ოლივია
(ზღაპარი)
იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მხოლოდ ზღვა იყო და მიწა. ადამიანები თევზს იჭერდნენ და ისე იკვებებოდნენ. ერთ ზღვისპირა სოფელში მზეთუნახავი ცხოვრობდა. მოდიოდნენ მისი ხელის სათხოვნელად ჭაბუკები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ მისი გულის მონადირება ვერავინ შეძლო. გადიოდა ყოველ საღამოს მზეთუნახავი ზღვის ნაპირას და თავის საბედოს ელოდა. ერთ დღეს საშინელი ჭექა– ქუხილი ატყდა. როცა ზღვა დაწყნარდა, ნაპირზე სასეირნოდ გასულმა ოლივიამ, ასე ერქვა მზეთუნახავს, კვნესა გაიგონა. ხმას გაჰყვა და მზეჭაბუკი დაინახა ზღვის პირას მწოლიარე. თანასოფლელებს სთხოვა დახმარება. დაჭრილი ჭაბუკი მის სახლში გადაიყვანეს. მოუარა, უმკურნალა. ფეხზე დააყენა. უსაზღვროდ შეუყვარდა ახალგაზრდა კაცი მზეთუნახავს. განათლებული იყო ჭაბუკი.უყვებოდა გოგონას ამ მთისას და იმ ბარისას, საიდან იცი ამდენიო, უკვირდა ქალს. ღმერთების შვილი ვარო, ეტყოდა ხოლმე ვაჟი. ოლივია თვალებში მუდარით შეაჩერდებოდა. ხომ დარჩები ჩვენთანო, ჰკითხავდა. აქ დარჩენის უფლება არა მაქვსო. პასუხობდა მზეჭაბუკი. ერთ დღესაც ისევ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მას მერე ყმაწვილი კაცი აღარავის უნახავს. მართლა ღმერთების შვილი იყოო, ამბობდნენ იქაური მაცხოვრებლები. დადარდიანდა ოლივია, ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან, იმ ადგილას, სადაც ცრემლი დაეცა, ხეები ამოვიდა, მოისხა შავი ნაყოფი, ოლივიას თვალებივით შავი და პრიალა. როცა გარდაიცვალა, მის საფლავზე ნაირ-ნაირი ყვავილები გაჩნდნენ: იები, გვირილები, ნარცისები, ზამბახები. დაუბერავდა ქარი, მოჰფანტავდა მათ თესლს დედამიწის ოთხივ კუთხით. თითქოს დიდი სიყვარულის ნაწილი გადაჰქონდა ქალაქებსა და სოფლებში, მზეჭაბუკი კი, ჭექა-ქუხილის ღმერთის შვილი, წვიმით უმასპინძლდებოდა ამ სოფელს, რათა ყვავილები გამრავლებულიყვნენ დედამიწაზე, ნიშნად მისი და ოლივიას სიყვარულისა, ყველა შეყვარებული გაეხარებინათ,.აი, ასე გაჩნდა ყვავილები. ისინი დიდი სიყვარულის ნაყოფია.
No comments:
Post a Comment