა?! ახლა ავტობუსში მოხდარ ამბებზე გადავიდა, თურმე ავტობუსში მის გვერდზე დაბალი, ნავარჯიშევი ტანის კაცი მჯდარა, ცქვიტი მეგრელი. ამოსულა ავტობუსში მონაზონი, შავ სამოსში გამოწყობილი, კაცი მაშინვე წამომხტარა, დაუთმია ადგილი, ქალი არ დაჯდა, ფეხში რკინა მაქვს, ვერ ვღუნავ, დაბალ სკამზე ვერ ვჯდებიო. გადახედეს უკანა, უფრო მაღალ სკამებს, ბიჭი ზის ახალგაზრდა, გაურჭვია ყურსასმენები ყურში, არავის აქცევს ყურადღებას. კაცმა მორიდებით სთხოვა, ქალბატონს, იქნებ ადგილი დაუთმო და წინ გადმობრძანდე ჩემს ადგილზეო. ახალგაზრდა ბიჭმა ქალის ხმით დაიწრიპინა, მეც ფეხი მტკივა და ვერ გადმოვჯდებიო. წარმოიდგინეთ, რა აგრესია წამოვიდოდა ხალხისგან, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. წამოხტა ლამის ნახევარი ავტობუსი ფეხზე და მონაზონს უთმობს ადგილს, აგერ დაბრძანდითო. გაასავსავა ქალმა ხელები, ვერსად ვერ დავჯდები ამ ადგილის გარდაო და არ სცილდება ამ ბიჭს, თან ლოცავს: ,,შენ გაეზარდე დედაშენს!", ,,არაფერი ცუდი გენახოსო!", დაიბოღმა ნახევარი ავტობუსი მაინც ამ ბიჭის საქციელზე, ჩუმ-ჩუმად ილანძღებიან მგზავრები. როგორც იქნა, ახალგაზრდა მეტრო ,,წერეთელთან" ჩავიდა. დაბრძანდა დედაო, ამოისუნთქა ავტობუსმა შვებით, მეგრელმა კაცმა განსაკუთრებით. მონაზონს ჰკითხა, მამა გაბრიელს ხომ არ იცნობდითო, დედაომ მაშინვე მობილური ამოიღო და მამა გაბრიელის უხრწნელ ნაწილებს აჩვენებდა, კაციც პირჯვარს იწერდა, ამ დროს დედაოს პარკი გაეხა, უხერხულად ედო მუხლებზე და იქიდან ფსალმუნების წიგნები გადმოცვივდა, კაცი მიეხმარა წამოკრეფაში, დახეული პარკი გამოართვა მონაზონს, დაკეცა და უთხრა, ,,დედაო, ეს ნაგავი კი არ არის, ეს თქვენი მადლიაო!" და პარკი ჯიბეში ჩაიდო. აქ უკვე სოფომ შეწყვიტა ლაპარაკი, მეტს ვეღარ გავაგრძელებო... ასეთი მორწმინენიც არსებობენო, გაკვირვებულმა მკითხა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment