Thursday, March 31, 2022

ნიკალა პაპას! (ფშაურ კილოზე), კომენტარი ერთ ფოტოზე

 ,,ნიკალა პაპას!"

/ფშაურ კილოზე./
რას ,,უბერავთ,"ქართველები,
მაგ ჯადოსნურ სალამურებს...
ნიკოა თუ ,,ტორნადოა,-"
არ ვუჯერებ,თვალებს,ყურებს,
ცოტა ხანში,ვატყობ,მაგ ქალს,
კაბას თავზეც დაახურებს,
თან თვალები დახუჭა და...
შიშველს,ზედაც არ უყურებს!
გთხოვ თვალები გაახილო,
სიტყვა მინდა შაგაწიო,
მთელი ძალით ნუ უბერავ,--
ე გოგო... არ გააციო! 😃.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი,1

ჩაფიქრებული ხომ არ გაქვს?! (სატრფიალო)

 ჩაფიქრებული ხომ არ გაქვ, ვაჟო, შენ ჩემი სიკვდილი,

ვეღარ მოიცალ ჩემთვინა, აღარ მწერ, აღარ მიღიმი,

გულში რომ ჩამსახლებია მე უშენობის ტკივილი,

საკინძეს ცრემლ რომ მოწვეთავს, ხომ არ მავიწყვეტ ღილივით.


მეორე ვარიანტი


1. ჩაფიქრებული ხომ არ გაქვს, ვაჟო, შენ ჩემი სიკვდილი, ვერ მაიცალე ჩემთვინა, აღარც მწერ, აღარც მიღიმი. 2. გულში რომ ჩამსახლებია მე, უშენობის ტკივილი... ცრემლად მეცემა მკერდზედა, ბრწყინავს საკინძის ღილივით!



ზვიად გამსახურდიას! მიძღვნა

 შემომეფეთე, როგორც აჩრდილი,

ზეცას გიგავდა ფერები თვალთა,

და შიგნით თითქოს ღმერთიც ვიხილე,

ისეთი იყო მზის სხივთა დახრა.

ბუნდოვანებით და ნისლით თმების,

ჰგავდი გოეთეს და კავკასიონს,

და შეერთება ზეციურ ძალთა,

შენში ბადებდა არაგვს და რიონს.

და ეშვებოდი მთის ტეხილებში,

არ დაგიდევდი ლოდს და გზაწვრილებს,

მე შენში ქვეყნის სული ვიხილე

და ამიტომაც დღემდე გადიდებ.


Wednesday, March 30, 2022

ირმა ბაზერაშვილს! ჩემი ლექსის – ,,შ ე მ ო დ გ ო მ ა"–ს ამღერებისათვის, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ირმა  ბაზერაშვილს!

ჩემი  ლექსის –  ,,შ ე მ ო დ გ ო მ ა"–ს

ამღერებისათვის

 

1.  ოოოოო, ირმა, ირმა! როს   სენის  შიშმა,

თავზარი  დაგვცა ადამიანებს ...

იყივლა  შენში  ფხოველის ჯიშმა

და  ,, შ ე მ ო დ გ ო მ ა " ამიხმიანე!

2. როს  გაზაფხული, ყვავილთა  ალით

ამსხვრევს ნაზამთრალ  ციხის  ურდულებს,

შენ  შემოფრინდი, როგორც  მერცხალი

და  ჩემი  ლექსი  შ ე მ ო მ ჟ ღ უ რ ტ უ ლ ე!

3. უნდა  გაფანტო  ფერები  ბაცი,

თვალი აივსო შვიდივე  ფერით

და  ერთი  დღითაც იცხოვრებ  კაცი,

ერთი  ლექსით  და  ერთი  სიმღერით!

 

ელგუჯა  ციგროშვილი

ქ. თესალონიკი

30. 03. 2020  წელი

სიმღერა, სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე

 სიმღერა

(ხალხურ მოტივებზე)
პირიმზევ, შენთვი ვლამაზობ,
გესვრი ბროლ-ლალის შხეფებსა,
იმასაც შენ ჩამოგიტან,
რაც ჩემთვი გაიმეტესა,
კენჭებს აგისხამ ფერადებს,
რომ დაიკიდო მძივადა,
არ შემიძლიან სიჩუმე,
ჩემი სინაზე ვინა სთქვა...
მოვდივარ, მომაქვს თევზები,
ორაგული და ხრამული,
შენ სიყვარულით ე გული,
სულ არის გადახრამული.
ზეცით ციხე-კოშკს აგიგებ,
შიგ დაგიკიდებ მზეებსა,
უიმედოდ ნუ დამტუებ,
სადღა იპოვნი ჩემფერსა.
მაია დიაკონიძე
30.03.2022წელი

ასე გვგონია (ერთსტროფიანი)

 ასე გვგონია, გამარტივდა ცხოვრება კაცთა,

ქვებზე აღარ ვფენთ გასაშრობად წყაროზე ნარეცხს,
მაგრამ იმ ქვებთან, მდინარესთან  ბავშვობა დარჩა
დრო -  სევდის ქარი სილაქს სახის ნაოჭზე გამცხებს.

Tuesday, March 29, 2022

ვაგლახ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (ახალი ლექსებიდან წიგნისთვის)

 ვაგლახ, რა უცებ ავსებულა ოცნების თასი,

მე კი ღიღილოს ყვავილებით რარიგ გამკობდი,
თვალ და ხელ შუა დამეკარგა შენ თვალში ფასი, –
ასე ადვილად არ მეგონა, თუკი დამთმობდი! ...
/ელგუჯა ციგროშვილი./



საღათას ძილით მიეძინათ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 საღათას ძილით მიეძინათ გარდასულ დღეებს,

დღეს კი მომავალ დღეთა რიგის დავწერ ქარტიას,

სადაც იმედის ჩიტბატონა მუდამ იბუდებს,

რომ ამ სავალზე ბოლო მაინც გაღმა ბაღია.



მინიმა

ამ გაზაფხულის

ფერთა გამას

დააჩნდა შავიც,
ნეტავ, როდესმე
თუ ვინმე წაშლის?!

 ვაჟო, დილა მშვიდობისა,

ღმერთს ვთხოვ, კარგად მიმყოფინა

თავი შენი შვილი-ძირით,

ვერ გეთვალოს მათი რიცხვი,

მონაგარით იყავ დიდი!

ხვავს, ბარაქას ისე მკიდე,

გადაავსო კიდით-კიდე,

მე კი, როგორც გულის ნაწილს,

ცალი თვალით შემომჭყიტე.


სულ არ გემდური... /ფშაურ კილოზე/, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (ახალი ლექსებიდან წიგნისთვის)

 სულ არ გემდური...

