კახა
და ირმები
პირველი თავი
კახას
დილაუთენია გაეღვიძა, დედა უკვე სამსახურში წასულიყო, მისი ლოგინი ცარიელი დახვდა,
გული დაწყდა, ვერ მომეფერაო დედიკო, იქნებ მომეფერა კიდეც და ვერ გავიგეო, დაიმშვიდა
გული. ირმებისკენ გადატრიალდა, მისი საწოლის კედელზე ჩამოკიდებულ ფარდაგზე რომ ლამაზობდნენ.
დედა სულ ეუბნება, მე როცა არ ვარ სახლში, მაგათ ელაპარაკე ხოლმეო. ესეც ელაპარაკება,
ზღაპრებსაც უყვება, დედა ძილის წინ რომ უამბობს, თვლასაც ასწავლის ირმებს, ახლაც დაიწყო:
- ერთი, ორი, ირემიც ხომ ორია, დედა და მამა ირემი. ჩაფიქრდა, ნეტავ შვილები თუ ჰყავთო.
სად არიან, ამ ფარდაგზე არა ჩანანო. თითქოს სიღრმეში შეიხედა, აგერ ბუჩქებიც შეამჩნია,
შორს ტყეც, ტბაც, ნელ-ნელა თვალები მილულა
და ჰოი, საოცრებავ, იმ ირმების გვერდზე აღმოჩნდა, ფარდაგზე რომ ეხატა. გაეხარდა,
მეგობრებთან რომ ამოყო თავი. ხელი მოუთათუნა დედა ირემს, ფერდზე თავი მიადო, დედაჩემი
იყავიო, უთხრა, როცა ჩემი დედიკო არ არისო სახლში. თავი დაუქნია ირემმა, ეგრე იყოსო,
გაუღიმა კიდეც და ადამიანივით ალაპარაკდა: შენნაირი ბიჭის დედობა საამაყოა, მოდი მოგეფეროო
და დრუნჩი თავზე დაადო ბიჭს, თმები აულოკა. გაეღვიძა, დედა ეფერებოდა თავზე. გაეხარდა
დედის დანახვა, ტიტინით ამცნო, სიზმარში ირმები ვნახე და დედა ირემი ადამიანივით მელაპარაკებოდაო.
გაეღიმა დედას, კარგია, ასეთი მეგობრები რომ გაიჩინეო. მაგრამ გახსოვდეს, ეს მხოლოდ
სიზმარიაო, ირმები ხომ არ ლაპარაკობენო სინამდვილეში..კი, ასეაო, თავი დაუქნია კახამ.
ადგა, ხელ-პირის დასაბანად შევიდა სააბაზანოში. სარკეში ჩაიხედა, თმებზე ალოკილი შეამჩნია,
აი ის, ირემმა რომ ალოკა, ჩაიღიმა, არც მთლად სიზმარი ყოფილაო და სამზარეულოკენ გაეშურა.
დედას თეფშზე ბლითები უკვე დაეწყო, აქაფქაფებული ცხელი რძეც ოხშივარს უშვებდა ჭიქიდან.
ბიჭი გემრიელად შეექცეოდა საუზმეს და ირმებზე ფიქრობდა, ნეტავ შვილი თუ ჰყავთ და იმასაც
კახა ხომ არ ჰქვიაო?1 ოცნებობდა ისევ მოხვედრილიყო ირმების სამეფოში და ბევრი ახალი
ამბავი გაეგო მათ შესახებ.
თავი მეორე
საღამოს, სახლში ახალმოსულ
მამას ჩაეკრო. ფეხებზე შემოჰხვია ხელები. მამამ ხელში აიყვანა. დაუკოცნა შუბლი. დღეს
ორი ირემი ვნახეო, გაახარა შვილი. თითქოს შვილის გულისწადილსა და სურვილს კითხულობდა.
კახას მამა მეტყევეა. ძალიან ამაყობს კახა მამით. ის ხომ ბუნების დამცველია. ის რომ
არა, რამდენ ხეს მოჭრიდნენ, რამდენ მუხას დააყრევინებდნენ რკოებს, მერე გარეული ტახები
რაღას შეჭამენ?! მამას რკო სახლის ღორებისთვისაც მოაქვს. ისე გემრიელად ახრამუნებენ.
დგას და უყურებს ხოლმე კახა, როგორ იტკბარუნებენ პირს გოჭები ნაფი და ნუფი. ასე დაარქვა, თავის გოჭებს, მოსავლელად და სამწყემსავად
დედამ რომ ანდო. დიდი ბიჭი ხარ უკვე და მოუარეო. ეზოს გადაღმა გაიყვანს ხოლმე თავის
გოჭებს, ძაღლი ყურშაც თან მიჰყვბა, შენ მარტო ამ საქმეს რას გაუმკლავდებიო. ყურშა ხომ
კახას დიდი მეგობარია. მამამ რომ მოუყვანა, სულ ერთი ციდა იყო. ყეფაც კი არ იცოდა,
ხანდახან დაიწკმუტინებდა ხოლმე, მშიაო. დედა ძროხის რძეს უსხამდა ბოთლში და იმას აწოვებდა.
ბუჩქებში გადაგდებული იპოვა მამამ, წამოიყვანა, იქნებ გადარჩესო. ახლა კახას სიმაღლეა
ყურშა. ისე ყეფს, გარეშემო ტყე-ველს აყრუებს, მთებიც ბანს აძლევენ. ყველამ იცის, რომ
ამ სახლში ძაღლია, სახელად ყურშა. აბა, რომელი მგელი და ტურა-მელია გაეკარება იქაურობას.
სახლში ერთი კატაც ჰყავთ. ისიც კახას მეგობარია, თუმცა კახას დედა, მარიამი უფრო უყვარს,
კუდაბზეკილი სულ მას დაჰყვება. ხანდახან კახასაც გადახედავს ხოლმე მოწყალების თვალით.
,,მიაუ", ცალი ყბით დაუკნავლებს, თუ კარგ საქმეზე მიდიხარ, მეც წამიყვანეო. ვეფხვივით
ზოლებიანს, ვეფხვია დაარქვეს. ვეფხვიაც უკან გაჰყვება ხოლმე სამწყემსურში წასულ მეგობრებს.
მოსწონს ველზე ყოფნა, ხან ბუზს გაეკიდება, ხან პეპელას. ერთხელ ფუტკარიც კი გადაყლაპა,
რა იცოდა, თუ ფუტკრის შეჭმა არ შეიძლებოდა. ენა დაუსივდა და ერთი კვირა საჭმელს ვეღარ
ჭამდა. ახლა იცის, რომ ფუტკართან თამაში არ შეიძლება. ყოველ დღე მეგობრები ველზე გადიან
ხოლმე. ფათერაკებით სავსე გზა რომ გაიარონ.
იმ საღამოს დაწვა კახა
დასაძინებლად. უკვე წარმოიდგინა, მამა რომ წაიყვანდა ტყეში და ირმებს ნახავდა. გული
წინასწარ სიხარულით უფანქცალებდა.
მესამე თავი
იმ ღამეს სიზმარში ისევ ირმებთან ამოყო
თავი. დედა ირემს ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავი შვილივით, ისიც მოეალერსა. თმა აულოკა.
კახამ თვალებში ჩახედა. სევდიანი ეჩვენა დედა ირემი. ახლა ქორბუდას გადახედა. მის თვალებშიც
ნაღველი წაიკითხა. ნეტავ რაზე სწუხანო, გაიფიქრა. დედა ირემი თითქოს თვალებით რაღაცას
ემუდარებოდა. კახამ მორჩილად მოკიდა ქედზე ხელი, სადამდეც მისწვდა და წავიდეთო, უთხრა.
ირმები დაიძრნენ. კახა გვერდიდან არ სცილდებოდა. გადაიარეს ტყე ირმებმა. კიდევ კარგი,
ხშირი არ იყო. ბიჭი სულ იმას ფიქრობდა, სადმე ტოტებში არ გაიხლართოსო მამა ირემი, როგორც
ერთ იგავში იყო. მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ტყისპირას გასულმა კახამ ქვევით სოფელი
დაინახა. სოფლის ძაღლებმა, თითქოს ირმების სუნი იკრესო, ყეფა დაიწყეს. ბიჭი მიხვდა,
ირმების სოფელში ჩასვლა არ შეიძლებოდა, იმასაც მიხვდა, იქ რაღაცა ხვდებოდა და უნდა
გაერკვია რა. თავდაღმართში დაეშვა. საღამოვდებოდა, მაგრამ ფუტკრებს ჯერ კიდევ არ აეკრიფათ
გუდა-ნაბადი, ისევ ყვავილებს დასტრიალებდნენ. ესიამოვნა ბიჭუნას ყვავილებიან ველზე
ხეტიალი. იარა, აგერ პირველი სახლიც გამოჩნდა. სახლთან ახლოს მოთამაშე ბიჭუნები შეამჩნია,
ერთმანეთს წითელ ბურთს უგორებდნენ. - ბიჭებო, – დაუძახა, -ეს რა სოფელიაო. - ორომტრიალას
ეძახიანო. - უპასუხეს ბიჭებმა. გაუკვირდა კახას, - რატომ ეძახიან ასეო, . - იმიტომ
რომ წელიწადის ერთ დღეს ჩვენს სოფელში დიდი ორომტრიალი იწყებაო. იმ დღეს მიწა აღმა-დაღმა
დადის, შეიძლება ტყე აქ ჩამოვიდეს და ჩვენი სოფელი მთაში ავიდეს. წყაროც მიდი-მოდის,
მდინარეც გზებიც, - ამის გამო სოფელში აღარავინ ჩერდება. დაცლილია აქაურობაო, წამოეშველა
სიტყვით სახლის წინ მჯდომი მოხუცი. მე და ბავშვები აქ ვცხოვრობთ. სოფელში რამდენიმე
მოხუციღა დარჩა, დანარჩენი სახლები ცარიელიაო. გაბოროტებულია მშიერი ძაღლებიც. ამას
წინათ, ორომტრიალი რომ ატყდა, ორი ნუკრი ჩამოიყვანა მიწამ ტყიდან, აქ ვოლიერში მყავს
ჩაკეტილი, რამე ცხოველმა არ შეჭამოს, ტყეშიც ვერ ვუშვებთ, ირმებმა თუ არ მოაკითხესო,
აი, რაში ყოფილა საქმეო. გაიფიქრა ბიჭმა. დაემშვიდობა მოხუცს და ბავშვებს და ისევ ტყისკენ
დაადგა გზას. სირბილით აიარა აღმართი. იქ ირმები ელოდებოდნენ. ორივეს ხელები მოუთათუნა,
დაამშვიდა, დააწყნარა, თქვენი შვილები ვიპოვეო. მამას ვეტყვი და გვიშველისო. მამა ირემმა
დაღლილი კახა ზურგზე შემოისვა და ტყეს შეერია.
მეოთხე თავი
დილით ახალგაღვიძებულმა ბიჭმა
თვალები მოიფშვნიტა. საწოლიდან წამოხტა, ირმებს შველა სჭირდებათო და მამას საწოლისკენ
გაემართა. კვირა იყო. მამას დასვენების დღე ჰქონდა და ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. გაუკვირდა
მამას, ბიჭი რომ დილაუთენია ამდგარიყო და საწოლში მიაკითხა. ღამით ნანახი სიზმარი მოუყვა
ბავშვმა. სერიოზულად მიუდგა კაცი ირმების გაჭირვებას. შვილები დაუკარგავთ და აბა არ
უნდა მოვეხმაროთო?! ადგა, ისაუზმა მამა-შვილმა და გზას გაუდგა. ყურშა აბა რა ბიჭი იქნებოდა,
კახას რომ არ გაჰყოლოდა, კატა ვეფხვიამ ძილს ძლივს გამოგლიჯა თავი, ცნობისმოყვარეობამ
სძლია, ნეტავ სად მიდიან ესენიო და მეგობრებს უკან გაჰყვა. წინ მამა მიდიოდა, უკან
კახა მიჰყვებოდა, მერე ძაღლი ყურშა და ბოლოს კუდაპრეხილი კატა. მიდიოდნენ, მაგრამ სოფელი
არსად ჩანდა. ის იყო, ფარხმალი უნდა დაეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რომ მათ წინ
ხე წამოიმართა, არც ცაცხვს ჰგავდა, არც მუხას, არც ნეკერჩხალს, არც ალვს. შემოუარეს
მამამ და კახამ გარშემო. ეს რა საოცარი ხეაო, იძახდა მამა, ასეთი ჯიშის ხე არასოდეს
მინახავს, ნეტავ რა ჰქვიაო. უცებ ყველასდა გასაოცრად, ხემ ხმა ამოიღო და წაიჩურჩულა,
ამ წუთში ამომაგდო მიწიდან რაღაც ძალამ, თორემ სოფელ ორომტრიალაში ვიდექიო. თვალისდახამხამება
ვერ მოასწრეს მეგობრებმა, მიწა იძრა და უცებ სოფლის შუაგულში ამოყვეს თავი. პატარ-პატარა
სახლები იდგა გარშემო. სოფელი თითქმის დაცლილიყო. რამდენიმე მოხუცმა გამოყო თავი ფანჯრებიდან.
მზერა მოატარეს გარშემო. მამა, კახა და მისი მეგობრები რომ დაინახეს, გაეხარდათ, იქნებ
რამე უშველონ ამ სოფელსო. მამამ ყველა დაამშვიდა. იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ, მაგრამ
ჯერ ორი ნუკრი გვყავს სანახავიო. მოხუცებმა სოფლის განაპირა სახლისკენ გაიშვირეს ხელი.
იქ არიანო. წავიდნენ სოფლის სტუმრები იმ სახლისკენ. ბიჭები, რომლებიც კახამ ნახა, ისევ ეზოში თამაშობდნენ. არ აშინებდათ მიწის რყევა.
მიჩვეულები იყვნენ ამას. ამათაც გაეხარდათ ადამიანების დანახვა. რამდენი ხანია, ამ
სოფელში აღარავინ მოდის, მარტო გარბიან აქედანო. კახაც იცნეს, აქ ხომ უკვე იყავიო. გაუკვირდა კახას, მეგონა, მეძინაო. ბებიაც გამოვიდა
ეზოში, ჩამოართვა ხელი კახას და მამას, ძაღლს და კატასაც მიეალერსა. ვოლიერთან მივიდა
და პატარა ირმები გარეთ გამოიყვანა, ვგრძნობ, ამათ წასაყვანად ხართ მოსულიო. მამამ
მადლობა გადაუხადა ქალს, შეჰპირდა, დასახმარებლად მოვალთ. არაფერი ვიცოდით ამ სოფლის
არსებობის შესახებო. გაუდგნენ გზას, კახას ახსოვდა, საით უნდა წასულიყო, სად ელოდებოდნენ
ირმები. აუყვნენ აღმართს. გზადაგზა კატა და ძაღლი ჩხუბობდნენ, მე ვასწავლე კახას გზა,
თორემ თვითონ როგორ მოაგნებდაო. იძახდა ძაღლი. ვეფხვია ბრაზდებოდა, შენ როგორ ასწავლიდი,
დაგესიზმრაო? ყურშა იხტიბარს არ იტეხდა და ყეფით აყრუებდა იქაურობას. იქაური ძაღლებიც
ჰყვებოდნენ, მაგრამ ბრაზით კი არა, სიხარულით, ახალი მეგობარი გავიჩინეთო. ასე მიაღწიეს
ტყის ნაპირს. ირმები მართლაც იქ იდგნენ, პატარებს ელოდებოდნენ. მადლობის ნიშნად თავი
დაუქნიეს მშველელთ. კახამ იგრძნო, რამხელა სითბო ჩაეღვარა გულში. ირმებმა თვალი თვალში
გაუყარეს მადლობის ნიშნად. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარნენ. გადახედეს მამამ და კახამ
ორომტრიალას. ნამდვილად დახმარება სჭირდებაო სოფელს და სახლისკენ დაადგნენ გზას.
მეხუთე თავი
სახლში რომ მივიდნენ, პირველ რიგში ფარდაგთან მიირბინა კახამ. შეხედა,
ირმებს პატარა ნუკრები ამოსდგომოდნენ გვერდში. ბიჭუნას საულვაშეზე ჩაეღიმა. ბედნიერი
იყო, ირმებს რომ დაეხმარა მამასთან ერთად. გაუცინა პატარა ნუკრებს, ხელიც დაუქნია.
მოეჩვენა, რომ ირმებიც თავს უქნევდნენ მადლიერების ნიშნად. იმ დღის მერე ორომტრიალასკენ
მამამ გზაც გაიყვანა თანასოფლელების დახმარებით. ხელდაკაპიწებული მუშაობდა კახაც. დედა
საჭმელს ამზადებდა. ბევრი სახლი აღადგინეს სოფელში. ნელ-ნელა მოსახლეობამ სოფელში დაბრუნება
დაიწყო. საკვამურებიდან ბოლი ამოვიდა, თხების და ცხვარ-ძროხის ზმუილ-კიკინი კახას სოფლამდეც
აღწევდა. ის უცნაური ხე, რომელიც კახამ და მამისმა იპოვეს, სოფელში დააბრუნეს. ხემ
თვითონ მოინდომა სოფლის შუაგულში დგომა. მასზე საღამოობით მასავით უცნაური ფრინველები
მოფრინავდნენ და სხდებოდნენ:. წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ისინი მგალობლები იყვნენ,
ღმერთს უმღეროდნენ სიყვარულზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე. ხესთან ახლოს ორომტრიალელებმა
პატარა მონასტერიც ააშენეს. ისე გულწრფელად სთხოვდნენ ღმერთს სოფლის გადარჩენას, ღმერთმაც
მოინდომა მათი დახმარება. მიწა აღარ იძვროდა, ორომტრიალიც აღარ ატყდებოდა ხოლმე, მაგრამ
იმ სოფელს ეს სახელი მაინც შერჩა. თუ ვინმე ცუდ საქმეს მოინდომებს, ორომტრიალიც იქაა
ჩასაფრებული, ბოროტს არასდროს სძინავს, ჩვენც მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთო, ამბობს კახას
დედა - მარიამი..
კატა მარგო
ერთი ცხრასართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მეშვიდე სართულზე პატარა
ფისუნია ცხოვრობდა, სახელად მარგო. მარგო კი
იმიტომ დაარქვეს, რომ გოგო ეგონათ, აბა, პატარა ბიჭმა, სახელად ლევანმა, რა
იცოდა, რომ ფისუნია, რომელიც მათ სახლში დაუკითხავად შემობრძანდა თეთრი ბაფთით კისერზე,
გაწკრიალებული, მოვლილ-დაბანილი, თეთრი- თეთრი და ქუნქულა, ბიჭი აღმოჩნდებოდა... შერჩა
ეს გოგოს სახელი ახალ ბინადარს, ბიჭი კი გახლდათ. თვითონ თავისი სახელი დიდად არ მოსწონდა,
გოგოს სახელი რად მქვიაო, მაგრამ თავის მეგობარ ლევანს ხათრს არ უტეხდა, დამარქვა და
დამარქვა, ეგრე იყოსო. ხმა რომც ამოეღო, კნავილით აბა ვის რას გააგებინებდა. მას მერე,
რაც ლევანთან დასახლდა, ლოგინში მის ფეხებთან
ეძინა, ის რომ მეცადინეობდა, კალთაში ეჯდა, ხანდახან ხელსაც უშლიდა, წამოდი, სწავლას
თავი დაანებე, ვითამაშოთო, თათს ხელზეც მოუთათუნებდა,
მაგრამ ბიჭი მეცადინე იყო და უსაქმური ფისოს ანკესზე არ წამოეგებოდა ხოლმე. ჭამისასაც
მარგო ლევანის სკამის ფეხებთან მოიკალათებდა და პირდაფჩენილი ელოდებოდა, მეგობარი თუ
კი რამეს უწილადებდა. ამ დროს საჭმელი ნაჭამიც ჰქონდა, მაგრამ იქნებ, ახალ ნუგბარი
ჩავიგდო პირშიო, ფიქრობდა. ისევ ერთად არიან, მარგო და ლევანიო, იტყოდნენ სახლში შემოსული
მამა და დედა, სტუმარი კი გაკვირდებოდა, აბა მარგოო და ლამაზი ნაწნავებიანი გოგონას
ნაცვლად კატა შერჩებოდა ხელში. ეს რა კარგი მეგობარი შეუძენია თქვენს ბიჭსაო, სიცილით იტყოდა კიდეც.
