Friday, September 23, 2022

არავინ და არაფერი უნდა იქნეს დავიწყებული - წელს მარი აბრამიშვილი ასი წლისა გახდებოდა.

ამის წინათ ჯაკომო ლეოპარდის, იტალიელი მწერლის, მოთხრობა წავიკითხე: ,,გარეული მამლის სიმღერა" (ქართულად თარგმნა მაია ტურაბელიძემ). ლეგენდების მიხედვით თურმე არსებობს გარეული მამალი, რომელსაც ფეხები მიწაზე დაუბჯენია, ნისკარტი კი ცისთვის მიუდგამს , მისი სიმღერა კი ასეთია: „ჰეი, მოკვდავნო, გაიღვიძეთ! დღე იბადება, დედამიწაზე ჭეშმარიტება ბრუნდება. ფუჭი ლანდები და მოჩვენებები სტოვებენ მას. წამოდექით და მოიგდეთ თქვენი ცხოვრება მხრებზე. გაითავისუფლეთ თავი სიყალბისგან, მოიშორეთ ეს ტვირთი და შეაბიჯეთ ჭეშმარიტების სამყაროში!" ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ მარი აბრამიშვილის პოეზია გამახსენდა, მისი ცხოვრება, მოღვაწეობა, მივხვდი, რომ შევაბიჯებდი რა მის სულიერ სამყაროში, ჭეშმარიტების, სილამაზის, სიყვარულის სამეფოში ამოვყოფდი თავს, ვეზიარებოდი მისი სულის სიმებზე ჩამოკრულ ჰანგებს, რომელიც მრავალ ათას ქართველს უტკბობს სულსა და გულს. მის ლექსებზე ხომ ოცამდე ცნობილი სიმღერა მაინცაა დაწერილი. რომელი ერთი ჩამოვთვალო: „სიმღერა თბილისზე“ (ლექსზე „თბილისო“), კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი, „იქნებ მართლა“ (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა ნანა ხვიბლიანის, „ისევ და ისევ გაზაფხულია“ (ლექსებზე „ისევ და ისევ გაზაფხულია“ და „როგორ დაიჯერე“), კომპოზიტორი გენო მანჯგალაძე, „აი, სად შემხვდი“ (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა ირმა სოხაძისა, „ერთიან საქართველოს“ (ლექსზე „ერთი ქუდი“), მუსიკა ეკატერინე თევზაძის,  ასრულებს ანსამბლი „ქართული ხმები“; მითხარი ხომ არ დავაგვიანე“, (ლექსზე „აი, სად შემხვდი“), მუსიკა არტემ  ერქომაიშვილის,  როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება“ (ლექსზე „როგორ დაიჯერე“), მუსიკა ესმა გურამიშვილისა და მრავალი სხვა. ამ დიდებული პოეტი ქალის ლექსები ხომ განსაკუთრებული მუსიკალურობით, რითმულობითა და რიტმულობით გამოირჩევა. ის უმღეროდა სამშობლოს, უმღეროდა სიყვარულს. თუმცა ვიცით, რომ არ ჰქონდა მას მარტივი ცხოვრება. ,,ჩემი სიტყვა ჭეშმარიტ სიყვარულს ემსახურება, ჭეშმარიტი სიყვარული კი საქართველოა ჩემი!" წერდა იგი. მისი ყველაზე დიდი სიყვარული ნამდვილად საქართველო იყო და ეს მან მთელი თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. . 

ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ წელს მარი აბრამიშვილის, ქართველი პოეტი ქალის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, იუბილეა, ,,შენ ორი ათას ოცდაორ წელს, სექტემბრის თვეში, სულ მცირე ჟამი - საუკუნე გაგიტოლდება". წერდა იგი. დიახ, მას საუკუნე გაუტოლდა. მარი აბრამიშვილი დაიბადა 1922 წლის 21 სექტემბერს საჩხერეში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის - ,,ანათემა“ გამოცემის გამო დააპატიმრეს. ამ დროს ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი, მან საოცნებო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოგრაფად დაიწყო მუშაობა, მაგრამ პირველი ხელფასის დახარჯვაც კი ვერ მოასწრო,, დააპატიმრეს სამსახურიდან გამოსული.