/ფშაურ კილოზე./
შენ,ჩემო ბედის ვარსკვლავო,
გმადლობ,რომ ჰბრწყინავ,ცაზედა;
სულ არ გემდური,თუ შუქი,
მეტი არა გაქვ სხვაზედა,
საყვედურს როგორ გაკადრებ,
ან გულ დაგწყვიტო რაზედა,
მზე-მთვარე,შუქს შაგვაშველებს,
ამ წუთისოფლის გზაზედა.
რაც ,,ბედის წიგნში"ჩაწერეს,
მადლივით დადვეს ქვაზედა...
მე და შენ, ვეღარას შავცვლით,
ბევრიც რო ვიყოთ ცდაზედა.
ვით გორგასალის მიმინო,
ამაყად მეჯექ მკლავზედა,
შენი ნათელიც მეყოფა,
გვირგვინად მედგას თავზედა.
ჯერ მაინც ნუ ჩამიქრები,
შაჩვეული ვარ ძალზედა,
მალი-მალ გადმამხედნოდი,
ხომ სწორად მოგდევ კვალზედა.
წლებს მემატება,მეტს ვფიქრობ,
ამ ქვეყნურ ცოდვა-ბრალზედა...
ჩემი გაჩენის აზრსა და
წუთისოფელის ვალზედა!
ელგუჯა ციგროშვილი.

Monday, March 28, 2022

უშენობა მოერია (სატრფიალო, მინიმა)

 ამ სულს უშენობა ისევ მოერია,

ვტოვებ ქაღალდებზე წვეთებს ცრემლიანებს,

ლექსის სტრიქონები ისევ მომელიან,

ჩვენს გულებს აქ მაინც გავაერთიანებ.


ვაჟო,მოგწონვარ თუ არა! (ხალხურ მოტივებზე)

ვაჟო, მოგწონვარ თუ არა, 

ვერაფრით გამირკვევია,

ხან როგორც უცხოს მიყურობ,

ხან შამცქერ, როგორც მელია,

თუ კი გიყვარვარ, მითხარი,

განა ამის თქმა ძნელია?!





ვიცი, გიყვარვარ! (სატრფიალო)

 ვიცი, გიყვარვარ და ვნებების აღლუმზე მიწვევ,

ასე მგონია, უნდა შევსვა ლექსის სტრიქონი,

გაჯერდეს სისხლში თითოეული ნათქვამი სიტყვა,

და წამოვიდეს ღვარცოფივით, როგორც ჯეონი.


Sunday, March 27, 2022

 განა მუდამ შენ არ ხარ ჩემს გულსა და ფიქრებში?!

შენით ვცოცხლობ, შენა ხარ ჩემი ხსნა და იმედი,




შენი ლურჯი თვალები (სატრფიალო, მაია სიჭინავა)

 შენი ლურჯი თვალები ჩემთვის ყველაფერია

და ზეციურ ფირუზზე განა ტყუილად მღერიან,

მიყურებენ მინდვრიდან კესანები, იები,

და მათ ზღვაში გაცურვის მკლავს სურვილი ძლიერი,

ალუბლისფერ ტუჩებზე ვნებით დაგეკონები,

აგიზგიზდეს ყაყაჩო, გადაანთოს მოლები,

როგორც მზეა მცხუნვარე, ისეთ ცეცხლში ჩაგაგდებ,

ჩემთან ყოფნის წყურვილს რომ ვეღარაფრით მალავდე.

ვერ მალავდე სიყვარულს, გწვავდეს ჩემი სურვილი,

გიყვარდე და მიყვარდე, რომ ვფეთქავდეთ გულივით,

მაჯისცემას ჩვენსას რომ გრძნობდეს მთელი სამყარო,

მზის ამოსვლა ყოვედღე დედამიწას ვახაროთ.



 

სიყვარულის მორევში (სატრფიალო)

სიყვარულის მორევში გადავეშვით ორივე,
როცა გულებს მუზების შთაგონება მოვფინეთ,
ვისეირნეთ პარნასზე, გზად დაფნები დავიგეთ,
უკვდავება ლექსების ვთხოვეთ არსთა გამრიგეს.
დავიძინეთ წყაროსთან კვიპაროსის ჩრდილებში,
შეფიცულნი ერთმანეთს ვერ ველევით სიზმრებშიც,
ციდან თუ კი დაეშვა ჰომეროსის აჩრდილი,
თუ კი ჩვენი გულები შეაერთა კვამლივით,
მერე ერთად შერწყმულნი ცის გვირგვინად აზიდა,
გალაქტიკას მოჰფინოს უნდა ჩვენი ტკბილი ხმა.



,


გამორეკე ცხვრების ფარა (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე)

 გამორეკე ცხვრების ფარა,

ოქროსრქება ერკემალით,

შეეფინოს ამ მთას მაღალს,

მუხის ქვეშ გვაქვს პაემანი.

სალამურიც აამღერე,

წყლით გამოვალ, როგორც ალი,

სიყვარულის უტკბეს ბადაგს, 

შევსვამ შენი ტურფა ქალი.


Friday, March 25, 2022

არასდროს მქონია (სატრფიალო)

არასდროს მქონია ლალი და ბროლი,
დედოფლის სამოსიც მუდამ სხვას ერგო,
უბრალო ყვავილის მოვირგე როლი
და უსიყვარულოდ ნუ მომწყვეტ, ღმერთო!

მინიმა

 ამ გაზაფხული ფერთა გამას დააჩნდა შავიც,

ნეტავ, როდესმე თუ ვინმე წაშლის.

დღესაც დავეძებ ჩემს გმირს (პატრიოტული)

 დღესაც დავეძებ!


დღესაც დავეძებ ჩემს გმირს ძმათა სასაფლაოზე,

თუმცა ვიცი, რომ სულ ყველანი გმირნი არიან,

აქ იცქირება, ამ ტაფობზე თითქოს ცალი მზე,

მეორე ცალი აფხაზეთის თავზე ანთია,

მე ისევ ვეძებ ჩემს გმირს ძმათათა სასაფლაოზე,

თუმცა ვიცი, რომ სულ ყველანი გმირნი არიან...

მე მკერდის ძვალი შემინგრია ამ საუკუნემ,

განუკურნელი ჭრილობების სევდა დამრია...



 ფანტავს ამ დღეებს თოვლიანს 

უგზობა, უიმედობა,

ფიფქებივით რომ დამცვივდა,

რა ვუთხარ ასეთ ბედობას.

მაგრამ მზემ იქნებ იმძლავროს,

ნერგმა გაიდგას ფესვები,

მარტო იმასღა ვიდარდებ,

უსახელოდ რომ ვბერდები.




