Sunday, April 30, 2023

 საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „გულთა კავშირი“ ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს

1) „რუსთაველის დღე (პოეზიის დღესასწაული)“
ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო პოეტური თარგმანი;
2. საუკეთესო პროზაული თარგმანი;
3. საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები;
4. საუკეთესო პროზაული ნაწარმოებები.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება
1250 ლარის ოდენობით.
ასევე ცხადდება:
2. კონკურსი გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიის
მოსაპოვებლად
პროზა-პოეზიაში - 1000-1000 ლარის ოდენობით
(მხარდამჭერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
3. კონკურსი დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია „ძლევაი საკვირველი“ -ს მოსაპოვებლად პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებებისათვის - სამ ნომინაციაში:
1. გრან-პრი - რჩეული იუბილარი - 1000 ლარი და ოქროს
მედალი;
2. პროზაში - 1000 ლარის ოდენობით;
3. პოეზიაში - 1000 ლარის ოდენობით.
(მხარდამჭერი ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები).
(რჩეული იუბილარის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლიათ გამომცემლობებსა და შემოქმედებით ორგანიზაციებს).
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის
15 მაისს, პოეზიის დღეს.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ლიტერატურული ნაწარმოებები არ უნდა აღემატებოდეს: პოეზიაში 5 გვერდს, პროზაში - 20 გვერდს.
აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტულად რომელ კონკურსსა და ნომინაციაში იღებთ მონაწილეობას, ასევე დაურთეთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ნომერი.
მასალები მიიღება 2023 წლის 2 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: writersunionofgeorgia@gmail.com
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების დრო და ადგილი გამოქვეყნდება ჩვენს ფბ.გვერდზე.
საკონტაქტო პირი - მაია კვანტალიანი
ტელეფონის # 555 564 454
All reactions:
Irakli Nadareishvili, Rusudan Gogberashvili და 18 სხვა პიროვნება

სინოფსისი, მოკლე აღწერილობა ზღაპრისა: ,,კახა და ირმები"

 

კახა და ირმები, ავტ. მაია დიაკონიძე, 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

 

    „კახა და ირმები“ არის მოთხრობა, ზღაპრის ელემენტებით, ვიტყოდი ნახევრადზღაპარი. შედგება ხუთი თავისაგან. ნაწარმოების მთავარი გმირი პატარა ბიჭი, სახელად კახა, მეტყევეს შვილია, უყვარს ბუნება, ჰყავს მეგობრები: ძაღლი და კატა, ალბათ, როგორც ყველა სოფელში მცხოვრებ ბავშვს. სამსახურში წასული დედა შვილს უბარებს, მარტო რომ არ იგრძნოს თავი, ირმებს ესაუბროს ხოლმე, რომლებიც მის საწოლთან კედელზე ჩამოფარებულ ფარდაგზე ხატია. ბიჭუნაც ასე იქცევა, როცა ეძინება, ზღაპრულ სამყაროში ხვდება, იქ ტყეში, სადაც ირმები ცხოვრობენ. ირმებმა შვილები დაკარგეს. სწორედ შვილების მოძებნაში ეხმარება ბიჭუნა თავის ახალ მეგობრებს. მოხვდება სოფელ ორომტრიალაში, რომელიც თითქმის დაცლილია და ერთ ბებოს შეუფარებია ის ორი ნუკრი, რომლებიც მიწისძვრის შედეგად აღმოჩნდნენ ამ სოფელში. ამ სოფელსაც ორომტრიალა იმიტომ ჰქვია, რომ პერიოდულად მიწა იძვრება ხოლმე, დადიან გზები, მდინარე, წყარო. ამიტომ სოფელშიც არავინ ჩერდება. დილით კახა მამას უყვება ირმების გასაჭირის შესახებ, რომელიც სიზმარში ნახა და მამა, კახა, ძაღლი და კატა მიდიან სოფელ ორომტრიალას სანახავად. პოულობენ კიდეც უცნაური ხის დახმარებით. ორი ნუკრი ირმებთან მიჰყავთ, მაგრამ მამა გადაწყვეტს სოფელში დარჩენილ მოხუცებს მიეხმაროს. თანასოფლელებთან ერთად გაჰყავს გზა სოფლისკენ. ნელ-ნელა სოფელში მოსახლეობა ბრუნდება. ორომტრიალადან ტყეში აღმოჩენილ ხესაც სოფელში დააბრუნებენ, რომელზეც ასევე უცნაური ჩიტები სხდებიან, უმღერიან სიკეთეს. სოფლელებიც იწყებენ ლოცვას, ღმერთი შეისმენს მათ თხოვნას და სოფელში შეწყდება ორომტრიალი, თუმცა სოფელს სახელი დარჩება, რომ ფრთხილად იყვნენ ადამიანები ბოროტებასთან, რომელსაც არასდროს სძინავს.

გამოქვეყნებული საბავშვო ნაწარმოებების სია:

 

გამოქვეყნებული ნაწარმოებების სია:

,,მომღერალი ბიჭუნა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N 2

,,ფანქრის მთლელი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N3

,,საპნის ბუშტები“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018 წელი, N5

,,პაპა“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N 6

,,ჭინკების დღე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2018, N8

,,შემოდგომის ნობათი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, 2018 წელი, N10

,,გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N1

,,ქარი და კლდე“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N5

,,მზესუმზირა და ფუტკარი“, მოთხრობა,  ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N6

,,ანო და მისი ძაღლი ჯუნა“, მოთხრობა, მოთხრობა,  ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N9

,,მინდვრის ყვავილები“, პიესა, 2020 წელი, მე-3 ნომერი

ლექსები, ,,შემოდგომა", ,,ხვავი და ბარაქა", ,,ჯამში მოჩქეფს", ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N10

,,ანოს და ჯუნას ახალი თავგადასავალი“, მოთხრობა,  ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N11

,, თოვლის დედოფალა“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2019 წელი, N12

,,პირველი თოვლი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“2020წელი, N1

,,სიმფონია“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N2

,,ლულუ და ლულუ“, ავტ, მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020წელი, N5

,,მზე და სოფო“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“, 2020 წელი, N7

,,ვანო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2020 წელი, N9

,,ხეების მესაიდუმლე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2020 წელი, N11

გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N1-2

,,სალომე“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N4

,,დარიგება“, ლექსი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N5

,,მწერების მოყვარული გოგონას ამბავი“, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N6

 ,,ლალიკო“, მოთხრობა, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N8

,,ნოემბერი“, ზღაპარი, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2021 წელი, N10

გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, ჟურნალი ,,დილა“  2022 წელი, N1


 

ელექრტრონულ ჟურნალში:  ,,თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“

,,მანანა“, ,,ლურჯი ბუშტი“ ,  მოთხრობები, 2019 წელი, N2

 ,,მინდვრის ყვავილები", პიესა, 2019 წელი, N7

,,კაჭკაჭის ბარტყი“, მოთხრობა, 2019 წელი,N8

,,ფანქრის მთლელი“, ზღაპარი,  2019 წელი, N9

,,შემოდგომის ფოთლები“, პიესა, 2019 წელი,N10

,,საახალწლო ნაძვის ამბავი“, პიესა, 2019 წელი,, N12

,,ხალიჩების მქსოველი გოგონა“, ჟურნალი ,,შოკოლიტი“,

,,ლურჯი ბუშტი:,თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა, ელექრტონული ჟურნალი, 2019 წელი, N 2

პიესა ერთ მოქმედებად,  ,,მინდვრის ყვავილები", ,თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა, ელექრტონული ჟურნალი, 2019 წელი, N 7

,,კაჭკაჭის ბარტყი", ,თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა, ელექრტონული ჟურნალი, 2019 წელი, N 8

 საბავშვო წიგნები: 

იოცნებეთ ყველამ,  საყმაწვილო ლექსები, მოთხრობები, გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, თბილისი, გამომცემლობა ,,მწიგნობარი", 2015 წელი

ფანქრის მთლელი, ზღაპრები, ავტ. მაია დიაკონიძე, თბილისი, გამომცემლობა ,,მწიგნობარი", 2018 წელი

სახალისო ანაბანა, ლექსები, ზღაპრები, მოთხრობები, გამოცანები, ავტ. მაია დიაკონიძე, თბილისი, გამომც. მწიგნობარი, 2020 წელი

 

Saturday, April 29, 2023

ჩემი საბავშვო ნაწარმოებები

 

კახა და ირმები

                                 პირველი თავი

    კახას დილაუთენია გაეღვიძა, დედა უკვე სამსახურში წასულიყო, მისი ლოგინი ცარიელი დახვდა, გული დაწყდა, ვერ მომეფერაო დედიკო, იქნებ მომეფერა კიდეც და ვერ გავიგეო, დაიმშვიდა გული. ირმებისკენ გადატრიალდა, მისი საწოლის კედელზე ჩამოკიდებულ ფარდაგზე რომ ლამაზობდნენ. დედა სულ ეუბნება, მე როცა არ ვარ სახლში, მაგათ ელაპარაკე ხოლმეო. ესეც ელაპარაკება, ზღაპრებსაც უყვება, დედა ძილის წინ რომ უამბობს, თვლასაც ასწავლის ირმებს, ახლაც დაიწყო: - ერთი, ორი, ირემიც ხომ ორია, დედა და მამა ირემი. ჩაფიქრდა, ნეტავ შვილები თუ ჰყავთო. სად არიან, ამ ფარდაგზე არა ჩანანო. თითქოს სიღრმეში შეიხედა, აგერ ბუჩქებიც შეამჩნია, შორს ტყეც, ტბაც, ნელ-ნელა თვალები მილულა  და ჰოი, საოცრებავ, იმ ირმების გვერდზე აღმოჩნდა, ფარდაგზე რომ ეხატა. გაეხარდა, მეგობრებთან რომ ამოყო თავი. ხელი მოუთათუნა დედა ირემს, ფერდზე თავი მიადო, დედაჩემი იყავიო, უთხრა, როცა ჩემი დედიკო არ არისო სახლში. თავი დაუქნია ირემმა, ეგრე იყოსო, გაუღიმა კიდეც და ადამიანივით ალაპარაკდა: შენნაირი ბიჭის დედობა საამაყოა, მოდი მოგეფეროო და დრუნჩი თავზე დაადო ბიჭს, თმები აულოკა. გაეღვიძა, დედა ეფერებოდა თავზე. გაეხარდა დედის დანახვა, ტიტინით ამცნო, სიზმარში ირმები ვნახე და დედა ირემი ადამიანივით მელაპარაკებოდაო. გაეღიმა დედას, კარგია, ასეთი მეგობრები რომ გაიჩინეო. მაგრამ გახსოვდეს, ეს მხოლოდ სიზმარიაო, ირმები ხომ არ ლაპარაკობენო სინამდვილეში..კი, ასეაო, თავი დაუქნია კახამ. ადგა, ხელ-პირის დასაბანად შევიდა სააბაზანოში. სარკეში ჩაიხედა, თმებზე ალოკილი შეამჩნია, აი ის, ირემმა რომ ალოკა, ჩაიღიმა, არც მთლად სიზმარი ყოფილაო და სამზარეულოკენ გაეშურა. დედას თეფშზე ბლითები უკვე დაეწყო, აქაფქაფებული ცხელი რძეც ოხშივარს უშვებდა ჭიქიდან. ბიჭი გემრიელად შეექცეოდა საუზმეს და ირმებზე ფიქრობდა, ნეტავ შვილი თუ ჰყავთ და იმასაც კახა ხომ არ ჰქვიაო?1 ოცნებობდა ისევ მოხვედრილიყო ირმების სამეფოში და ბევრი ახალი ამბავი გაეგო მათ შესახებ.

                                        თავი მეორე

 

      საღამოს, სახლში ახალმოსულ მამას ჩაეკრო. ფეხებზე შემოჰხვია ხელები. მამამ ხელში აიყვანა. დაუკოცნა შუბლი. დღეს ორი ირემი ვნახეო, გაახარა შვილი. თითქოს შვილის გულისწადილსა და სურვილს კითხულობდა. კახას მამა მეტყევეა. ძალიან ამაყობს კახა მამით. ის ხომ ბუნების დამცველია. ის რომ არა, რამდენ ხეს მოჭრიდნენ, რამდენ მუხას დააყრევინებდნენ რკოებს, მერე გარეული ტახები რაღას შეჭამენ?! მამას რკო სახლის ღორებისთვისაც მოაქვს. ისე გემრიელად ახრამუნებენ. დგას და უყურებს ხოლმე კახა, როგორ იტკბარუნებენ პირს გოჭები ნაფი და ნუფი.  ასე დაარქვა, თავის გოჭებს, მოსავლელად და სამწყემსავად დედამ რომ ანდო. დიდი ბიჭი ხარ უკვე და მოუარეო. ეზოს გადაღმა გაიყვანს ხოლმე თავის გოჭებს, ძაღლი ყურშაც თან მიჰყვბა, შენ მარტო ამ საქმეს რას გაუმკლავდებიო. ყურშა ხომ კახას დიდი მეგობარია. მამამ რომ მოუყვანა, სულ ერთი ციდა იყო. ყეფაც კი არ იცოდა, ხანდახან დაიწკმუტინებდა ხოლმე, მშიაო. დედა ძროხის რძეს უსხამდა ბოთლში და იმას აწოვებდა. ბუჩქებში გადაგდებული იპოვა მამამ, წამოიყვანა, იქნებ გადარჩესო. ახლა კახას სიმაღლეა ყურშა. ისე ყეფს, გარეშემო ტყე-ველს აყრუებს, მთებიც ბანს აძლევენ. ყველამ იცის, რომ ამ სახლში ძაღლია, სახელად ყურშა. აბა, რომელი მგელი და ტურა-მელია გაეკარება იქაურობას. სახლში ერთი კატაც ჰყავთ. ისიც კახას მეგობარია, თუმცა კახას დედა, მარიამი უფრო უყვარს, კუდაბზეკილი სულ მას დაჰყვება. ხანდახან კახასაც გადახედავს ხოლმე მოწყალების თვალით. ,,მიაუ", ცალი ყბით დაუკნავლებს, თუ კარგ საქმეზე მიდიხარ, მეც წამიყვანეო. ვეფხვივით ზოლებიანს, ვეფხვია დაარქვეს. ვეფხვიაც უკან გაჰყვება ხოლმე სამწყემსურში წასულ მეგობრებს. მოსწონს ველზე ყოფნა, ხან ბუზს გაეკიდება, ხან პეპელას. ერთხელ ფუტკარიც კი გადაყლაპა, რა იცოდა, თუ ფუტკრის შეჭმა არ შეიძლებოდა. ენა დაუსივდა და ერთი კვირა საჭმელს ვეღარ ჭამდა. ახლა იცის, რომ ფუტკართან თამაში არ შეიძლება. ყოველ დღე მეგობრები ველზე გადიან ხოლმე. ფათერაკებით სავსე გზა რომ გაიარონ.

    იმ საღამოს დაწვა კახა დასაძინებლად. უკვე წარმოიდგინა, მამა რომ წაიყვანდა ტყეში და ირმებს ნახავდა. გული წინასწარ სიხარულით უფანქცალებდა.

                                                 მესამე თავი

 

       იმ ღამეს სიზმარში ისევ ირმებთან ამოყო თავი. დედა ირემს ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავი შვილივით, ისიც მოეალერსა. თმა აულოკა. კახამ თვალებში ჩახედა. სევდიანი ეჩვენა დედა ირემი. ახლა ქორბუდას გადახედა. მის თვალებშიც ნაღველი წაიკითხა. ნეტავ რაზე სწუხანო, გაიფიქრა. დედა ირემი თითქოს თვალებით რაღაცას ემუდარებოდა. კახამ მორჩილად მოკიდა ქედზე ხელი, სადამდეც მისწვდა და წავიდეთო, უთხრა. ირმები დაიძრნენ. კახა გვერდიდან არ სცილდებოდა. გადაიარეს ტყე ირმებმა. კიდევ კარგი, ხშირი არ იყო. ბიჭი სულ იმას ფიქრობდა, სადმე ტოტებში არ გაიხლართოსო მამა ირემი, როგორც ერთ იგავში იყო. მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ტყისპირას გასულმა კახამ ქვევით სოფელი დაინახა. სოფლის ძაღლებმა, თითქოს ირმების სუნი იკრესო, ყეფა დაიწყეს. ბიჭი მიხვდა, ირმების სოფელში ჩასვლა არ შეიძლებოდა, იმასაც მიხვდა, იქ რაღაცა ხვდებოდა და უნდა გაერკვია რა. თავდაღმართში დაეშვა. საღამოვდებოდა, მაგრამ ფუტკრებს ჯერ კიდევ არ აეკრიფათ გუდა-ნაბადი, ისევ ყვავილებს დასტრიალებდნენ. ესიამოვნა ბიჭუნას ყვავილებიან ველზე ხეტიალი. იარა, აგერ პირველი სახლიც გამოჩნდა. სახლთან ახლოს მოთამაშე ბიჭუნები შეამჩნია, ერთმანეთს წითელ ბურთს უგორებდნენ. - ბიჭებო, – დაუძახა, -ეს რა სოფელიაო. - ორომტრიალას ეძახიანო. - უპასუხეს ბიჭებმა. გაუკვირდა კახას, - რატომ ეძახიან ასეო, . - იმიტომ რომ წელიწადის ერთ დღეს ჩვენს სოფელში დიდი ორომტრიალი იწყებაო. იმ დღეს მიწა აღმა-დაღმა დადის, შეიძლება ტყე აქ ჩამოვიდეს და ჩვენი სოფელი მთაში ავიდეს. წყაროც მიდი-მოდის, მდინარეც გზებიც, - ამის გამო სოფელში აღარავინ ჩერდება. დაცლილია აქაურობაო, წამოეშველა სიტყვით სახლის წინ მჯდომი მოხუცი. მე და ბავშვები აქ ვცხოვრობთ. სოფელში რამდენიმე მოხუციღა დარჩა, დანარჩენი სახლები ცარიელიაო. გაბოროტებულია მშიერი ძაღლებიც. ამას წინათ, ორომტრიალი რომ ატყდა, ორი ნუკრი ჩამოიყვანა მიწამ ტყიდან, აქ ვოლიერში მყავს ჩაკეტილი, რამე ცხოველმა არ შეჭამოს, ტყეშიც ვერ ვუშვებთ, ირმებმა თუ არ მოაკითხესო, აი, რაში ყოფილა საქმეო. გაიფიქრა ბიჭმა. დაემშვიდობა მოხუცს და ბავშვებს და ისევ ტყისკენ დაადგა გზას. სირბილით აიარა აღმართი. იქ ირმები ელოდებოდნენ. ორივეს ხელები მოუთათუნა, დაამშვიდა, დააწყნარა, თქვენი შვილები ვიპოვეო. მამას ვეტყვი და გვიშველისო. მამა ირემმა დაღლილი კახა ზურგზე შემოისვა და ტყეს შეერია.

 

                                                 მეოთხე თავი

 

               დილით ახალგაღვიძებულმა ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა. საწოლიდან წამოხტა, ირმებს შველა სჭირდებათო და მამას საწოლისკენ გაემართა. კვირა იყო. მამას დასვენების დღე ჰქონდა და ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. გაუკვირდა მამას, ბიჭი რომ დილაუთენია ამდგარიყო და საწოლში მიაკითხა. ღამით ნანახი სიზმარი მოუყვა ბავშვმა. სერიოზულად მიუდგა კაცი ირმების გაჭირვებას. შვილები დაუკარგავთ და აბა არ უნდა მოვეხმაროთო?! ადგა, ისაუზმა მამა-შვილმა და გზას გაუდგა. ყურშა აბა რა ბიჭი იქნებოდა, კახას რომ არ გაჰყოლოდა, კატა ვეფხვიამ ძილს ძლივს გამოგლიჯა თავი, ცნობისმოყვარეობამ სძლია, ნეტავ სად მიდიან ესენიო და მეგობრებს უკან გაჰყვა. წინ მამა მიდიოდა, უკან კახა მიჰყვებოდა, მერე ძაღლი ყურშა და ბოლოს კუდაპრეხილი კატა. მიდიოდნენ, მაგრამ სოფელი არსად ჩანდა. ის იყო, ფარხმალი უნდა დაეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რომ მათ წინ ხე წამოიმართა, არც ცაცხვს ჰგავდა, არც მუხას, არც ნეკერჩხალს, არც ალვს. შემოუარეს მამამ და კახამ გარშემო. ეს რა საოცარი ხეაო, იძახდა მამა, ასეთი ჯიშის ხე არასოდეს მინახავს, ნეტავ რა ჰქვიაო. უცებ ყველასდა გასაოცრად, ხემ ხმა ამოიღო და წაიჩურჩულა, ამ წუთში ამომაგდო მიწიდან რაღაც ძალამ, თორემ სოფელ ორომტრიალაში ვიდექიო. თვალისდახამხამება ვერ მოასწრეს მეგობრებმა, მიწა იძრა და უცებ სოფლის შუაგულში ამოყვეს თავი. პატარ-პატარა სახლები იდგა გარშემო. სოფელი თითქმის დაცლილიყო. რამდენიმე მოხუცმა გამოყო თავი ფანჯრებიდან. მზერა მოატარეს გარშემო. მამა, კახა და მისი მეგობრები რომ დაინახეს, გაეხარდათ, იქნებ რამე უშველონ ამ სოფელსო. მამამ ყველა დაამშვიდა. იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ, მაგრამ ჯერ ორი ნუკრი გვყავს სანახავიო. მოხუცებმა სოფლის განაპირა სახლისკენ გაიშვირეს ხელი. იქ არიანო. წავიდნენ სოფლის სტუმრები იმ სახლისკენ. ბიჭები, რომლებიც კახამ ნახა,  ისევ ეზოში თამაშობდნენ. არ აშინებდათ მიწის რყევა. მიჩვეულები იყვნენ ამას. ამათაც გაეხარდათ ადამიანების დანახვა. რამდენი ხანია, ამ სოფელში აღარავინ მოდის, მარტო გარბიან აქედანო. კახაც იცნეს, აქ ხომ უკვე იყავიო.  გაუკვირდა კახას, მეგონა, მეძინაო. ბებიაც გამოვიდა ეზოში, ჩამოართვა ხელი კახას და მამას, ძაღლს და კატასაც მიეალერსა. ვოლიერთან მივიდა და პატარა ირმები გარეთ გამოიყვანა, ვგრძნობ, ამათ წასაყვანად ხართ მოსულიო. მამამ მადლობა გადაუხადა ქალს, შეჰპირდა, დასახმარებლად მოვალთ. არაფერი ვიცოდით ამ სოფლის არსებობის შესახებო. გაუდგნენ გზას, კახას ახსოვდა, საით უნდა წასულიყო, სად ელოდებოდნენ ირმები. აუყვნენ აღმართს. გზადაგზა კატა და ძაღლი ჩხუბობდნენ, მე ვასწავლე კახას გზა, თორემ თვითონ როგორ მოაგნებდაო. იძახდა ძაღლი. ვეფხვია ბრაზდებოდა, შენ როგორ ასწავლიდი, დაგესიზმრაო? ყურშა იხტიბარს არ იტეხდა და ყეფით აყრუებდა იქაურობას. იქაური ძაღლებიც ჰყვებოდნენ, მაგრამ ბრაზით კი არა, სიხარულით, ახალი მეგობარი გავიჩინეთო. ასე მიაღწიეს ტყის ნაპირს. ირმები მართლაც იქ იდგნენ, პატარებს ელოდებოდნენ. მადლობის ნიშნად თავი დაუქნიეს მშველელთ. კახამ იგრძნო, რამხელა სითბო ჩაეღვარა გულში. ირმებმა თვალი თვალში გაუყარეს მადლობის ნიშნად. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარნენ. გადახედეს მამამ და კახამ ორომტრიალას. ნამდვილად დახმარება სჭირდებაო სოფელს და სახლისკენ დაადგნენ გზას.

                            მეხუთე თავი

 

სახლში რომ მივიდნენ, პირველ რიგში ფარდაგთან მიირბინა კახამ. შეხედა, ირმებს პატარა ნუკრები ამოსდგომოდნენ გვერდში. ბიჭუნას საულვაშეზე ჩაეღიმა. ბედნიერი იყო, ირმებს რომ დაეხმარა მამასთან ერთად. გაუცინა პატარა ნუკრებს, ხელიც დაუქნია. მოეჩვენა, რომ ირმებიც თავს უქნევდნენ მადლიერების ნიშნად. იმ დღის მერე ორომტრიალასკენ მამამ გზაც გაიყვანა თანასოფლელების დახმარებით. ხელდაკაპიწებული მუშაობდა კახაც. დედა საჭმელს ამზადებდა. ბევრი სახლი აღადგინეს სოფელში. ნელ-ნელა მოსახლეობამ სოფელში დაბრუნება დაიწყო. საკვამურებიდან ბოლი ამოვიდა, თხების და ცხვარ-ძროხის ზმუილ-კიკინი კახას სოფლამდეც აღწევდა. ის უცნაური ხე, რომელიც კახამ და მამისმა იპოვეს, სოფელში დააბრუნეს. ხემ თვითონ მოინდომა სოფლის შუაგულში დგომა. მასზე საღამოობით მასავით უცნაური ფრინველები მოფრინავდნენ და სხდებოდნენ:. წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ისინი მგალობლები იყვნენ, ღმერთს უმღეროდნენ სიყვარულზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე. ხესთან ახლოს ორომტრიალელებმა პატარა მონასტერიც ააშენეს. ისე გულწრფელად სთხოვდნენ ღმერთს სოფლის გადარჩენას, ღმერთმაც მოინდომა მათი დახმარება. მიწა აღარ იძვროდა, ორომტრიალიც აღარ ატყდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ სოფელს ეს სახელი მაინც შერჩა. თუ ვინმე ცუდ საქმეს მოინდომებს, ორომტრიალიც იქაა ჩასაფრებული, ბოროტს არასდროს სძინავს, ჩვენც მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთო, ამბობს კახას დედა - მარიამი..

 

 

 

                                                                 კატა  მარგო

ერთი ცხრასართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მეშვიდე სართულზე პატარა ფისუნია ცხოვრობდა, სახელად მარგო. მარგო კი  იმიტომ დაარქვეს, რომ გოგო ეგონათ, აბა, პატარა ბიჭმა, სახელად ლევანმა, რა იცოდა, რომ ფისუნია, რომელიც მათ სახლში დაუკითხავად შემობრძანდა თეთრი ბაფთით კისერზე, გაწკრიალებული, მოვლილ-დაბანილი, თეთრი- თეთრი და ქუნქულა, ბიჭი აღმოჩნდებოდა... შერჩა ეს გოგოს სახელი ახალ ბინადარს, ბიჭი კი გახლდათ. თვითონ თავისი სახელი დიდად არ მოსწონდა, გოგოს სახელი რად მქვიაო, მაგრამ თავის მეგობარ ლევანს ხათრს არ უტეხდა, დამარქვა და დამარქვა, ეგრე იყოსო. ხმა რომც ამოეღო, კნავილით აბა ვის რას გააგებინებდა. მას მერე, რაც ლევანთან დასახლდა, ლოგინში მის  ფეხებთან ეძინა, ის რომ მეცადინეობდა, კალთაში ეჯდა, ხანდახან ხელსაც უშლიდა, წამოდი, სწავლას თავი დაანებე,  ვითამაშოთო, თათს ხელზეც მოუთათუნებდა, მაგრამ ბიჭი მეცადინე იყო და უსაქმური ფისოს ანკესზე არ წამოეგებოდა ხოლმე. ჭამისასაც მარგო ლევანის სკამის ფეხებთან მოიკალათებდა და პირდაფჩენილი ელოდებოდა, მეგობარი თუ კი რამეს უწილადებდა. ამ დროს საჭმელი ნაჭამიც ჰქონდა, მაგრამ იქნებ, ახალ ნუგბარი ჩავიგდო პირშიო, ფიქრობდა. ისევ ერთად არიან, მარგო და ლევანიო, იტყოდნენ სახლში შემოსული მამა და დედა, სტუმარი კი გაკვირდებოდა, აბა მარგოო და ლამაზი ნაწნავებიანი გოგონას ნაცვლად კატა შერჩებოდა ხელში. ეს რა კარგი მეგობარი  შეუძენია თქვენს ბიჭსაო, სიცილით იტყოდა კიდეც.

 

                                                    კატა მარგო და გატეხილი ვაზა

 

   უყვარდა მარგოს კარადების თავზე ძრომიალი, მაგიდაზეც ხშირად ადიოდა, სკამებზეც, პიანინოს თავი კი მისი საყვარელი ადგილი იყო. იქ გრძნობდა თავს ყველაზე კომფორტულად. გადმოსცქეროდა ზევიდან ყველას, მუსიკის მეცადინეობაში გართულ ლევანს კი ზედ თითებზე დაახტებოდა ხოლმე და მუსიკალური ინსტრუმენტიც, კატის სიმძიმით შეწუხებული, განრისხებულ ხმებს გამოსცემდა. არსად აღარ იყო დარჩენილი ჭურჭელი, სილამაზით გამორჩეული ლურჯი ვაზებიც ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ მის ხელში, ბროლის ჭიქებიც, საკმარისი იყო, ვინმეს მაგიდაზე დარჩენოდა და არ შეენახა თავის დროზე ჭურჭელი, რომ ის  მსხვრევისთვის იყო განწირული. უკვირდათ კიდეც ოჯახის წევრებს, რატომ ტეხავდა ასეთი გამეტებით ყველაფერს, ბოლოს დასკვნაც გააკეთეს, ალბათ ძირს დაგდების და მსხვრევის ხმა მოსწონსო. პიანინოს თავზე  ხილის ერთი ძველებური შუშის ვაზა იდგა, ერთი საუკუნის მაინც იქნებოდა, გაშლილი, მოჩუქურთმებულ ფეხით, ერთადერთი ამ ვაზას არასოდეს ეხებოდა, ის კი არა და შიგ მოიკალათებდა ხოლმე, როგორც აკვანში, ერთ დღესაც, არავინ იცის, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა მარგო, მოხერხებულად ვეღარ აუქცია გვერდი ვაზას და ძირს ჩამოაგდო. შეწუხდნენ ლევანი და მისი უფროსი ძმა ავთო, დედა რას იტყვისო და დაელოდნენ რა მოხდებოდა. დედაც გამოჩნდა, აყვირდა, რა უქნია ამ საძაგელსო, მერე მშვიდად აკრიფა შუშის ნამსხვრევები და სანაგვეში გადაუძახა. კატისთვის გაჯავრება კი აზრადაც არ მოსვლია. აქ კი ვეღარ მოითმინეს ბავშვებმა, ეგ რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, დაგვსჯიდი, ერთი კვირა ტელევიზორს აღარ გვაყურებინებდი, ამას კი არც უჯავრდებიო, მარგო შეშინებული ერთ ადგილას მიკუნჭულიყო, თითქოს გრძნობდა თავის დანაშაულს. დედამ ის იყო, გადაწყვიტა, კატისთვის ცოტა მოეცაცუნებინა ხელი, ბიჭების დასანახად, ვითომ მივტყიპეო, მარგომ თვალები დახუჭა, ალბათ,  დარტყმის მოლოდინში, თითქოს მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ გარშემომყოფები. ამის დანახვაზე დედამ ხელი აღარ ახლო, ბიჭებს მიუტრიალდა, ხედავთ, მიხვდა თავის დანაშაულს!, თქვენ ადამიანები ხართ და მეტი გესმით, ეს კი ცხოველია, როგორ უნდა იცოდეს, რომ ვაზის გადმოგდება არ შეიძლებაო. ასე გადარჩა კატა მარგო დასჯას, როცა უკანასკნელი ვაზა შეიწირა სახლში.