,,ჩვენ ამ საღამოს წაგვიყვანენ, მაგრამ რა ვუყოთ,
იქ ხომ ფარული ბორკილები აღარ გვედება",
წერდა იგი დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე. მას მთავარ დანაშაულად ანტისაბჭოთა ხელნაწერი ჟურნალის ,,ანათემას" გამოცემა წაუყენეს, მაგრამ ამას დაემატა აბსურდული ბრალდებანი: მისი სტუდენტობიის დროს დაწერილი რეფერატი ,,ჭოლა ლომთათიძის შემოქმედება", ასევე იმ ყმაწვილის სიყვარული, რომელიც რეპრესირებული ოჯახიდან იყო, ასევე ის, რომ სამამაულო ომისთვის, როგორც ამას უწოდებდნენ მაშინ, ფაშისტურ გერმანიასთან ომს, არ ჰქონდა მიძღვნილი ლექსები. მარი აბრამიშვილი ერთი წელი მარტოდმარტო იჯდა 31-ე ვიწრო, უსარკმლო საკანში, რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა წერდა და მღეროდა თავის ლექსებს, წერდა პირობითია, კალამს და ფურცელს ვინ მისცემდა, გონებაში დაწერა 100-მდე ლექსი, რომლებიც შემდგომ ვიატკის ბანაკებში ფურცლებზე გადაიტანა, ზეპირად ჰქონდა დამახსოვრებული. ის საბედისწერო ჟურნალი ,,ანათემა" დაიკარგა, მხოლოდ ერთი სტროფი ლექსისა შემოინახა რევაზ კვერენჩხილაძემ:
,,პატარა ერი თავის კუთხეს აღარ მმართველობს,
როგორც ცხვრის ფარა, სხვის კომბლის ქვეშ მიედინება,
მითხარ სად არის ან სამშობლო, ან საქართველო,
სად არის ჩვენი ცა-ფირუზ და ხმელეთ-ზურმუხტი?!
ხომ ხედავ, კუთხე წაგვართვეს!"
მარი აბრამიშვილი გადაასახლეს. შვიდი ქალაქის: თბილისი, როსტოვი, მოსკოვი, გორკი, კიროვი და ვიატკა, ის ქალაქებია, რომელთა ციხეებშიც იჯდა ძვალზე ტყავგადაკრული ახალგაზრდა ქალი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და სასჯელს იხდიდა, ყველაზე დიდი ხანი ვიატკის ბანაკებში მოუწია ყოფნა. სწორედ ამითაცაა მარი აბრამიშვილი გამორჩეული, რომ ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. ფიზიკურ ტანჯვაზე მეტად მისთვის სულიერი ტანჯვა უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. თავისივე თანამოაზრემ, ,,ანათემას" ჯგუფის წევრმა, მეგობარმა და თაყვანისმცემელმა უღალატა. გადასახლებიდან დაბრუნებული ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდა. საზოგადოება ერიდებოდა, როგორც რეპრესირებულს, ,,სამშობლოს მტერს", მაგრამ ძლიერი სულის ქალმა ფარხმალი არ დაყარა, და კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. რეაბილიტირებულია 1998 წლიდან. გარდაიცვალა 2008 წელს. ის ოცამდე წიგნის ავტორია. 1993 წელს აბრამიშვილს მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
      პედაგოგი - მზია ხელაშვილი იხსენებს:  მახსოვს, ჩემი ქართულის მასწავლებელმა, მაყვალა სიმონიშვილმა წაგვიკითხა მისი ლექსი,
,,მე თავს არაფრით არ შეგახსენებ.
ბიჯს არ გადმოვდგავ ზედმეტს,
შენ თვითონ თუ არ დამიმახსოვრე,
შენ თვითონ თუ არ მძებნე.
მე თავს არაფრით არ მოგაძალებ,
თუ არ გჭირდები თვითონ,
მე სიყვარული ასე მასწავლეს,
ასე მწამს, მე რომ მკითხო."
მერვე კლასში ვიყავით მაშინ და ასე""დაგვმოძღვრა"", წერს მზია. მესიამოვნა ამის წაკითხვა, მარი აბრამიშვილის ლექსებს  და მის განვლილ ცხოვრებას აღმზრდელობითი დატვირთვა და მნიშვნელობაც ჰქონდა და ექნება ყოველთვის. გავიხსენებ პოეტ და ჟურნალისტ ნანა ღვინეფაძეს, რომელმაც გახმაურებული წიგნი „შარავანდედი” უძღვნა ეროვნულ გმირს, მარო მაყაშვილს, ის ამბობდა, რომ მას მეორე, მაროსავით თავდადებულ თანამედროვე ქართველ ქალად მარი აბრამიშვილი მიაჩნდა, სიამოვნებით დაწერდა მარი აბრამიშვილის ცხოვრების წიგნსაც, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, როცა გაიგო, რომ მარი აბრამიშვილი თავად აკეთებდა ბიოგრაფიულ ჩანაწერებს. მართლაც, დაიწერა მარი აბრამიშვილის წიგნი „ბედისწერის განაჩენი”, რომელიც 2016 წელს დაბეჭდა „ინტელექტმა”. ეს მართლაც დიდი და ამაღელვებელი ცხოვრების ისტორიაა, რომელიც მუდამ მძაფრი ინტერესის საგანი იქნება მისი ავტორის პიროვნული სიძლიერის და გაუტეხლობის, ქედუხრელობის გამო.