კატა მარგო და გატეხილი
ვაზა
უყვარდა მარგოს კარადების
თავზე ძრომიალი, მაგიდაზეც ხშირად ადიოდა, სკამებზეც, პიანინოს თავი კი მისი საყვარელი
ადგილი იყო. იქ გრძნობდა თავს ყველაზე კომფორტულად. გადმოსცქეროდა ზევიდან ყველას,
მუსიკის მეცადინეობაში გართულ ლევანს კი ზედ თითებზე დაახტებოდა ხოლმე და მუსიკალური
ინსტრუმენტიც, კატის სიმძიმით შეწუხებული, განრისხებულ ხმებს გამოსცემდა. არსად აღარ
იყო დარჩენილი ჭურჭელი, სილამაზით გამორჩეული ლურჯი ვაზებიც ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ
მის ხელში, ბროლის ჭიქებიც, საკმარისი იყო, ვინმეს მაგიდაზე დარჩენოდა და არ შეენახა
თავის დროზე ჭურჭელი, რომ ის მსხვრევისთვის
იყო განწირული. უკვირდათ კიდეც ოჯახის წევრებს, რატომ ტეხავდა ასეთი გამეტებით ყველაფერს,
ბოლოს დასკვნაც გააკეთეს, ალბათ ძირს დაგდების და მსხვრევის ხმა მოსწონსო. პიანინოს
თავზე ხილის ერთი ძველებური შუშის ვაზა იდგა,
ერთი საუკუნის მაინც იქნებოდა, გაშლილი, მოჩუქურთმებულ ფეხით, ერთადერთი ამ ვაზას არასოდეს
ეხებოდა, ის კი არა და შიგ მოიკალათებდა ხოლმე, როგორც აკვანში, ერთ დღესაც, არავინ
იცის, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა მარგო, მოხერხებულად ვეღარ აუქცია გვერდი
ვაზას და ძირს ჩამოაგდო. შეწუხდნენ ლევანი და მისი უფროსი ძმა ავთო, დედა რას იტყვისო
და დაელოდნენ რა მოხდებოდა. დედაც გამოჩნდა, აყვირდა, რა უქნია ამ საძაგელსო, მერე
მშვიდად აკრიფა შუშის ნამსხვრევები და სანაგვეში გადაუძახა. კატისთვის გაჯავრება კი
აზრადაც არ მოსვლია. აქ კი ვეღარ მოითმინეს ბავშვებმა, ეგ რომ ჩვენ გაგვეკეთებინა,
დაგვსჯიდი, ერთი კვირა ტელევიზორს აღარ გვაყურებინებდი, ამას კი არც უჯავრდებიო, მარგო
შეშინებული ერთ ადგილას მიკუნჭულიყო, თითქოს გრძნობდა თავის დანაშაულს. დედამ ის იყო,
გადაწყვიტა, კატისთვის ცოტა მოეცაცუნებინა ხელი, ბიჭების დასანახად, ვითომ მივტყიპეო,
მარგომ თვალები დახუჭა, ალბათ, დარტყმის მოლოდინში,
თითქოს მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ გარშემომყოფები. ამის დანახვაზე დედამ ხელი აღარ
ახლო, ბიჭებს მიუტრიალდა, ხედავთ, მიხვდა თავის დანაშაულს!, თქვენ ადამიანები ხართ
და მეტი გესმით, ეს კი ცხოველია, როგორ უნდა იცოდეს, რომ ვაზის გადმოგდება არ შეიძლებაო.
ასე გადარჩა კატა მარგო დასჯას, როცა უკანასკნელი ვაზა შეიწირა სახლში.
ბუნების ზეიმი
ვანიკოს და ნიას პაპა ძალიან უყვართ, ის სოფლის
ბოლოში ცხოვრობს, ესენი - სოფლის დასაწყისში, მარტოობა რომ არ აგრძნობინონ (ბებია ცოტა
ხნის წინ გარდაიცვალა), ხშირად მიდიან ხოლმე მასთან და ეზოში ჯერარშესულები შორიდან
ყვირიან: - პაპა მოვედით! - იქვე მდგარი მთა ექოს გამოსცემს და ისიც იძახის:
- პაპა, მოვედით, მოვედით! - ხმა უგრძელდება
და დიდხანს გუგუნებს ერთსა და იმავეს, მერე პაპას სახლთან რომ ნაკადული ჩამოდის, ისიც
ამღერდება ხოლმე, - მოვედით, მოვედითო, ახლა ჩიტები აჭიკჭიკდებიან: - მოვედითო, - მოკლედ
შეიქმნება ბუნების ზეიმი. პაპაც, სადაც არ უნდა იყოს, გაიგონებს შვილიშვილების ძახილს,
ულვაშებს გადაიწკიპავს, წვერზე ხელს ჩამოისვამს და ეგებება ბავშვებს ღიმილით, მაგრამ
იმ დღეს კაცი არა და არ გამოჩნდა, იძახეს ბავშვებმა, იძახეს, ეზოშიც ყველაფერი მოათვალიერეს,
ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. გულდაწყვეტილები სახლში გაბრუნებას აპირებდნენ, რომ მოულოდნელად
პაპას ხმადაბალი საუბარი გაიგონეს, - ჩემო ჭრელა, ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე და პატარაც გეყოლება, - გაოცებული ბავშვები იქით
გაეშურნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ბოსლის კარს მიადგნენ, ჩუმად შეაღეს, პაპას ძროხისთვის
შემოეხვია ცალი ხელი, მეორეთი სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს უწმენდდა, ახალგამოჩენილებს
დაუძახა, სახლში შედით, თბილი წყალი მომიტანეთ, სადაცაა პატარა ხბო დაიბადებაო. ბავშვებმა
არ დააყოვნეს, ვედრო წყლით აავსეს, ცალ-ცალი ხელი მოკიდეს სახელურზე სხვადასხვა მხრიდან, მარტოები ვერ ზიდავდნენ და ბოსელში შეიტანეს, ახლა
ჩვრებზე გაგზავნა პაპამ ბავშვები, დაგვჭირდება, ახალდაბადებული ხბო სისუფთავეში ხომ
უნდა იყოსო, ისინიც მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს, ბოლოს კი მხიარული შეძახილებით
ამხნევებდნენ ძროხას და მალე საოცრებაც მოხდა, პატარა ხალებიანი ხბო გაჩნდა, ახალდაბადებული ფეხზე ძლივს დგებოდა, მაგრამ
ბავშვებს თვალს არ აცილებდა და ცნობისმოყვარეობით უმზერდა, - ამათ ვის ვხედავო?! -
ალბათ, ფიქრობდა კიდეც. რამდენიმე საათში კი პატარა ბაინდურა, ასე დაარქვა ვანიკომ,
უკვე ეზოში დადიოდა ბავშვების გასახარად, თუმცა დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, შორს
წასვლის თავი არც ჰქონდა, სუსტი ფეხებით ძლივს დაბანცალებდა. დედა ჭრელაც სიყვარულით
ულოკავდა ქოჩორს, ესიყვარულებოდა თავის ერთას.