 

                                       ბუნების ზეიმი

 

   ვანიკოს და ნიას პაპა ძალიან უყვართ, ის სოფლის ბოლოში ცხოვრობს, ესენი - სოფლის დასაწყისში, მარტოობა რომ არ აგრძნობინონ (ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა), ხშირად მიდიან ხოლმე მასთან და ეზოში ჯერარშესულები შორიდან ყვირიან: - პაპა მოვედით! - იქვე მდგარი მთა ექოს გამოსცემს და ისიც იძახის: -  პაპა, მოვედით, მოვედით! - ხმა უგრძელდება და დიდხანს გუგუნებს ერთსა და იმავეს, მერე პაპას სახლთან რომ ნაკადული ჩამოდის, ისიც ამღერდება ხოლმე, - მოვედით, მოვედითო, ახლა ჩიტები აჭიკჭიკდებიან: - მოვედითო, - მოკლედ შეიქმნება ბუნების ზეიმი. პაპაც, სადაც არ უნდა იყოს, გაიგონებს შვილიშვილების ძახილს, ულვაშებს გადაიწკიპავს, წვერზე ხელს ჩამოისვამს და ეგებება ბავშვებს ღიმილით, მაგრამ იმ დღეს კაცი არა და არ გამოჩნდა, იძახეს ბავშვებმა, იძახეს, ეზოშიც ყველაფერი მოათვალიერეს, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. გულდაწყვეტილები სახლში გაბრუნებას აპირებდნენ, რომ მოულოდნელად პაპას ხმადაბალი საუბარი გაიგონეს, - ჩემო ჭრელა, ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე  და პატარაც გეყოლება, - გაოცებული ბავშვები იქით გაეშურნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ბოსლის კარს მიადგნენ, ჩუმად შეაღეს, პაპას ძროხისთვის შემოეხვია ცალი ხელი, მეორეთი სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს უწმენდდა, ახალგამოჩენილებს დაუძახა, სახლში შედით, თბილი წყალი მომიტანეთ, სადაცაა პატარა ხბო დაიბადებაო. ბავშვებმა არ დააყოვნეს, ვედრო წყლით აავსეს, ცალ-ცალი ხელი მოკიდეს სახელურზე სხვადასხვა მხრიდან,  მარტოები ვერ ზიდავდნენ და ბოსელში შეიტანეს, ახლა ჩვრებზე გაგზავნა პაპამ ბავშვები, დაგვჭირდება, ახალდაბადებული ხბო სისუფთავეში ხომ უნდა იყოსო, ისინიც მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს, ბოლოს კი მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ ძროხას და მალე საოცრებაც მოხდა, პატარა ხალებიანი ხბო  გაჩნდა, ახალდაბადებული ფეხზე ძლივს დგებოდა, მაგრამ ბავშვებს თვალს არ აცილებდა და ცნობისმოყვარეობით უმზერდა, - ამათ ვის ვხედავო?! - ალბათ, ფიქრობდა კიდეც. რამდენიმე საათში კი პატარა ბაინდურა, ასე დაარქვა ვანიკომ, უკვე ეზოში დადიოდა ბავშვების გასახარად, თუმცა დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, შორს წასვლის თავი არც ჰქონდა, სუსტი ფეხებით ძლივს დაბანცალებდა. დედა ჭრელაც სიყვარულით ულოკავდა ქოჩორს, ესიყვარულებოდა თავის ერთას.

   რამდენიმე დღეში ისე გაყოჩაღდა პატარა დეკეული, იცით, ალბათ, რომ დეკეული დედალ ძროხას ჰქვია, ორ-სამ წლამდე, სანამ თვითონაც ხბოს არ გააჩენს, რომ ბავშვებთან თამაშიც გააჩაღა, გამოქანდებოდა და პატარა რქებით ხან ნიას დაეჯახებოდა, ხან ვანიკოს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, სიხარულით ეთამაშებოდნენ, თუმცა ნია ხანდახან ზღართანსაც მოადენდა ხოლმე მიწაზე, მაგრამ ბალახიანი მოლი იფარავდა, არაფერი სტკენოდა.  მუცელზე ღუტუნივით გრძნობდნენ ბაინდურას პატარა რქების მირტყმას, იცინოდნენ გულიანად ბავშვები. - ბაინდურა ჩემკენ! - დაიძახებდა ვანიკო, - არა, ჩემკენ! - აყვირდებოდა ნია, - ჩემკენ, ჩემკენ! - ექოს მისცემდა და გააგრძელებდა მთა, მერე ნაკადული არატრატდებოდა - ჩემკენ, ჩემკენო, - მერე ჩიტები აყვებოდნენ - ჩემკენ! - და იდგა ბუნების ზეიმი.

                              ანო, ძაღლი ჯუნა და სიმღერა

 

ანოს სკოლაში სიარული ძალიან უყვარს, იქ ბევრ რამეს სწავლობს, წერა-კითხვა უკვე ისწავლა, ასამდე დათვლაც, ხატვასაც ასწავლიან, ბუნებასაც, მაგრამ სიმღერას არა, მასწავლებელი არ ჰყავთ, სოფლის სკოლიდან დიდი ხანია წავიდა, ახალი არა და არ მოდის. სიმღერა კი ანოს ძაღლ ჯუნას ძალიან უყვარს, სკოლის ეზოში ზის და მღერის ხოლმე, როცა ანო დაიძახებს "ა-ა-ა",  "ე-ე-ე", მერე "ი-ი-ი", "ო-ო-ო", ბოლოს "უ-უ-უ", სხვა ბავშვებმაც ხომ ისწავლეს ეს ხმოვნები, ისინიც იმეორებენ, ჯუნა მათაც აჰყვება ხოლმე და დგას სკოლის ეზოში "სიმღერა", ხან ბავშვები მღერიან, ხან - ჯუნა. მასწავლებლებს ხელი ეშლებათ გაკვეთილების ჩატარებაშიო, თქვა ბრაზიანმა დირექტორმა, დაუცაცხანა ბავშვებს და ჯუნასაც. გაბრაზდა "სიმღერა", ეს რომ გაიგო, უჩემოდ როგორ იქნებით, ვნახავო და სკოლა მიატოვა, აღარ ისმოდა სიმღერა არც სკოლის ეზოში და არც საკლასო ოთახებში. ყველამ მოიწყინა, მასწავლებლებმაც კი, ხანდახან "სიმღერა" თავს კი აბეზრებდათ, როცა გაკვეთილებს ხსნიდნენ, ხელი ეშლებოდათ,  მაგრამ უსიმღეროდ ყოფნა მეტისმეტი იყო.

    ერთ დღესაც მოწყენილმა ანომ გადაწყვიტა "სიმღერა" ეპოვა, სკოლიდან გამოვიდა და ჯუნასთან ერთად ტყისკენ გასწია, ჩიტები ხომ მღერიან, იქნებ მითხრან, "სიმღერა" სად ვიპოვოო. ჩიტებმა ტყის განაპირას ქოხზე მიუთითეს, იქ ცხოვრობს  "მუსიკა" თუ "სიმღერა", კარგად არ ვიცითო. მორიდებით დააკაკუნა კარებზე ანომ, კარები თეთრწვერა მოხუცმა გაუღო,"სიმღერას" ნამდვილად არ ჰგავსო, გაიფიქრა გოგონამ, ეგონა, "სიმღერა" ახალგაზრდა გოგო უნდა ყოფილიყო, მთლად გამოპრანჭული. შეიპატიჟა მოხუცმა ანო სახლში, ძაღლსაც მოუალერსა და ისიც შეიყვანა. გოგონამ ოთახის  კუთხეში დიდი შავი ყუთი შენიშნა, არც სახლში უნახავს ასეთი და არც სკოლაში, ნეტავ რა არისო, გაიფიქრა, მოხუცი თითქოს მიხვდა ანოს ფიქრებს, ყუთთან მიიყვანა, პიანინოაო, უთხრა, თავსახური ახადა, მიუჯდა და ულამაზესი ჰანგები გაიფანტა ჰაერში, რა ლამაზი ხმებიაო, გაიფიქრა, ამას მუსიკა ჰქვიაო, აუხსნა მოხუცმა, მაგრამ ეს სიმღერა არ იყო, მიხვდა გოგონა, ძალიან კი  ჰგავდა, მოულოდნელად მოხუცმა სიმღერაც ააყოლა მუსიკას, გოგონა გაოცებული უყურებდა მოხუცის თითებს, რომლებიც საოცრად ოსტატურად დარბოდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე, მასაც მოუნდა ასე დაეკრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოხუცმა მუსიკალური ნოტებიც აჩვენა ანოს, შვიდი მუსიკალური ბგერა არსებობსო, აუხსნა, სიამოვნებით გაიმეორა გოგონამ "დო, რე, მი ფა, სოლ,ლა, სი", ჯუნაც აჰყვა, რასაკვირველია. "სიმღერა" ვიპოვეთო, გაეხარდა ანოს, მას მერე ანომ "სიმღერა" სკოლაშიც დააბრუნა და სახლშიც,  "მუსიკაც" მიაყოლა. მშობლებს პიანინო აყიდინა და ახლა პიანინოზე დაკვრას სწავლობს. ჯუნაც მასთან ერთად იმეორებს; "დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი...". სკოლაშიც მოიტანეს დიდი ლამაზი პიანინო, ოღონდ შავი არ არის, ყავისფერია, დირექტორიც მიხვდა, რომ "სიმღერის" და "მუსიკის" გარეშე არაფერი გამოვა. თეთრწვერა მოხუცი კი ყველას ასწავლის მუსიკას და სიმღერას, ვისაც მოუნდება, სკოლაში ხომ ახლა ისაა სიმღერის და მუსიკის მასწავლებელი.

