დღეს ბრწყინვალე ორშაბათია, დაემთხვა მამაჩემის დაბადების დღე, 90 წლის გახდებოდა. ამიტომ არ შემიძლია ის არ გავიხსენო, უაღრესად წესიერი, პატიოსანი კაცი. ეს უნიჭიერესი ადამიანი შეეწირა ავბედით ცხოვრებას, 90-იანებს, დაკარგა სამუშაო, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის ინსტიტუტში სექტორის გამგე გახლდათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, იყო მრავალი სამეცნიერო შრომის, სტატიის, რამდენიმე წიგნის ავტორი. ახალგაზრდობაში მუშაობდა სპორტულ ჟურნალისტიკაში, დამთავრებული ჰქონდა საავიაციო ტექნიკუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გახლდათ მეცნიერებათა კანდიდატი და რაც მთავარია, ხუთი შვილის გამზრდელი. უყვარდა ხატვა, პოეზია, სიმღერა. არა მარტო ხალხური, გვასმენინებდა ჯაზს, როკს. წერდა ლექსებსაც, რომელიც არ შეგვინახავს, ახლა კი დიდი ინტერესით წავიკითხავდი, დღეს პატარა ლექსი ჩავწერე:
Monday, April 17, 2023
მამა, გილოცავ დაბადების დღეს!
მამას!
ყურთ მიდგას ახლაც შენი ნანინა,
ვერ მივეც ზღაპარს კეთილი ბოლო,
ჩემი ბავშვობის მძლეო ამირან,
დევთა კლდეებში დაგაბეს ბოლოს.
ბიჭი ყარამან იყავი ზოგჯერ,
ხან ხუთკუნჭულა და ხანაც კომბლე,
ცხენად გვიქცევდი ჯადოსნურ ჯოხებს,
შეეწეოდი ქვრივებს და ობლებს.
მომნატრებია შენი ტკბილი ხმა,
გვიმღერდი ,,ურმულს", ,,ჩაკრულოს:, ,,ლილეს",
ახლც კი თვალწინ მიდგას თემიდა,
მისთვის მართავდი შენ ომებს ფიცხელს.
გიყვარდა ხატვა, გიყვარდა ლექსი,
გიყვარდა სწავლა, გიყვარდა შრომა,
და ახლაც ისევ ყურებში მესმის,
მაია მამას ძალიან მოჰგავს.
ჩემი ბავშვობის ნათელო დილავ,
დილავ მომავლის, დილავ სამყაროს,
ყველა ეს ლექსი, რომელიც მითქვამს,
მინდა, რომ გულზე შენ დაგაყარო.
მაია დიაკონიძე
17.04.2023 წელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment