საჩუქარი (ზღაპარი)
ტყის განაპირას ერთი ხე იდგა, სხვა დანარჩენებისგან მოშორებით, მეორე იქვე შორიახლოს ჩამომდგარიყო, იტყოდი, ერთ დროს ერთნი ყოფილან და დრო-ჟამს, თუ ბედის სიავეს ერთმანეთისგან დაუცილებიაო. ასეც იყო, შუა ტანით ერთმანეთზე შეზრდილნი ერთ დღესაც მიწისძვრამ გაყარა, ტანი ორად გაუყო, შუაში წვიმის წყალმა ჩაჟონა, ხან ქარმა გაუარა, ხორშაკმა, ხანაც ქარბუქმა და ნამქერმა. ორ ტანს შუა ხან სიცივემ დაიბუდა და ხან სიცხემ, დაცილებული ნაწილები ნელ-ნელა ჩამოხმა, ქერქი გაიკეთა, შეხედავდი და იტყოდი, ერთი ხე იქით გარბის, მეორე აქეთაო, თითოქოს ერთმანეთის დანახვა არ უნდოდათ, ისე იყვნენ ერთმანეთისგან გადახრილები. ერთ დროს ლაღი და ლამაზი ხეც დაბერებულიყო მეორესთან ერთად, ფოთლებსაც ისე ხშირს ვეღარ ისხამდა, პატარ-პატარა ნორჩი ხეები წამოზრდილიყვნენ მის ქვეშ, გაიზრდებიან, შემეხიდებიან, ქარს მაინც არ მოუშვებენ ჩემამდე, – მცივა,.. – იტყოდა ხე და ქარის დაბერვაზე შეაჟრჟოლებდა კიდეც, მაგრამ ახალგაზრდებს შორს უნდოდათ წასვლა, დედა ხეზე მიბულ ფესვს ქაჩავდნენ და ქაჩავდნენ, შორ-შორს წევდნენ, დედის ჩრდილში ყოფნა არ გვინდა, ბევრი მზე და სინათლე გვჭირდებაო. წამოვიდოდა წვიმა, დედა ხე თავის ტოტებს გასწევდა, გასწევდა, შვილებს გადააფარებდა ხოლმე, დიდმა წვიმამ და ხოშკაკალამ ქერქი არ დაუზიანოთო. დედის გული ხომ სხვანაირად ძგერს... მარტოობას დაესადგურებინა მის სულში, მოფრინდებოდნენ ჩიტები, დაასხდებოდნენ ტოტებზე, იჟღურტულებდნენ, იჟღურტულებდნენ, მოყვებოდნენ ამ მთისას და იმ ბარისას, მერე ისევ გაფრინდებოდნენ, იქვე მდგარ ტყეს შეესეოდნენ, ბუდეებიც იქა ჰქონდათ გაკეთებული. მოიწყენდა ხე, გვერდზე მდგარს გადახედავდა, იმას სახე სულ დაღრეჯილი ჰქონდა, მის ფუღუროში კოდალებს გაეკეთებინათ ბინა და დღე და ღამ მის ქერქში ჭია-ღუას ეძებდნენ. ეგ მადლი მაინც მქონოდა, კოდალები გამომეზარდა ჩემს გულშიო, გაიფიქრებდა.
ერთ დღესაც მის ტოტზე უცნაურზე – უცნაური ფრინველი ჩამოჯდა. ჭრელი ბუმბული ჰქონდა. არც ერთ ფრინველს არ ჰგავდა, არც მერცხალი იყო, არც არწივი, არც ტოროლა, არც ოფოფი. ამღერდა, მისი სიმღერის ჰანგები განსაკუთრებული იყო, ისეთი ლამაზი, როგორც ლექსები, ხანდახან მის ჩრდილქვეშ ჩამომსხდარი პოეტები რომ წაიკითხავდნენ ხოლმე. მოფრინდებოდა საღამოს ფრინველი, უმღეროდა ხეს, იავნანასავით ჩაესმოდა ეს ჰანგები, დაიძინებდა ამ მშვენიერ ხმებში, დაბრუნდებოდა დილით, ისევ უმღეროდა მშვენიერ სამყაროზე, რომელიც თვითონ ენახა, ხეს კი - არასოდეს, უყვებოდა, რა ლამაზია მთები, რომელთაც ნისლები ხურავთ, ხე ხომ მხოლოდ შორიდან ხედავდა მათ, თვალზე ცრემლები ადგებოდა, ხარობდა, რომ ვიღაცა ელაპარაკებოდა, ვიღაცა გულს უთბობდა. ერთ დღესაც ჰკითხა, ვინა ხარო, პოეზიაო, უპასუხა ფრინველმა. მას მერე ყოველთვის ელოდება ჭრელბუმბულა ფრინველს, რომელსაც პოეზია ჰქვია. ეშინია, ვაი, თუ ერთ დღესაც აღარ მოფრინდეს... არასოდეს ტოვებს მარტოსულებს პოეზიაო, – ამშვიდებს ფრინველი. ისიც ღიმილით და მადლიერებით უყურებს ცას, რომ ასეთი საჩუქარი გამოუგზავნა.
2022წელი, ნოემბერი
No comments:
Post a Comment