 

                                  ნუნუ ბებოს ამბავი

 

      ნუნუ ბებო ჩვეულებრივი ქალი კი არა, ნამდვილი ჯადოქარი იყო: კატებსაც ელაპარაკებოდა, ძაღლებსაც, ძროხების ენაც კი იცოდა. ასე ამბობდნენ მისი პატარა შვილიშვილები, იმით გაკვირვებულები, რომ ის ადვილად პოულობდა საერთო ენას შინაურ ცხოველებთან. უცხო სტუმრის დანახვით გაგიჟებულ მურიკელას ერთს ეტყოდა, გაჩერდიო და ისიც ხმას ჩაიკმენდდა, ის კი არადა, კუდის ქიცინსაც კი იწყებდა ან კატა ტრიფონიას ეტყოდა, შენი შვილები გამომიყვანეო, ისიც დამალულებს სულ თითო-თითოს დაუწყობდა წინ, ნუნუ ბებოც მოეფერებოდა თავზე ტრიფონიას, კარგი გოგო ხარო, მერე ყუთს გაუმზადებდა, შიგნით თბილ ლოგინს მოუწყობდა და შიგნით ჩაუწვენდა კნუტებს სათითაოდ. მადლიერი ტრიფონიაც ბებოს ერთიორჯერ გაეხახუნებოდა თავით მუხლებზე, დაიკრუტუნებდა და შვილებისკენ გასწევდა. ახლა რა ამბავი ატყდებოდა ხოლმე, ნუნუ ბებო ეზოში რომ გავიდოდა, იწყებოდა ქათმების კაკანი და გნიასი. დაუყრიდა ბებო ხორბალს ან სიმინდს, ისინიც კმაყოფილები იყვნენ, კვერცხს ბარაქიანად იძლეოდნენ და სიხარულით კაკანებდნენ, აი, ნახეთ, რა ოქროს კვერცხი დავდეო, ნუნუ ბებო რომ გაეხარებინათ. ბებოსთვის მართლაც ოქროს ფასი ჰქონდა ამ კვერცხებს, თვეში ერთხელ წაიღებდა ქალაქში და ყიდდა. ქალაქშიც კარგად იცნობდნენ ქალს, ასეთი კარგი კვერცხი და ქათამი არავის ჩამოაქვს გასაყიდადო და კლიენტებიც ბევრი ჰყავდა. კარაქიც მხოლოდ მისი ადღვებილი და გამზადებული უნდოდათ. საქმეს რომ მორჩებოდა, დაიტვირთებოდა ქალი სურსათ-სანოვაგით, ქათმებს ხორბალს უყიდიდა, სიმინდი თვითონაც ჰქონდა სახლში, მაგრამ ხანდახან საკვები უნდა შეუცვალო ქათმებს, უფრო მეტი კვერცხი რომ დაგიდონო, - იტყოდა თავისთვის, შვილიშვილებს - კანფეტებს, ტკბილეულობას უყიდიდა, კიდევ ათას საოჯახო წვრილმანს გააყოლებდა ხელს და სახლისაკენ გასწევდა. გზა შორი ედო სოფლისაკენ, მაგრამ ის გზაც უყვარდა, ხეებს ათვალიერებდა, გაზრდილანო, კმაყოფილებით იტყოდა, გარშემო მთებს გახედავდა, ხომ არსად წასულან, ისევ ჩვენ დაგვხარიან თავზეო, მზეს გაუსწორებდა თვალს, მხოლოდ წესიერ და პატიოსან ადამიანებს შეუძლიათ ეს, - ჯერ არ ჩახვიდე, სახლში დაღამებამდე მივიდეო, - სთხოვდა. მზეც გაუცინებდა და არ ჩადიოდა, სანამ ნუნუ ბებო სახლში არ მივიდოდა.  ჭიშკართან მისული მზეს გახედავდა და დაემშვიდობებოდა, ხვალ გნახავო. გამოეგებებოდნენ პატარები ნუნუ ბებოს, ისიც გახსნიდა თავის რედიკიულს და დაურიგებდა კანფეტებსა და შოკოლადებს. ერთხელაც გზად მიმავალმა წყაროსთან შეისვენა. შესცქეროდა ჩამავალ მზეს და მისი სილამაზით ტკბებოდა. უცხო მგზავრი დაინახა, იქაურს არა ჰგავდა.-  საიდან მოდიხარო, - ჰკითხა. მგზავრმა სახლში მიმეჩქარება, ჰოლანდიიდან მოვდივარ, ერთი მცენარის პლანტაციები უნდა გავაშენო, ზეთი უნდა გამოვხადო იმისგანო. გაუკვირდა ქალს, ნეტავ, რა მცენარეა ასეთი, მე რომ არ ვიციო. - მექსიკაში მოჰყავდათ ინდიელებს, ახლა ევროპაშიც არის, თესლს ცოტას გადმოგიყრი, გაზარდე და ნახავო, - უთხრა უცნობმა, ნაჭრის პატარა ტომრიდან ერთი მუჭა თესლი ჩაუყარა ხელში და თვალისდახამხამებაში გასცილდა იქაურობას. ნუნუ ბებომ ცხვირსახოცში გაახვია შავი თესლი, რედიკიულში ჩადო და სახლისკენ გაეშურა, მართლა არ ჩავიდეს მზე და სიბნელეში გზაზე არ დავრჩეო. საქმეებში გართულს, მგზავრის ამბავიც გადაავიწყდა და მისი საჩუქარიც. პატარა მზევინარს, კანფეტების ძებაში გართულს, რედიკიული გაეხსნა და შიგნით იცქირებოდა,  ცხვირსახოცი ამოიღო, ქისასავით გამოკრული, შიგნით რამე სასუსნავი ხომ არ არისო, თანაც ფაჯარასთან მიეტანა, კარგად დავინახო, შიგ რა დევსო, გახსნა, მცენარის თესლი ძირს დაიბნა, სახლში საჭმლის ძებნაში შემოსულმა ქათამმა სიხარულით აკენკა, მხოლოდ ერთი ცალი გადავარდა ფანჯრიდან და მიწაზე დაეცა. როგორც იქნა, ნუნუ ბებოს გაახსენდა მგზავრის საჩუქარი, მაგრამ გვიანღა იყო. - ქათამმა გადასანსლაო, - უთხრა მზევინარმა. რაღა ექნა, ცოტა გული კი დასწყდა, უპასუხისმგებლობა გამოვიჩინეო.

      ზაფხული მოვიდა. ფანჯარა, საიდანაც თესლი გადავარდა, ბოსტნის მხარეს იყო მიქცეული. პატარა მზევინარმა ბოსტანში უცნაური ყვავილი შენიშნა, კაშკაშა ყვითელი, მზესავით, თანაც დიდზე-დიდი. წავიდა, ბებოს ამცნო ეს ამბავი. შემოეხვია ყველა ყვავილს, ათვალიერეს, ათვალიერეს, მაგრამ რა ჯიშის იყო და სადაური, ვერავინ მიხვდა. ყველას ძალიან მოეწონა, შეამჩნიეს, თავს მუდმივად მზის მხარეს ატრიალებდა, აღმა-დაღმა დაჰყვებოდა, ამ ამბავმა ყველა გაახალისა, მზრუნველობას არ აკლებდნენ ყვავილს, რა ლამაზია, ეზოშიც დავთესოთ, რომ დამწიფდება, აქაურობას გაგვილამაზებსო. მოვიდა შემოდგომაც. ყვავილმა უზარმაზარი თავი გაიკეთა, მალე ფურცლები ნელ-ნელა შემოაჭკნა, გული კი შავი თესლით ამოევსო. მოტეხეს თავი და სახლში შეიტანეს, თესლი გაისისთვის დაგვჭირდებაო. - სწორედ ესენი შემიჭამა ქათამმაო, - აყვირდა მზევინარი, - ნუნუ ბებოსაც გაახსენდა მგზავრის საჩუქარი და მისი ნათქვამიც, ამ მცენარის პლანტაციები უნდა მოვაშენო და ზეთი გამოვხადოო. გაეღიმა, მეც ასე ვიზამო. - ხედავთ, იმ მცენაროს თესლი, ღვთისირმა მგზავრმა რომ მაჩუქა, გადარჩენილაო. -  მას მერე ნუნუ ბებოს მიწაზე ყვითელი ყვავილების ბაღი გაშენდა, მიწა იცოცხლე, დიდი ჰქონდა,  მერე პლანტაციებადაც იქცა. შემოდგომაზე მოსავალს რომ აიღებენ, ზეთსაც ხდიან, მის შავ თესლს ბავშვებიც კარგად აკნატუნებენ და ქათმებიც, ხანდახან მზევინარი უმასპინძლდება ხოლმე, ძალიანაც მოსწონთ ორთავეს. ყვავილის ღეროებს ზამთარში ძროხებს აჭმევენ, მისგან საღებავის დამზადებაც კი ისწავლეს. ნუნუ ბებომ კი ყვავილის თესლისგან საოცარი ტკბილეულობა დაამზადა, ჰალვას რომ ეძახიან, ტყუილად კი არ ეძახდნენ შვილიშვილები ჯადოქარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ყვავილს მზესუმზირა დაარქვეს, ალბათ, მიხვდებით, რატომაც!

 

                                      გვირილა

 

მაგიდაზე ყვავილების თაიგული იდგა. სოფო გოგო ყვავილებს ათვალიერებდა, ერთი მოეწონა ძალიან, ბებოს ჰკითხა, რა ყვავილიაო, იმან თავი გადააქნია, პირველად ვხედავ, არასოდეს მინახავს, ისე გვირილას კი ჰგავს, ოღონდ ყვითელი ფურცლებითო. გოგონა ახლა დედასთან მიცუნცულდა ყვავილით ხელში, თაიგულიდან ამოეძრო, იმასაც ჰკითხა ყვავილის სახელი, მაგრამ დედასაც გაუჭირდა პასუხის გაცემა, მგონი, გვირილა არის, ოღონდ ყვითელი ფერის, ეტყობა ასეთებიც არსებობენო. სოფომ, მიღებული პასუხებით რომ ვერ დაკმაყოფილდა,  ახლა მცენარეთა შესახებ წიგნები გადმოიღო, ასეთი წიგნებიც რომ არის, ალბათ, გეცოდინებათ, კითხვა ორი წლის ნასწავლი ჰქონდა და ყვავილების ფოტოებიან ფურცლებზე გვირილაც მალე მოძებნა, მაგრამ ყვითელი გვირილა ვერა და ვერ იპოვა, ისე კი ამ ყვავილზე ბევრი რამ ეწერა, თურმე, ნუ მკითხავთ და მას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს. ყველაზე ძალიან კი სახელი კაკული მოეწონა. თვითონ ხომ გვარად კაკულია იყო, ალბათ, ჩემი წინაპრები გვირილებივით ლამაზები იყვნენო ან იქნებ გვირილების ველზე ედგათ სახლიო, გაიფიქრა და სიამაყით აივსო. ათვალიერა ყვავილები წიგნის ფურცლებზე და გერბერებს მიაგნო, ყვითლებს, წითლებს, ნამდვილად ეს ყვავილიაო, გაიფიქრა,ოღომდ გვირილისგან განსხვავებით ამათ სხვანაირი ფოთლები და მუქი გული აქვთო, ძალიან მოეწონა, დედას ამაყად განუცხადა, ეს ყვავილი გერბერა ყოფილა, სახლშიც შეიძლება მოვიტანოთ ქოთნებით და გავამრავლოთ, ეს თქვენი მყრალი გვირილა კი ვის რაში ჭირდება, სახლშიც არა ხარობსო. მეორე დღეს ბებიამ სოფო გვირილების ველზე წაიყვანა, სოფლის მახლობლდ. ბევრი ირბინა გოგონამ, დიდ-დიდი თეთრი გვირილები შეაგროვა,ისინი მოეწონა,  ბებიამ გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა, თვითონ ქალს პატარათავებიანი გვირილები შეეგროვებინა, გაოცდა სოფო-გოგო, ეს პატარები რაში გჭირდება, როცა ამდენი დიდი თეთრი გვირილა ხარობს ველზეო, ბებიამ აუხსნა, ესენი სამკურნალოა, ეგენი -  არაო, სილამაზეს ნუ კი უყურებ, თვისებებით უნდა ამოარჩიოო. სოფოს გაახსენდა, რომ მის კლასში ერთი გოგონა სილამაზით იყო გამორჩეული, მაგრამ შურიანი და ბოროტი, ყველას ეჩხუბებოდა და ვისზეც გაბრაზდებოდა, კალამს უმტვრევდა, ადამიანებშიც ასე ყოფილაო, გაოფიქრა. გვირილებიანი ველიდან გახარებული დაბრუნდა გოგონა, ულამაზესი გვირგვინით თავშემკული. ბებიამ თავისი გვირილები გასაშრობად გაფინა, ყველაზე მეტად ზამთარში გამოგვადგება, რომ არ გავცივდეთო.

     ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების ჩაის  და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს, ამიტომაც ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფო-გოგოს, იცის, როგორც კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.

 

                                                  ძახველი

 

მაია ბებიას  ლოგინთან ფუსფუსებდა, ხან მის საწოლზე ჩამოჯდებოდა, ხან შუბლზე ხელს დაადებდა, ცხელი აქვს თუ არაო. პაპაც ადგილს ვერ პოულობდა, ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა, ბოლოს მეუღლესთან შედიოდა და ეკითხებოდა: - როგორ ხარო, - ბებიაც,  - ჩახლეჩილი ხმით, ოდნავ გასაგონად პასუხობდა: - არა მიშავსო, - მაგრამ ჩუმად კვნესას განაგრძობდა, პაპას რომ არ გაეგონა და უფრო მეტად არ ენერვიულა, კვნესას ხველაც ემატებოდა. დროდადრო ფანჯრიდან მაიას მეგობარი ჩხიკვი მახარა შემოიხედავდა, ისიც ნერვიულობდა ბებიას ავადმყოფობის გამო, ის კი არა და, თაგვი ნიგოზაც აღარ დარბოდა სხვენზე, კაკლების ჩხარაჩხურმა არ შეაწუხოს ავადმყოფიო,  ძაღლი ბახულაც დუმდა, მისი ყეფაც აღარ აყრუებდა არემარეს. - ბებო, სულ გაგითავდა მამას ჩამოტანილი წამლები? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გოგონა ბებიას, - პასუხიც იგივე იყო, - გამითავდა, ბებია გენაცვალოს, ნუ ღელავ, მალე მოვრჩები, ჩვენებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ქალაქიდან, წამლებს ჩამოიტანენ, ასე ნუ განიცდი ამ ამბავს, გზებია ჩაკეტილი, თოვლმა ჩახერგა, თორემ ექიმიც ჩამოვიდოდა და უკვე ფეხზე ვიდგებოდი, - ამბობდა ბებია და შვილიშვილს ხელს მის საწოლთან დახრილ თავზე უსვამდა, რომ დაემშვიდებინა. უცებ ფანჯრის მინაზე ნელი კაკუნი გაისმა, ჩხიკვი მახარა გოგო მაიას გარეთ იხმობდა. ამოიცვა ჩექმები გოგონამ, ქურქიც გადაიცვა, ქუდიც დაიხურა და გარეთ გავიდა. მახარამ ერთი ხის ტოტიდან მეორეზე გადაინაცვლა და დაიწყო: - მახსოვს, ერთხელ გაზაფხულზე ბულბული გაგვიხდა ავად, სამი დღე აღარ მღეროდა, კოდალა ექიმთან ძლივს მივიყვანეთ ჩიტებმა, ისე სუსტად გახლდათ, ძახველის ყვავილები გამოუწერა საჭმელად, ხომ გახსოვს ძახველის თეთრი ყვავილები? - ჩაეკითხა მაიას,  - იმანაც, როგორ არ მახსოვსო, თავი დაუქნია,  - ჰოდა, მაგ ძახველის ყვავილების ჭამამ მოარჩინა ბულბული და ბებიას როგორ ვერ უშველის, თუმცა, ახლა ყვავილები კი აღარ აქვს, წითელი ნაყოფი აბიაო. - ჩხიკვმა ახლა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, თავი ზევით აწია, იქვე ხეზე მჯდარ ყვავებს მტრულად გახედა და თქვა: - ეგენი ახლა სულ მაგ ნაყოფით იტკბარუნებენ პირს და ვერა ხედავ, რა ჯანმრთელად გამოიყურებიან და რამდენს ყრანტალებენო? იქნება, ჩვენს ბებიასაც რამე უშველოსო. -  გოგონამ დიდი მადლობა მოუხადა მეგობარს და სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, პაპასთვის უნდოდა ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად ეამბო. პაპამ თავში იტაცა ხელი, - ეგ მე როგორ არ გამახსენდა, ძახველი გაციების წამალიაო, - და გოგონასთან ერთად ტყისკენ გაეშურა. ტყეში თოვლს დაეფარა ხეები, თოვლი ადგილ-ადგილ შეგუნგლულიყო მინდორზე, ხის ტოტებზე და ათასნაირ ცხოველს აგონებდა გოგონას. აგერ, პატარა თეთრი კურდღელი, ღელის პირას ჩაცუცქულა, თითქოს წყალს სვამს, აგერ თეთრი დათუნია ჰკიდია ხეზე, წინა თათებით დაბჯენია მიწას ზღარბუნია, უკანა თათები მაღლა აუშვერია, უნდა გაეცინოს მაიას, მაგრამ ამის დრო ახლა არა აქვს, მაინც ეღიმება, იცის მაიამ, რომ ეს ნამდვილი ცხოველები კი არა, თოვლის გუნდებია, ოღონდ სხვადასხვა ფორმის, ხელს თუ ახლებ, მაშინვე დაიფშვნებიან. აი, ძახველის ხეს მიადგნენ ის და პაპა, ძალიან მაღალი არ არის, მაიასაც შეუძლია ერთი-ორი ტოტი მოტეხოს,  წითელი ნაყოფით დახუნძლული, ლამაზად რომ იჭყიტებიან თოვლის ქვემოდან,  თუმცა კი ეცოდება, მაგრამ ბებიას შველა რომ სჭირდება?! - ძახველი ძალიან სასარგებლო მცენარეა, - ეუბნება პაპა მაიას, - მასში "ცე" ვიტამინია, რომელიც გაციებას ებრძვის, ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს, თაფლსაც კი შეიცავს მისი  ნაყოფი,  ჩემო გოგონი, კიდევ სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, კაროტინს, ამის მერე გეცოდინება, - ამბობს პაპა და სიამოვნებით კრეფს ძახვლის ნაყოფს, თან გემოსაც უსინჯავს და  საუბარს განაგრძობს: - ეს რა კარგად გახსენებია შენს ეშმაკუნა ჩხიკვს ამის შესახებო, - იღიმება. - კაროტინი რა არისო, - ის იყო უნდა ეკითხა მაიას, რომ იქვე ჩხიკვმა მახარამ ატეხა ჩხავილი: - ჩქარა, ჩქარაო! -  იქვე შორიახლოს ხეზე ჩამომჯდარიყო და პაპა-შვილიშვილს უყურებდა, ემანდ არ შეაგვიანდეთ სახლში მისვლაო. ტოტებდახუნძლული მოდიან მოხუცებული და გოგონა გზაზე, სახეები ძახვლის ნაყოფივით უბრწყინავთ. მზე გამოსულა ცის კაბადონზე, გარშემო ყველაფერი ბრდღვიალებს, თვალისმომჭრელად ბზინავს თოვლი, ძახველის ტოტების ჩრდილიც კი ვარდისფრად კიაფობს მასზე. პაპა-შვილიშვილი სახლისკენ მიიჩქარიან, მათ ხომ ბებიასთვის წამალი მიაქვთ.