რამდენიმე დღეში ისე გაყოჩაღდა პატარა დეკეული,
იცით, ალბათ, რომ დეკეული დედალ ძროხას ჰქვია, ორ-სამ წლამდე, სანამ თვითონაც ხბოს
არ გააჩენს, რომ ბავშვებთან თამაშიც გააჩაღა, გამოქანდებოდა და პატარა რქებით ხან ნიას
დაეჯახებოდა, ხან ვანიკოს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, სიხარულით ეთამაშებოდნენ, თუმცა
ნია ხანდახან ზღართანსაც მოადენდა ხოლმე მიწაზე, მაგრამ ბალახიანი მოლი იფარავდა, არაფერი
სტკენოდა. მუცელზე ღუტუნივით გრძნობდნენ ბაინდურას
პატარა რქების მირტყმას, იცინოდნენ გულიანად ბავშვები. - ბაინდურა ჩემკენ! - დაიძახებდა
ვანიკო, - არა, ჩემკენ! - აყვირდებოდა ნია, - ჩემკენ, ჩემკენ! - ექოს მისცემდა და გააგრძელებდა
მთა, მერე ნაკადული არატრატდებოდა - ჩემკენ, ჩემკენო, - მერე ჩიტები აყვებოდნენ - ჩემკენ!
- და იდგა ბუნების ზეიმი.
ანო, ძაღლი ჯუნა და
სიმღერა
ანოს სკოლაში სიარული ძალიან უყვარს, იქ ბევრ რამეს სწავლობს, წერა-კითხვა
უკვე ისწავლა, ასამდე დათვლაც, ხატვასაც ასწავლიან, ბუნებასაც, მაგრამ სიმღერას არა,
მასწავლებელი არ ჰყავთ, სოფლის სკოლიდან დიდი ხანია წავიდა, ახალი არა და არ მოდის.
სიმღერა კი ანოს ძაღლ ჯუნას ძალიან უყვარს, სკოლის ეზოში ზის და მღერის ხოლმე, როცა
ანო დაიძახებს "ა-ა-ა", "ე-ე-ე",
მერე "ი-ი-ი", "ო-ო-ო", ბოლოს "უ-უ-უ", სხვა ბავშვებმაც
ხომ ისწავლეს ეს ხმოვნები, ისინიც იმეორებენ, ჯუნა მათაც აჰყვება ხოლმე და დგას სკოლის
ეზოში "სიმღერა", ხან ბავშვები მღერიან, ხან - ჯუნა. მასწავლებლებს ხელი
ეშლებათ გაკვეთილების ჩატარებაშიო, თქვა ბრაზიანმა დირექტორმა, დაუცაცხანა ბავშვებს
და ჯუნასაც. გაბრაზდა "სიმღერა", ეს რომ გაიგო, უჩემოდ როგორ იქნებით, ვნახავო
და სკოლა მიატოვა, აღარ ისმოდა სიმღერა არც სკოლის ეზოში და არც საკლასო ოთახებში.
ყველამ მოიწყინა, მასწავლებლებმაც კი, ხანდახან "სიმღერა" თავს კი აბეზრებდათ,
როცა გაკვეთილებს ხსნიდნენ, ხელი ეშლებოდათ,
მაგრამ უსიმღეროდ ყოფნა მეტისმეტი იყო.
ერთ დღესაც მოწყენილმა
ანომ გადაწყვიტა "სიმღერა" ეპოვა, სკოლიდან გამოვიდა და ჯუნასთან ერთად ტყისკენ
გასწია, ჩიტები ხომ მღერიან, იქნებ მითხრან, "სიმღერა" სად ვიპოვოო. ჩიტებმა
ტყის განაპირას ქოხზე მიუთითეს, იქ ცხოვრობს
"მუსიკა" თუ "სიმღერა", კარგად არ ვიცითო. მორიდებით დააკაკუნა
კარებზე ანომ, კარები თეთრწვერა მოხუცმა გაუღო,"სიმღერას" ნამდვილად არ ჰგავსო,
გაიფიქრა გოგონამ, ეგონა, "სიმღერა" ახალგაზრდა გოგო უნდა ყოფილიყო, მთლად
გამოპრანჭული. შეიპატიჟა მოხუცმა ანო სახლში, ძაღლსაც მოუალერსა და ისიც შეიყვანა.
გოგონამ ოთახის კუთხეში დიდი შავი ყუთი შენიშნა,
არც სახლში უნახავს ასეთი და არც სკოლაში, ნეტავ რა არისო, გაიფიქრა, მოხუცი თითქოს
მიხვდა ანოს ფიქრებს, ყუთთან მიიყვანა, პიანინოაო, უთხრა, თავსახური ახადა, მიუჯდა
და ულამაზესი ჰანგები გაიფანტა ჰაერში, რა ლამაზი ხმებიაო, გაიფიქრა, ამას მუსიკა ჰქვიაო,
აუხსნა მოხუცმა, მაგრამ ეს სიმღერა არ იყო, მიხვდა გოგონა, ძალიან კი ჰგავდა, მოულოდნელად მოხუცმა სიმღერაც ააყოლა მუსიკას,
გოგონა გაოცებული უყურებდა მოხუცის თითებს, რომლებიც საოცრად ოსტატურად დარბოდნენ შავ-თეთრ
კლავიშებზე, მასაც მოუნდა ასე დაეკრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოხუცმა მუსიკალური ნოტებიც
აჩვენა ანოს, შვიდი მუსიკალური ბგერა არსებობსო, აუხსნა, სიამოვნებით გაიმეორა გოგონამ
"დო, რე, მი ფა, სოლ,ლა, სი", ჯუნაც აჰყვა, რასაკვირველია. "სიმღერა"
ვიპოვეთო, გაეხარდა ანოს, მას მერე ანომ "სიმღერა" სკოლაშიც დააბრუნა და
სახლშიც, "მუსიკაც" მიაყოლა. მშობლებს
პიანინო აყიდინა და ახლა პიანინოზე დაკვრას სწავლობს. ჯუნაც მასთან ერთად იმეორებს;
"დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი...". სკოლაშიც მოიტანეს დიდი ლამაზი პიანინო,
ოღონდ შავი არ არის, ყავისფერია, დირექტორიც მიხვდა, რომ "სიმღერის" და
"მუსიკის" გარეშე არაფერი გამოვა. თეთრწვერა მოხუცი კი ყველას ასწავლის მუსიკას
და სიმღერას, ვისაც მოუნდება, სკოლაში ხომ ახლა ისაა სიმღერის და მუსიკის მასწავლებელი.
ნუნუ ბებოს ამბავი
ნუნუ ბებო ჩვეულებრივი ქალი კი არა, ნამდვილი
ჯადოქარი იყო: კატებსაც ელაპარაკებოდა, ძაღლებსაც, ძროხების ენაც კი იცოდა. ასე ამბობდნენ
მისი პატარა შვილიშვილები, იმით გაკვირვებულები, რომ ის ადვილად პოულობდა საერთო ენას
შინაურ ცხოველებთან. უცხო სტუმრის დანახვით გაგიჟებულ მურიკელას ერთს ეტყოდა, გაჩერდიო
და ისიც ხმას ჩაიკმენდდა, ის კი არადა, კუდის ქიცინსაც კი იწყებდა ან კატა ტრიფონიას
ეტყოდა, შენი შვილები გამომიყვანეო, ისიც დამალულებს სულ თითო-თითოს დაუწყობდა წინ,
ნუნუ ბებოც მოეფერებოდა თავზე ტრიფონიას, კარგი გოგო ხარო, მერე ყუთს გაუმზადებდა,
შიგნით თბილ ლოგინს მოუწყობდა და შიგნით ჩაუწვენდა კნუტებს სათითაოდ. მადლიერი ტრიფონიაც
ბებოს ერთიორჯერ გაეხახუნებოდა თავით მუხლებზე, დაიკრუტუნებდა და შვილებისკენ გასწევდა.
ახლა რა ამბავი ატყდებოდა ხოლმე, ნუნუ ბებო ეზოში რომ გავიდოდა, იწყებოდა ქათმების
კაკანი და გნიასი. დაუყრიდა ბებო ხორბალს ან სიმინდს, ისინიც კმაყოფილები იყვნენ, კვერცხს
ბარაქიანად იძლეოდნენ და სიხარულით კაკანებდნენ, აი, ნახეთ, რა ოქროს კვერცხი დავდეო,
ნუნუ ბებო რომ გაეხარებინათ. ბებოსთვის მართლაც ოქროს ფასი ჰქონდა ამ კვერცხებს, თვეში
ერთხელ წაიღებდა ქალაქში და ყიდდა. ქალაქშიც კარგად იცნობდნენ ქალს, ასეთი კარგი კვერცხი
და ქათამი არავის ჩამოაქვს გასაყიდადო და კლიენტებიც ბევრი ჰყავდა. კარაქიც მხოლოდ
მისი ადღვებილი და გამზადებული უნდოდათ. საქმეს რომ მორჩებოდა, დაიტვირთებოდა ქალი
სურსათ-სანოვაგით, ქათმებს ხორბალს უყიდიდა, სიმინდი თვითონაც ჰქონდა სახლში, მაგრამ
ხანდახან საკვები უნდა შეუცვალო ქათმებს, უფრო მეტი კვერცხი რომ დაგიდონო, - იტყოდა
თავისთვის, შვილიშვილებს - კანფეტებს, ტკბილეულობას უყიდიდა, კიდევ ათას საოჯახო წვრილმანს
გააყოლებდა ხელს და სახლისაკენ გასწევდა. გზა შორი ედო სოფლისაკენ, მაგრამ ის გზაც
უყვარდა, ხეებს ათვალიერებდა, გაზრდილანო, კმაყოფილებით იტყოდა, გარშემო მთებს გახედავდა,
ხომ არსად წასულან, ისევ ჩვენ დაგვხარიან თავზეო, მზეს გაუსწორებდა თვალს, მხოლოდ წესიერ
და პატიოსან ადამიანებს შეუძლიათ ეს, - ჯერ არ ჩახვიდე, სახლში დაღამებამდე მივიდეო,
- სთხოვდა. მზეც გაუცინებდა და არ ჩადიოდა, სანამ ნუნუ ბებო სახლში არ მივიდოდა. ჭიშკართან მისული მზეს გახედავდა და დაემშვიდობებოდა,
ხვალ გნახავო. გამოეგებებოდნენ პატარები ნუნუ ბებოს, ისიც გახსნიდა თავის რედიკიულს
და დაურიგებდა კანფეტებსა და შოკოლადებს. ერთხელაც გზად მიმავალმა წყაროსთან შეისვენა.
შესცქეროდა ჩამავალ მზეს და მისი სილამაზით ტკბებოდა. უცხო მგზავრი დაინახა, იქაურს
არა ჰგავდა.- საიდან მოდიხარო, - ჰკითხა. მგზავრმა
სახლში მიმეჩქარება, ჰოლანდიიდან მოვდივარ, ერთი მცენარის პლანტაციები უნდა გავაშენო,
ზეთი უნდა გამოვხადო იმისგანო. გაუკვირდა ქალს, ნეტავ, რა მცენარეა ასეთი, მე რომ არ
ვიციო. - მექსიკაში მოჰყავდათ ინდიელებს, ახლა ევროპაშიც არის, თესლს ცოტას გადმოგიყრი,
გაზარდე და ნახავო, - უთხრა უცნობმა, ნაჭრის პატარა ტომრიდან ერთი მუჭა თესლი ჩაუყარა
ხელში და თვალისდახამხამებაში გასცილდა იქაურობას. ნუნუ ბებომ ცხვირსახოცში გაახვია
შავი თესლი, რედიკიულში ჩადო და სახლისკენ გაეშურა, მართლა არ ჩავიდეს მზე და სიბნელეში
გზაზე არ დავრჩეო. საქმეებში გართულს, მგზავრის ამბავიც გადაავიწყდა და მისი საჩუქარიც.
პატარა მზევინარს, კანფეტების ძებაში გართულს, რედიკიული გაეხსნა და შიგნით იცქირებოდა, ცხვირსახოცი ამოიღო, ქისასავით გამოკრული, შიგნით
რამე სასუსნავი ხომ არ არისო, თანაც ფაჯარასთან მიეტანა, კარგად დავინახო, შიგ რა დევსო,
გახსნა, მცენარის თესლი ძირს დაიბნა, სახლში საჭმლის ძებნაში შემოსულმა ქათამმა სიხარულით
აკენკა, მხოლოდ ერთი ცალი გადავარდა ფანჯრიდან და მიწაზე დაეცა. როგორც იქნა, ნუნუ
ბებოს გაახსენდა მგზავრის საჩუქარი, მაგრამ გვიანღა იყო. - ქათამმა გადასანსლაო, -
უთხრა მზევინარმა. რაღა ექნა, ცოტა გული კი დასწყდა, უპასუხისმგებლობა გამოვიჩინეო.
ზაფხული მოვიდა. ფანჯარა, საიდანაც თესლი გადავარდა,
ბოსტნის მხარეს იყო მიქცეული. პატარა მზევინარმა ბოსტანში უცნაური ყვავილი შენიშნა,
კაშკაშა ყვითელი, მზესავით, თანაც დიდზე-დიდი. წავიდა, ბებოს ამცნო ეს ამბავი. შემოეხვია
ყველა ყვავილს, ათვალიერეს, ათვალიერეს, მაგრამ რა ჯიშის იყო და სადაური, ვერავინ მიხვდა.
ყველას ძალიან მოეწონა, შეამჩნიეს, თავს მუდმივად მზის მხარეს ატრიალებდა, აღმა-დაღმა
დაჰყვებოდა, ამ ამბავმა ყველა გაახალისა, მზრუნველობას არ აკლებდნენ ყვავილს, რა ლამაზია,
ეზოშიც დავთესოთ, რომ დამწიფდება, აქაურობას გაგვილამაზებსო. მოვიდა შემოდგომაც. ყვავილმა
უზარმაზარი თავი გაიკეთა, მალე ფურცლები ნელ-ნელა შემოაჭკნა, გული კი შავი თესლით ამოევსო.
მოტეხეს თავი და სახლში შეიტანეს, თესლი გაისისთვის დაგვჭირდებაო. - სწორედ ესენი შემიჭამა
ქათამმაო, - აყვირდა მზევინარი, - ნუნუ ბებოსაც გაახსენდა მგზავრის საჩუქარი და მისი
ნათქვამიც, ამ მცენარის პლანტაციები უნდა მოვაშენო და ზეთი გამოვხადოო. გაეღიმა, მეც
ასე ვიზამო. - ხედავთ, იმ მცენაროს თესლი, ღვთისირმა მგზავრმა რომ მაჩუქა, გადარჩენილაო.
- მას მერე ნუნუ ბებოს მიწაზე ყვითელი ყვავილების
ბაღი გაშენდა, მიწა იცოცხლე, დიდი ჰქონდა,
მერე პლანტაციებადაც იქცა. შემოდგომაზე მოსავალს რომ აიღებენ, ზეთსაც ხდიან,
მის შავ თესლს ბავშვებიც კარგად აკნატუნებენ და ქათმებიც, ხანდახან მზევინარი უმასპინძლდება
ხოლმე, ძალიანაც მოსწონთ ორთავეს. ყვავილის ღეროებს ზამთარში ძროხებს აჭმევენ, მისგან
საღებავის დამზადებაც კი ისწავლეს. ნუნუ ბებომ კი ყვავილის თესლისგან საოცარი ტკბილეულობა
დაამზადა, ჰალვას რომ ეძახიან, ტყუილად კი არ ეძახდნენ შვილიშვილები ჯადოქარს. ყველაზე
მთავარი კი ისაა, რომ ამ ყვავილს მზესუმზირა დაარქვეს, ალბათ, მიხვდებით, რატომაც!
გვირილა
მაგიდაზე
ყვავილების თაიგული იდგა. სოფო გოგო ყვავილებს ათვალიერებდა, ერთი მოეწონა ძალიან,
ბებოს ჰკითხა, რა ყვავილიაო, იმან თავი გადააქნია, პირველად ვხედავ, არასოდეს მინახავს,
ისე გვირილას კი ჰგავს, ოღონდ ყვითელი ფურცლებითო. გოგონა ახლა დედასთან მიცუნცულდა
ყვავილით ხელში, თაიგულიდან ამოეძრო, იმასაც ჰკითხა ყვავილის სახელი, მაგრამ დედასაც
გაუჭირდა პასუხის გაცემა, მგონი, გვირილა არის, ოღონდ ყვითელი ფერის, ეტყობა ასეთებიც
არსებობენო. სოფომ, მიღებული პასუხებით რომ ვერ დაკმაყოფილდა, ახლა მცენარეთა შესახებ წიგნები გადმოიღო, ასეთი
წიგნებიც რომ არის, ალბათ, გეცოდინებათ, კითხვა ორი წლის ნასწავლი ჰქონდა და ყვავილების
ფოტოებიან ფურცლებზე გვირილაც მალე მოძებნა, მაგრამ ყვითელი გვირილა ვერა და ვერ იპოვა,
ისე კი ამ ყვავილზე ბევრი რამ ეწერა, თურმე, ნუ მკითხავთ და მას ზემო იმერეთში ირაგას
ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას,
მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს. ყველაზე ძალიან კი სახელი კაკული მოეწონა.
თვითონ ხომ გვარად კაკულია იყო, ალბათ, ჩემი წინაპრები გვირილებივით ლამაზები იყვნენო
ან იქნებ გვირილების ველზე ედგათ სახლიო, გაიფიქრა და სიამაყით აივსო. ათვალიერა ყვავილები
წიგნის ფურცლებზე და გერბერებს მიაგნო, ყვითლებს, წითლებს, ნამდვილად ეს ყვავილიაო,
გაიფიქრა,ოღომდ გვირილისგან განსხვავებით ამათ სხვანაირი ფოთლები და მუქი გული აქვთო,
ძალიან მოეწონა, დედას ამაყად განუცხადა, ეს ყვავილი გერბერა ყოფილა, სახლშიც შეიძლება
მოვიტანოთ ქოთნებით და გავამრავლოთ, ეს თქვენი მყრალი გვირილა კი ვის რაში ჭირდება,
სახლშიც არა ხარობსო. მეორე დღეს ბებიამ სოფო გვირილების ველზე წაიყვანა, სოფლის მახლობლდ.
ბევრი ირბინა გოგონამ, დიდ-დიდი თეთრი გვირილები შეაგროვა,ისინი მოეწონა, ბებიამ გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა, თვითონ
ქალს პატარათავებიანი გვირილები შეეგროვებინა, გაოცდა სოფო-გოგო, ეს პატარები რაში
გჭირდება, როცა ამდენი დიდი თეთრი გვირილა ხარობს ველზეო, ბებიამ აუხსნა, ესენი სამკურნალოა,
ეგენი - არაო, სილამაზეს ნუ კი უყურებ, თვისებებით
უნდა ამოარჩიოო. სოფოს გაახსენდა, რომ მის კლასში ერთი გოგონა სილამაზით იყო გამორჩეული,
მაგრამ შურიანი და ბოროტი, ყველას ეჩხუბებოდა და ვისზეც გაბრაზდებოდა, კალამს უმტვრევდა,
ადამიანებშიც ასე ყოფილაო, გაოფიქრა. გვირილებიანი ველიდან გახარებული დაბრუნდა გოგონა,
ულამაზესი გვირგვინით თავშემკული. ბებიამ თავისი გვირილები გასაშრობად გაფინა, ყველაზე
მეტად ზამთარში გამოგვადგება, რომ არ გავცივდეთო.
ზამთარში მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამდა გვირილების
ჩაის და ფანჯრიდან გასცქეოდა დათოვლილ მთებს,
ამიტომაც ავად არავინ გამხდარა, ყელიც კი არ წამოსტკივნია სოფო-გოგოს, იცის, როგორც
კი რამე შეაწუხებს, გვირილების ჩაი უნდა მიირთვას.