Thursday, March 24, 2022

მინიმა

თუ კი დღეს არა


ფუნქციებსა და განტოლებებს 
ვხსნი ჯერაც ისევ,
ამონახსენებს ვერ ვპოულობ: 
იქს, იგრეკ, ზეტებს,
ცხოვრების წრფეებს, მრუდეებს 
და ტეხილებს მივდევ,
ლაბირინთიდან გამოსავალს 
ჯიუტად  ვეძებ,
თუ კი დღეს არა, გამიმართლოს
იქნება მერე.

დგას დედამიწა (ეხმაურება რუსეთ-უკრაინის ომს)

 სულში ხმაურობს უსიტყვო სევდა,

ვინ  მოისმინოს ყვირილი დაფთა,

დგას დედამიწა უკიდეგანო

და თავის შვილთა ძვლებს მალე დახრავს.

ან რა სინდისით შევხედოთ ბავშვებთა,

ხელთ რომ უპყრუიათ მტარვალთ და აფთართ,

დგას დედამიწა უკიდეგანო

და მალე თავის შვილთა ძვლებს დახრავს.


 

 მახსოვს ყვავილები შენთვის რომ დავწანი,

ღიმილზე ცრემლები დარდებად მეკიდა,

შემდეგ აბეზარ ქარს სილა გავაწანი,

ქუჩაში უტიფრად რომ გამოგეკიდა.

შეკრთი, შემომხედე...შემხედე ვითარცა 

დამფრთხალი შვლის ნუკრი, ფიქრებში ერიე,

შენ მაინც იმ ქარმა ისე გაგიტაცა,

იმ ანც ქარს მიჰყევი. თავს ვერ მოერიე.

შემხვდება დუმილით დახშული ჭიშკარი,

მაკავებს ასაკი, ჭაღარა, ზრდილობა,

ხანდახან დაცინვით მომძებნის ის ქარი, 

ხანდახან გამიხსნას ის ძველი ჭრილობა.

 რისთვის ვინატრო ძვირფასო ფრთები,

თუკი შენამდე ვერ მოვფრინდები...

დაᲗო ერნესი

ინატრე ზეცა, ფორიაქი ღრუბლებთან ერთად,
ინატრე ხატვა და ფუნჯებით აღრევა ფერთა,
ოქროსფერის და ვერცხლისფერის ნაზავი მთვარე,
და შავი, რომ ქსოვს ბოროტისთვის დასაჭერ ბადეს.
ინატრე, ზოგჯერ აუხდენიც აგიხდეს იქნებ,
ფრთებიც არ გქონდეს, მაინც ზევით ზეცაში იფრენ,
იქნებ ნატვრებსაც ზნეკეთილი დაურჩეს ბოლო,
არ იუარო ოცნებები, ამას გთხოვ მხოლოდ.
,


 სამოთხის კარებს მოადექ,

ვაშლებ მამთხუე საჭმელად,

შენ თავ კალთაში ჩავიდე,

მაგ ალმას თვალთა საცქერლად,

მერე ზეცაში გავფრინდით, 

მე - დურაჯი, შენ - არწივი,

თლილ ფიცარივით გამრანდე,

ნუღარ დამტუებ ცალი ფრთით.





Wednesday, March 23, 2022

 ვიცი, გინდა, რომ მომეხვიო და სულ დამკოცნო,

შენი თვალები ამ ღამეში, ვით ალმასები,

ანათებენ და მომნუსხველი ძალით მიწვევენ,

სიყვარულს უნდა გამოსცადოს თავის ძალები.

მკერდზე დამისმევ შენს ლამაზ ხელს, გავირინდები,

გინდა, დამათროს და დამკოდოს ისრით ამურმა,

მაგრამ მე უკვე დაისრული შენს გულზე ვწევარ,

და სისხლი მირტყამს საფეთქელში ვნების ძალუმად.






წვიმს და სახეებს ვუშვერთ ჩვენ წვიმას

 წვიმს და სახეებს ვუშვერთ ჩვენ წვიმას,

შენი სახიდან ვსვამ წვიმის წვეთებს,

თითქოს ვარსებობთ ამ ქვეყნის მიღმა

და ირეალურ სამყაროს ვეძებთ.

შენ სასურველი, მათრობ ვით ბანგი,

მე შენი ქნარი, ლირა და ჩანგი,

ახლა გავიგე არსი ამ საგნის,

რომ არა არის ტრფობაზე კარგი.

უკვდავების წყალს მაწოდებ პეშვით,

შენც უკვდავება ტუჩიდან შესვი,

და ოლიმპოზე ვეწვიოთ ღმერთებს,

იქ დაიკავე ტახტი შენც ღმერთის.

 მომისვი გვერდზე,

მხარზე მოგაყრდნო მინდა ეს  თავი,

ყურს გიჩურჩულო: ,,მიყვარხარ, მზეო!"

და დამწვი შენი ღვთიური ალით.






 ფიფქო,ფიფქო, ნაზო, წმინდა,

შენა მყავხარ მხოლოდ ფიქრად,

დამიმშვენე ხელისგული,

მინდა, ჩემი გახდე იჯრა.

 ისევ ფიფქები მოდიან, 

თეთრ ვარდებს შლიან მინდვრებად,

იმ ყვავილებში ნავარდი 

აროდეს არ მომწყინდება,

მახსოვს გაყინულ ხელებზე

ხელთათმანებს რომ მაცმევდი,

გულმკერდზე ნაზად მიკრავდი,

დამვიწყებოდა დარდები.

დღეს ისევ ისე თოვლია,

მინდვრებში ქარი ნავარდობს,

ნეტავ, ვიღასი ბაღია,

რომ ასხივებს და არ ათბობს?!



 ყურში მიჩურჩულე "მიყვარხარო",

ნეტავ, ერთი სიტყვა რა გაგიხდა,

ვთქვა, რომ ოცნებები ამიხდაო,

მეტი არაფერი აღარ მინდა.

სულში ამიცეკვდნენ ანგელოზნი,

თვალში შენი სახე დამეხატოს,

სურნელს შევიყნოსავ მიმოზების

დაე, ფარულს ფარდა აეხადოს.

ნეტავ, ერთი სიტყვა რა გაგიხდა,

ყურში მიჩურჩულე "მიყვარხარო"....


Tuesday, March 22, 2022

როგორ დავწერო დედაზე ლექსი

როგორ დავწერო?!

როგორ დავწერო დედაზე ლექსი, 
როგორ დავწერო უკრაინაზე,
სარეცელზე რომ მწუხარე კვნესის,
რომ მახსენდება მისი სინაზე,
ალმოდებული ვარდის ლოყები,
და ლალის მძივი, როგორც აისი,
აანთეთ შუქი, გააქრეთ ბნელი,
ისევ ვიხილო ქალი - მაისი...


გიული ჩქარეულს! /ფშაურ კილოზე./, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, (ახალი ლექსებიდან წიგნისთვის)

 გიული ჩქარეულს!