      რამდენიმე დღის შემდეგ ბებია უკვე თვითონ უდუღებდა მთელ ოჯახს ძახველის ჩაის, პაპას, მაიას, მის დედ-მამას, პატარა ძმას. ორთქლი ასდიოდა მადუღარას, ფინჯნებს. ბუხარში შეშა ტკრციალებდა, მინებიც დაორთქლილიყო, ამიტომ ფანჯარაში მომზირალი ჩხიკვი მახარა სახეებს კარგად ვერ არჩევდა და გული წყდებოდა, ჩხიკვების ცნობისმოყვარეობის ამბავი ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს თვისება ზოგჯერ  საჭიროცაა და აუცილებლიც, ხომ მეთანხმებით ამაში?

                      

როგორ დავტოვო სიყვარული


როგორ დავტოვო ის სიყვარული,
ბავშვობიდანვე უკან რომ მომდევს,
ხან თმებს მაწიწკნის, ხან მეფერება,
მაყვლის ბუჩქი და შეწნული ღობე.
თვალებში ელვად სკდება კვირტები
ალუბლების და ბროწეულების,
და წლების მერეც მაინც ვკვირდები,
საგაზაფხულო ამ წვეულებით.
ვარდების ბაღი როგორ მშვენდება,
როგორ ირწევა ბოგირი ქარში,
მერცხლების ბუდე როგორ შენდება,
არ მოუშალო, უფალო, ამინ!




მზეს!

მზეს!
ვიცი, რომ იცი, მე როგორა ვარ,
მიტომ არასდროს არა მკითხულობ,
სადაც მოდიხარ, ღრუბელთ გორაა,
იქ დაბრძანდები, ცოტა დიდგულობ.

როცა მაგ შუბლზე დაიბნევ ძოწებს,
შეიჭმუხნი შუბლს და მიბრაზდები,
მწველი სხივები სუყველგან მომდევს,
მაგრამ არა მწვავს თითქმის არც ერთი.

რადგან გიყვარვარ, და მუდამ მელი,
სულ გიხარია ჩემი დანახვა,
ჩვენა ვართ ერთი სამყაროს მთელი,
შენ მზე, მე გავჩნდი ადამიანად.
მაია დიაკონიძე
29.04.2023 წელი

Friday, April 28, 2023

,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო"

,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო"
ზოგს გულზე შემოჰფენია
ვარდები, ყვავილთსხმულები,
ციდან მზის სხივებს ადრიან,
მის ლექსით მონუსხლები.
ზოგი ბნელ ქოხში წერს ლექსებს,
მთვარე დაჰნათის ბადრია,
კარგი ყოფილა მელექსე,
თუ მიხვდნენ მისი ყადრია.
ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს,
ზოგის ოქროც კი დუმდება,
ზოგი ისეთ ლექსს დაგიწერს,
გული რომ ამობრუნდება.
,,მიეცი ნიჭსა გზა ფართო,
თაყვანისცემა ღირსებას",
ძეგლი ღირსთათვის აღმართო, -
ამასაც ჭკუა სჭირდება.
მაია დიაკონიძე
28. 04.2023 წელი

.



Thursday, April 27, 2023

მზეს ნუ გაიტან!

მზეს ნუ გაიტან!
მზეს ნუ გაიტან, ჩემს სულში რომ შემოიტანე,
რომ აყვავილე იები და ნაზი ვარდები,
თორემ ფურცელზე დაწერს ჩვენი მემატიანე:
მზე გაიტანეს, ჩამოუშვეს შავი ფარდები!
და რა აზრი აქვს სიცოცხლესაც სხივის გარეშე,
გაყინულ სულში თუ ჩასახლდა ბნელი დემონი,
მზეს ნუ გაიტან, ჩემს სულში რომ შემოიტანე,
არ დარჩე უგვან მოღალატედ, როგორც ნერონი.
მაია დიაკონიძე
27.04.2023 წელი

სახუმარო

 არ ვიცი, თუ პოეტი ვარ, 

იქნებ, ლექსთამწერი ვარ,

ის კი ვიცი, ასეულშიც 

მე რომ არა ვწერივარ.




აიხედე მაღლა!

 მზეს შევხედე, ვერ ვუყურე დიდხანს,

მისი შუქი მაინც დამრჩა თვალთა,

ახლა როცა სიყვარულით გიმზერ,

მზე გიყურებს, არ გგონია, მართლა?!

ბნელსაც გაკვეთს სხივმფინარე დილა,

გადააფენს ცას ვარდისფერ ატლასს,

არაფერი არ ყოფილა გვიან,

როცა თვალში მზე გიყურებს მართლა!

დაღამდება, გათენდება ისევ,

სინათლესაც შუქ-ჩრდილები ახლავს,

სანამ ქვეყნად არსებობა გიწევს,

აიხედე, მზეს შეხედე მაღლა!




Wednesday, April 26, 2023

მინდა შევიგრძნო (პატრიოტული)

მინდა შევიგრძნო მიწის სიმყარე,

რომ დედამიწა ჩვენი ფარია,

და მერე თუნდაც კენჭი მიყარე,

ვიცი, სიკვდილი  არ ახალია.

და ჩვენი გზაა ფერიცვალება,

გარდავიქმნებით ლოდებად, ტინად,

ჩავიხერგებით ბარიკადებად,

ქვეყნის მცველებად დავიდებთ ბინას.

ნუ მისცემთ თქვენს ძვლებს სხვათა საძვალეს,

აკვანს დაგირწევთ მშობელი მიწა,

თორემ თუ კიდევ ცოტა ვაცალეთ,

გადაიქცევა ეს ქვები ქვიშად.










მინიმა (ფილოსოფიური)

 ადამიანო, ხარ მრავალი ცოდვის ჩამდენი,

რაც ხანი გადის, სულ ამატებ ცოდვათა გორას

და იყურები მაინც ცისკენ რაღაც ამრეზით,

თითქოს შენ არა, უფალს ადევს სუყველა ცოდვა.


მინიმა

 ბებოს ერთი თავსაფარი ჰქონდა,

ზედ ეფინა ყვავილების ველი,

ზევით მაღლა ჩემი ბებო ცხონდა,

სიყვარული რომ მასწავლა მწველი.


სახუმარო (მინიმა)

 ხანდახან ღმერთი კი მოგვცემს

ფრთებს, შეგვასწავლის ფრენასა,

მაგრამ იმასაც შნო უნდა,

მოზომილ ტანის ჭერასა,

ნათესავ ჩიტი არ გყამდა,

რა გრჯის ხელების ქნევასა,

პაპა ადამი არ ფრენდა,

შენც ნუ მიბაძავ ქედანსა.


იცით, რატომ ვეშურები ლექსის წერას?! (ფილოსოფიური)

 იცით, რატომ ვეშურები ლექსის წერას?!

სათქმელი რომ არაფერი აღარ დამრჩეს,

რომ ეწვევით ჩემი ლექსის გამოფენას,

ტკივილიც და სიხარულიც ერთად აჩნდეს.

ეს ცხოვრება ზოგჯერ მწარე ბალღამია,

სამსალას ვსვამთ, და ნუგეშიც აღარ მოდის,

აფთარია, ჩვენი თავი აბარია,

და სიცოცხლეც ხდება ზოგჯერ ერთი გროში.

ხან გვეწვევა სიხარული, აღმაფრენა,

ცხენს მივაფრენთ ზეცისაკენ ქარ და ქარად,

და ვერ აღწერს იმ ლაღ გრძნობებს ვერა ენა,

რადგან გვიწევს ჩვენ ღრუბლებად გარდასახვა.





სახუმარო (აზა შანავას ლექსის კომენტარის პასუხად)

 სანამ ცას ვეწვევი მიქელას თანხლებით, 

კი მინდა რომ გავხდე პარიზის მნახველი. 

უარს არ ვიტყოდი რომსა და ნიცაზე, 

არც ფრანგულ რომსა და ნამდვილ პიცაზე,

მაგრამ არ დამადგა არაფრით საშველი,

ქვეყანას სჭირდება შველა და მაშველი,

მიბრძანეს: – ყვირილას ნაპირზე დაჯექი,

დაარქვი თუ გინდა წყალობა! – სასჯელი!

სიმღერა (კაცის პარტია)

 სიმღერა

ავამღერე ზეცის ჩანგი, 
ერთი გოგო შემიყვარდა,
მე მიყვარდა, თორემ იმას,
იმას კიდევ სხვა უყვარდა.
გადავფითრდი, გავილიე,
ეს ცხოვრება ჩამიჟამდა 
იყო გოგო, იყო ჩიტი, 
და ის ჩიტი შეუყვარდა.
ვუთხარ, გოგოვ, ატმისლოყავ,
ოხ, და როგორ გამიბრაზდა,
საიდანღაც მოსულ რომ ხარ,
ქარს გაჰყევი ქარია და.
ის ჩანგიც ხომ გადავაგდე,
მაინც კვნესის ქარია და,
მე მიყვარდა, თორემ იმას, 
იმას კიდევ სხვა უყვარდა.


მივყვები ქუჩებს (სატრფიალო)

მივყვები ქუჩებს, ნაცნობს თუ უცნობს,
მოღალულს დარდით, მუდამ ფიქრიანს,
შემეგებება ვერხვი და ალვი,
სიყვარულს ახლა ხენი მიხსნიან.
ის პაემანიც მახსოვს ალვის ქვეშ,
გადაჭდობილი ხელები ჩვენი,
თუ კი გახსოვარ, ნეტავ რითიმე,
თუ გაგონდება გამქრალი წლები?!
ნაეკლარები ახლაც მსუსხავენ,
ტკივილი დამრჩა გაუსაძლისი,
და ახლა როცა ვარდებს ვუცქერი,
კვლავ მახსენდებით შენ და მაისი.




Tuesday, April 25, 2023

პალიტრა ლ-ის კონკურსი

 

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ კონკურსი იწყება.

30 მარტი 2023 წ.

კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ იწყება.


განაცხადების მიღება 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

·        კონკურსზე მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 

0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

·        ჟანრი და თემატიკა თავისუფალია;

·        კონკურსზე მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური პროექტები, მაგ.: მხატვარი და მწერალი; რამდენიმე ავტორი და ა.შ.

·        კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი განაცხადი;

·        კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

 

*კონკურსის მთავარი მიზანია ქართული საბავშვო  მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა

 

კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:


1.     გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;

2.     საკონკურსო ნაწარმოების დეტალური აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი,);

3.    ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს WORD დოკუმენტით, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).

