დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ! დღეს ფისუნია ციფო, ყველაზე ადრე ავდექი სახლში, შემომეგება, მოფერებას მთხოვდა, კალთაში ჩამიჯდა, სანამ ყავას ვსვამდი, კრუტუნებდა, ნებივრობდა თავზე ხელს რომ ვუსმევდი. წარმოიდგინეთ, როგორ ჭირდება ადამიანს გულის სითბო, სიყვარული, ტკბილი სიტყვა, შეძახილი, რომ მან ბედნიერად იგრძნოს თავი. ბავშვობიდან ფერებაში ვიყავი გაზრდილი. პირველი შვილი ვიყავი და მშობლები მათამამებდნენ, იმერეთში ჩავიდოდი და ეს ყვითელთავა დიდთვალება გოგონა საიდან მოგვევლინაო, ბებია-ბაბუას ჩათვლით ყველა მეფერებოდა. წყაროს თავზე ბიჭები იკრიბებოდნენ, მე დოქით რომ მივადგებოდი წყაროს, ამიყვანდნენ ხელში, ლოყებზე მკოცნიდნენ, ენის მოჩლექით მელაპარაკებოდნენ. მერე ბებიას ვეუბნებოდი, წყალზე აღარ წავალ,-მეთქი. ბიძები, მამიდა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები გარს მევლებოდნენ, როგორ გავეხარებინე. რა გინდაო, მკითხავდნენ, მაშინვე მისრულებდნენ თხოვნას. ხელჩაკიდებული დავყავდი ბიძაშვილებს. ალბათ ისეთი სიყვარული, რაც ჩვენ შორის იყო, ახლაც არის სხვა ოჯახებში, ნათესავებში. ამის გარეშე ღმერთმა ნუ გვაცოცხლოს. ვიზრდებით, ვქმნით ოჯახებს, ის სიახლოვე იკარგება, მაგრამ სიყვარულის ძაფები, რომლითაც შეკრული ვართ ნათესავები, არასოდეს წყდება, ერთმანეთისას განვიცდით სიხარულსაც და გაჭირვებასაც.
No comments:
Post a Comment