/ფშაურ კილოზე./
გულის ცეცხლ ათბობს სამყაროს,
ამ ყინვასა და ამ ქარში...
მეც მამიაზრე,ყოველთვის,
შენზედ მლოცველთა ამქარში!
შენი შფოთვა და წუხილი,
ჩვენთვისაც გასაგებია,
გულს ნუ გაიტეხ,მოხევევ!--
სხვებს უარესიც ჰრგებია.
სუყველა უფლის შვილია,
გოგიაა თუ ხარება...
ღმერთ,ისეთ ტვირთს არ აგვკიდებს,
რო არ შაგვეძლოს ტარება!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.21 მარტი,2013 წელი.

თუ სიკვდილია (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 თუ სიკვდილია, მინდა მოვკვდე მე შენს მკლავებში,

დაფლეთილი მაქვს გული ჩემი ათას ნაწილად,

ყველა მათგანში შენი ტრფობის სისხლი ასხია,

ტანზე კი შენი სიყვარულის ლექსი მაცვია.



მოლოდინი (სარტფიალო, ერთსტროფიანი)

 როგორ მიყვარხარ, ამას, იცი, ვერ აღწერს ენა,

მხოლოდ ცვლადები იბუდებენ არეულ სისხლში,

ალბათ, ვიპოვი მე ოდესღაც იქს, იქრეკ, ზეტსაც,

ამონახსნების საპოვნელად მხოლოდ შენ გიცდი.


ვფიქრობ, რას გადაგეკიდე

 ვფიქრობ, რას გადაგეკიდე,

გულ გაგიწყალე ჩივილით, 

შენიცა გყოფნის სადარდო,

შენივ გაქვს გულის ტკივილი,

მხარზე ბევრ გაწევს ხურჯინი,

მეც რომ არ შამოგემატო,

ხვალით ვიქნები მუნჯივით,

არ გავიკრიფო ენადო.


ხალხურ მოტივებზე

 კლდეს შაფენილი ნისლები

ქვევით და ქვევით ჩადიან,

მზეს, ოქროსფერს და კამკამას

თავსაბურველი არტყია,

ღრუბლებმ შასცინებს მაღლიდან,

სხივებით გაათამამებს,

იმათაც გული ეხსნებათ,

ქათქათებსა და ლამაზებს,

ნისლებს დაჰხედამს, დაჰფანტავს,

სულ ვაი, ვაის აძახებს.,

ნიავი ქვევით მინდვრებში 

ყვავილებს შაუთამაშებს,

მე ამათ შამხედვარესა,

რაი მატირ და მანაღვლებს.



,


Monday, March 21, 2022

როგორ მიყვარხარ, გრძნობას ვერ ვმალავ, ავტ. შანდორ პეტეფი

როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,

მკლავს უნდობლობა შენი ფარული,

რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,

რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.


ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,

რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,

მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,

მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.


რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,

არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,

შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,

შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.


მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე

გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,

ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე

შენი ხელებით მე დამხუროდა.


რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,

ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,

მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით

წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.


მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმე

მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს,

თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი,

რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო.

 

სულში ჩათუთქულ ჭრილობებს ვებრძვი (სატრფიალო)

სულში ჩათუთქულ ჭრილობებს ვებრძვი,

რომ გაიელვა დილით აისზე,

მივყვები ჩემი ცხოვრების შარას, 

დარდით და სევდით რომ გადამივსე.

მუდამ ველოდი შენს აზვირთებას,

შემომსალტვოდი სხეულზე სატყლად,

და შენი სუნთვის ლამაზ მაისებს,

ჩემს მკერდში როგორც ყვავილებს ვმალავ.


მინდვრის ბოლოზედ შამომხვდი (ხალხურ მოტივებზე, სატრფიალო)

 მინდვრის ბოლოზედ შამომხვდი,

მზე იყავ, მზესთან ცილობდი,

ისე მიყვარდი, მინდოდი,

გავთელეთ ყვავილმინდორი,

საკინძე როცა შამხსენი,

ვნების მდინარედ ვდიოდი,

თეთრი და შავი არაგვი, 

შავერევ-ჩავეხვიოდით.




ჩემი ხარ ნაალაფარი, (ხალხურ მოტივებზე, სატრფიალო)

ჩემი ხარ ნაალაფარი,
მზე ვარ, შენ ოქროს ყანა ხარ,
ცეცხლი რომ არ შამოგინთო,
ვით მაიყრები თავთავად.
მე შამომყურებ იმედით,
ჩემზე არ იტყვი ფარსაგსა,
ღამით შენს მკერდში მმალავ და
გამიშლი ჭრელ-ჭრელ ფარდაგსა,
მამივნებ-მამისურვილებ,
პირიმზეს, მზისაქალასა,
მეც გაგიმრავლებ სიკეთეს,
მით გადაგიხდი ღალასა,
დილით ცის თაღზე გამიშობ,
შენი ალერსის მპარავსა.
გეტყვი: იბრჭყვინავ, ცხოვრებავ,
პური არსობის კაცთა ხარ,
ღმერთმა მოგმადლოს ცხონება,
ჩემდა იმედად შენ მყავხარ.




Sunday, March 20, 2022

ზამთრის ეტიუდი

ზამთრის ეტიუდი

ჩამოიფხატეს მთებმა ქუდები,
თმა აჩეჩილი აქა-იქ უჩანთ,
და მივუყვები ქუჩებს დათოვლილს,
აღარ მეცნობა არცერთი ქუჩა.
ვეღარ ვცნობ სახეთ, ვეღარ ვცნობ ხეებს,
თითქოს გუნება შემომრჩა ბალღის,
ისევ მგონია, ეს ის უჩაა,
გუნდებით ერთხელ მატკინა თავი.
ხეც აქოჩრილი თუთიყუშივით,
შემოსილია ბუმბულით თეთრით,
ყვავილიც ნუშის აღარ მიღიმის,
მოუყინია თოვლის ფიფქს გვერდი.
მხოლოდ მე მომწონს მგონი ზამთარი,
შემორჩენილი მარტის ჯიბეში,
აურევია ჩვენთვის დავთარი,
მაინც გავცქერი ქუჩებს იმედით.
მაია დიაკონიძე
20.03.2022წელი



წინაპრის კალთას ვეფარვით

 წინაპრის კალთას ვეფარვით,

ჩვენი თავ ჩვენ არ გვარგია,
თუ კი სამშობლო წაგვართვეს,
განა იმათი ბრალია?!

სატრფიალო (ერთსტროფიანი)

 ჩაგეკონები მაგ ტუჩებში, 

ჩემკენ მოგზიდავ 

და შენ მიხვდები, 

რომ ეს წლები 

ღირდა ლოდინად.

ვაჟო, რად ჰფიქრობ, ეჭვი მკლავს (ხალხურ მოტივებზე)

ვაჟო, რად ჰფიქრობ, ეჭვი მკლავს,
გიყურობ, როგორც ზენასა,
ნეტამც, ეგ თავი სპეტაკი,
ადრიდამაც რომ მენახა,
გამოვიბამდი ენასა,
არ დაგაკლებდი ქებასა,
ჩემს ბედს ძაღლ ხომ არ დაჰყეფდა,
ავისხმებოდი ვენახად,
ტკბილ-ტკბილ ამ ჩემი მტევნების
მაგვარ აროდეს გენახა.
მაია დიაკონიძე
20,03.2022წელი

Saturday, March 19, 2022

ექსპრომტი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (ახალი ლექსებიდან, წიგნისთვის)

 ექსპრომტი

1. თუ სიმყუდროვე და სითბო გინდა,
რა გასაკვირია, – ავობს მარტი...
დედა ცივ ქვეყნებში გაგიფრინდა,
გრიგალს შეგატოვა, როგორც ბღარტი.
2. ეხლა რა გაუძლებს სიმარტოვეს,
ბედმა ხელუკუღმა აჭრა კარტი,
მაგ კუნძულს მარტო შეგატოვეს, –
როგორაც დასჯილი ბონაპარტი.
3. ცრემლებით ჰორიზონტს ნუ გაჰყურებ,
ღიმილით თვალს გიკრავს ღრუბლის ქულა,
პანდორას ყუთს თავს ნუ დაახურებ, —
იმედი ჯერაც არ ამოსულა.
4. ვიცი, შენი გული ისე ღელავს,
ძნელია, რომ რამე გაგიკვირდეს...
ცაზე ხიდად გავდებ ცისარტყელას,
დაბრუნება რომ არ გაგიჭირდეს.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი,19.03.2016 წელი

ო, ღმერთო ჩემო, მიწყალობე იობის რწმენა! (წმინდა ნინოს ფესტივალისთვის)

 

ო, ღმერთო ჩემო, მიწყალობე იობის რწმენა,

და მერე თუნდაც გამახვიე უდაბნოს ნისლში,

დე, აიშალოს ყვავ-ყორნების წყება და წყება,

ვიცი, მოხვალ და სასოებადაკარგულს მიხსნი.

ტკივილი ჩემი, უსაზღვროა და უნაპირო,

და-ძმა დავკარგე, გალესილი ხმალი მცეს კეფას,

ჩვენს მამულს მუმლი შესევია, ხრავს და ნადიმობს,

ყურში ჩამესმის საზარელი ურჩხულის ქშენა.

ამოშანთულა დედამიწა წელთა სიავით,

ბოროტეულის არ კლებულობს ძალა, სიმძიმე,

ისევ განიცდის ზნეკეთილი ავთაგან გვემას

და ვეზიდებით მძიმე ლოდებს, როგორც სიზიფე.

პირგამშრალი და დამაშვრალი სამყაროს წიაღს

შენი ნება თუ გადაარჩენს, მოურჩენს წყლულებს,

იობის რწმენა აღგვადგენს და არ მიგვცემს ზიანს,

უკვდავების წყალს დაგვაპკურებს ქართველებს გულზე.

და რაღა არის, სიყვარული, თუ არ გიწამეთ,

ან და რა არის ჯოჯოხეთზე მეტი წამება,

ცეცხლში გახვეულ დედამიწას თუ არ ვუწამლეთ,

მაშინ აღარც ღირს ცხოვრება და სულის წვალება..


დაწუნებული ლექსები, წიგნიდან ამოვიღე

 

ნუღარ გამაწვალებ!

 

შენი გაბუტული ტუჩები ვარ,

შენი წვიმაცა და თქორიც,

შენი სხივოსანი თვალები ვარ,

შენი თითები ვარ, ნორჩი!..

 

შენი ალისფერი ლოყები ვარ,

შენი ხერხემალი, ზურგი,

მუდამ პირზე როგორ მაკერიხარ,

ნუღარ გამაწვალებ, მორჩი!..


ვიცი, გიყვარვარ!

 

ვიცი, გიყვარვარ და მოკითხვას შორიდან მითვლი,

შენს უნებურად შემასწავლე ღრუბლებში ფრენა,

მოვფრინდები და გაგიტაცებ გრიგალში, ქარში,

დაგმალავ ფრთებქვეშ, არ დაგეტყოს თვალებზე წყენა.

 

ქარი წაგვიყვანს მაღლა მთაში, მწვერვალზე დაგვსვამს,

იქიდან მთელი სამყარო და ღრუბლები მოჩანს,

ნისლს შემოვიხვევთ, შევერევით ნაცრისფერ ბინდებს

და შეუპოვრად დავუხვდებით ქარიშხალს მბორგავს...


ერთი სიტყვა გამაგონე!

 

ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა გამაგონე,

თუნდაც ნიავს უჩურჩულე კდემით,

ის მომიტანს, გულის პასუხს, მანათობელს

და მივხვდები, შენ ხარ ერთადერთი.


ზღაპარში ვიყავით

 

ზღაპარში ვიყავით, ზღაპრიდან მოვედით

შენ უფლიწული და მე მეფის ასული,

მაკოცე და ჯადო მოიხსნა ავსულის,

დავბრუნდით მიწაზე ჩვენ მზეგადასულნი...

 

ამიტომ ვერ გნახე, გეძებე, არ ჩანხარ,

ნუთუ შეიცვალე და გადაგიყვარდი,

ის მიჯობს ისევ იმ ზღაპარში დავბრუნე,

სადაც ფიცს არ ტეხენ თვით კუბოს ფიცრამდის.


მინდა ჩაგისუნთქო

 

შენი თმების სურნელებამ და ტანისამ გამაგიჟა,

თვალთა შენთა გამონაშუქს ემატება მზე მთვარისა.

ოხ, როგორმა უძლურებამ შემიპყრო და მასამარა,

ვაი, თუ შენ არ გიყვარვარ, ისე ძლიერ, ისე მძლავრად,

რომ ამ ჩვენი სიყვარულით მთლად შეიძრას ზენარეთი,

სიყვარულით დატანჯული ყველა აღდგეს ხმელზე მკვდრეთით,

აღარ ვიგრძნობ მაშინ მე თავს უმწეოდ და დაჩაგრულად,

ჩემს გულშიაც გაწვიმდება, გაბრწყინდება მზისაგულავ!..


სიყვარულს ვერ გაექცევი

 

სიყვარულს ვერ გაექცევი, სადაც არ იყო, მოგძებნის,

უნდა დაგათროს ვნებებით, აგიწიოკოს გრძნობები,

ფიქრები მიწეწოს-მოწეწოს, სისხლით აგივსოს ტუჩები,

გონიც რომ დაგაკარგინოს, შველას ნურსაით ნუ ელი.