ძახველი
მაია
ბებიას ლოგინთან ფუსფუსებდა, ხან მის საწოლზე
ჩამოჯდებოდა, ხან შუბლზე ხელს დაადებდა, ცხელი აქვს თუ არაო. პაპაც ადგილს ვერ პოულობდა,
ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა, ბოლოს მეუღლესთან შედიოდა და ეკითხებოდა: - როგორ
ხარო, - ბებიაც, - ჩახლეჩილი ხმით, ოდნავ გასაგონად
პასუხობდა: - არა მიშავსო, - მაგრამ ჩუმად კვნესას განაგრძობდა, პაპას რომ არ გაეგონა
და უფრო მეტად არ ენერვიულა, კვნესას ხველაც ემატებოდა. დროდადრო ფანჯრიდან მაიას მეგობარი
ჩხიკვი მახარა შემოიხედავდა, ისიც ნერვიულობდა ბებიას ავადმყოფობის გამო, ის კი არა
და, თაგვი ნიგოზაც აღარ დარბოდა სხვენზე, კაკლების ჩხარაჩხურმა არ შეაწუხოს ავადმყოფიო, ძაღლი ბახულაც დუმდა, მისი ყეფაც აღარ აყრუებდა
არემარეს. - ბებო, სულ გაგითავდა მამას ჩამოტანილი წამლები? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა
გოგონა ბებიას, - პასუხიც იგივე იყო, - გამითავდა, ბებია გენაცვალოს, ნუ ღელავ, მალე
მოვრჩები, ჩვენებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ ქალაქიდან, წამლებს ჩამოიტანენ, ასე ნუ
განიცდი ამ ამბავს, გზებია ჩაკეტილი, თოვლმა ჩახერგა, თორემ ექიმიც ჩამოვიდოდა და უკვე
ფეხზე ვიდგებოდი, - ამბობდა ბებია და შვილიშვილს ხელს მის საწოლთან დახრილ თავზე უსვამდა,
რომ დაემშვიდებინა. უცებ ფანჯრის მინაზე ნელი კაკუნი გაისმა, ჩხიკვი მახარა გოგო მაიას
გარეთ იხმობდა. ამოიცვა ჩექმები გოგონამ, ქურქიც გადაიცვა, ქუდიც დაიხურა და გარეთ
გავიდა. მახარამ ერთი ხის ტოტიდან მეორეზე გადაინაცვლა და დაიწყო: - მახსოვს, ერთხელ
გაზაფხულზე ბულბული გაგვიხდა ავად, სამი დღე აღარ მღეროდა, კოდალა ექიმთან ძლივს მივიყვანეთ
ჩიტებმა, ისე სუსტად გახლდათ, ძახველის ყვავილები გამოუწერა საჭმელად, ხომ გახსოვს
ძახველის თეთრი ყვავილები? - ჩაეკითხა მაიას,
- იმანაც, როგორ არ მახსოვსო, თავი დაუქნია, - ჰოდა, მაგ ძახველის ყვავილების ჭამამ მოარჩინა
ბულბული და ბებიას როგორ ვერ უშველის, თუმცა, ახლა ყვავილები კი აღარ აქვს, წითელი
ნაყოფი აბიაო. - ჩხიკვმა ახლა სხვა ტოტზე გადაინაცვლა, თავი ზევით აწია, იქვე ხეზე
მჯდარ ყვავებს მტრულად გახედა და თქვა: - ეგენი ახლა სულ მაგ ნაყოფით იტკბარუნებენ
პირს და ვერა ხედავ, რა ჯანმრთელად გამოიყურებიან და რამდენს ყრანტალებენო? იქნება,
ჩვენს ბებიასაც რამე უშველოსო. - გოგონამ დიდი
მადლობა მოუხადა მეგობარს და სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, პაპასთვის უნდოდა ეს ამბავი
რაც შეიძლება სწრაფად ეამბო. პაპამ თავში იტაცა ხელი, - ეგ მე როგორ არ გამახსენდა,
ძახველი გაციების წამალიაო, - და გოგონასთან ერთად ტყისკენ გაეშურა. ტყეში თოვლს დაეფარა
ხეები, თოვლი ადგილ-ადგილ შეგუნგლულიყო მინდორზე, ხის ტოტებზე და ათასნაირ ცხოველს
აგონებდა გოგონას. აგერ, პატარა თეთრი კურდღელი, ღელის პირას ჩაცუცქულა, თითქოს წყალს
სვამს, აგერ თეთრი დათუნია ჰკიდია ხეზე, წინა თათებით დაბჯენია მიწას ზღარბუნია, უკანა
თათები მაღლა აუშვერია, უნდა გაეცინოს მაიას, მაგრამ ამის დრო ახლა არა აქვს, მაინც
ეღიმება, იცის მაიამ, რომ ეს ნამდვილი ცხოველები კი არა, თოვლის გუნდებია, ოღონდ სხვადასხვა
ფორმის, ხელს თუ ახლებ, მაშინვე დაიფშვნებიან. აი, ძახველის ხეს მიადგნენ ის და პაპა,
ძალიან მაღალი არ არის, მაიასაც შეუძლია ერთი-ორი ტოტი მოტეხოს, წითელი ნაყოფით დახუნძლული, ლამაზად რომ იჭყიტებიან
თოვლის ქვემოდან, თუმცა კი ეცოდება, მაგრამ
ბებიას შველა რომ სჭირდება?! - ძახველი ძალიან სასარგებლო მცენარეა, - ეუბნება პაპა
მაიას, - მასში "ცე" ვიტამინია, რომელიც გაციებას ებრძვის, ადამიანის იმუნიტეტს
ამაღლებს, თაფლსაც კი შეიცავს მისი ნაყოფი, ჩემო გოგონი, კიდევ სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას,
მაგალითად, კაროტინს, ამის მერე გეცოდინება, - ამბობს პაპა და სიამოვნებით კრეფს ძახვლის
ნაყოფს, თან გემოსაც უსინჯავს და საუბარს განაგრძობს:
- ეს რა კარგად გახსენებია შენს ეშმაკუნა ჩხიკვს ამის შესახებო, - იღიმება. - კაროტინი
რა არისო, - ის იყო უნდა ეკითხა მაიას, რომ იქვე ჩხიკვმა მახარამ ატეხა ჩხავილი: -
ჩქარა, ჩქარაო! - იქვე შორიახლოს ხეზე ჩამომჯდარიყო
და პაპა-შვილიშვილს უყურებდა, ემანდ არ შეაგვიანდეთ სახლში მისვლაო. ტოტებდახუნძლული
მოდიან მოხუცებული და გოგონა გზაზე, სახეები ძახვლის ნაყოფივით უბრწყინავთ. მზე გამოსულა
ცის კაბადონზე, გარშემო ყველაფერი ბრდღვიალებს, თვალისმომჭრელად ბზინავს თოვლი, ძახველის
ტოტების ჩრდილიც კი ვარდისფრად კიაფობს მასზე. პაპა-შვილიშვილი სახლისკენ მიიჩქარიან,
მათ ხომ ბებიასთვის წამალი მიაქვთ.
რამდენიმე დღის შემდეგ ბებია უკვე თვითონ უდუღებდა
მთელ ოჯახს ძახველის ჩაის, პაპას, მაიას, მის დედ-მამას, პატარა ძმას. ორთქლი ასდიოდა
მადუღარას, ფინჯნებს. ბუხარში შეშა ტკრციალებდა, მინებიც დაორთქლილიყო, ამიტომ ფანჯარაში
მომზირალი ჩხიკვი მახარა სახეებს კარგად ვერ არჩევდა და გული წყდებოდა, ჩხიკვების ცნობისმოყვარეობის
ამბავი ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს თვისება ზოგჯერ საჭიროცაა და აუცილებლიც, ხომ მეთანხმებით ამაში?
No comments:
Post a Comment