   მარი აბრამიშვილის ლექსები მდიდარია მხატვრული ხერხებით, აღარ ვლაპარაკობ მათ შინაარსსა და ღრმა განცდებსა და გრძნობებზე, რომლებსაც ისინი იწვევენ ადამიანში. დიდია მისი კავშირი ბუნებასთან. ის ღრმად ერწყნის თითოეულ მინდორს და ველს, ყვავილსა თუ ხეს, ისინი ხომ საქართველოსია. როგორ ესიყვარულება მტკვარსა და არაგვს (,,არაგვს"), როცა არაგვს ცელქ შვილს უწოდებს, მტკვარს კი - დედას.

,,ლოდებზე თავ-პირნალეწი

და მუხლჩახრილი მცხეთასთან,
მტკვარს მოჰყავს ხვევნა-ალერსით,
ვით ცელქი შვილი დედასა."
მტვარშიც ის არაგვს ეძებს, მის ზვირთებს და წერს:
,,იმიტომ მიყვარს ეს მტკვარი,
შიგ რომ არაგვი დაცურავს."
    ლექსში ,,ჩვეულებრივად" ის წერს: ,,ჩვეულებრივად გათენდა დილა, დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი", მაგრამ ვხედავთ, რომ ლექსის დასაწყისიც კი არაჩვეულებრივია ულამაზესი შედარებით, მაშინვე წარმოგვიდგება უკუნი, რომელიც დღის სინათლემ გაფანტა, რასაც ავტორი ამ ლექსში აღწერს, თითქოს ყოველივე ჩვეულებრივია: როგორ ატოკებს ნიავი ალუბლის ტოტს, ბალახი მწვანე, ყვავილი, ბავშვი, ადამიანების სიყვარულიც, მაგრამ შემდეგ ღამდება ისევე ჩვეულებრივად, ყველა სულდგმული თავშესაფარს მონახავს და აქ  უკვე ლექსის საოცარი დასასრული: ,,ცა იყო - არაჩვეულებრივი!" და წარმოვიდგენთ ცას, ვარსკცვლავებით მოჭედილს, რომელიც გვაერთიანებს იდუმალ სამყაროსთან, კოსმოსთან, ღმერთთან, რომლის გარეშე არაფერი იქნებოდა, სწორედ ამიტომაა ცა არაჩვეულებრივი, ციდან მოდის ღვთიური ძალა, ანგელოზების დახმარება, რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს, ადამიანებად დარჩენის საშუალებას გვაძლვს.
    მარი აბრამიშვილი, ისევე როგორც სხვა მრავალი ქართველი თუ არაქართველი  მწერალი უღრმავდება ჩვენი ცხოვრების არსს, განსაზღვრავს სიკვდილ-სიცოცხლის რაობას, მათ განიხილავს, როგორც ერთ მთლიანს, ესაა თეთრი და შავი, თეთრი დღეა და შავია ღამე, მაგრამ ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან, ჩვენი ცხოვრებაც თითქოს თეთრ და შავ ზოლებადაა დაყოფილი, ხან ბედის რჩეულნი ვართ და გვიმართლებს, ხან დაჩაგრულნი და უსიამოვნებების კასკადი გვდევს თან. ასეა დედა ბუნებაშიც, თანაარსებობენ მერცხალი და სვავი, და თუ ისინი მტრბი არიან,ჩვენი ადამიანური გაგებით, სამყაროსთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობაა, აუცილებლობაა, უკვდავებასაა ზიარებული ორივე, ამის გარეშე სამყაროც არ იარსებებდა.