შენ ხმას არ იღებ

 

შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,

საქმეები გაქვს, ვერ იცლი ჩემთვის,

მე კი  ვუმღერებ ღამის ტუიას,

მარადმწვანე ხეს კაცისაც ესმის.

 

მას მოვუყვები ჩემს სიყვარულზე,

რომელიც ალბათ ტვირთია შენთვის,

შენ ხმას არ იღებ და ისევ სდუმხარ,

ელი რომ გითხრა: "არივედერჩი“!..

 

მერე თქვა, თვითონ მიდიან ჩემგან,

მე კი არავის არ ვტოვებ ჩემით!..

 

ვნანობ ახლა

 

ვნანობ ახლა, რომ შენ გარგუნე წილად ყოველი,

შენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ძვირად მიღირდა,

მხოლოდ შენ იყავ ჩემი ტრფობის მძიმე უღელი,

შენ იყავ ჩემი დეზდემონაც, ჩემი ისიდაც.

 

შენ მარტომ შესძელ გაგეხადე ყმად და მონადაც,

შენს დანახვაზე იხსნებოდა ცაზე ღრუბელი

და თუ კი მაინც შეგაწუხე, ვერ შევძელ როცა,

დამაწვა ლოდად, დამიმძიმა მხრებზე უღელი.

 

შენთვის კი ვიყავ არაფერი, ერთგული მონა,

ამსრულებელი კაპრიზების,  ყველა სურვილის,

მხოლოდ ამჟამად თუ მოგნათლე წიწილმა ქორად,

ახლაღა მივხვდი, დავრჩენილვარ მშიერ-მწყურვალი.

 

ჰე, მეგობარო, თუ არა გაქვს თავისუფლება,

ის სიყვარულიც გრძნობა არის მხილოდ მთრგუნავი,

იქნება შეძლო, იმოქმედო მხოლოდ  გუმანით. 


შაირი

(მაია დიაკონიძე, ელიზბარ გაბუნია)

 

აირია რამსები,

კაცი კაცს სულ აღარ ჰგავს,

ქალს ლექსს უნდა უძღვნიდეს,

უძღვნის ვიღაც მამაკაცს.

 

ელიზბარ გაბუნია:

 

მართლაც, სწორი ხარ, მაია,

მაგრამ ნუ ბრაზობ, დაია,

ეს ლექსი შენ მოგიძღვენი,

რაც გამოვიდა აია!

 

მაია დიაკონიძე:

 

არა მგონია, ძმობილო,

 მაგაზე მეტი ვერ შეძლო,

სათქმელი კიდევ ბევრია,

ველოდი შენგან მე მეტსო.

 

ელიზბარ გაბუნია:

 

სიყვარულზე ლექსის წერა გიყვარს,

ხარ სიკეთის და სიცოცხლის ფერის,

ვინც თაყვანს გცემს, ყველა. ვინც, ტაშს გიკრავს,

შენს სიმღერებს. სიყვარულით მღერის.

 

მაია დიაკონიძე:

 

მეამა ეს შენი ლექსი,

ვიცი, დენდი ხარ ნამდვილი,

კეთილშობილი, ვაჟკაცი,

მიიღე ჩემგან მანდილი!..



 ყაყაჩოს!

 

არცა მსურს სხვისი ფერება,

მინდა მარტო მას ვუყვარდე,

გული რომ გამიხალისოს,

მე ვენაცვალე მის ხალებს.

 

მისი ეშხი მწვავს დღე და ღამ,

მიწვევს მინდორში სალაღოდ,

ერთხელაც, ვიცი, მაცდუნებს,

ეგ ხალიანი ყაყაჩო.


ჩემო სულიკო!

 

ჩემო სულიკო, სიყვარული როგორ აგიხსნა,

როგორ გითხრა, რომ სუყველაზე ბევრად მეტი ხარ,

ჩემთვის არ არის ცაზე უკვე ერთი ვარსკვლავიც,

ყველა ვარსკვლავში მხოლოდ შენ და ერთადერთი ხარ.

 

მაგრამ თუ კი შენ ჩემი ვნების მუხტი გაშინებს,

თუკი შენ ჩვეულ სიწყნარეში გინდა ჩაძირვა,

მე დავმშვიდდები და გავქრები, მცხუნვარ საკირედ,

მოგენატრება ჩემი ლექსი, ტრფობის მაგია.


რაფსოდია

 

როგორ მომენატრა შენთან ყოფნა,

ყრმობის ლურჯფრთიანი ჩანაფიქრი,     

გულში ყინულს ვამტვრევ ძალაყინით,

თმებში ჩავიწნავდი ვარდ-გვირილებს,

სულში იმღერებდა რაფსოდია,

ისე გულით მინდა არ ავტირდე,

თურმე,  მიჯნურობას რა სცოდნია...


მოგეალერსე ფიქრებით

 

მზის სხივად გადაგეფინე,

დავკოცნე შენი ტუჩები,

მერე თვალებში ჩაგხედე,

ავაბრიალე მუნჯები,

შუბლი დავკოცნე, თმის ღერიც,

შენი მკერდიც და თითებიც,

ახლა ხომ ჩემი ჯერია, -

მოგეალერსე ფიქრებით...


შენ თუ მიგალობ!

 

ჩალეწილი მაქვს ხერხემალიც

და ლავიწებიც არდავიწყების,

გახსოვარ კიდევ, თუ ისევ მიმეც

ქარებს, გრიგალს, გზას დავიწყების?!.

ხანდახან მოდის ჩემთან ტყიდან

შაშვის გალობა, გულს ამიჩუყებს,

ეს შენ ხარ, ჩემო, უფლის ჩიტო,

შენ მიგალობებ, თავდავიწყებით!


 

როგორ მინდა, რომ გიყვარდე!

 

როგორ მინდა რომ გიყვარდე,

როგორ მინდა, რომ გინდოდე,

ფოთლებივით ქარში ერთად

დავფრინავდეთ, მიმოვქროდეთ...

 

აღარ ჩადგეს ქარიშხალი,

ვნებების და სურვილების

და შენ, ჩემი ნატვრისთვალი,

ჩემს ალერსში იძინებდე...

 

შემეხები, როგორც სურვილს,

როგორც შენს დიდ მონატრებას,

დამიკოცნი მკერდს და  ტუჩებს,

მეც სიცოცხლე მემატება.


ვიღაცა ჰკარგავს, ვიღაცა ჰპოვებს!

 

ვიღაცა კარგავს, ვიღაცა ჰპოვებს,

მკაცრი წესი აქვს ველურ სამყაროს,

რომ არ დაკარგო, ჯერ უნდა ჰპოვო,

გულში ჩაიკრა და თან ატარო.

 

ხელი არ უშვა არასდროს, არსად,

თორემ გრიგალებს რა ემალებათ,

ჩამოიშლება ხავერდის ფარჩა,

ბროლის კოშკიც ძირს დაენარცხება...