 

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

 

1.     ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge 

2.     კონკურსზე არ განიხილება:

·        რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები

·        არასრულყოფილი განაცხადები

·        ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;

·        ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.



სახუმარო-სალაღობო

ვერც როტერდამი ვნახე, ვერც რომი,
კიდეც დავცალე გრძნობის ჭინჭილა,
ცხადლივ მენახა საჰარის ლომი,
მიმზერს მე მხოლოდ პერსპექტივიდან.
ახლა მეცხოვრა უნდა რესპექტით,
წლების სიმძიმემ კიდეც მიწია,
არ ვლაპარაკობ უკვე ქვეტექსტით,
– მალე გავყვები ვაგონს, ბიძია!
მაია დიაკონიძე
25.04.2023 წელი

გიცდი, ო, როგორ გიცდი!

 გიცდი, ო, როგორ გიცდი, 

გნატრობ, ო, როგორ გნატრობ,

მიტომ დავტოვე თვალის 

ფანჯარა, ასე ფართო.

რომ მზის სხივებმა მუდამ

სულ ილივლივონ შიგნით,

რომ როცა მოხვალ, კარგო,

სახლი სულ დაგხვდეს თბილი.

გიცდი, ო, როგორ გიცდი, 

გნატრობ, ო, როგორ გნატრობ,

მიტომ დავტოვე თვალის 

ფანჯარა, ასე ფართო.



ავტ. ზეინაბ მეტრეველი

აღარც თოვლით და აღარც წვიმით ვარ,გამხდარ იმედებს ხვალისთვის ვითვლი,ქალაახდილი დედამიწიდან,მივფრინავ,როგორც გალიის ჩიტი..შორეთში,სადაც ჩემს თავსაც ვერ ვმზერ,ცურავს სამყაროს დაშლილი ტინი და თავში ნახლელ ძოწისფერ ქვებზე,მინთხეულია ოცნების ტვინი,საკმარისია,ახლა უკმარიც,რადგან სასახლეს უკვე მღვიმედ ვთვლი,წუთისოფლისთვის სევდის ნუგბარი დამაქვს გახეულ ზეცის ჯიბეთი..ზოგი დავკარგე,ზოგიც დავუთმე,ზოგს დავულხინე ჩემთა მორევად,ამ სამყაროდან,რაც მე მაკუთვნეს,დარდსაც არ ეყო ერთ გაზმორებად..საათს ისრების კბილი აჩნია და წამი სისხლად ეწურწურება,თმების დავარცხნას გადამაჩვია,გაოცებული სარკის ყურებამ..დღეს,ვის რა უნდა ,მოჰფინო ელდად,როცა ,მზეც კია ამომთვარული,კალთაში მიზის მსოფლიო სევდა,თვალებში ცრემლის ასომთავრულით..ვგრძნობ ბამბაზიას თოვლით შემოსვის,სიზმრამდე,ძილში ცხრაჯერ ვეცემი,დღე ისე ბნელა,მზეც კი ეზოში ,დაბორიალობს ხელისცეცებით..გარეთ ჟამია ღორღით ნაგები,შევალ სახლში და ჩქამიც არ იძვრის,დაფარფატებენ ჩემი კაბები ,ბოლო ღილამდე შეკრულ საკინძით,წვიმამ ჩახრინწა ყელი ავდრების,მზე თვალებს ახელს ბოლო მზერისთვის,დგანან ნოემბრის სველი ვარდები,ძალით აღკვეცილ მონოზვნებივით...



მინიმა

ია ვარ ნაზი, შენს გულზე ვხარობ,
კლდე ხარ, დარდივით მტკიცე და ძველი,
მიმიკარ მკერდთან, ნუ მიმცემ ხაროს, 
და არასოდეს გამიშვა ხელი.


შელოცვა

 შენ რომ მჭირდი, ვინღა მჭირდა,

ჩიტმა კენკა კოვზით დარდი,

შენთან გათენება მინდა,

დარდო, ასე განმიქარდი.

შენ რომ მჭირდი, ვინღა მჭირდა,

სულო-გულო, დამიამდი,

შენი ერთი კოცნა მინდა,

დარდო, ასე განმიქარდი.

ჩაგეხვ-გეალერსო,  მინდა,

შემოგვესწროს განთიადი,

შენ რომ მჭირდი, ვინღა მჭირდა,

დარდო, დარდო,  განმიქარდი!







Monday, April 24, 2023

მღერიან ბიჭები! (პატრიოტული)

 ბიჭები მღერიან!

მღერიან ბიჭები, ბიჭები მღერიან,
მოედო ამ ჩემს გულს წამლად და სალბუნად,
ბიჭები ჯერ კიდევ ქართულად მღერიან,
არ ძალმიძს უფალს რომ მადლობა არ ვუთხრა.
მადლს, კეთილს თესავენ ქუჩებში თბილისის,
იმედს გვაწოდებენ ავებს, გულარძნილებს,
და სანამ ქართულად მღერიან ბიჭები,
გულისგულს სიკეთით, იებით ავივსებთ.
მაია დიაკონიძე
20.04.2023 წელი


ვიყავით მე, შენ და... (სატრფიალო)

ვიყავით მე, შენ და კიდევ ზეცა,

ყოველ საღამოს იბნევდა ვარსკვლავთ,

და ანათებდა თითქოსდა ჩვენდა,

და ვანათებდით ჩვენც ვარსკვლავთმაგვარ.

იკარგებოდა ზღვარი ჩვენ შორის,

ჩვენ შორის უკვე აღარა იყო,

აღარ ვიყავით ჩვენ უკვე ორი,

რადგან ჩვენ ორში თვით ღმერთი იყო.

.



საქართველოა მთელი სამყარო (პატრიოტული)

ცოდვის მორევში ღრმად რომ შევტოპე, 
ან რაა ახლა გასაკვირველი,
ზევით დამყურებს ვიღაც მედროვე,
მეც არაფერს ვთმობ არას დიდებით.
ან რა დავუთმო?! სამყაროს თვალი,
როცა გამხდარა ეს საქართველო,
სატანას უნდა მოავლოს რკალი,
არ დავთმობ, თუნდაც,გამაცამტვერონ.
დაე, მე ცოდვილს განმიდგეს მიწა,
მგვემონ შიმშილით, თუნდაც მაწამონ,
არ გაიცვლება არასზე, ვფიცავ,
საქართველოა, მთელი სამყარო.


შენ გემსახურო!

როცა წვიმები გადაივლიან
და შეექმნებათ ჩიტებს სალმობა, 
გაიბრწყინებენ წყალზედ იანი,
სწორედ მაშინ ვგრძნობ ჩემს უძალობას.
ვერ მოგეფერე ჩემო მამულო, 
ვერ შეგიდექი ჭიგოდ ვაზის ხეს,
და გულში სევდად შემოპარულო,
მხოლოდღა ახლა ზარებს ვარისხებ.
რომ სიყვარული დაგისტურო,
გადავდიოდე სხვებთან ალავერდს,
ჩემო ციცქავ და ალადასტურო,
მინდა გმსახურო კუბოს კარამდე!



ქრისტე აღსდგა! (პატრიოტული)

 მოეფინა შუქი მიწასა და ცას,

,,ქრისტე აღსდგა", გზავნის აუწონავ მადლს,

მხოლოდ ამ იმედით, არაფერი სხვა,

საქართველო წელში გამართული დგას.

არ აშინებს სეტყვა, შემოტევის ზღვა,

თუნდაც დაჭრილ არწივს ყვავმა გაჰკრას ფრთა,

ნუ გადავა მიჯნას, ნუ გადავა ზღვარს,

საქართველო იდგა, იდგება და დგას!



მე დავეძებდი! (პატრიოტული)

მე დავეძებდი მხოლოდ შინაგანს,
მე დავეძებდი მუდმივად ახალს,
ამ სილამაზეს ტურფა მთა-ველის,
ოჰ, ჩემი სული მუდამ ინახავს.
ინახავს ზღვისპირს, ბათუმს ქათქათას,
პალიასტომის ულურჯეს სანახს,
და მზეს გარეჯის, იმ მზეს თაკარას,
გულის სევდა და დუმილი ახლავს.
ხახულის ხატის მბრწყინავ მინანქარს,
საიდუმლოთა ფერი რომ დაჰკრავს,
დრო-ჟამმა სადღაც შორს რომ მიჰკარგა,
ფასს არასოდეს რომ არა ჰკარგავს.
მე დავეძებდი მხოლოდ შინაგანს,
მე დავეძებდი რაღაცა ახალს,
ამ სილამაზეს ჩემი მთა-ველის,
ეს ჩემი სული მუდამ ინახავს.







უფალო! (რელიგიური თემატიკა)

               უფალო!

მე სინანულის მღრღნიან ეჭვები,
ვეღარ ავსებენ ჩემს გულში ღიობს,
წამომაშველე, ღმერთო, ხელები,
დაჰბერე ირგვლივ სიკეთის სიო.
დამჭკნარან თითქოს თეთრი ვარდები,
ჩემ ფეხქვეშ სურდათ რომ დაეყარათ,
და შემოუცვამთ მათ ქლამანდები,
ჩემთვის რომ კენჭი უნდა ეყარათ.
ხორცს ჰგავს ეს ჩემი სულის ვაზები,
აჩეხილს ასე უხმოდ, უწყალოდ,
ახლა ვიღასღა დავემგზავრები,
თუ აღარა ხარ ჩემთან, უფალო!
ბოროტთა შენზე იყარეს ჯავრი
მე სულით ცოდვილს, რაღას მიზამენ,
სულზე წამების დამაკარეს ჯვარი,
თან წაიყოლეს ჩემი სინაზე.
დაყრილან ხენი, როგორც ჯაჭვები,
რითაც, უზადო, ჯვარზე გაგაკრეს,
სისხლით შეღებილ ოლეანდრებსაც
მე ეს სამყარო მიტომ ვადარე.
ჩამოსჭკნობიათ ფერდები ხართა,
ბედის უღელი უნდა ეწიათ
და გვიკვირს ახლა ქუხილი ცათა,
ცოდვის ნაყოფად რომ დაგვეწია.
და მაინც, ჩემო უფალო, გვედრი,
არ მომაშორო წყალობის თვალი,
კვლავ აღმადგინე ღვთიური მზერით,
სულს მოუფონე, უფალო, ამინ!
მაია დიაკონიძე
24.04.2023 წელი