,,სიკვდილ-სიცოცხლე - თეთრი და შავი,
ერთი - ყვავილი, მეორე - ლოდი;
ერთი - მერცხალი, მეორე - სვავი,
ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი
მტრები არიან ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს,
დასახმარებლად სიკვდილი მოდის."
    არ შეიძლება მარი აბრამიშვილის ლექსი: ,,ჩემს ქართულ ანბანს!" წავიკითხოთ და ჟრუანტელმა არ დაგვიაროს ტანში. ქართულ ასოებს ავტორი ჩუქურთმებს უწოდებს, დიახ, ისინი ჩვენს სულში ჩახატული და ამოტვიფრული ჩუქურთმებია, მას სურს ისეთი სიტყვა თქვას, რომ სამრეკლოს ზარად ისმოდეს, გუგუნებდეს, ,,მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა - სამრეკლოსათვის ივარგოს ზარად" , როგოც ხმა ერისა, როგორც სამყაროს შეძახილი, გადასარჩენია ქართული ენა და სწორედ ამ ენაზე ზრდილთა მთავარი ვალია ამის გაკეთება. 
  კიდევ სიყვარულის თემას მინდა შევეხო, პოეტი ზოგ ლექსში სიყვარულში იმედგაცრუებას გამოხატავს: ,,არ დამიჯერო", როცა ამბობს, რომ  ,,მე სიყვარული დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!:, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ თუ მას სიყვარული ზეცის რისხვა, ცრემლი ეგონა, ასე არ ყოფილა, ის ღვთის მადლია, რომლის გარეშეც ამქვეუნად ცხოვრება უინტერესოც კი იქნებოდა.
,,მე სიყვარული დარდი მეგონა... ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა! მადლი ყოფილა! მადლი ყოფილა, მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!"

კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბრო მარი აბრამიშვილის პოეზიაზე. მოვუსმინოთ გარეული მამლის სიმღერას, ჩამოვიხსნათ სიყალბის ტვირთი ზურგიდან, როგორც ეს ქნა ამ დიდებულმა პოეტმა ქალბატონმა, დაადგა ჭეშმარიტების, სამშობლოს, ადამიანების სიყვარულის გზას და არასოდეს გადასულა ამ ბილიკიდან.

ჩემს ქართულ ანბანს!

ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას
ვერ ვათქმევინებ
ქართულ მაჯამებს, -
თუ არ ქართული ბუნებით ზრდილთა,
ლექსში სხვა სიტყვებს
არ ვაჭაჭანებ.
ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას,
სვებედნიერი შეგირდის დარად,
მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა -
სამრეკლოსათვის ივარგოს
ზარად.