 

შენ, ჩემო ვაზის ნაჟურო!

 

შენ ჩემო ვაზის ნაჟურო,

მომდომებიხარ წამლადა,

შენ ტუჩის გემო გავიგო,

უნდა წავიღო საგზლადა.

 

შენი თვალების ფერისა,

მინდა მოვქარგო კაბაი,

ცის ნაფლეთი რომ გეგონო,

ცაში მაფრინო მაღლარით.

 

შენი სულის ვარ ნაწილი,

იქნებ ამასაც ვერა გრძნობ,

ჩიტი რომ შემოგჭიკჭებს,

ნუთუ იმასაც ვერა სცნობ?!.

 

მომნატრებიხარ გულამდე,

ჩემი სიზმარი, ფიქრი ხარ,

არ ვიცი, როგორღა გითხრა,

როგორ მიყვარხარ, მინდიხარ!..


სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ!

 

მე ამ ღამით რძეში ვიბანავე,

ცამ მელანი ჩამიღვარა თვალში,

მთვარემ სხივი დამაფინა თმაზე,

სითამამე მომემატა ხმაში.

 

დავემგვანე ოქროსთმიან დალის,

ნადირობის ულამაზეს ქალღმერთს,

შემოგხვდები ამ ტყეების ბოლოს,

თვალთა ისარს გტყორცნი, არ დაგარჩენ.

 

ამიტაცებ და ამაფრენ ცაში,

სიყვარულის სასმისს ერთად დავცლით,

სამუდამოდ შემიყვარე ოღონდ,

თორემ ჟამი ფერუმარილს მაცლის.


ქალი კაცისთვის

 

ცივი არის, რომ არ უყვარს,

ცხელი არის თუ სულს სდაგავს,

გაზაფხულის ყვავილია,

თუ კი მის სულს დაინახავს.

 

მწარე არის, თუ ღალატობს,

ერთგულისთვის ტკბილზე-ტკბილი,

მწიფე ყურძენივით მოჩანს,

შემოდგომის არის ხილი.

 

მყარი არის, თუ შვილს უჭირს,

რბილი, ხანდახან კი მკაცრი,

შვილის სულის ყვავილია,

სამშობლოსთვის ვაჟკაცს გაზრდის...

 

ასე, თუ კი დაინახავს,

კაცი ცოლში ვარდს და აპრილს,

არ ექნება შეფერხება,

გამოცნობას გახდის ადვილს.


არა გქონდეს იმედი

 

გავიშლები სიყვარულის აფრებად

და შენს ხომალდს აღმა-დაღმა ვატარებ,

ხან ნიავი ნაზად მოგეფერება,

ხან გრიგალი აგიწეწავს წამწამებს.

 

არ მთავრდება უთავბოლო რეისი,

ნაპირამდე ვერაფრით ვერ მივედით,

რა ვქნა, ალბათ, სიყვარულის ბრალია,

რომ დაგეხსნა, არა გქონდეს იმედი.


შენი მონა ვარ!

 

შენ ჩემი იადონი ხარ,

მე კიდევ შენი ბულბული,

შენ ჩემი ბაღის ვარდი ხარ,

მე კიდევ შენი სუმბული...

 

დადიხარ, ჩემი დარდი ხარ,

ვეღარა გზიდავს ეს გული,

მაინც მიყვარხარ, მარგიხარ,

შენი მონა ვარ, ერთგული!..


მოგხვევდი ხელებს!

 

მოგხვევდი ხელებს, ლამაზ ტუჩებს დაგიკოცნიდი,

მკერდს მოგადებდი, იქნებ ასე გამომეწვიე,

შემოვაღწევდი შენი გულის კარის ღრიჭოში,

დაგანახებდი სიყვარულის ფერად მზეწვიებს.

 

ვერ გაუძლებდი ჩემს თავდასხმებს, დამნებდებოდი,

უხმოდ ჰაერში ამიყვანდი, მძლავრი ზევსივით

და მიმაწვენდი თივის ზვინზე, ხელთ გამიკრავდი,

იქ მანახებდი შენს სიყვარულს და სიძლიერეს.


იქნებ, არც ვღირვარ

 

იქნებ არ ვღირვარ მე შენს ფიქრადაც,

მაგრამ მაინც რომ გიყვარვარ, მნატრობ,

ალბათ, ღამემაც  ისე ინათა,

დღეა თუ ბნელი  ვეღარც კი ატყობ.

 

შენს გულის ძგერას აქა ვგრძნობ, შორს ხარ,

ვიცი, იქიდან ყვავილებს მიძღვნი,

კოცნას სიზმარში მაინც გაჩუქებ,

გაგეხარდება, უთუოდ, ვიცი.

 

ის მოვა...

 

არ ჩაუხსნიათ კარგა ხანი ჩემთვის საკინძე,

ვნების ალშიც თუ გავხვეულვარ, მხოლოდ სიზმარში,

არც ტუჩები და თეთრი მკერდი დაუკოცნიათ

და ჩემს გვერდზედაც საწოლია თავისუფალი.

 

და არც არავინ მიჩურჩულა ყურში "მიყვარხარ",

და არც ის მითხრა "საუკუნოდ შენი ვიქნები",

თუმცა იმედს და სიყვარულს ამ გულში ვინახავ,

ის მოვა, ვინაც ამიშალა ნაზი ფიქრები...

 

მოვა და გული გამითბება, წავა ყინული,

თრობის ქარები ჩემს სხეულსაც შეეპარება

და გავიშლები ნაზამთრალი ვარდის კოკორი,

ჩემთვისაც ალბათ ჩამოდგება ზღვა ნეტარება.


დაუბერავს ქარი

 

სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,

ზღვებს რომ სერავს, გემების ვარ აფრა,

მოფრინდება ქარი, მთიდან მონაბერი,

და დავრჩები გაუხუნარ კადრად.

 

გავაქანებ გემებს უსასრულობისკენ,

არ მჩვევია ტირილი და დაღლა,

თუმც ყველას გვაქვს საწყისი და დასასრული,

აგერ კაცი ახალ გემსაც რანდავს.

 

მიხარია, რომ მივაპობ ცათა სივრცეს,

თოლიებიც მუდამ თანვე მახლავს,

სხვა ვინ არის ჩემზე უფრო უკეთესი,

ვარ მცურავი ზღვაზე გემის აფრა!..

 

შენ გეძებ!

(სიმღერა)

 

სასწაულის მოლოდინში,

ვაღამებ და ვათენებ,

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,

ღამის ბინდშიც დაგეძებ...

 

მინდა ზევით ვარსკვლავს ვთხოვო,

გვირგვინი და ოქროს ტახტი,

დარახტული ცხენით ივლი,

არ მექნება შენი დარდი...