ჩვეულებრივად

ჩვეულებრივად გათენდა დილა,

დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი
და შეატოკა ნიავმა ფრთხილად
აყვავებული ალუბლის ტოტი.
წითელ ბურთივით მზე მთაზე იდო
და ცის კალთები იწვოდნენ ალში,
ჩვეულებრივად შვენოდა მინდორს
მწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.
სულ არაფერი იქ არ შეცვლილა,
ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ,
ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული,
ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.
მერე საღამო მოვიდა მშვიდი,
ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი;
ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც,
თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.
ყოველი მოხდა ჩვეულებრივად,
გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი,
ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად
ცა იყო...
არაჩვეულებრივი!

არ დამიჯერო!

არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!
როგორ იხსნება ყველა სარკმელი
და სული როგორ მღერის ალილოს.
მე სიყვარული დარდი მეგონა...
ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა!
მადლი ყოფილა!
მადლი ყოფილა,
მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა!
მე სიყვარული ცრემლი მეგონა
მონატრების და გადავიწყების...
არ მოგეშვება, ვიდრე არსებობ,
ვიდრე კვარივით არ დაიწვები!
მე სიყვარული ზარი მეგონა,
გამოტირება საკუთარ სულის,
როცა, ვითარცა უბელო თეთრონს,
ვერ დაიოკებ ურვას და წყურვილს.
ო, რა ამაოდ გელოდი. თურმე,
და რა შორსა ხართ გზანო განვლილნო...
არ დამიჯერო,
მე სიყვარული
დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს!

ჩემს ქართულ ანბანს!

ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას
ვერ ვათქმევინებ
ქართულ მაჯამებს, -
თუ არ ქართული ბუნებით ზრდილთა,
ლექსში სხვა სიტყვებს
არ ვაჭაჭანებ.
ჩემს ქართულ ანბანს -
ოცდაცამეტ ქართულ ჩუქურთმას,
სვებედნიერი შეგირდის დარად,
მსურს ვათქმევინო ისეთი სიტყვა -
სამრეკლოსათვის ივარგოს
ზარად.

სიკვდილ-სიცოცხლე

სიკვდილ-სიცოცხლე - თეთრი და შავი,
ერთი - ყვავილი, მეორე - ლოდი;
ერთი - მერცხალი, მეორე - სვავი,
ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი
მტრები არიან ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს,
დასახმარებლად სიკვდილი მოდის.

სიყვარულის სიძველე

ეს... მე კი არ დავბერდი,
გულს რომ დარჩა მარადა,
იმ ძველი სიყვარულის
სევდა გაჭაღარავდა.
შუბლზე გადავატარე
სტრიქონები ღვარადა,
მე დავასწარ - სიბერე
სანამ დამიღარავდა.
სასტიკ ბედთან ჭიდილში
მთად ვიყავ თუ ბარადა,
ყველგან ჩემი მფარველი
ანგელოზი მფარავდა.
ეს მე კი არ დავბერდი -
დარდი გაჭაღარავდა.
მარი აბრამიშვილი

აი სად შემხვდი

აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა, - ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, -
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს -
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, -
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

არაგვი

ლოდებზე თავ-პირნალეწი
და მუხლჩახრილი მცხეთასთან,
მტკვარს მოჰყავს ხვევნა-ალერსით,
ვით ცელქი შვილი დედასა.
ვარ ვერის ხიდზე შემდგარი,
მის ზვირთებს ვეძებ და სულაც
იმიტომ მიყვარს ეს მტკვარი,
შიგ რომ არაგვი დაცურავს.
მარი აბრამიშვილი

იქნებ მართლა

წვიმს და... შავად შენისლულან მთები,

წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?

იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?

აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და  ,დაბრუნდი“ ვეღარ გავიგონე.

წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, -
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?

მარი აბრამიშვილი

 

No comments:

Post a Comment