 

მისამღერი:

ცის ფერებშიც შენ დაგეძებ,

სიზმარსა და ფიქრებშიც,

ქარს გავყვები ოცნებებში,

გკოცნი თავდავიწყებით...


გადავედი, გადავედი...

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

ზღვა ხარ ვნების,

ზღვა ხარ კდემის,

ერთიანად მაგიჟებ...

 

თუკი როცა დაგინახავ,

ვერ მოგწყვიტე თვალები,

არ დამტოვო, ჩემო კარგო,

გეხვეწები, გამიძელ!..

 

რომ მიყვარხარ, ახლა მივხვდი,

არც თუ დიდი ხანია,

შენს სახეზე გაღიმება,

სიცილი მიხარია...

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

მიყვარხარ და ახლა გეტყვი,

მაოცებ და მაგიჟებ!..

 

ვერ დავთვალე ზღვაში ქვიშა,

ხმელზე ზღვათა ნაპირი,

თვითონ ზღვა ხარ უნაპირო,

ვერ გიპოვე ნაპირი!..

 

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

გეხვეწები, არ დამტოვო,

წასვლას თუ დააპირებ!..


მიყვარხარო

(სიმღერა)

 

სიყვარულის ცეცხლში დამწვავს,

ალისფერი განთიადი,

ყაყაჩოს და ფურისულას,

დამაყარა ათინათი...

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად,

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

 

მზემ ზეცაში ამიტაცა,

ცხრა ზღვა ფეხქვეშ გამიფინა,

ღრუბლის ფთილა შემომაცვა,

მდელოები მარონინა.

მისამღერი:

მიყვარხარო მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად...

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც...

არ მაღირსა ქება ზეცამ,

დამატეხა თავზე წვიმა...

იჭექა და იგრუხუნა,

მერე უცებ ნაირფერი,

ცისარტყელა გადმოფინა.

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად...

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

დედამიწა მომატარეს

მზემ, მთვარემ და წვიმამ ერთად...

სამოთხეში კარი გახსნეს,

მეც ვიქეცი წვიმის წვეთად...

მისამღერი:

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც,

გამეცინა, მივხვდი მაშინ,

მას ვუყვარვარ სხვაზე მეტად.

მიყვარხარო, მითხრა მთვარემ,

მიყვარხარო, მითხრა მზემაც!..


რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ!

                  

გაზაფხულის წვიმასავით დამიკოცნი შუბლს და თითებს,

რომ გიყვარდი, კი ვიცოდი, მაგრამ ნუთუ ასე ძლიერ?!.

 

რომ წვიმასაც ჩამოიყვან ძირს ჩემს ხელთა დასაკოცნად,

მზეს მომართმევ ყვავილივით, ზეცად გააგზავნი ლოცვას!..

 

რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ, ვიშლებოდეთ გვირილებად,

ჩემი სიტყვა, ვით საკრალი, გათბობს, გაახლოვებს ღმერთთან!..

 

და იმ ფაქიზ მოგონებებს, რასაც წლებთან ერთად ვითვლით,

ამ სამყაროს დავუტოვებთ, რომ განმტკიცდეს ქვეყნად ფიცი.


გული გული აღარაა              

                     

სიყვარულით დასეტყვილი, შემოგხვდი და ვერც კი მიცან,

მე კი მუდამ შენზე ვფიქრობ, შენ ხარ ჩემი ცაც და მიწაც,

ზედ ყვავილნი იშლებიან, კესანები, ნარცისები,

გული გული აღარაა, ყველგან არის ყვავილეთი...

 

ფრთებსაც მალე გამოვისხამ, იქნებ შენთან გამოვფრინდე,

იქნებ შენი ცქერით დავტკბე, შენს გულშიაც ამოვიდე,

ჩემთვის ღამეც დღედ გადიქცა, მგონი უკვე აღარც მძინავს,

შენს ტუჩიდან ღვინო შევსვა, გამოვდგები მის ბარძიმად!..


 ჩემი უძირო დარდი ხარ!

 

სადაც არ უნდა ვიყო  და

ჩემთან ხარ, ჩემთან მუდამ,

ჩემი უძირო დარდი ხარ,

იმედს არ ვკარგავ ფუჭად…

ერთად როდისმე ვიქნებით,

გულს მოგცემ, გინდა სულსაც,

ნეტავ, რა გზებზე დადიხარ,

სადმე შემოგხვდე უნდა…

ზღვას მოგცემ, ცასაც ფირუზის,

მთებს, ველებსა და მინდორს,

არ მიღალატო, მოვკვდები,

ცოცხალი მნახო, გიჯობს!


უმისამართოს!

 

წყლის წვეთშიც შენ ხარ, დილის ნამშიც, მფრინავ სიოშიც,

მინდორზე, ველში, ტყის ჩრდილებში, ალუბლის ბაღშიც,

ჩემს ლამაზ ფიქრშიც, გულშიც, სულშიც შენა ხარ მხოლოდ,

მაგრამ ვერ გპოვე, ვერ შეგიცან და ვერსად გნახე.

 

იქნებ, შენა ხარ, ვინც მიყვარდა ამდენი ხანი,

იქნებ, შენს ცდაში გათანგულა ჩემი სხეული,

მიწისა უკვე აღარ დამრჩა ვახში და ვალი,

შენკენ მოიწევს უიმედოდ სული ეული.

 

რომ დამიამოს იარებით დამჭკნარი გული,

უსიყვარულად წასვლა ზეცად რომ უწერია,

მეჩურჩულება სიო ნაზად შენს ძვირფას სახელს,

მაგრამ არ მესმის... ნახვა შენი არ მიწერია.


                              როგორ დავიტანჯე!

 

როგორ დავიტანჯე შენს ლოდინში,

ფიქრმა დამიღარა სახე,

ჩემი ოცნებების ლამაზ ბაღში,

ყველა ყვავილი რომ დარგე!..



ვარდისფერი იმედებით      

 

ვარდისფერი იმედებით

დავფრინავდი ჯერაც ბავშვი,

არ მგონია, ღმერთო, ჩემო,

თუ ამხელა გავიზარდე,

დღესაც ზღაპრულ კოშკში ვცხოვრობ,

ძირს ჩამოვყრი თმა-დალალებს,

ამოვზიდავ მხოლოდ იმას,

ვინც ნატკენ გულს დამიამებს.


სიყვარულს ვერ გაექცევი

 

სიყვარულს ვერ გაექცევი, სადაც არ იყო, მოგძებნის,

უნდა დაგათროს ვნებებით, აგიწიოკოს გრძნობები,

ფიქრები მიწეწოს-მოწეწოს, სისხლით აგივსოს ტუჩები,

გონიც რომ დაგაკარგინოს, შველას ნურსაით ნუ ელი.